68 წლის ლიდა პოღოსიანი ახალციხის სოფელ წყალთბილაში ცხოვრობს. ისევე, როგორც მისი თანასოფლელების, ლიდას დილაც ადრიანად იწყება. მზის ამოსვლამდე ბოსტანს უვლის, შემდეგ რძეს აბინავებს და ყველი ამოჰყავს, სახლის დალაგების და სადილის მომზადების შემდეგ, დრო მეზობლებთან ნარდის სათამაშოდ და ყავის დასალევადაც რჩება.
დამღლელი დღის და აუცილებელი საქმეების მოლევის შემდეგ, ჰობისთვისაც იცლის. ის ძველ, საოჯახო ნივთებს აგროვებს. ლიდას სახლში ერთი ოთახი თიხის და თუჯის ჭურჭელს უკავია.
„სოფლის ცხოვრება მარტივი არ არის“, - ამბობს ლიდა და მისი ახალგაზრდობის შესახებ გვიყვება. 17 წლის ლამაზი გოგო მეზობელი სოფლის მაცხოვრებლის თვალს არ გამოჰპარვია. ასე გახდა სრულიად უცნობი, ცხრა წლით დიდი კაცის ცოლი. „ძალიან კარგი კაცია, მშვიდი, წყნარი“, - გვიყვება ის.
ლიდას სწავლა უნდოდა, ამიტომ ქმარმა ერევანში წაიყვანა და მანაც ინსტიტუტში, საექთნოზე ჩააბარა. სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ, 30 წელი ვალეში, ექთნად მუშაობდა. ახლა თანასოფლელებს ეხმარება.
„სხვანაირი ქალი არ ვარ, აქ (სოფელში) ყველა ასეთია. მე ბევრი ლაპარაკი მიყვარს, სიმღერა და ლექსები. ღვინოს და არაყს ვერ ვსვამ, მაგრამ თამადობა შემიძლია. 15 წელია უკვე თამადა ვარ“.
ლიდას ორი შვილი ჰყავს. ისინი ოჯახებთან ერთად რუსეთში ცხოვრობენ.