***
ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ღამე თეთრი და გრძელია,
კარგი, გავქრები ხვალიდან,
თუმცა ძალიან ძნელია.
აი, ჩუმად ვარ, მიყურე,
თოვლიც მოვიდა თავნება,
მივყვები წყეულ რიკულებს,
თუმცა აღარსად მთავრდება.
არ ილევიან რელსები,
ვხატავ ღამეთა ნალექებს,
თოვს და ყინვისგან ვსველდები,
ფიქრი მიყინავს საფეთქელს.
დამჩემდა თავის მართლება,
ვიცი, ნელ-ნელა გზიზღდები,
ღამეც ჩემსავით დათვრება,
ღამეს არ უნდა მიზეზი.
ნეტავ შეგეძლოს წამიღო,
ნეტავ გამიძლო, (ვბოდავ) და
ნეტავ საერთოდ არ ვიყო,
ან გადარდებდე ოდნავად.
ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ღამეს არაა აქვს ნამუსი,
შენზე მაფიქრებს თავიდან,
ცოლივით ზრუნავს ბახუსი.
არ მაკლებს სითბოს, ფერებას,
ფრანი ვარ ცაში ვიჭრები,
ნეტავი რა მემღერება,
ოხ, ამის, როგორ მჭირდები.
რამ პარა რარა, რა, რა, რა,
რა გულიანად ვიღიმი,
როცა ლანდს მივსდევ კვალდაკვალ,
როცა ბანს მაძლევს ღიღინი.
ერთად არა ვართ მე და შენ,
რა მემღერება, ფუ, ამის,
თვალზე წვიმები შემაშრე,
ნუ ელოდები ნურავის.
ლოთი არა ვარ! მთვრალი ვარ,
ვმღერი და სახლიც ახლოა,
კარგი, გივიწყებ ხვალიდან,
თუმცა, რა ვუყო, მახსოვხარ.
მოდი, ერთხელაც მომენდე,
წავალ, გავქრები, რა მოგდის,
ასე გპირდები ყოველ დღე,
თუმცა არასდროს გამომდის.
დავით კინწურაშვილი