1
შენნაირი „იღბლიანი“ ადამიანები ალბათ საკმაოზე ბევრნი ცხოვრობენ ჩვენს გარშემო, იბადები წარმატებულ და მდიდარ ოჯახში, ხარ პირველი შვილი, პირველი შვილიშვილი, პირველი დისშვილი, პირველი ძმიშვილი და ასე შემდეგ, რაც არ უნდა მოხდეს შენს შემდეგ რამდენიც არ უნდა დაიბადონ, შენ ყოველთვის პირველი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის. ხარ დედიკოს სიცოცხლე, მამიკოს ნებიერა, ბებია-ბაბუის თვალის ჩინი, შენს გარშემო ყველა და ყველაფერი ცდილობს რომ გაგანებივროს, შენზე იზრუნოს. დაბადებიდან გეპყრობიან ისე როგორც უძვირფასეს საგანძურს, ყველა გელოლიავება, ცივ ნიავს არ გაკარებს, შეგიყვანენ ქალაქში საუკეთესო კერძო ბაღში, მერე საუკეთესო სკოლაში, ყველა ცდილობს რომ შენი მეგობარი იყოს, იცმევ საუკეთესო ბრენდის ტანსაცმელს, იკეთებ ყველაზე მოდურ აქსესუარებს, ხდები სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგო, ყველა ბიჭი შენზეა შეყვარებული, შენც მათ შორის ყველაზე სიმპატიური გიყვარდება და სულ მის გვერდით ხარ, გარშემომყოფები შურით რომ გასკდეს, მერე ამთავრებ სკოლას და მამაშენი გჩუქნის უახლოესი მოდელის მანქანას, შენი ბანკეტის ტანსაცმელში ხარჯავენ იმდენს, ერთ საშუალო ფენის წარმომადგენელ ოჯახს მთელი თვის გამავლობაში რომ ეყოფა. შენც ბედნიერებისგან ცუდად ხარ, შენი ცხვირის იქეთ ვერაფერს ამჩნევ, რადგან ასე გასწავლეს, სხვანაირად ცხოვრება არ შეგიძლია, სკოლის დამთავრების მერე ელოდები შენი მშობლები რას გადაწყვეტენ, რომელ უნივერსიტეტში გაგაგზავნიან სასწავლებლად, იმასაც კი არ გკითხავენ რა გინდა ისწავლო და შენც არ გაქვს პრობლემა, ფიქრობ რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთ დღეს შენს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, გარშემო „ყველაფერი“ უფერულდება, შენ ხვდები რომ არაფერი არ გაგაჩნია, ამდენ ხანს შენს გარშემო ნაშენები ოქროს კოშკები ერთმანეთის მიყოლებით ინგრევა. შენ რჩები ცარიელი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ სიცარიელის ამოვსებას ფულით ვერ შეძლებ, ხოდა იძულებული ხდები შიგნით რაღაცეები შეცვალო, გადაალაგო, დაიწყო ბრძოლა იმისთვის რაც გიყვარს და რაც გინდა, თუნდაც ამისთვის საყვარელი ადამიანების დაკარგვა მოგიწიოს.
არ ვიცი რამდენი თქვენგანი გავს ზემოთ აღწერილ იღბლიანას, არ ვიცი ბევრნი, ხართ თუ ცოტა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ მეც ერთერთი თქვენგანი ვარ. მე შორენა მაჩაბელი, ვარ ადამიანი რომელსაც ცხოვრებამ თავისი არც თუ ისე დიდი ასაკის მიუხედავად უკვე საკმარისზე მეტი სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. ვეცდები თავიდან მოგიყვეთ ყველაფერი, ისე რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამომრჩეს.
