კვლავ ყოველ დილით ვეგებები ლამაზ ალიონს,
ბალახზე ცვარ-ნამს, ჩიტთა ჭიკჭიკს, ონავარ ნიავს.
გულს გადავუშლი გარიჟრაჟზე გაფურჩქნულ ვარდებს,
მეც ბულბულივით ვუგალობებ ყოველ განთიადს.
ღამეს გაცრეცილს კვლავ გავატან ფიქრებს დარდიანს
და უშენობის წუთებს მძივად მოვისხავ ყელზე.
რომ არ დავკარგო არც ერთი წუთი უშენობისა,
რაც დარდს მიმძაფრებს და ღამეებს თეთრად ვათენებ.
თუმცა ალიონს კვლავ ახალი იმედით ვხვდები,
სულის ტკივილებს დავუტოვებ კვლავაც ბნელ ღამეს...
ახალი დილა იმედით და რწმენით იწყება.
დილის ნიავი დამიმშვიდებს სულის იარებს.
მზის სხივი ურცხვად ისევ ყელზე მეამბორება,
მახსენებს წარსულს ვნებებით და გრძნობებით სავსეს.
სიმარტოვეში ისევ ვფიქრობ, იმ წუთებს ვეტრფი,
როცა ფიალა გამოვცალე სიცოცხლით სავსე...
მივყვები ბილიკს უკვე ასჯერ, ათასჯერ განვლილს.
ვგრძნობ დილის ნამი ჩემს ნაბიჯებს როგორ მოყვება.
მზის სხივი როგორ აიტაცებს ნამის მძივს წამში,
ცად ააფრენს და დილის ლოცვად აღევლინება...
08.07.2024
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2