საპოვნელა
ოქტომბერში, თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:
პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".
მოვსწყვიტე და მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
გენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.