იყო და არა იყო რა, ოღონდ არ იფიქროთ რომ ამ ფრაზით თქვენთვის მორიგი ზღაპრის მოყოლას ვიწყებ, პრინციპში ჩემი ცხოვრების რამდენიმე წელი მართლაც გავდა ზღაპარს, როგორც იქნა ათ წლიანი ლოდინის შემდეგ მაჩაბლების საგვარეულოს მე მოვევლინე, რომ დავიბადე ალბათ როგორც ყველა ბავშვი მეც არცთუ ისე ლამაზად გამოვიყურებოდი, მაგრამ ბაბუაჩემმა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას დიდი თაყვანისმცემელი იყო, ჩემი დანახვისთანავე გამოაცხადა, რომ ულამაზესი ვარ, კოლონკელიძის ასულივით ულამაზესი, შესაბამისად აუცილებლად შორენა უნდა მეწოდოს, ბავშვობაშიც კი ჩემთვის სხვა სახელი არავის დაუძახია, არც ამ სახელის კნინობით-ალერსობითი ფორმით მოუმართავს ვინმეს, მხოლოდ შორენა როგორც მაჩაბლების ოჯახს შეეფერებოდა.
მე ვცხოვრობდი სამყაროში ალბათ ყველაზე ტრადიციულ ოჯახში, აი ისეთში ტრადიცია რომ სიმახინჯეში გადასდით ხოლმე. ერთადერთი ადამიანი ვიყავი მთელ ოჯახში ვისაც შეეძლო ოჯახის წევრებისთვის შენობით მიემართა, ისიც იმ შემთხვევაში თუ უცხო არ გვისმენდა, ნამდვილად არ ვიცი ჩვენმა ოჯახმა პირველი დიდი ფული როდის იშოვა, ზუსტად ვიცი ის რომ უკანონო არასდროს არაფერი გაუკეთებიათ, ძირითადი მემკვიდრეობა, მამაჩემს ბაბუაჩემისგან, ბაბუაჩემს მამამისისგან, იმას თავისი მამისგან და ა.შ. ერგოთ, მემკვიდრეებიც ცდილობდნენ კაპიტალი შეძლებისდაგვარად გაეზარდათ, ხოდა იმდენი ფული გვქონდა, რამდენიც მართლა არ იყო საჭირო, უბრალოდ რაც უფრო მეტს შოულობ უფრო მეტი გინდა, მერე კიდე უფრო მეტი და ასე ემსგავსები დროთა განმავლობაში ფულის საჭრელ მანქანას.
ბაღში რომ შემიყვანეს იმაზე უშნო ბავშვი ვიყავი ვიდრე ზოგადად ბავშვები არიან ხოლმე, ერთი არაფრისმთქმელი უშინაარსო ბავშვი, რომელმაც ნორმალურად თამაშიც კი არ იცოდა, რადგან სახლში მასთან სათამაშოდ არავის ეცალა და როგორც დედაჩემი თამარ მაჩაბელი ხშირად ამბობდა ხოლმე „თამაშში და სხვა სისულელეებში, რატომ უნდა დაკარგოს დრო, როცა შეუძლია ისწავლოს?“ ხოდა მეც ვსწავლობდი, ხუთი წლის ასაკში უკვე თავისუფლად ვსაუბრობდი რამდენიმე უცხო ენაზე და რამდენიმეზე ვკითხულობდი და ვწერდი კიდეც, ვიცოდი უამრავი ფაქტი საქართველოს ისტორიიდან, ვიცოდი მიმატება გამოკლება, მსოფლიოს უამრავი ქვეყნის დედაქალაქის სახელი, მაგრამ არ ვიცოდი რა იყო „ბარბი“, არ ვიცოდი რა იყო „დახუჭობანა“, „დამალობანა“, „წრეში ბურთი“, თქვენ წარმოიდგინეთ წეროები რომ შორს მიფრინავენ ეგეც არ ვიცოდი, ოჯახში ჩემს მერე, ყველაზე პატარა ბიძაჩემი იყო, ჩემზე 17 წლით უფროსი, პირველ კლასში ვიყავი სახლიდან რომ წავიდა, ჩემს გარდა, არცერთ ოჯახის წევრ არ უდარდია მგონი, ბებიაჩემმა მეორე დღესვე მისი ყველა ფოტო ამოხია, საოჯახო ალბომიდან, თითქოს გულიდანაც ამოიგლიჯეს, ყოველ შემთხვევაში მასზე მერე აღარასდროს უსაუბრიათ.
