„ხელისუფლებამ შეძლო და ის პოლიტიკური ძალები გაგვაერთიანა, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტებად ვთვლით თავს და ერთად არასდროს ვმდგარვართ“ _ ეს სიტყვები იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მისული 9 პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის ლაიტმოტივი. როგორც აღნიშნეს, მათი საერთო მიზანი ამჯერად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ამ კუთხით ხელისუფლებისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენებაა. ყველაფრის თავი და თავი კი გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მოსამართლედ დანიშვნა გახლდათ. ოპოზიციის თქმით, ამ ნაბიჯს საბჭო ვერ გადადგამდა, ივანიშვილს რომ არ სცოდნოდა და მათთვის არ ებრძანებინა. ყველაფერი მასთან იყო შეთანხმებული, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდესო.
სააკაშვილის ხელისუფლების ჯალათი მოსამართლის ხელახალი არჩევა იყო ყველა ჩვენგანისთვის, საზოგადოებისთვის თავზე ლაფის დასხმა რასაც არ ვაპატიებთ _ აცხადებდნენ შეკრების მონაწილენი. საბოლოოდ შეჯერდნენ მასზედ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს მათ შემდგომ ნაბიჯებს, დაგეგმავს ფართომასშტაბიან აქციებს, ჩამოაყალიბებს მოთხოვნებს, რომელიც მათმა გაერთიანებამ უნდა წაუყენოს ხელისუფლებას. _ ამ თემით დავიწყოთ და მერე ალბათ სხვა თემებიც აიწევა _ ითქვა შეკრებაზე. ამ დღეებში ისინი შეიმუშავებენ მიმართვას, შემდეგ კი დაგეგმავენ აქციებს, რომლის ზუსტი დრო და რიცხვი წინასწარ ცნობილი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეკრების ორგანიზატორი და მასპინძელი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი გახლდათ.