(ლექსის ტექსტი)
თვალები გეტყვის (თუ ჩახედავ) რა ჰქვია ტკივილს
და შენს გარეშე ცხოვრებაზე ატირდებიან.
თუ შეიძლება გამოძებნო რამესთან წილი
ეს პირველ რიგში უღიმღამო ამინდებია...
გავდივარ სახლებს (შენს გარეშე), დგება მაისი
და ხალხით სავსე ყველა ქუჩა ცარიელია,
დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი
და კიდევ ერთხელ დაგივიწყებ ამიერიდან...
დღეს ხალხით სავსე მონასტერშიც არავინ იდგა,
ვცოდავ და ღმერთმა მაპატიოს - ვერც მას ვამჩნევდი,
რადგან მტკიოდა ისე როგორც ყოველდღე მტკივა,
როცა შემთხვევით წამომცდება შენი სახელი.
ღრუბლები ცაზე შენს თვალებს გავს ატირებამდე
და ჩემი გული ჯვარცმის მერე იესოს ხელებს.
დამამშვიდებდე, მომაწვდენდე ხელებს მხრებმდე,
სხვა არაფერი, გეფიცები მე არ მაღელვებს
და ასე ვცდილობ უშენობა ამოვიკემსო,
მიყვარხარ, ვიცი სითავხედე ჰქვია ამასაც,
ჩემს სიყვარულში ჯვარზე გაცვი, როგორც იესო
და მაინც ვბედავ შენს ხელმარჯვნივ ვგავდე ავაზაკს.
დაბრუნდი. ასე გელოდები ხელებგაწვდილი,
ვგავარ ლოცვის დროს წამოცდენილ უაზრო სიტყვას...
და სიყვარული როდისაა იცი ნამდვილი?
როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს...