«ლენინიზმის საკითხები»
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები »
მეთერთმეტე გამოცემა
ლენინიზმის საფუძვლების შესახებ
თეორია
III მესამე თავი
გვერდი 16 და 31
ამ თემიდან მე ვიღებ სამ საკითხს:
ა) თეორიის მნიშვნელობის შესახებ პროლეტარული მოძრაობისათვის,
ბ) სტიქიურობის «თეორიის» კრიტიკის შესახებ,
გ) პროლეტარული რევოლუციის თეორიის შესახებ.
1) თეორიის მნიშვნელობის შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ ლენინიზმი არის პრაქტიკის პრიმატი თეორიის წინაშე იმ აზრით, რომ მასში მთავარია მარქსისტულ დებულებათა საქმედ ქცევა, ამ დებულებათა შესრულება, ხოლო რაც შეეხება თეორიას, ლენინიზმი ამ მხრივ თითქოს, საკმაოდ უდარდელი იყოს. ცნობილია, რომ პლეხანოვს არა ერთხელ უოხუნჯნია ლენინის უდარდელობაზე თეორიის და განსაკუთრებით ფილოსოფიის დარგში. ცნობილია აგრეთვე რომ ბევრი ჩვენი დროის თანამედროვე პრაქტიკოსი ლენინელი მაინც და მაინც დიდად არ სწყალობს თეორიას, განსაკუთრებით იმ უამრავი პრაქტიკული მუშაობის გამო, რაც მათ დგომარეობამ დააკისრა. მე უნდა განვაცხადო. რომ ეს უცნაურზე უცნაური შეხედულება ლენინზე და ლენინიზმზე სრულიად უმართებულოა და ოდნავადაც არ შეეფერება სინამდვილეს, რომ პრაქტიკოსების მისწრაფება თავიდან მოიშორონ თეორია, ეწინააღმდეგება ლენინიზმის მთელ სულს და დიდ საფრთხეს უქადის საქმეს. თეორია არის ყველა ქვეყნის მუშათა მოძრაობის გამოცდილება, აღებული მისი ზოგადი სახით. რა თქმა უნდა, თეორია უსაგნო ხდება, თუ ის არ უკავშირდება რევოლუციურ პრაქტიკას, სწორედ ისევე, როგორც პრაქტიკაც ბრმა ხდება, თუ იგი არ იშუქებს გზას რევოლუციური თეორიით. მაგრამ თეორია შეიძლება გადაიქცეს მუშათა მოძრაობის უდიდეს ძალად, თუ იგი ყალიბდება რევოლუციურ პრაქტიკასთან განუყრელ კავშირში, ვინაიდან თეორიას, და მხოლოდ თეორიას, შეუძლია მისცეს მოძრაობას რწმენა, ორიენტირების ძალა და გარემო მოვლენათა შინაგანი კავშირის გაგება, ვინაიდან თეორიას, და მხოლოდ თეორიას, შეუძლია დაეხმაროს პრაქტიკას გაიგოს არა მარტო ის, თუ როგორ და საით მიემართებიან კლასები აწყმოში, არამედ ისიც, თუ როგორ და საით უნდა გაემართონ ისინი უახლოეს მომავალში. სწორედ ლენინი, და არა სხვა ვინმე, ამბობდა და მრავალჯერ იმეორებდა ცნობილ დებულებას იმის შესახებ, რომ:
რევოლუციური თეორიის გარეშე შეუძლებელია რევოლუციური მოძრაობაც.
ლენინს უფრო ესმოდა, ვიდრე სხვა ვინმეს, თეორიის დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ისეთი პარტიისათვის, როგორიც არის ჩვენი ბოლშევიკური სოციალისტური კომუნისტური პარტია, საერთაშორისო პროლეტარიატის მოწინავე მებრძოლის იმ როლის გამო, რომელიც მას წილად ჰხვდა, და საშინაო და საერთაშორისო ვითარების იმ სირთულის გამო, რომლითაც ის გარემოცულია. ლენინი ჯერ კიდევ 1902 წელს ითვალისწინებდა ჩვენი ბოლშევიკური კომუნისტური პარტიის ამ განსაკუთრებულ როლს და საჭიროდ ცნობდა უკვე მაშინ მოეგონებინა, რომ:
მოწინავე მებრძოლის როლის შესრულება შეუძლია მხოლოდ ისეთ პარტიას, რომელიც მოწინავე თეორიით ხელმძღვანელობს.
არ გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ახლა, როდესაც ლენინის წინასწარმეტყველება ჩვენი კომუნისტური პარტიის როლის შესახებ უკვე განხორციელდა, ლენინის ეს დებულება განსაკუთრებულ ძალას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაძლოა, იმ მაღალი მნიშვნელობის ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულებად, რომელსაც ლენინი თეორიას აკუთვნებდა, უნდა ჩაგვეთვალა ის ფაქტი, რომ სწორედ ლენინმა, და არ სხვა ვინმემ, მოჰკიდა ხელი უაღრესად სერიოზული ამოცანის შესრულებას მეცნიერების მიერ ენგელსის დროიდან ლენინამდე მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს მიხწევათა განზოგადებას მატერიალისტურ ფილოსოფიაში და მარქსისტთა შორის არსებულ ანტიმატერიალისტურ მიმდინარეობათა ყოველმხრივ კრიტიკას. ენგელსი ამბობდა: მატერიალიზმს ყოველი ახალი დიდი აღმოჩენის შემდეგ ახალი სახის მიღება უხდება. ცნობილია, რომ ეს ამოცანა თავისი დროისათვის შეასრულა არა სხვა ვინმემ, არამედ ლენინმა თავის შესანიშნავ წიგნში
(«მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი») ცნობილია, რომ პლეხანოვმა, რომელსაც უყვარდა ოხუნჯობა ლენინის უდარდელობაზე ფილოსოფიის დარგში, ვერც კი გაბედა სერიოზულად შესდგომოდა აღნიშნული ამოცანის შესრულებას.