ამასობაში მე გავიზარდე და სკოლაში მიმიყვანეს, სილამაზით ვარსკვლავებს არც მაშინ ვწყვეტდი, მაგრამ მახინჯ იხვის ჭუკთანაც აღარ მოგინდებოდათ ჩემი შედარება, იქაც ვიყავი მორიგი „შკოლნიკი“ და მორჩილი ბავშვი, პრინციპში იქ ყველა ჩემნაირი იყო, უბრალოდ ზოგიერთები ჩემზე კარგად გამოიყურებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ ლამაზი არ ვიყავი და არც ვინმეს მეგობრობის სურვილით ვიწვოდი, ყველა ცდილობდა ჩემთან ემეგობრა, ყოველ დილით დედაჩემი გამოხსნიდა ჩემს უზარმაზარ გარდერობს, ჩამაცმევდა ტანსაცმელს, მიკეთებდა ვარცხნილობას და მიშვებდა სკოლაში, მეც ვფიქრობდი რომ ასეც უნდა ყოფილიყო, მერე რა რომ ვერ ვიტანდი მწვანე ფერს და ყველა მეორე დღეს მწვანე მაისური მეცვა, მე ვინ მეკითხებოდა, პრინციპში მე თვითონაც არ ვაპროტესტებდი, არ ვიცოდი რომ გაპროტესტება შეიძლებოდა, ვფიქრობდი რომ ისე იყო საჭირო.
მერვე კლასში ვიქნებოდი ერთ დღეს სარკეში რომ ჩავიხედე და მიხვდი რომ იმაზე უფრო ლამაზი გავმხდარვარ ვიდრე ვიფიქრებდი, უკვე გარდატეხის ასაკში ვიყავი აი ისეთში, ყველა გოგოს ჩემნაირსაც კი რომ რაღაც ემართებათ, მოვიხსენი სათვალე, მე თვითონ დავიწყე ჩემს ტანსაცმელზე ზრუნვა, უფრო სწორედ მოვითხოვე ახალი ტანსაცმელი, ახალი ფეხსაცმელი, ცუდი არც მანამდე მეცვა, მაგრამ ახლა უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩემი გარდერობი.
-აი დედა მარიკას რომ აქვს ისეთი კაბა მინდა. ვეტყოდი დედაჩემს
-ხვალვე შორენა. მეტყოდა დედაჩემი და მეორე დღეს, ზუსტად ისეთი კაბა ეკიდა ჩემ გარდერობში თან რამდენიმე ფერი.
თანდათან ინტერესი გამიჩნდა საპირისპირო სქესის მიმართაც, ხოდა ერთ დღესაც ჩემს 15 დაბადების დღეზე, მამაჩემმა ოფიციალურად დამნიშნა, თავის ძმაკაცის შვილზე და ჩემს კლასელზე კახაბერ ჯაფარიძეზე, რასაც ვერ დაუკარგავ კახა მართლა ძალიან სიმპატიური იყო, მწვანე თვალები, ჯანმრთელი დაკუნთული სხეული, ყოველთვის მოწესრიგებული ჩაცმულობა, დავარცხნილი თმები, ჩვენს სკოლაში ყველა გოგო მაზე იყო შეყვარებული, მაგრამ მისმა ოჯახმა და ჩემებმაც გადაწყვიტეს რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვყვარებოდა. ხოდა მეც არ გავაპროტესტე, თუ ოჯახს უნდოდა მე რა უნდა მქონოდა საწინააღმდეგო.
ამასობაში ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, უკვე ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ვიყავი მაგრამ უინტერესო და ცარიელი, დროთა განმავლობაში მეც დედაჩემს დავემსგავსე, ადამიანებთან მათი წარმომავლობის და ოჯახიშვილობის გამო ვურთიერთობდი, გარშემოც ყველა ჩემნაირი მყავდა, იმის გამო რომ ფრჩხილი მოტყდა ჩემს საუკეთესო მეგობარ თეკლას შეეძლო ორი რამე ეტირა, მე ვტიროდი თუ ახალ მოდურ კაბას არ მიყიდდნენ, ინდა ვაღიარო მე ხშირად არა ვტიროდი, რადგან მთავარი იყო რამე მეთქვა და ის ყოველთვის მქონდა. კახა მჩუქნიდა საუკეთესო სუნამოებს, საუკეთესო სამკაულებს, მე მანეკენივით ვიყავი, რომელსაც გარშემომყოფები ფუთავდნენ. ჩემთვის ცუდად ყოფნა არ შეიძლებოდა, ერთ დღეს რომ მეთქვა რომ თავი მტკივა, ორ წუთში სულ ცოტა სამი ექიმი მომადგებოდა სახლში. ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა რომ ბანკეტის შემდეგ, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებდი მე და კახა უნდა დავოჯახებულიყავით.
