დიახ, უფლის და ადამიანების თავგანწირული სიყვარული ადამიანს ყველა ცხოვრებისეულ სიძნელეს ადვილად გადაატანინებს და უფრო მეტიც - მის გულს ენითგამოუთქმელი უწყვეტი სიხარულით აღავსებს. თუ ვიცხოვრებთ სხვებისთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე ენითაუწერელი ბედნიერება გვაქვს გარანტირებული. ჩვენს გულს ღვთიურ შეგრძნებამდე აამაღლებს იმის განცდა, რასაც სხვებისთვის გავაკეთებთ და გავცემთ, ხოლო რასაც ჩვენთვის მოვიხვეჭთ და მოვითხოვთ, არარაობად მოგვეჩვენება. თავგანწირული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა, ამით განსხვავდება ის ცხოველისაგან, სწორედ ამ თვისებით ვლინდება მასში ღვთის სახება და ხატება. ის რასაც სხვებისთვის დავთესავთ, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მრავალ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო ის, რასაც ჩვნთვის მოვწყვეტთ, ჩვენი აურაცხელი სურვილისა და მისწრაფების ლაბირინთებში გახმება.
სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა-„მაპატი
ე“ და „მადლობა“, არაფერი არ ასულდგმულებს ამ გრძნობას ისე, როგორც მიტევება და მადლიერება. აქ ათონზე ერთი ხანდაზმული ბერი ცხოვრობს - ბერი სოფრონი, მას უფლის წინაშე უჩვეულო ღვაწლი აქვს აღებული: ის დადის მონასტრიდან მონსტერში (ათონზე ოცი დიდი მონასტერი და ამდენივე სხვადასხვა ზომის სავანეა), შედის ეკლესიაში, მიდის თითოეულ ადამიანთან, ხელზე ეამბორება და სთხოვს პატიებასა და დალოცვას, არა აქვს მისთვის მნიშვნელობა ვინ არის, მთავარია არავინ გამორჩეს და შემდეგ სავანეში გადადის. ასე ორმოცი წელიწადია დადის სავანიდან სავანეში. მინდა გამოვხატო ის შეგრძნება, როცა ეს სიყვარულით სავსე წმიდა მოხუცი ჩემს ცოდვილ ხელებს ეამბორება, მაგრამ ჩემი სიტყვა ამისთვის მეტად უძლურია, ერთს კი გეტყვით, რომ ამ დროს აშკარად ვგრძნობ, რომ გაცილებით უფრო სუფთა ვხდები, ვიდრე მასთან შეხვდრამდე ვიყავი, თითქოს მისმა სიწმინდემ ტალღასავით შემოაღწია ჩემს უგრძნობ გულში და ამ დროს მხოლოდ ტირილი მინდება! დიახ! არაფერი არ ასუფთავებს გულს ისე, როგორც თავგანწირული, მიმტევებელი სიყვარული! ღმერთო მოჰმადლე ყოველ ადამიანს ასეთი სიყვარულის გრძნობა!
/ბერი ერმოლაოსი ჭეჟია/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4