2) სტიქიურობის «თეორიის» კრიტიკა, ანუ მოძრაობაში ავანგარდის როლის შესახებ. სტიქიურობის თეორია არის ოპორტუნიზმის თეორია, მუშათა მოძრაობის სტიქიურობის წინაშე ქედის მოხრის თეორია, მუშათა კლასის ავანგარდის, მუშათა კლასის პარტიის ხელმძღვანელი როლის ფაქტიური უარყოფის თეორია. სტიქიურობის წინაშე ქედის მოხრის თეორია გადაჭრით ეწინააღმდეგება მუშათა მოძრაობის რევოლუციურ ხასიათს, ის წინააღმდეგია იმისა, რომ მოძრაობა წარიმართოს კაპიტალიზმის საფუძვლების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზით, იგი იმის მომხრეა, რომ მოძრაობა მიიმართებოდეს მხოლოდ და მხოლოდ შესრულების მხრივ შესაძლებელ კაპიტალიზმისათვის მისაღებ მოთხოვნათა ხაზით, იგი მთლიანად მხარს უჭერს უმცირესი წინააღმდეგობის ხაზს. სტიქიურობის თეორია ტრედ უნიონიზმის იდეოლოგიაა. სტიქიურობის წინაშე ქედის მოხრის თეორია გადაჭრით ეწინააღმდეგება იმას, რომ სტიქიურ მოძრაობას მიეცეს შეგნებული, გეგმაშეზომილი ხასიათი, ის წინააღმდეგია იმისა, რომ პარტიამ წინ მიუძღოდეს მუშათა კლასს, რომ პარტიამ მასები აამაღლოს შეგნებულობის დონემდე, რომ პარტია მიუძღოდეს მოძრაობას, იგი იმის მომხრეა, რომ მოძრაობის შეგნებული ელემენტები ხელს არ უშლიდნენ მოძრაობას წავიდეს თავისი გზით, ის იმის მომხრეა, რომ პარტია მხოლოდ ყურს მიაპყრობდეს სტიქიურ მოძრაობას და კუდში მისჩანჩალებდეს მას. სტიქიურობის თეორია არის მოძრაობაში შეგნებული ელემენტის როლის შემცირების თეორია, მანჩანჩალობის იდეოლოგია, ყოველგვარი ოპორტუნიზმის ლოგიკური საფუძველი. პრაქტიკულად ეს თეორია, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის პირველ რევოლუციამდე გამოვიდა სცენაზე, იწვევდა იმას, რომ მისი მიმდევრები, ეგრეთწოდებული ეკონომისტები, უარყოფდნენ დამოუკიდებელი მუშათა პარტიის აუცილებლობას რუსეთში, ილაშქრებდნენ მუშათა კლასის რევოლუციური ბრძოლის წინააღმდეგ, რომელიც მიმართული იყო ცარიზმის დამხობისაკენ, ქადაგებდნენ ტრედ უნიონისტურ პოლიტიკას მოძრაობაში და საერთოდ მუშათა მოძრაობას ლიბერალური ბურჟუაზიის ჰეგემონიას უმორჩილებდნენ. ძველი «ისკრის» ბრძოლამ და მაჩანჩალობის თეორიის ბრწყინვალე კრიტიკამ ლენინის ბროშურაში («რა ვაკეთოთ?») არა მარტო დაამსხვრია ეგრეთწოდებული ეკონომიზმი არამედ შექმნა აგრეთვე რუსეთის მუშათა კლასის ნამდვილად რევოლუციური მოძრაობის თეორიული საფუძვლები. ამ ბრძოლის გარეშე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა დამოუკიდებელი მუშათა პარტიის შექმნაზე რუსეთში და მის ხელმძღვანელ როლზე რევოლუციაში. მაგრამ სტიქიურობის წინაშე ქედის მოხრის თეორია მარტო რუსული მოვლენა როდია. ეს თეორია ძალიან ფართოდ არის გავრცელებული, მართალია, რამდენადმე სხვა ფორმით, ll მეორე ინტერნაციონალის უკლებლივ ყველა პარტიაში. მე მხედველობაში მაქვს ll მეორე ინტერნაციონალის ლიდერების მიერ წარყვნილი ეგრეთწოდებული საწარმოო ძალების თეორია, რომელიც ყველაფერს ამართლებს და ყველას ერთმანეთთან არიგებს, რომელიც აღნიშნავს ფაქტებს და მხოლოდ მას შემდეგ ახსნის ამ ფაქტებს. როცა ისინი ყველასათვის მოსაბეზრებელი ხდებიან, აღნიშნავს რა ფაქტებს, ამით მშვიდდება. მარქსი ამბობდა, რომ მატერიალისტური თეორია ვერ დაკმაყოფილდება სამყაროს ახსნით, რომ, გარდა ამისა, მან უნდა შეცვალოს იგიო. მაგრამ კაუცკის და კომპანიას ეს არ ანაღვლებს, ისინი ამჯობინებენ არ გასცილდნენ მარქსის ფორმულის პირველ ნაწილს. აი ამ თეორიის გამოყენების მრავალი მაგალითიდან ერთ ერთი მაგალითი. ამბობენ რომ ll მეორე ინტერნაციონალის პარტიები იმპერიალისტურ ომამდე იმუქრებოდნენ ომით ომის წინააღმდეგ, თუ იმპერიალისტები ომს დაიწყებდნენ. ამბობენ, რომ უშუალოდ ომის წინ ამ პარტიებმა მაუდ ქვეშ ამოსდეს ლოზუნგი:
««ომი ომს»» და ცხოვრებაში გაატარეს საწინააღმდეგო ლოზუნგი:
««ომი იმპერიალისტური სამშობლოსათვის»». ამბობენ, რომ ლოზუნგების ამ შეცვლას შედეგად მოჰყვა მილიონობით მუშების მსხვერპლი. მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ აქ ვინმეა დამნაშავე, რომ ვინმე უღალატა მუშათა კლასს, გასცა იგი. არაფერი ამის მსგავსი! ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ინტერნაციონალი, თურმე, არის ინსტრუმენტი მშვიდობიანობისა და არა ომისა. მერეც, იმიტომ, რომ საწარმოო ძალთა იმ დონეზე, რომელიც მაშინ არსებობდა, სხვა რაიმეს გაკეთება არ შეიძლებოდა. დამნაშავეა საწარმოო ძალები. ამას ჩვენ ზუსტად გვიხსნის კაუცკის საწარმოო ძალების თეორია. ხოლო ვისაც არ სწამს თეორია ის მარქსისტი არ არის. პარტიების როლი? მათი მნიშვნელობა მოძრაობაში? მაგრამ რას გახდება პარტია ისეთ გადამწყვეთ ფაქტორთან, როგორიც არის საწარმოო ძალების დონე? შეიძლებოდა მოგვეყვანა მარქსიზმის ფალსიფიკაციის ასეთი მაგალითების მთელი გროვა. არ გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ეს გაყალბებული მარქსიზმი, რომელიც მოწოდებულია დაფაროს ოპორტუნიზმის სიშიშვლე, მხოლოდ სახეცვლილებაა, ევროპულ ყაიდაზე, მანჩანჩალობის სწორედ იმ თეორიისა, რომელსაც რუსეთის პირველ რევოლუციამდე ებრძოდა ლენინი. არ გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ამ თეორიული ფალსიფიკაციის გაცამტვერება წარმოადგენს დასავლეთში ნამდვილი რევოლუციური პარტიების შექმნის წინასწარ პირობას.