-დროა უკვე. გამოაცხადა ბაბუაჩემმა კოსტანტინემ, მისი სიტყვა ოჯახში კანონი იყო
მეც სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი, რადგან ვიცოდი რომ გათხოვება უნდა გამხარებოდა, მოდი ბანკეტზე არ ვილაპარაკებ, რადგან ამ გადმოსახედიდან ეგ დღე ყველაზე გულისამრევად მეჩვენება ჩემი განვლილი დღეებიდან, პრინციპში ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ის ფაქტი მირევს გულს რომ ერთი იდიოტური დღესასწაულისთვის ამდენი ფულის ხარჯვა შეუძლია ადამიანებს.
ქორწილის წინა კვირას მამამ ულამაზესი მანქანა მაჩუქა, იმის ფონზე რომ წიგნების გარდა მისგან ცხოვრებაში არაფერი მიმიღია ეს შოკი იყო, თქვენ გგონიათ იმიტომ მაჩუქა რომ მე გავეხარებინე, არა უბრალოდ მისმა ყველა ძმაკაცმა იგივე გააკეთა და ის ვინმეზე ნაკლები ხომ არ იყო, ახლა რომ ვუფიქრდები ტანსაცმელს და საერთოდ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ყიდულობდნენ რომ სხვა მშობლებიც ასე იქცეოდნენ.
ჩვენი ქორწილი იყო ყველაზე გამორჩეული, მეცვა უცხოეთში შეკერილი ულამაზესი კაბა, დაპატიჟებული ყავდათ დაახლოებით ათასამდე სტუმარი, ყველა კუთხეში იდგა ფოტოგრაფი, მამაჩემმა და ჩემმა მამამთილმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ამ ქორწილზე ხალხს ძალიან დიდხანს ესაუბრა.
ბევრს შეიძლება მოწონს კიდეც ასეთ ცხოვრება და ვერც გავამტყუნებ, მაგრამ შემიძლია დავარწმუნო რომ ეს ფერადი ზღაპარი, რომელიც დროთა განმავლობაში კოშმარად გადაიქცევა.
ჩემი კოშმარი ქორწინების ღამეს დაიწყო, როგორც კი კახამ ხელი შემომხვია და ტუჩებში კოცნა დამიწყო, თავიდან თითქოს მეც ავყევი, რადგან მაინტერესებდა, მაგრამ როგორც კი კაბის საკინძე გამიხსნა და მისმა ტუჩებმა ჩემს კისერზე დაიწყეს მოძრაობა მივხვდი რომ ამას ვერ გავაკეთებდი, მასთან დაწოლა არაფრით არ შემეძლო. ხელი ვკარი და მისი მკლავებიდან ძალით გავითავისუფლე თავი.
-შორენა რა დაგემართა? მკითხა გაოცებულმა
-არ შემიძლია თავი მტკივა, გამოვაცხადე მე, საბანი დავიფარე და საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი, კახაც არ შემეწინააღმდეგა. მთელი ღამე არ მეძინა, მეორე დრეს გათენდა თუ არა კახა ლოგინში დავტოვე და თეკლესთან გავიქეცი. დედამისმა გაოცებისგან პირი დააღო, მასთან მისული რომ დამინახა, მემ არც მივსალმებივარ ისე შევარდი თეკლას ოთახში და მძინარეს დავადექი თავზე.
- კაი რა შორენა ეგ ყველას მოსდის, პირველი რომ იყო იმიტომ. დამამშვიდა მან, მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ მოხდა, მეორე ღამეს მეც ვცადე თავისთვის ძალა დამეტანებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, გულის რევის შეგრძნების გარდა სხვას ვერაფერს ვგრძნობდი, არ მიყვარდა ეს კაცი და მასთან დაწოლა არაფრით არ შემეძლო.
-გემუდარები თუ გიყვარვარ, დრო მომეცი მოგეჩვევი და ასე ცუდად აღარ ვიქნები. ვუთხარი ატირებულმა, რადგან ვხვდებოდი მისთვის ეს იოლი ასატანი არ იყო.
-დრო რამდენი გჭირდება? მკითხა მკაცრად
-არ ვიცი მართლა არ ვიცი. ორი კვირა მაინც. ვემუდარებოდი ტირილით
-კარგი. მიპასუხა ცივად და ოთახიდან გავიდა. კახა სამი დღე იტანდა ასეთ მდგომარეობას. ბოლოს გაგიჟებული შემომივარდა ოთახში.
-დღეს ჩემი გახდები. ყვიროდა გიჟივით
-არა. ვეწინააღმდეგებოდი მე
-რას ქვია არა, კაცი მე ვარ ამ ოჯახში და მორჩა, მინდა და ჩემი გახდები. ღრიალებდა ის და ჩემთვის ტანსაცმლის შემოხევას ცდილობდა.
-არა. ვკიოდი მე. ხოდა პირველად გამარტყა, პირველს მეორე მოყვა, ხელს ფეხი, ტკივილს ტკივილი, მაგრამ მე მაინც არ დავნებდი, მისი მაინც არ გავხდი. იმ რამეს მივხვდი რომ არც კახას ვუყვარდი, ისიც ჩემსავით საკუთარი ოჯახის უაზრო გადაწყვეტილების მსხვერპლი იყო, მხოლოდ იმიტომ დავქორწინდით რომ ასე იყო საჭირო, საბედნიეროდ სიყვარული შეკვეთით არ მოდის, სიყვარულს უნდა იმსახურებდე, ჩემი და კახას ურთიერთობა სიყვარულს არ იმსახურებდა, აღარც მეორე შანს იმსახურებდა უკვე. თავს საშინლად ვგრძნობდი, ჯერ ერთი კახა თუ არ მიყვარდა, ამდენი წლის მანძილზე რაღაც თბილი გრძნობა მაინც მქონდა მის მიმართ და ცხოვრებაში ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ასეთი ცხოველი იყო, მერე მეორე პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ, ჩემთვის მაჩაბლების ასულისთვის, თითიც კი არავის ქონდა დაკარებული, საკუთარმა ქმარმა კი უმოწყალოდ მცემა. იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და სახლში დავბრუნდი.
კარი მოსამსახურემ გამიღო და იმხელაზე იყვირა, ორ წუთში მთელი ოჯახი ჩემთან გაჩნდა.
-ამ შუაღამეზე აქ რას აკეთებ? -იკითხა მამა
-რა გჭირს შორენა, ეს ვინ გააკეტა? მკითხა ბაბუაჩემმა
-კახამ, სახლიდან წამოვედი. ვუპასუხე მე და თავი დავხარე, ტირილის უფლებაც ვერ მივეცი ჩემს თავს, იმიტომ რომ მაჩაბლები არ ტირიან.
-კი მაგრამ რატომ, მკითხა შეშფოთებულმა დედამ
-არ მიყვარს, მისი ცოლი ვერ გავხდები. ვიყვირე მე და ტირილი დავიწყე, მეგონა მამაჩემი გაგიჟდებოდა, მოვიდოდა გულში ჩამიკრავდა, მერე აბჯარს აისხამდა და კახას სანახავად წავიდოდა, მეგონა დედაჩემი მაინც ამოიღებდა ხმას ჩემს დასაცავად, მეგონა მათ მხოლოდშობილ ასულს არავის დააჩაგვრინებდნენ, მაგრამ არა.
-ახლავე მორჩი ტირილს და შენს ქმართან დაბრუნდი. გამოსცრა კბილებში ბაბუაჩემმა
-არა მასთან ვერ ვიცხოვრებ, პირველად დავიცავი საკუთარი უფლებები მე
-მაშინ შენ ჩემი შვილიშვილი აღარ ხარ. თქვა ბაბუამ და ოთახიდან გავიდა. ვუყურებდი ხესავით გაშეშებულ დედაჩემს და მამაჩემს, ველოდებოდი რომ რომელიმე მათგანს მაინც შეუტოკდებოდათ ნერვი, მაგრამ არა, იდგნენ და გაყინული სახით მიყურებდნენ.
