ნაწილი 19.
წამოვიდნენ იგივე თემის განხილვით, მაგრამ მალე გაჩუმდნენ. დაღლილი მარტო ლევანი კი არ იყო, სამივე გადაქანცული იყო ემოციებით. თბილისში რომ ჩავიდნენ, საღამო მოახლოებული იყო, ახლაღა იგრძნეს შიმშილი, ერთ რესტორანთან შეაჩერეს მანქანა და სასადილოდ შევიდნენ, სადილი იყო თუ სამხარი ვეღარ გაარკვიეს, მაგრამ კარგად კი დანაყრდნენ, ლევანს ეგონა, სოფელში უნდოდათ ბიჭებს წასვლა, ისინი რჩებოდნენ თურმე და მეორე დღესაც უნდა დახმარებოდნენ მას, რამაც ძალიან გაახარა. დღევანდელი მისია დასრულებულად ჩათვალეს, იგივე სასტუმროში ორ ადგილიანი ნომერი დაიქირავეს ღამის გასათევად. დაძინებამდე კარგა ხანი ისაუბრეს, ცხელი ჩაი მიირთვეს და მეორე დღისთვის შეემზადნენ, რადგან კვლავ არანაკლებად დაძაბული დღე ელოდათ. ლევანის მამის სახლს ტერიტორიულად რომელი სასაფლაოც მიეკუთვნებოდა, იქ უნდა მოეძებნათ ჯერ.. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისიც უპატრონო საფლავი იქნებოდა და როგორ უნდა მოეძებნათ, როგორ აჯობებდა, ჯერ ვერ ჰქონდათ მოფიქრებული, ერთადერთი იცოდნენ, რომ დარაჯი უნდა ენახათ, იქნებ ის დახმარებოდათ...
ათი საათისთვის თავიანთ ოთახებში განაწილდნენ და დასაძინებლად დაწვნენ. თამაზი და ჯემალი მეუღლეებს გაესაუბრნენ და აუწყეს მეორე დღის ამბავი.
ლევანს კი... ლევანს ვისთვისს უნდა დაერეკა და გადაეშალა გული... ერთი პირობა იფიქრა, ლამარასთან დარეკვა, მაგრამ მოერიდა, ვერ გაბედა, შემდეგ საათს შეხედა და მოსინჯა.. ერთი ზარი გავიდა.. მეორე.. მესამე და რომ არ უპასუხა, უნდა გაეთიშა და სწორდ ამ დროს მოისმა ლამარას ხმა:
—გისმენ, ლევან! გამარჯობა.
—ხომ არ გაგაღვიძე? ვფუქრობდი დამერეკა თუ არა და მაინც ვერ მოვითმინე...
-უნდა დაგერეკა, აბა რა.. დღისით სად გეცლებოდა ტელეფონისთვის, მითხარი აბა, რა ხდება? როგორც გავიგე დღეს ლეილასგან, ბიჭები წამოსულან შენთან, გამეხარდა.. მარტო გაგიჭირდებოდა..
—ვაიმე, არც კი იკითხება, როგორ ვარ და მარტო, ხომ სულ გავნადგურდებოდი.. მოკლედ გეტყვი მხოლოდ, უთხრა ლევანმა და უამბო გადატანილი დაძაბულობა, ბიჭების რჩევაც-არ ვიცი, რა ვქნა, შევძლებ? გამომივა ურთიერთობა? ყველა მოულოდნელი სიძნელე ერთად შემხვდა და ძალიან დავიღალე, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
-არაუშავს, ეგ ყველაფერი მაინც უნდა გაგევლო, კიდევ კარგი, მარტო არა ხარ. ხვალ რას აპირებ? წამოვიდნენ ეგენი? - დაამშვიდა ლამარამ.
-არა, აქ არიან, დაიძინეს ალბათ უკვე, გვერდით ოთახში არიან, აქვე. დილით ისევ ადრიანად მოგვიწევს ადგომა, სასაფლაოზე უნდა წავიდეთ, დიდი იმედი კი არ მაქვს, მაგრამ მაინც, მე ჩემი ხომ უნდა შევეცადო.. შენთვის ვერ მოვიცალე, ლამარა, არ გეწყინოს, დავაღწევ თავს ამ ყველაფერს და უყურადღებოდ აღარ დაგტოვებ, ბავშვობაში, რომ გამწარებდი და გატირებდი, ახლა ერთიანად უნდა გამოვასწორო ბავშვობის შეცდომები. - თქვა ლევანმა.
-კარგი, რას ამბობ, რა უნდა მეწყინოს, შენ ისეთი საქმეები გაქვს მოსაგვარებელი, რაზე უნდა დამწყდეს გული. ეგეთი რამ არც მიფიქრია—უპასუხა ლამარამ.
ამის შემდეგ,, ღამე მშვიდობისა"უსურვეს ერთმანეთს და ტელეფონები გათიშეს.
დაძინებამდე ისევ გაიარა ბავშვობის წლებმა ლევანის თვალწინ და გვიან ჩაეძინა.