3) პროლეტარული რევოლუციის თეორია. პროლეტარული რევოლუციის ლენინური თეორია სამი ძირითადი დებულებიდან გამოდის.
დებულება პირველი. ფინანსური კაპიტალის ბატონობა კაპიტალიზმის მოწინავე ქვეყნებში; ფასიანი ქაღალდების ემისია, როგორც ფინანსური კაპიტალის უმნიშვნელოვანესი ოპერაცია; კაპიტალის გატანა ნედლეულის წყაროებთან, როგორც იმპერიალიზმის ერთ ერთი საფუძველი; ფინანსური ოლიგარქიის ყოვლისშემძლეობა, როგორც ფინანსური კაპიტალის ბატონობის შედეგი, ყოველივე ეს ააშკარავებს მონოპოლისტური კაპიტალიზმის ტლანქ პარაზიტულ ხასიათს, ასჯერ უფრო საგრძნობელს ხდის ჩაგვრას კაპიტალისტური ტრესტებისა და სინდიკატების მხრით, აძლიერებს მუშათა კლასის აღშფოთებას კაპიტალიზმის საფუძვლების წინააღმდეგ და მიჰყავს მასები პროლეტარულ რევოლუციასთან, როგორც ერთადერთ ხსნასთან. აქედან პირველი დასკვნა: რევოლუციური კრიზისის გამწვავება კაპიტალისტური ქვეყნების შიგნით, აფეთქების ელემენტების ზრდა საშინაო, პროლეტარულ ფრონტზე მეტროპოლიებში.
დებულება მეორე. კაპიტალის გაძლიერებული გატანა კოლონიურ და დამოკიდებულ ქვეყნებში; გავლენის სფეროებისა და კოლონიური სამფლობელოების გაფართოება, თვით მთელი დედამიწის გარემოცვამდე; კაპიტალიზმის გადაქცევა ერთი მუჭა მოწინავე ქვეყნების მიერ დედამიწის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ფინანსური დამონებისა და კოლონიური ჩაგვრის მსოფლიო სისტემად, ყოველივე ამან, ერთი მხრით, ცალკე ნაციონალური მეურნეობები და ნაციონალური ტერიტორიები გადააქცია იმ მთლიანი ჯაჭვის რეალობად, რომელსაც მსოფლიო მეურნეობა ეწოდება, მეორე მხრით დედამიწის მოსახლეობა გათიშა ორ ბანაკად: ერთ მუჭა მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებად, რომელიც უზარმაზარი კოლონიური და დამოკიდებელი ქვეყნების ექსპლოატაციისა და ჩაგვრას ეწევიან, და კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების უდიდეს უმრავლესობად, რომელნიც იძულებულნი არიან იბრძოლონ იმპერიალისტური ჩაგვრისაგან განთავისუფლებისათვის.
აქედან მეორე დასკვნა: რევოლუციური კრიზისის გამწვავება კოლონიურ ქვეყნებში, აღშფოთების ელემენტების ზრდა იმპერიალიზმის წინააღმდეგ საგარეო, კოლონიურ ფრონტზე.
დებულება მესამე. გავლენის სფეროებისა და კოლონიების მონოპოლიური მდგომარეობა; კაპიტალისტური ქვეყნების არათანაბარი განვითარება, რაც იწვევს გააფთრებულ ბრძოლას დედამიწის ხელახალი განაწილებისათვის იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც უკვე დაიპყრეს ტერიტორიები, და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ მიიღონ თავიანთი წილი; იმპერიალისტური ომები, როგორც დარღვეული წონასწორობის აღდგენის ერთადერთი საშუალება, ყოველივე ეს იწვევს მესამე ფრონტის, შიდაკაპიტალისტური ფრონტის გაძლიერებას, რომელიც ასუსტებს იმპერიალიზმს და აადვილებს პირველი ორი ფრონტის რევოლუციურ პროლეტარული და კოლონიურ განმათავისუფლებელი ფრონტების გაერთიანებას იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
აქედან მესამე დასკვნა: ომების გარდაუვალობა იმპერიალიზმის დროს და აუცილებლობა ევროპის პროლეტარული და მსოფლიოს პროლეტარული რევოლუციის კოალიციისა აღმოსავლეთის კოლონიურ რევოლუციასთან რევოლუციის ერთიანი მსოფლიო ფრონტის სახით იმპერიალიზმის მსოფლიო ფრონტის წინააღმდეგ. ყველა ამ დასკვნაში ლენინი აერთიანებს ერთ საერთო დასკვნაში. რომ იმპერიალიზმი სოციალისტური რევოლუციის წინადღეა. ამის შესაბამისად იცვლება თვით მიდგომა პროლეტარული რევოლუციის, რევოლუციის ხასიათის, მისი მოცულობის, მისი სირღმის საკითხისადმი, იცვლება საერთო რევოლუციის სქემა. წინათ პროლეტარული რევოლუციის წანამძღვრების ანალიზს ჩვეულებრივ უდგებოდნენ ამა თუ იმ ცალკეული ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის თვალსაზრისით. ახლა ეს მიდგომა უკვე საკმარისი არ არის. ახლა საქმეს უნდა მივუდგეთ ყველა ქვეყნის ან მათი უმრავლესობის ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, მსოფლიოს მეურნეობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ვინაიდან ცალკეული ქვეყნები და ცალკეული ნაციონალური მეურნეობანი უკვე აღარ წარმოადგენენ თვითკმარ ერთეულებს, ისინი მსოფლიო მეურნეობად წოდებული ერთიანი ჯაჯვის რგოლებად გადაიქცნენ, ვინაიდან ძველი კულტურული კაპიტალიზმი გადაიზარდა იმპერიალიზმად, ხოლო იმპერიალიზმი არის ერთი მუჭა მოწინავე ქვეყნების მიერ დედამიწის მოსახლეობის გიგანტური უმრავლესობის ფინანსური დამონებისა და კოლონიური ჩაგვრის მსოფლიო სისტემა. წინათ მიღებული იყო ლაპარაკი იმაზე, არსებობს თუ არ არსებობს პროლეტარული რევოლუციის ობიექტური პირობები ცალკეულ ქვეყნებში, ან, უფრო ზუსტად, ამა თუ იმ განვითარებულ ქვეყანაში. ახლა ეს თვალსაზრისი უკვე საკმარისი არ არის. ახლა უნდა ვილაპარაკოთ რევოლუციის ობიექტური პირობების არსებობაზე მსოფლიო იმპერიალისტური მეურნეობის, როგორც მთლიანი ერთეულის მთელ სისტემაში, მასთან