-ბოლოჯერ გეკითხები შორენა, დაბრუნდები კახასთან? მკითხა მამამ
-არა. კიდევ ერთხელ ვიუარე მე, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ ვერ გამიმეტებდნენ
-მაშინ შენ დღეიდან ჩემი შვილი არ ხარ, აქედან წადი და აღარასდროს დამენახო. დამიყვირა მამაჩემმა, დედაჩემს ხელი ჩაავლო და ოთახიდან გავიდნენ
-მანქანის წაყვანა არ გაბედო. მომესმა მეორე ოთახიდან დედაჩემის ხმა და ვიგრძენი როგორ დამეცა გულზე ჩემი ოცნების კოშკიდან ჩამოვარდნილი პირველი აგური, სადღაც იქ გულის სიღრმეში ჩამწყდა, ჩამწყდა და ცრემლებად წამოვიდა ჩემს თვალებზე.
ვიდექი საკუთარ სახლში როგორც უცხო, „წადი შორენა შენ ამ ოჯახის წევრი აღარ ხარ“ ჩამესმოდა ჩემი შინაგანი ხმა. არც ბარგი, არც გასაღები სახლიდან არაფერი წამიღია, წამოვედი დალურჯებული თვალით და გატეხილი გულით, ფეხით გავუყევი გზატკეცილს, წასასვლელი აღარსად მქონდა, ხოდა მეც არსად მივდიოდი, ვხდებოდი როგორ წამში დაანგრიეს ჩემებმა ყველაფერი რასაც ამდენ ხანს ჩემთვის ქმნიდნენ, მივხვდი რომ არცერთ მათგანს არ ვუყვარდი, მათთვის მე ჩამოყალიბებული პიროვნება კი არა მართლა თოჯინა ვიყავი, თავის მოწონების საუკეთესო საშუალება, მე საცდელი ვირთხა ვიყავი რომელზეც მთელი ცხოვრება ექსპერიმენტები ატარეს, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება ახლა გატუტუცებულ და გაზულუქებულ გოგოდ ჩამთვალოს, მითხრას რომ უმადური ვარ, მართალები იქნებით, ალბათ ვიყავი კიდეც გაზულუქებული, მაგრამ მე რომ მათ არ ვუყვარდი ამაში დარწმუნებული ვარ, რა უნდა დააშავოს შვილმა ისეთი რომ გულიდან ამოიგლიჯო, ასეთი რა სახელი და ღირსება გააჩნია შენს ოჯახს რომ საკუთარი შვილის სიცოცხლის ფასად გიღირს, დედა რომ ხარ, ცხრა თვე მუცლით რომ ატარე და მერე იმის გამო რომ უსიყვარულოდ ქმართან არ დაწვა შვილი გაწირე, როგორ შეიძლება თქვა რომ შვილი გიყვარს? არცერთ მათგანს არ უთქვია „დაწყნარდი შორენა ასეც ხდება ხოლმე, არცერთს არ უთქვია გაივლის დროთა განმავლობაში შეგიყვარდება,“ არცერთს არ უთქვია კახაზე ცუდი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. მხოლოდ მე დამაბრალეს ყველაფერი, მხოლოდ მე გამომიყვანეს დამნაშავედ. ჯიბეში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, რომლის არსებობა არც გამხსენებია, თორემ აუცილებლად დავტოვებდი. თეკლა იყო, ჩემი ერთადერთი მეგობარი, მეც იმედი მომეცა, გულში სიხარულის ნაპერწკალი ამენთო.
-ხო თეკლა გისმენ. ვუპასუხე სევდიანი ხმით
-ჩემი სახელი აღარ ახსენო გაიგე. მორჩა დღეიდან მეგობრები აღარ ვართ. ჩამყვირა ყურმილში და გამითიშა, მივხვდი დედაჩემმა დედამის დაურეკა და იმანაც თეკლას უთხრა როგორც უნდა მოქცეულიყო. მოვხვდი საუკეთესო მეგობარიც დავკარგე, ალბათ ყველა ჩემი ნაცნობი მასე იტყოდა ჩემზე უარს. პატრონი. წარმოვიდგინე როგორ ამოხევდა ბებიაჩემი საოჯახო ალბომიდან ჩემს ფოტოებს, და როგორ მივეცემოდი მათთვის დავიწყებას, საბრალო ბიძაჩემივით, თითქოს არც ვარსებობდი, თითქოს არც ვყოფილვარ. მეც ავდექი და ტელეფონი შორს მოვისროლე, რაც შემეძლო შორს, ის აღარაფერში მჭირდებოდა. მინდოდა ახალი ცხოვრება დამეწყო და აღარ მქონდოდა მქონოდა რამე რაც მათ თავს გამახსენებდა.
მივხვდი რომ მარტო ვიყავი, მივხვდი რა კოშმარშიც ვცხოვრობდი ამდენ ხანს, მივხვდი რომ გარშემო არავინ არ იყო ისეთი ვისაც ჩემზე გული შესტკიოდა, პირველად ამდენი ხნის მანძილზე მე თვითონ ვიყავი საკუთარი თავის პატრონი.
-რას იზამ მაჩაბლების ასულო, ფარ ხმალს დაყრი თუ არ დანებდები? ვკითხე საკუთარ თავს
-მარტომ რა უნდა აკეთო, უფულოდ, ყველას თანაგრძნობის და დახმარების გარეშე, დაბრუნდი სახლში და შენებს მუხლებში ჩაუვარდი, რა გინდა ჭამა გაკლდა, ჩაცმა თუ დახურვა, ბოლოს და ბოლოს ის კახაც შეგიყვარდება რა. მპასუხობდა ჩემი პირველი მე
-არაფრით არ აპატიო, აი ნახე ცოტა ხანში აქეთ მოგადგებიან, ხომ იცი შენს გარეშე ვერ იცხოვრებენ. სულ ცოტაც მოითმინე. დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩემი მეორე მეს პასუხი.
-კარგი რა შორენა, მათ ჭკუაზე როდემდე უნდა იარო, დროა გაიზარდო და მიხვდე რომ პრინცესა არ ხარ და არც კახაა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი, დროა დამოუკიდებლობას მიეჩვიო, დროა ვინც გინდა ის შეიყვარო. დღეიდან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო. შეირგე რა თავისუფლება. ჩამძახოდა მესამე მე
ბევრი ვიარე თუ ცოტა, სკვერს მივადექი, ფიქრით ბევრი ვიფიქრე ნამდვილად და გადავწყვიტე რომ ჩემი მესამე მე საკმაოდ ჭკვიანი ვიღაც ჩანდა, ამიტომაც ღირდა მისი დაჯერება. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და იქვე სკვერში სკამზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. პირველად ვიძინებდი სახლისგან ასე შორს, თუ უცხოეთის ძვირფას სასტუმროებს არ ჩავთვლით, რამდენ ქვეყანაში არ მიმოგზაურია, რამდენი ქალაქი არ მინახავს, რამდენი მთის კურორტი არ დამილაშქრავს, მაგრამ ჰაერი არსად ასეთი სუფთა არ ყოფილა როგორც იქ იმ პარკში და არცერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მატრასი არ ყოფილა ისეთი რბილი და თბილი, როგორიც ღია ცის ქვეშ, მტვრიან პარკში მდებარე ხის „სკამეიკა“, მიუხედავად იმისა რომ საოცრად მციოდა და მეშინოდა.
