"ლოცვა"
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა...
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: "შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)