ამ სისტემაში ზოგიერთი ისეთი ქვეყნის არსებობა, რომელიც მრეწველობის მხრივ საკმაოდ არ არის განვითარებული, არ შეიძლება წარმოადგენდეს დაუძლეველ დაბრკოლებას რევოლუციისათვის, თუ სისტემა მთლიანად ან, უკეთ, რადგან სისტემა მთლიანად უკვე მომწიფდა რევოლუციისათვის. წინათ მიღებული იყო ლაპარაკი პროლეტარულ რევოლუციაზე ამა თუ იმ განვითარებულ ქვეყანაში, როგორც ცალკეულ თვითკმარ სიდიდეზე, რომელიც უპირისპირდება კაპიტალის ცალკეულ, ნაციონალურ ფრონტს, როგორც თავის ანტიპოდს. ახლა ეს თვალსაზრისი უკვე საკმარისი არ არის. ახლა უნდა ვილაპარაკოთ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციაზე, ვინაიდან კაპიტალის ცალკეული ნაციონალური ფრონტები გადაიქცნენ იმპერიალიზმის მსოფლიო ფრონტად წოდებული ერთიანი ჯაჯვის რგოლებად, რასაც უნდა დაუპირისპირდეს ყველა ქვეყნის რევოლუციური მოძრაობის საერთო ფრონტი. წინათ პროლეტარული რევოლუციას იხილავდნენ როგორც განსაზღვრული ქვეყნის მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი განვითარების შედეგს. ახლა ეს თვალსაზრისი საკმარისი არ არის. ახლა პროლეტარული რევოლუცია, უწინარეს ყოვლისა, უნდა განვიხილოთ როგორც იმპერიალიზმის მსოფლიო სისტემაში წანააღმდეგობათა განვითარების შედეგი, როგორც ამა თუ იმ ქვეყანაში მსოფლიო იმპერიალისტური ფრონტის ჯაჭვის გაწყვეტის შედეგი.
სად დაიწყება რევოლუცია, სად შეიძლება ყველაზე ადრე გაირღვეს კაპიტალის ფრონტი, რომელ ქვეყანაში? იქ, სადაც უფრო განვითარებულია მრეწველობა, სადაც პროლეტარიატი უმრავლესობას შეადგენს, სადაც მეტი კულტურულობაა, სადაც მეტი დემოკრატიაოო, უპასუხებდნენ ჩვეულებრივ წინათ. არა, შენიშნავს რევოლუციის ლენინური თეორია, არა აუცილებლად იქ სადაც მრეწველობა უფრო განვითარებულია, და კაპიტალის ფრონტი გაირღვევა იქ, სადაც იმპერიალიზმის ჯაჭვი უფრო სუსტია, რადგან პროლეტარული რევოლუცია შედეგია მსოფლიო იმპერიალისტური ფრონტის ჯაჭვის გაწყვეტისა ყველაზე უფრო სუსტ ადგილას; ამასთან შესაძლოა მოხდეს, რომ ქვეყანა რომელმაც დაიწყო რევოლუცია, ქვეყანა, რომელმაც გაარღვია კაპიტალის ფრონტი, ნაკლებ განვითარებული იყოს კაპიტალისტურად, ვიდრე სხვა, უფრო განვითარებული, ქვეყნები, რომლებიც, მიუხედავად ამისა, მაინც კაპიტალიზმის ჩარჩოებში დარჩნენ. 1917 წელს მსოფლიო იმპერიალისტური ფრონტის ჯაჭვი უფრო სუსტი აღმოჩნდა რუსეთში, ვიდრე სხვა ქვეყნებში. სწორედ აქ გაწყდა ეს ჯაჭვი, რითაც გზა მიეცა პროლეტარულ რევოლუციას. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთში ვითარდებოდა უდიდესი სახალხო რევოლუცია, და მას წინ მიუძღოდა რევოლუციური პროლეტარიატი, რომელსაც ისეთი სერიოზული მოკავშირე ჰყავდა, როგორიც იყო მემამულის მიერ ჩაგრული ექსპლოატირებული მრავალ მილიონიანი გლეხობა. იმიტომ, რომ რევოლუციის წინააღმდეგ აქ იდგა იმპერიალიზმის ისეთი საზიზღარი წარმომადგენელი, როგორიც იყო ცარიზმი, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ მორალურ წონას და რომელმაც დაიმსახურა მოსახლეობის საერთო სიძულვილი. რუსეთში ჯაჭვი უფრო სუსტი აღმოჩნდა, თუმცა რუსეთი კაპიტალისტურად უფრო ნაკლებ იყო განვითარებული, ვიდრე, ვთქვათ, საფრანგეთი ან გერმანია, ინგლისი ან ამერიკა. სად გაწყდება ჯაჭვი უახლოეს მომავალში? ისევ იქ, სადაც იგი უფრო სუსტია. არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ ჯაჭვი გაწყდეს, ვთქვათ, ინდოეთში. რატომ? იმიტომ, რომ იქ არსებობს ახალგაზრდა მებრძოლი რევოლუციური პროლეტარიატი, რომელსაც ისეთი მოკავშირე ჰყავს, როგორიც არის განმათავისუფლებელი ნაციონალური მოძრაობა უეჭველად დიდი და უეჭველად სერიოზული მოკავშირე. იმიტომ, რომ იქ რევოლუციის წინაშე დგას ისეთი, ყველასათვის ცნობილი მოწინააღმდეგე, როგორიც არის უცხოეთის იმპერიალიზმი, რომელიც მოკლებულია მორალურ კრედიტს და რომელმაც დაიმსახურა ინდოეთის ჩაგრული ექსპლოატირებული მასების საერთო სიძულვილი. სავსებით შესაძლებელია აგრეთვე, რომ ჯაჭვი გაწყდეს გერმანიაში. რატომ? იმიტომ, რომ ის ფაქტორები, რომელნიც, ვთქვათ, ინდოეთში მოქმედებენ, გერმანიაშიც იწყებს მოქმედებას; ამასთან გასაგებია, განვითარების დონის მხრივ ინდოეთსა და გერმანიას შორის არსებულმა უდიდესმა განსხვავებამ არ შეიძლება თავისი დაღი არ დაასვას რევოლუციის მიმდინარეობასა და შედეგს გერმანიაში. აი რატომ ამბობს ლენინი რომ: «დასავლეთ ევროპის კაპიტალისტური ქვეყნები დაამთავრებენ თავის განვითარებას სოციალიზმისაკენ. არა სოციალიზმის თანაბარი მომწიფებით მათში, არამედ ერთი სახელმწიფოების მიერ მეორეთა ექსპლოატაციის გზით, იმპერიალისტური ომის დროს პირველი დამარცხებული სახელმწიფოს ექსპლოატაციის გზით, რასაც თან ერთვის მთელი აღმოსავლეთის ექსპლოატაცია. აღმოსავლეთი კი, მეორე მხრით, საბოლოოდ დაადგა რევოლუციური მოძრაობის გზას სწორედ ამ პირველი იმპერიალისტური ომის გამო და საბოლოოდ ჩაება მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის საერთო ორომტრიალში».
მოკლედ: იმპერიალისტური ფრონტის ჯაჭვი, წესისამებრ, უნდა გაწყდეს იქ, სადაც ჯაჭვის რგოლები უფრო სუსტია, და, ყოველ შემთხვევაში, არა უეჭველად იქ, სადაც კაპიტალიზმი უფრო განვითარებულია, სადაც პროლეტარების პროცენტი ამდენი და იმდენია, ხოლო გლეხებისა ამდენი და სხვა, აი რატომაა, რომ სტატისტიკური მოსაზრებანი ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის პროლეტარული შემადგენლობის პროცენტულ გამოანგარიშებაზე კარგავენ პროლეტარული რევოლუციის საკითხის გადაწყვეტის დროს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რასაც ასე ხალისიანად აკუთვნებდნენ ამ მოსაზრებებს ll მეორე ინტერნაციონალის მწიგნობრები, რომელთაც ვერ გაიგეს იმპერიალიზმი რომელთაც შავი ჭირივით ეშინოდათ რევოლუციისა. შემდეგ ll მეორე ინტერნაციონალის გმირები ამტკიცებდნენ და განაგრძობენ მტკიცებას, რომ ბურჟუაზიულ დემოკრატიულ რევოლუციისა შორის, მეორე მხრით, არსებობს უფსკრული ან, ყოველ შემთხვევაში, ჩინური კედელი, რაც მათ ერთმანეთისაგან ყოფს ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივი ინტერვალით, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლების სათავეში მოქცეული ბურჟუაზია ავითარებს კაპიტალიზმს, ხოლო პროლეტარიატი იკრებს ძალებს და ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისათვის კაპიტალიზმის წინააღმდეგ. ამ ინტერვალს ჩვეულებრივად მრავალ ათეულ წლებად ანგარიშობენ, თუ უფრო მეტად არა. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ეს ჩინური კედლის თეორეა მოკლებულია ყოველგვარ მეცნიერულ აზრს იმპერიალიზმის ვითარებაში, რომელიც ეს თეორია არის, და არც შეიძლება არ იყოს, ბურჟუაზიის კონტრევოლუციურ ზრახვათა მხოლოდ საფარი, საბურველი. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ იმპერიალიზმის ვითარებაში, რომელიც თავის წიაღში ატარებს შეტაკებებისა და ომების აუცილებლობას, სოციალისტური რევოლუციის წინა დღის ვითარებაში, როცა აყვავებული კაპიტალიზმი მომაკვდავ კაპიტალიზმად იქცევა ხოლო რევოლუციური მოძრაობა იზრდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როცა იპერიალიზმი უერთდება ყველა უკლებლივ რეაქციულ ძალას, თვით ცარიზმისა და ბატონყმობის ჩათვლით, და ამით აუცილებელს ხდის ყველა რევოლუციურ ძალის კოალიციას, დაწყებული დასავლეთის პროლეტარული მოძრაობით და გათავებული ნაციონალურ განმათავისუფლებელი მოძრაობით აღმოსავლეთში, როცა ფეოდალურ ბატონყმურ წესთა გადმონაშთების დამხობა შეუძლებელი ხდება იმპერიალიზმთან რევოლუციური ბრძოლის გარეშე, არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ასეთ პირობებში ბურჟუაზიულ დემოკრატიული რევოლუცია, ცოტად თუ ბევრად განვითარებულ ქვეყანაში, უნდა დაუახლოვდეს პროლეტარულ რევოლუციას, რომ პირველი უნდა გადაიზარდოს მეორეში. რუსეთის რევოლუციის ისტორიამ ცხადად დაამტკიცა ამ დებულების სიცხადე და უდავობა. ტყუილად კი არ იყო, რომ ლენინი ჯერ კიდევ 1905 წელს, რუსეთის პირველი რევოლუციის წინადღეს, თავის ბროშურაში ორი ტაქტიკა ბურჟუაზიულ დემოკრატიულ რევოლუციას და სოციალისტურ გადატრიალებას ახასიათებდა როგორც ერთი ჯაჭვის ორ რგოლს, როგორც რუსეთის რევოლუციის გაქანების ერთიან და მთლიან სურათს:
«პროლეტარიატმა ბოლომდე უნდა გაატაროს დემოკრატიული გადატრიალება გლეხობის მასების შემოერთებით, რათა ძალით დათრგუნოს თვითმპყრობელობის წინააღმდეგობა და დასძლიოს ბურჟუაზიის კაპიტალიზმის მერყეობა. პროლეტარიატმა უნდა მოახდინოს სოციალისტური გადატრიალება, მოსახლეობის ნახევრად პროლეტარული ელემენტების მასის შემოერთებით, რათა ძალით გატეხოს ბურჟუაზიის წინააღმდეგობა და დასძლიოს გლეხობისა და წვრილი ბურჟუაზიის მერყეობა. ასეთია პროლეტარიატის ამოცანები რაც, ასე ვიწროდ აქვთ წარმოდგენილი ახალ ისკრელებს ყველა თავიანთ მსჯელობასა და რეზოლუციაში რევოლუციის გაქანების შესახებ».
მე აღარაფერს ვამბობ ლენინის სხვა, მერმინდელ ნაშრომებზე, სადაც ბურჟუაზიული რევოლუციის პროლეტარულ რევოლუციად გადაზრდის იდეა უფრო მკვეთრად არის გამოსახული, ვიდრე ორ ტაქტიკაში, როგორც რევოლუციის ლენინური თეორიის ერთ ერთი ქვაკუთხედი. ზოგიერთი ამხანაგი ფიქრობს რომ ლენინი ამ იდეამდე მივიდა 1916 წელს, რომ მანამდე ის, თითქოს, იმ აზრისა იყო, რომ რუსეთის რევოლუცია ვერ გასცილდება ბურჟუაზიულ ჩარჩოებს, რომ, მაშასადამე, ძალაუფლება პროლეტარიატის და გლეხობის დიქტატურის ხელიდან გადავა ბურჟუაზიის და არა პროლეტარიატის ხელში. ამბობენ, რომ ამ მტკიცებამ თავი იჩინა ჩვენს კომუნისტურ პრესაშიც კი. მე უნდა ვთქვა, რომ ეს მტკიცება სავსებით უმართებულოა, რომ იგი სრულებით არ შეეფერება სინამდვილეს. მე შემეძლო დამემოწმებინა ლენინის ცნობილი სიტყვა პარტიის lll მესამე ყრილობაზე 1905 წელს. სადაც ის პროლეტარიატისა და გლეხობის დიქტატურას, დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვებას, ახასიათებდა არა როგორც წესრიგის ორგანიზაციას, არამედ როგორც ომის ორგანიზაციას. შემდეგ მე შემეძლო დამემოწმებინა ლენინის ცნობილი სტატიები დროებითი მთავრობის შესახებ 1905 წელს, სადაც ის, გვიხატავს რა რუსეთის რევოლუციის გაშლის პერსპექტივას, პარტიის წინაშე აყენებს ამოცანას მიხწეულ იქნას, რომ რუსეთის რევოლუცია იყოს არა რამდენიმე თვის მოძრაობა, არამედ მრავალი წლის მოძრაობა, რომ მას შედეგად მოჰყვეს არა მარტო წვრილმანი დათმობანი ხელისუფალთა მხრით, არამედ ამ ხელისუფალთა სრული დამხობა, სადაც ლენინი შემდგომ ავითარებს ამ პერსპექტივას, უკავშირებს მას ევროპის და მსოფლიოს რევოლუციას და განაგრძობს: «და თუ ეს მოხერხდა, მაშინ რევოლუციის ხანძარი დროთა განმავლობაში მოედება ევროპას და მთელ მსოფლიოს; ბურჟუაზიულ რეაქციაში განაწამები ევროპელი მუშა თავის მხრივ აღდგება და გვიჩვენებს, თუ როგორ კეთდება ეს; მაშინ ევროპის და მსოფლიოს რევოლუციური აღმავლობა უკუქმედებას იქონიებს რუსეთზე და რამდენიმე რევოლუციური წლის ეპოქიდან შექმნის რამდენიმე ათეული რევოლუციური წლის ეპოქას».
შემდეგ შემეძლო დამემოწმებინა ლენინის ცნობილი სტატია, გამოქვეყნებული 1915 წლის ნოემბერში, სადაც ის წერს:
«პროლეტარიატი მუდამ იბრძვის და მუდამ თავდადებით იბრძოლებს ძალაუფლების დაპყრობისათვის, რესპუბლიკისათვის, მიწების კონფისკაციისათვის. არაპროლეტარული ხალხური მასების მონაწილეობისათვის ბურჟუაზიული რესეთის განთავისუფლებაში სამხედრო ფეოდალური იმპერიალიზმისაგან და ცარიზმისაგან, მემამულეთა საადგილმამულო ბატონობისაგან ბურჟუაზიული რუსეთის ამ განთავისუფლებით პროლეტარიატი დაუყოვნებლივ ისარგებლებს არა იმისათვის, რომ დაეხმაროს მდიდარ გლეხებს სოფლის მუშის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ სოციალისტური რევოლუციის მოსახდენად ევროპის და მსოფლიოს პროლეტარებთან კავშირში».
ბოლოს, მე შემეძლო დამემოწმებინა ცნობილი ადგილი ლენინის ბროშურიდან პროლეტარული რევოლუცია და რენეგატი კაუცკი, სადაც ის ემყარება ზემომოყვანილ ციტატას ორი ტაქტიკიდან რუსეთის რევოლუციის გაქანების შესახებ და შემდეგ დასკვნამდე მიდის:
«სწორედ ისე მოხდა როგორც ჩვენ ვამბობდით. რევოლუციის მსვლელობამ დაადასტურა ჩვენი მსჯელობის სისწორე. ჯერ მთელი გლეხობასთან ერთად მონარქიის წინააღმდეგ, მემამულეთა წინააღმდეგ, შუასაუკუნეობრიობის წინააღმდეგ. შემდეგ, უღარიბეს გლეხობასთან ერთად, პროლეტარიატთან და ნახევარ პროლეტარიატთან ერთად, ყველა ექსპლოატირებულთან ერთად, კაპიტალიზმის წინააღმდეგ, მათ შორის სოფლის მდიდრების, კულაკების, სპეკულანტების წინააღმდეგ, და ამდენად რევოლუცია ხდება სოციალისტური. მათ შორის ხელოვნური კედლის აღმართვის, და მათი ერთიმეორისაგან დაშორების ცდა სხვა რამით, გარდა პროლეტარიატის მომზადების დონისა და ღარიბ გლეხობასთან და მისი შეკავშირების დონისა, არის მარქსიზმის უდიდესი დამახინჯება, მისი შერყვნა და ლიბერალიზმით შეცვლა». მგონი საკმარისია.