ლამარასაც გაუტყდა ძილი, ყველა წვრილმანი ამოტივტივდა გონებაში ბავშვობის ასაკისა, შემდეგ თავის ცხოვრებას გაჰყვა და სადღაც მაინც გული დასწყვიტა უიღბლობამ, შვილები კი კარგი ჰყავს, მაგრამ მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, ხომ შეიძლებოდა მასაც ჰყოლოდა გვერდით მეუღლე.. ხმის გამცემი მაინც-ცრემლი გამოერია თვალში, ზოგჯერ მილიონი უღირს დამლაპარაკებელი გვერდით, ვინც გაიგებს მისი გულის წუხილს, ვინც მის აზრს გაიზიარებს და ნუგეშს მაინც ეტყვის, ვინც მარტოობას შეუვსებს.. შემდეგ შვილებს გადასწვდა, მათ ოჯახებს, პატარებს, მათი მონატრებაც ბევრჯერ უხუთავს სულს, მაგრამ რა ჰქნას, უნდა მოითმინოს და ჩაიკლას გულში ყველაფერი. იფიქრა.. იფიქრა და ჩაეძინა ბოლოს.
დილით, გათენდა თუ არა, სამივე მეგობარი წამოხტა ფეხზე, მოიწესრიგეს თავები და დაბლა ჩავიდნენ, მათ ცოტა უკან ჩამორჩა ლევანი, ადმინისტრატორთან მივიდა, საფასური გადაიხადა კიდევ ერთი დღის, ბიჭების ოთახისა, არ უნდოდა დღეს საღამოს გაეშვა ისინი სახლში. რომ ვახშამიც ეკისრა, როგორც არ უნდა დასრულებულიყო დღევანდელი დღე.
მალევე დაეწია მეგობრებს და გასწიეს უახლოესი სასაფლაოსკენ. იქ მისვლამდე ისევ საუზმობა გადაწყვიტეს, ჯემალმა არ ჰქნა ისე, ვინ იცის იქ როდემდე დაგვჭირდება ყოფნაო...
ისაუზმეს, ცხელი ყავაც დააყოლეს და გაუდგნენ გზას. სასაფლაოზე შესასვლელში არავინ დახვდათ, ცოტა მოშორებით პატარა ოთახი ჩანდა, იფიქრეს დარაჯი იქ იქნებაო და ახლა იქით გაეშურნენ. ის მართლაც იქ დახვდათ, საკმაოდ ასაკიანი კაცი იყო. მიესალმნენ, მოიკითხეს და დაინტერესდნენ, რამდენი წელი მუშაობდა აქ დარაჯად.
—ეეჰ.. რამდენი ხანია? აღარც მახსოვს. ბევრი წელია.. დახმარება გჭირდებათ ჩემი? —იკითხა დარაჯმა.
ბიჭებმა აუხსნეს რაშიც იყო საქმე.,ვის ეძებდნენ და როგორ უნდა ეპოვათ.მან ჯერ იქვე მოიძია ძველი რვეულები, მაგრამ ის წლები არ იყო..
-მოიცათ, იქ მეგულება ერთგან ძველისძველი ჟურნალები, იქნებ იქ მაინც იყოს-თქვა დარაჯმა და გარეთ გავიდა. მალე დაბრუნდა იღლიაში ამოჩრილი რამდენიმე სქელი რვეულით:—ეს არის 15-20 წლის წინანდელი, ჩვენ აქ მაინც ვწერდით ხოლმე, ვისაც ასაფლავებდნენ.. აქ უნდა იყოს რომელიმეში წესით..
სამივემ აიღო და დაიწყო გვარების კითხვა, ისეთი იყო ნაწერი, ძლივს'ღა ეტყობოდა.. ბოლოს ერთი დარჩა და მასში სამივე ერთად ეძებდა და უცებ.. ნაცნობი გვარი გამოჩნდა—ზურაბ ნებიერიძე. 18 წლის წინ გარდაცვლილა თურმე, ე. ი. 50 წლის ასაკში..
-ეს უნდა იყოს ნამდვილად-დაიძახა ლევანმა, მაგრამ მივაგნებთ ადგილს?
—ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მუშებს შვეკითხები, ისინი უფრო კარგად ერკვევიან ასეთ საკითხებში-თქვა დარაჯმა.
მართლაც, დაუძახა მათ და ყველამ ერთად შემოიარეს სასაფლაო, სანამ დანიშნულების ადგილი არ იპოვეს-ორი საფლავი იყო ერთმანეთის გვერდით, ზედ ხის ჯვარით და მასზე სახელები და გვარები ეწერა წლებთან ერთად, რომლებუც ასევე ძლივს ჩანდა.. ისევ გული ეტკინა ლევანს.. ძმამ მამაც დაასაფლავა და დედაც, სახლი გაყიდა და საქართველოდანაც წავიდა, მშობლები აქაც უპატრონოდ მიატოვა. რა უნდა ექნა ლევანს? იმ ქალის საფლავიც მას უნდა გაეკეთებინა, ვისი ხელშეწყობითაც უდედმამო ბავშვთა სახლში მოხვდა.. საფიქრალს კიდევ დაემატა საფიქრალი, რა კაცობა იქნებოდა მამის საფლავი გაეკეთებინა და მის გვერდით დაეტოვებინა, ვინ რა იცოდა მათი ამბავი? ვერც მას დატოვებდა უსახელოდ..
მოკლედ, საქართველოში კვლავ დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა, თუნდაც დროებით დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზი..
,, ეთო". 10.01.21.
გაგრძელება იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев