ტექსტის ავტორი : ლელა გაბური
მუსიკა: დათო კენჭიაშვილი
არანჟირება : ბექა გაბუნია
ფანდური : მიხეილ წითელაშვილი
გარმონი : ალუდა ჯანაშვილი
ბას გიტარა: ბექა გაბუნია
***
არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო... თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით...
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ, რომ მზეებივით
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა, ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო...
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
სიმღერად მაინც გადავაქციო.
როგორ თქვეს ჩემზე -- ცხოვრობს ეულად,
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით...
სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს,
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა,ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო...
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
სიმღერად მაინც გადავაქციო.
ლელა გაბური