კეთილი, გვეტყვიან ჩვენ, მაგრამ თუ ასეა, რატომღა ებრძოდა ლენინი პერმანენტული განუწყვეტელი რევოლუციის იდეას? იმიტომ, რომ ლენინი მოითხოვდა გლეხობის რევოლუციური უნარის ამოწურვას და მისი რევოლუციური ენერგიის ბოლომდე გამოყენებას ცარიზმის სრული ლიკვიდაციისათვის, პროლეტარულ რევოლუციაზე გადასვლისათვის, მაშინ როდესაც პერმანენტული რევოლუციის მომხრეებს არ ესმოდათ გლეხობის სერიოზული როლი რუსეთის რევოლუციაში, ისინი სათანადოთ ვერ აფასებდნენ გლეხობის რევოლუციური ენერგიის ძალას, სათანადოდ ვერ აფასებდნენ რუსეთის პროლეტარიატის ძალას და უნარს წინ გასძღოლოდათ გლეხობას, და, ამრიგად, აძნელებდნენ ბურჟუაზიის გავლენისაგან გლეხობის განთავისუფლების საქმეს, პროლეტარიატის გარშემო გლეხობის დარაზმვის საქმეს. იმიტომ, რომ ლენინი მოითხოვდა რევოლუციის საქმის დაგვირგვინებას პროლეტარიატის ხელში ძალაუფლების გადასვლით, მაშინ როდესაც პერმანენტული რევოლუციის მომხრენი ფიქრობდნენ დაეწყოთ საქმე პირდაპირ პროლეტარიატის ძალაუფლებით; მათ არ ესმოდათ, რომ ამით ისინი თვალს ხუჭავდნენ ისეთ წრვილმანზე, როგორიც არის ბატონყმობის გადმონაშთები, და ანგარიშს არ უწევენ ისეთს სერიოზულ ძალას, როგორიც არის რუსეთის გლეხობა; მათ არ ესმოდათ, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია მხოლოდ შეაფერხოს გლეხობის გადაყვანა პროლეტარიატის მხარეზე. მაშასადამე, ლენინი ებრძოდა პერმანენტული რევოლუციის მომხრეებს არა განუწვეტლობის საკითხის გამო, ვინაიდან ლენინი თვითონ იდგა განუწყვეტელი რევოლუციის თვალსაზრისზე, არამედ იმიტომ, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ გლეხობის როლს, რომელიც წარმოადგენს პროლეტარიატის უდიდეს რეზერვს, იმიტომ რომ აქ არ ესმოდათ პროლეტარიატის ჰეგემონიის იდეა. პერმანენტული რევოლუციის იდეა არ შეიძლება ახალ იდეად მივიჩნიოთ. იგი პირველად წამოაყენა მარქსმა 1840-იანი წლების დასასრულს თავის ცნობილ მიმართვაში «კომუნისტების კავშირისადმი» 1850 წელს. განუწყვეტელი რევოლუციის იდეა სწორედ ამ დოკუმენტიდან აქვთ აღებული ჩვენს პერმანენტელებს. უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენმა პერმანენტელებმა, აიღეს რა ეს იდეა მარქსისგან, რამდენადვე სახე შეუცვალეს მას და, სახე რომ შეუცვალეს გააფუჭეს იგი, გამოუსადეგარი გახადეს პრაქტიკული გამოყენებისათვის. საჭირო შეიქმნა ლენინის გამოცდილი ხელი იმისათვის, რომ ეს შეცდომა გამოესწორებინა, მარქსის განუწყვეტელი რევოლუციის იდეა აეღო მისი წმინდა სახით და გაეხადა იგი რევოლუციის თავისი თეორიის ერთ ერთ ქვაკუთხედად. აი რას ამბობს მარქსი თავის მიმართვაში განუწყვეტელი პერმანენტული რევოლუციის შესახებ, მას შემდეგ რაც ჩამოთვლის მთელ რიგ რევოლუციურ დემოკრატიულ მოთხოვნებს, რომელთა მოპოვებისაკენ ის მოუწოდებს კომუნისტებს:
«იმ დროს, როცა დემოკრატიულ წვრილ ბურჟუებს სურთ ზემოხსენებულ მოთხოვნათა რაც შეიძლება მეტი რაოდენობის გატარებისთანავე რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ რევოლუცია, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ამოცანები იმაში მდგომარეობს, რომ განუწყვეტელი გავხადოთ რევოლუცია მანამდე, სანამ ბატონობა არ ჩამოერთმევა ყველა ცოტად თუ ბევრად შეძლებულ კლასს, სანამ პროლეტარიატი არ დაიპყრობს სახელმწიფო ძალაუფლებას, სანამ პროლეტართა ასოციაციები არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ყველა გაბატონებულ ქვეყანაშიც არ განვითარდებიან იმდენად, რომ შეწყდეს კონკურენცია ამ ქვეყნების პროლეტარებს შორის, და სანამ, ყოველ შემთხვევაში, გადამწყვეტი საწარმოო ძალები თავმოყრილი არ იქნება პროლეტარების ხელში».
სხვანაირად რომ ვთქვათ: მარქსი წინააღმდეგ ჩვენი რუსი პერმანენტელების გეგმებისა, სრულიადაც არ მოითხოვდა რევოლუციის საქმის დაწყებას 1850-იანი წლების გერმანიაში პირდაპირ პროლეტარული ძალაუფლებით; მარქსი მხოლოდ იმის წინადადებას იძლეოდა, რომ რევოლუციის საქმე დაგვირგვინებულიყო პროლეტარული სახელმწიფო ძალაუფლებით, ძალაუფლების მწვერვალიდან ბურჟუაზიის ფრაქციების ერთი მეორეზე მიყოლებით თანდათან ჩამოგდების გზით, რათა პროლეტარიატის ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, გაღვივებულიყო რევოლუცია ყველა ქვეყანაში, რაც სავსებით ეთანხმება ყოველივე იმას, რასაც გვასწავლიდა ლენინი და რასაც იგი ახორციელებდა ჩვენი რევოლუციის მსვლელობაში, მისდევდა რა პროლეტარული რევოლუციის თავის თეორეას იმპერიალიზმის ვითარებაში. გამოდის რომ ჩვენმა რუსმა პერმანენტელებმა არა მარტო სათანადოდ ვერ შეაფასეს გლეხობის როლი რუსეთის რევოლუციაში და პროლეტარიატის ჰეგემონიის იდეის მნიშვნელობა, არამედ კიდევ სახე შეუცვალეს უარესობისაკენ მარქსის პერმანენტული რევოლუციის იდეას და გამოუსადეგარი გახადეს იგი პრაქტიკისათვის. აი რატომ დასცინოდა ლენინი ჩვენი პერმანენტელების თეორიას, უწოდებდა რა მას ორიგინალურს და მშვენიერს და ბრალს სდებდა რა პერმანენტელებს იმაში, რომ მათ არ სურთ ჩაუკვირდნენ იმას, თუ რა მიზეზების გამო უხვევდა გვერდს ცხოვრება მთელი ათი წლის განმავლობაში ამ მშვენიერ თეორიას. ლენინის სტატია დაწერილია 1915 წელს, 10 წლის შემდეგ პერმანენტელების თეორიის გაჩენიდან რუსეთში. აი რატომ თვლიდა ლენინი