წერილი პაპას | თორნიკე ნაროზაული
werili papas | tornike narozauli
ტექსტი :
მე და შენ, ახლა, ათას მეტრზე მეტი გვაშორებს,
(ჩვენი სოფლიდან ამ მანძილზე ცხოვრობს ქალაქი),
შენ, ალბათ, გძინავს, მე კი თითებს მელანს ვაშორებ
პაპა და სულ არ მედარდება, რომ ლაპარაკი
შენზე უკეთ ბავშვსაც გამოსდის...
სულ არ მაწუხებს, პაპაჩემო, ახლა ის ფაქტი, -
რომ ინფაქტი თუ ინსულტი გაქვს გადატანილი;
რომ შვილიშვილის მონატრება ცრემლად ჩამოგდის;
რომ ყოველ ღამით სიკვდილს ირჩევ არადანივით.
არც ის მადარდებს წარსულის ხმა რას გამოგძახის,
რადგან ყოველი ალიონი შობის დარია,
მაშინ თუ არა - ახლა მაინც იცი ოჯახის
ფასი და სადღაც, ალბათ, შენც გიხარია,
რომ აქ ქალაქი გუგუნებს და მანდ კი შაშვები
უგალობენ უფალს ოსანას,
შვილიშვილები ყოველღავით რომ გაგონდებით,
და ჩვენც, როდესაც ვიკრიბებით, პაპა, ბავშვები,
ერთმანეთს შენზე საუბრით და ცრემლით ვშორდებით.
ზოგჯერ იმასაც გავიფიქრებ, რომ ზოგი ჭირი
მარგებელია
და ჩვენც შეგვერგო შენი (თუმცა ბევრი) წვალება,
რომელიც ჩვენი სიყვარულით მოიჭირვე
და საჩუქრად ფერისცვალება -
თვალის ფერის,
გულის ფერის,
სულის ფერის - გერგო ღმერთისგან
და, ახლა, ასე, ყველასთვის და მარტო შენთვის ხარ.
ბებოს მოკითხვა გადაეცი, ფატი მამიდას
უთხარი - ლექსებს აღარ წერსო შენი ძმიშვილი,
უფალთან სიტყვა შემაწიოს, მჯერა დამიცავს
მისი ლოცვები, თორემ უკვე მიჭირს შიმშილი.
ძაღლს კი, რომელიც აივნიდან უყეფს ჭრიჭინებს,
რომელსაც ბიმი დავარქვით და ეძახი - ბოთას,
რომელიც მხოლოდ ძილს გვიფრთხობს
და საქმეს გვიჭირებს,
დაუძახე და მოეფერე ჩემს ნაცვლად ცოტა.
ახლა მე და შენ ათას მეტრზე მეტი გვაშორებს,
თუმცა ეს რიცხვი, არც ისეთი დიდი რიცხვია...
მოკლედ,
შენს ხელებს ჩაჟანგებულ ცრემლებს ვაშორებ,
ხელებს, რომლებიც, გადახეულ გულზე მიწყვია.
აბა, შენ იცი, რომ ჩამოვალ ღია დამიხვდეს,
მარნის კი არა, გულის კარი.
ღვინო კი არა, სიყვარული უნდა დავლიო,
მთელი ზაფხული შენს თვალებში გადავავლიო,
სანამ შენს ყოფნას დრო არყოფნის ხელით დამიხევს.
ღია დამიხვდეს ტაძრის კარი, სოფლის მოძღვარი,
შენი ნათლობის საიდუმლოს სადაც აღავლენს,
რომ აღარასდროს შემეშინდეს ავი მეცხვარის,
ჯვარს შესაწირი ტარიგივით ხელს თუ დაგავლებს.
აბა, შენ იცი, რომ ჩამოვალ უნდა მანახო,
კაცი, რომელიც ინსულტიან ხორცში დამალე
და შემთხვევითაც არ წამოგცდეს სიტყვა - დამარხვა,
არ ჩაეტევა ჯერ შენს სხეულს ბნელი სამარე.
მე და შენ, ახლა, ათას მეტრზე მეტი გვაშორებს,
(ჩვენი სოფლიდან ამ მანძილზე ცხოვრობს ქალაქი),
შენ, ალბათ, გძინავს, მე კი თითებს მელანს ვაშორებ
და უკვე ასჯერ დალაგებულ თაროს ვალაგებ.