გთხოვთ, ნუ მოიპარავთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერს საკუთარ არხებზე ასატვირთად!
ღმერთო დიდო და მაღალო
მარადის მყოფო ცაშია
გადმოიხედე უფალო,
ქვეყანა დაინახია.
შენ განამტკიცე მთა-გორნი
მაღლა აწვდილნი ცაშია
და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ
შენს მადიდებელთ ცაშია
ღმერთო დიდო და მაღალო
მარადის მყოფო ცაშია.
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემ სამახსოვროდ
სააქაოზე რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ჩემო სახელო ამ ქვეყნად
დიდხანსამც იხსენებოდე
ჩემო ნათქომნო სიტყვანო
ნეტავი გაჰქვეყნდებოდე..
ტექსტი: მიხა ხელაშვილი
მუსიკა: თამარ გოგოჭური
ხმის რეჟისორი: ბექა გაბუნია
ბას გიტარა: ბექა გაბუნია
გარმონი: ალუდა ჯანაშვილი