ამ თეორიას ნახევრად მენშევიკურ თეორიად და ამბობდა, რომ ეს თეორია ბოლშევიკებისგან იღებს მოწოდებას პროლეტარიატის გადამწყვეტი რევოლუციური ბრძოლისა და მის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობისაკენ, ხოლო მენშევიკებისაგან გლეხობის როლის უარყოფას. ლენინის სტატია რევოლუციის ორი ხაზის შესახებ, ასეთია საქმის ვითარება ლენინის იდეის მხრივ ბურჟუაზიულ დემოკრატიული რევოლუციის პროლეტარულ რევოლუციად გადაზრდის შესახებ, პროლეტარულ რევოლუციაზე დაუყოვნებლივ გადასასვლელად ბურჟუაზიულ რევოლუციის გამოყენების შესახებ. შემდეგ წინათ ერთ ქვეყანაში რევოლუციის გამარჯვებას შეუძლებლად თვლიდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბურჟუაზიაზე გამარჯვებისათვის აუცილებელია ყველა მოწინავე ქვეყნის ან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ქვეყნების უმრავლესობის პროლეტართა ერთად გამოსვლა. ახლა ეს თვალსაზრისი უკვე აღარ შეეფერება სინამდვილეს. ახლა უნდა გამოვდიოდეთ ასეთი გამარჯვების შესაძლებლობიდან, ვინაიდან იმპერიალიზმის ვითარებაში სხვადასხვა კაპიტალისტურ ქვეყნის განვითარების არათანაბარი და ნახტომისებური ხასიათი, იმპერიალიზმის შიგნით კატასტროფულ წინააღმდეგობათა განვითარება, რომლებიც იწვევენ გარდუვალ ომებს, რევოლუციური მოძრაობის ზრდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყოველივე ეს იწვევს ცალკეულ ქვეყნებში პროლეტარიატის გამარჯვების არა მარტო შესაძლებლობას, არამედ აუცილებლობასაც. რუსეთის რევოლუციის ისტორია ამის აშკარა დამამტკიცებელია. ოღონდ ამას თან აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ბურჟუაზიის დამხობა წარმატებით შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზოგიერთი, აუცილებლად საჭირო პირობა, ურომლისოდაც პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების აღებაზე ფიქრიც არ შეიძლება. აი რას ამბობს ლენინი ამ პირობებზე თავის ბროშურაში (საყმაწვილო სენი): «რევოლუციის ძირითადი კანონი დადასტურებული ყველა რევოლუციით და, კერძოდ, რუსეთის XX მეოცე საუკუნის სამივე რევოლუციით, აი რაში მდგომარეობს: რევოლუციისათვის საკმარისი არ არის ექსპლოატირებულმა და ჩაგრულმა მასებმა შეიგნონ, რომ ძველებურად ცხოვრება შეუძლებელია, და მოითხოვონ ცვლილებანი; რევოლუციისათვის აუცილებელია, რომ ექსპლოატატორებს საშუალება არ ჰქონდეთ იცხოვრონ და განაგონ ძველებურად. მხოლოდ მაშინ, როცა დაბალ ფენებს აღარ სურთ ძველი და როცა ზედაფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიმარჯვოს რევოლუციამ. სხვანაირად ეს ჭეშმარიტება გამოიხატება შემდეგი სიტყვებით: რევოლუცია შეუძლებელია საერთო ნაციონალური კრიზისის გარეშე რომელიც ეხება როგორც ექსპლოატირებულთ, ისე ექსპლოატატორებს. მაშასადამე, რევოლუციისათვის საჭიროა, ჯერ ერთი, მივაღწიოთ, რომ მუშების უმრავლესობამ ან ყოველ შემთხვევაში, შეგნებული, მოაზროვნე, პოლიტიკურად აქტიური მუშების უმრავლესობამ სავსებით შეიგნოს გადატრიალების აუცილებლობა და მზად იყოს თავი დასდოს მისთვის; მეორეც, რომ მმართველი კლასები განიცდიდნენ მთავრობის კრიზისს, რაც პოლიტიკაში ითრევს ყველაზე ჩამორჩენილ მასებსაც კი და აუძლურებს მთავრობას და რევოლუციონერებისათვის შესაძლებელს ხდის მის სწრაფად დამხობას». მაგრამ ბურჟუაზიის ძალაუფლების დამხობა და პროლეტარიატის ძალაუფლების დამყარება ერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ნიშნავს სოციალიზმის სრული გამარჯვების უზრუნველყოფას. განამტკიცებს რა თავის ძალაუფლებას და გაიყოლიებს გლეხობას, გამარჯვებული ქვეყნის პროლეტარიატმა შეუძლია, და იგი ვალდებულიცაა ააშენოს სოციალისტური საზოგადოება. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ იგი ამით მიაღწევს სოციალიზმის სრულ, საბოლოო გამარჯვებას, ნიშნავს თუ არა ეს, მას მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალებით შეუძლია საბოლოოდ შეინარჩუნო სოციალიზმი და სავსებით უზრუნველყოს ქვეყანა ინტერვენციისაგან და, მაშასადამე, რესტავრაციისაგან? არა, არ ნიშნავს. ამისათვის აუცილებელია რევოლუციის გამარჯვება რამდენიმე ქვეყანაში მაინც. ამიტომ სხვა ქვეყნებში რევოლუციის განვითარება და მისთვის მხარის დაჭერა გამარჯვებული რევოლუციის არსებითი ამოცანაა. ამიტომ გამარჯვებული ქვეყნის რევოლუცია თავის თავს უნდა უყურებდეს არა როგორც თვითკმარ სიდიდეს, არამედ როგორც დამხმარე ძალას, როგორც საშუალებას სხვა ქვეყნებში პროლეტარიატის გამარჯვების დასაჩქარებლად. ლენინმა ეს აზრი ორი სიტყვით გამოხატა, როდესაც თქვა, რომ გამარჯვებული რევოლუციის ამოცანაა განახორციელოს იმის მაქსიმუმი, რის განხორციელებაც ერთ ქვეყანაშია შესაძლებელი, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში რევოლუციის გაღვივების მიზნით. ასეთია პროლეტარული ლენინური რევოლუციის დამახასიათებელი ნიშნები.
ლენინურ გაწვევას, ვუძღვნი
იოსებ სტალინი
სვერდლოვის უნივერსიტეტში 1924 წლის აპრილის დამდეგს, წაკითხული ლექციები
სახელმწიფო გამომცემლობა პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი 1951 წელი
იბეჭდება იოსებ სტალინის თხზულებათა ტექსტის მიხედვით, ლენინიზმის საკითხები, მეთერთმეტე გამოცემა, გვერდი 16 და 31.