† † †
თუ დამივიწყებ,არ მიგატოვებ,
არ მოგცილდება შენ ჩემი მზერა,
გეტყვი,რომ აქ ვარ,შენს გვერდით,ახლოს,
ხან დამინახავ და ხანაც ვერა;
თუ დამივიწყებ,მე მაშინ მოვალ,
როცა ტკივილით შეკუმშავ სახეს;
მე დაგიამებ იარებს,დარდს და
აგაცდენ ყველა ხაფანგს და მახეს;
თუ დამივიწყებ,მე მაშინ მოვალ,
როცა ხიფათი შეგხვდება რამე.
ჩემზე ავიღებ ყველა განსაცდელს,
რომ მშვიდად მყავდე,დღეცა და ღამეც;
თუ დამივიწყებ,მაშინაც მოვალ,
როცა ცრემლები აგივსებს თვალებს;
გულს გაგინათებ,მოგეფერები
და დაგავიწყებ მტკივნეულ წამებს;
თუ დამივიწყებ,მე მაინც მოვალ,
გვერდით ვიქნები დავანებული,
როცა უსაზღვრო ბედნიერებით
სახე გექნება განათებული;
თუკი შეგცივდა,მზეზე გაგათბობ,
სხივებს დაგიწნავ გაზაფხულებად
და თუ როდისმე დაგცხა,მოგწყურდა,
მოგევლინები ნაკადულებად;
თუ დაგატყვევეს,როგორც ბულბული,
მტრებს დაგიხოცავ ყველას უკლებად,
ფართოდ გაგიღებ გალიის კარებს
და დაგიბრუნებ თავისუფლებას;
თუ დამივიწყებ,მე მაინც მოვალ,
რათა ჩამოგხსნა მძიმე ლოდები.
მოვალ დღითაც და მოვალ ღამითაც,
მაშინაც,როცა არ მელოდები;
თუ დამივიწყებ,მე მაინც მოვალ,
თუნდაც ვიცოდე,რომ არ მიცდიან,
რადგან მიყვარხარ ისეთი ძალით,
შენ რომ არასდროს არ განგიცდია;
თუ დამივიწყებ,არ გებუტები,
სიბრაზე გულს არ გამკარებია,
რადგან,იცოდე,მიყვარხარ ისე,
ჯერ რომ არავის არ ჰყვარებია.
მაგრამ თუ მაინც გადაგავიწყდი,
ეს მე ვარ მაინც თავიც და ბოლოც.
კვლავ ძველებურად ვზრუნავ და ვფიქრობ,
რადგან მიყვარხარ,მიყვარდი როგორც;
გემუდარები,ნუ დამივიწყებ,
გამიღე გული,მოხსენი კლიტე!
მამა ვარ შენი და ღმერთი ტკბილი,
უფალი შენი--იესო ქრისტე
† † †