მკვლელობა თბილისში - სოსო ჯოხაძე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოკლეს. მის ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანზე გაჩერდა.
ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა. მასალაში ჩანს, როგორ ესვრის ერთი პირი სოსო ჯოხაძის მანქანას. კადრების მიხედვით, თავდამსხმელს სახეზე ნიღაბი არ უკეთია.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში იჯდა მოკლულის ძმაც, თუმცა გიორგი ჯოხაძეს სროლისას დაზიანება არ მიუღია.
თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალს ბადრი ნათობაძეს წაუყენებენ. თავდასხმის ოფიციალური მოტივი ამ დროისთვის უცნობია. არაოფიციალური ვერსიით, მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მიზნით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნასამართლევია, ნათობაძე სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა. კრიმინალური წარსული აქვთ ძმებ ჯოხაძეებსაც. მათი სახელი სხვადასხვა გახმაურებულ ისტორიას უკავშირდება.
მოკლულის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევისას დაჭრილი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. ის ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ჭრილობა ჩიბუხაშვილს გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ავტორი: ნიკა გოგია .