ვაჟკაცების ქარქაში
ამირან ჯანჯღავას
საქართველო არის, თითქოს, დიდი ქვევრი,
იწურება შიგნით ერთად ცუდიც, კარგიც,
რაც ცუდია ილექება სულ მთლად ქვევით,
რაც კარგია გვერგება და წვეთს არ ვკარგავთ.
აქ ღრუბლები ცხვრის ფარას გავს დილით მთაში,
ხანაც ნაბადს წამოხურულს მხრებზე მწყემსის,
თუ რწმენა გაქვს მთის მწვერვალზე ფრთებსაც გაშლი
და ღმერთის ხმა სამოთხიდან ლოცვად გესმის.
გლეხის სახე ნაოჭებით თუ გინახავს?
გეგონება ნაპრალებში ჩასდის მტკვარი
და ამ მტკვარში ეჭიდება თითქოს ბრმად ხავსს
ასი ათას მოწამეთა წმინდა კვალი.
ქართველობა, არა როგორც ეროვნება,
ქართველობა არის დიდი ტრადიცია,
- თუ გინახავს მტერს რა გულით ეომება,
დარწმუნდები - არსად ასე არ იბრძვიან.
აღარ ვრეკავ საქართველოს გლოვის ზარებს,
რადგან ნაღდი ქართველები მყვანან გვერდზე
სხვის რა გითხრათ, ჩვენ ასეთად გავიზარდეთ,
ამ მიწის და ამ მთა-ბარის იქით ვერ ვძლებთ.
უსამშობლოდ არსაით არ დავიძვრებით,
რა უჭირს, რომ დაფლეთილი ჩოხა გვეცვას.
საძირკველი გავიშენეთ გმირთა ძვლებით
და თვალები ღვთისმშობელის არის ზეცა.
არ იქნება მთის სიწმინდე არ გვახსოვდეს,
მერე რა თუ ჩვენი ბუდე ქალაქშია.
აქ გმირები არ კვდებიან არასოდეს,
ჩემი მიწა ვაჟკაცების ქარქაშია.