აღფრთოვანებული ვიყავი საკუთარი თავით, ეს ახალი იყო ჩემთვის, ეგზოტიკური და საინტერესო, იმდენად მომწონდა ის რომ რაღაცას საპირისპიროს ვაკეთებდი, იმდენად მხიბლავდა ის ფაქტი რომ მშობლებს შევეწინააღმდეგე, იმდენად მიხაროდა რომ ძალით კახასი არ გავხდი. სულ არ მაინტერესებდა რა იქნებოდა შემდეგ, მაშინ რა ვიცოდი რამდენჯერ ვინატრებდი სახლში დაბრუნებას, რამდენჯერ ვიტირებდი დაკარგული ფუფუნების გამო, ჩემი ამპარტავნობით და სიჯიუტით, რამდენ ადამიანს გავუმწარებდი სიცოცხლეს, მათ შორის ისეთებსაც კი რომლებიც საკუთარ თავზე მეტად შემიყვარდებოდა, მაშინ იმასაც ვერ ვიფიქრებდი ასეთი სიყვარული თუ შემეძლო. ვერ იმას ვიფიქრებდი, ასეთი სუსტი და უსუსური თუ აღმოვჩნდებოდი, მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყებოდა, იმაზეც ვფიქრობდი როგორ დამჩაგრა ცხოვრებამ, როგორი ცუდი სიურპრიზი მომიწყო ღმერთმა, მაშინ ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნდა რომ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს ვეღარ ჩავიცმევდი, დედიკოს და მაიკოს ნებიერა აღარ ვიქნებოდი, მაშინ მე ცხოვრების არაფერი გამეგებოდა, მე ვიცოდი რამდენიმე უცხო ენა, წაკითხული მქონდა ბაბუაჩემის ბიბლიოთეკიდან თითქმის ყველა წიგნი, ზეპირად ვიცოდი მსოფლიო ისტორია და რუკა, მაგრამ არ ვიცოდი რა იყო ცხოვრება, მეგობრობა არ ვიცოდი, არც სიყვარული ვიცოდი, არც ერთგულების ფენომენის გამეგებოდა რამე, ასეთ რაღაცეებს წიგნებში ვერ ისწავლი, გრძნობები ცხოვრებამ უნდა გასწავლოს, ასეთი რაღაცეების სწავლა ბავშვობიდან უნდა დამეწყო, ჩემს თანატოლებთან ერთად სილაში თამაშის დროს. ზუსტად შემიძლია ვუთხრა მშობლებს რომლებიც ბავშვებს თავიანთ თანატოლებთან ერთად თამაშს უკრძალავენ, ძალიან ცდებით, თქვენ საკუთარ შვილებს დიდი განსაცდელისთვის იმეტებთ, თქვენ ვერც წარმოიდგენთ რა რთულია, როცა მეგობრების სწავლა 18-20 წლის ასაკიდან იწყებთ, ეს ნამდვილი კატასტროფა, მნიშვნელობა არა აქვს ბავშვობაში შეძენილი მეგობრები სიცოცხლის ბოლომდე შენთან დარჩებიან თუ არა, მთავარი ისაა რომ შენ გრძნობებს სწავლობ, მენდეთ დაჭერობანას თამაშის დროს ბავშვები იმაზე ბევრად უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე მე მსოფლიოს საუკეთესო ავტორების დაწერილ წიგნებში ვისწავლე.
-რა მეშველება? ვკითხე საკუთარ თავს და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევხედე.
-ღირსი ხარ ახლა რაღა გაწუწუნებს. ჩამჩხაოდა ჩემი პირველი მე, ხმაზე ეტყობოდა რომ ჩემზე საოცრად გამწარებული იყო
-შენ არ ინერვიულო შორენა, დარწმუნებული ვარ უკვე გეძებენ, ხვალვე დაგაბრუნებენ სახლში. მამშვიდებდა მეორე მეს მზრუნველი ხმა
-დაიძინე შორენა, დაიძინე, მაგრამ აქედანვე იცოდე ხვალ არც პრინცის კოცნა გაგაღვიძებს და არც შენი ოჯახის მოსამსახურეების მომზადებული საუზმის სურნელი. წინასწარვე მამზადებდა ჩემი მესამე მე
არა ნამდვილად ჭკვიანი იყო ეს ოხერი, ზუსტად იცოდა როდის რა უნდა ეთქვა ჩემთვის, უბრალოდ ფანტაზიის უნარი არ აღმოაჩნდა სათანადოდ განვითარებული, რადგან მეორე დღეს მართალია პრინცის არა, მაგრამ მსოფლიოში ყველა პრინცზე უფრო საყვარელი არსების ამბორით მომიწია გაღვიძება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9