«ლენინიზმის საკითხები»
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები»
მეთერთმეტე გამოცემა
ლენინიზმის საფუძვლების შესახებ
სტრატეგია და ტაქტიკა
VII მეშვიდე თავი
გვერდი 64 და 79
სვერდლოვის უნივერსიტეტში 1924 წლის აპრილის დამდეგს წაკითხული ლექციები
ამ თემიდან მე ვიღებ ექვს საკითხს:
ა) სტრატეგია და ტაქტიკა, როგორც მეცნიერება პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ხელმძღვანელობის შესახებ;
ბ) რევოლუციის ეტაპები და სტრატეგია;
გ) მოძრაობის მოზღვავება და უკუქცევა და ტაქტიკა;
დ) სტრატეგიული ხელმძღვანელობა;
ე) ტაქტიკური ხელმძღვანელობა;
ვ) რეფორმიზმი და რევოლუციონიზმი.
1) სტრატეგია და ტაქტიკა, როგორც მეცნიერება პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ხელმძღვანელობის შესახებ. ll მეორე ინტერნაციონალის ბატონობის პერიოდი უპირატესად იყო ცოტად თუ ბევრად მშვიდობიანი განვითარების პირობებში პროლეტარული პოლიტიკური არმიების შექმნისა და გაწვრთნის პერიოდი. ეს იყო პერიოდი, როდესაც კლასობრივი ბრძოლის უპირატეს ფორმას პარლამენტარიზმი წარმოადგენდა. კლასების უდიდეს შეჯახებათა, რევოლუციური შეტაკებისათვის პროლეტარიატის მომზადებისა და პროლეტარიატის დიქტატურის მოპოვების გზების საკითხები, როგორც ჩანდა, იმ დროს მორიგ საკითხებად არ იდგა. ამოცანა იმით ამოიწურებოდა, რომ გამოყენებული ყოფილიყო ლეგალური განვითარების ყველა გზა პროლეტარული არმიების შესაქმნელად და გასაწვრთნელად, გამოყენებული ყოფილიყო პარლამენტარიზმი იმ პირობებთან შეფარდებით, როდესაც პროლეტარიატი რჩებოდა და, როგორც ჩანდა, უნდა დარჩენილიყო ოპოზიციის მდგომარეობაში. არ გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ასეთ პერიოდში და პროლეტარიატის ამოცანების ასეთი გაგების დროს არ შეიძლებოდა ყოფილიყო არც მთლიანი სტრატეგია, არც დამუშავებული ტაქტიკა, იყო ნაწყვეტები, ცალკე აზრები ტაკტიკისა და სტრატეგიის შესახებ, მაგრამ ტაქტიკა და სტრატეგია არ ყოფილა. ll მეორე ინტერნაციონალის მომაკვდინებელი ცოდვა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ თავის დროს ის ატარებდა ბრძოლის საპარლამენტო ფორმების გამოყენების ტაქტიკას, არამედ იმაში, რომ ის გადაჭარბებით აფასებდა ამ ფორმების მნიშვნელობას, თითქმის ერთადერთ ფორმებად მიაჩნდა ისინი, ხოლო როდესაც დადგა აშკარა რევოლუციურ შეტაკებათა პერიოდი და ბრძოლის პარლამენტგარეშე ფორმების საკითხი პირველ რიგში წამოიჭრა, ll მეორე ინტერნაციონალის პარტიებმა ზურგი შეაქციეს ახალ ამოცანებს, არ მიიღეს ისინი. მხოლოდ შემდეგ პერიოდში, პროლეტარიატის აშკარა გამოსვლების პერიოდში, პროლეტარული რევოლუციის პერიოდში, როდესაც ბურჟუაზიის დამხობის საკითხი პირდაპირი პრაქტიკის საკითხად გადაიქცა, როდესაც პროლეტარიატის რეზერვების საკითხი ერთ ერთ ყველაზე სასიცოცხლო საკითხად იქცა, როდესაც ბრძოლისა და ორგანიზაციის ყველა ფორმა საპარლამენტოც და პარლამენტგარეშეც. სრული გარკვეულობით გამომჟღავნდა, მხოლოდ ამ პერიოდში შეიძლებოდა გამომუშავებულიყო პროლეტარიატის ბრძოლის მთლიანი სტრატეგია და დამუშავებული ტაქტიკა. მარქსისა და ენგელსის გენიალური აზრები ტაკტიკისა და სტრატეგიის შესახებ, რომლებიც ll მეორე ინტერნაციონალის ოპორტუნისტებმა დაასამარეს, სწორედ ამ პერიოდში გამოიტანა ლენინმა დღის სინათლეზე. მაგრამ ლენინი არ დასჯერდა მარქსისა და ენგელსის ცალკეურ ტაქტიკურ დებულებათა აღდგენას. მან ისინი შემდგომ განავითარა და შეავსო ახალი აზრებით და დებულებებით, გააერთიანა ყოველივე ეს წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების სისტემად პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ხელმძღვანელობისათვის. ლენინის ისეთი ბროშურები, როგორიც არის ««რა ვაკეთოთ?»», ««ორი ტაქტიკა»», ««იმპერიალიზმი»», ««სახელმწიფო და რევოლუცია»» ««რენეგატი კაუცკი»» და საყმაწვილო სენი»», უეჭველად შევა როგორც უძვირფასესი საუნჯე მარქსიზმის საერთო საგანძურში, მის რევოლუციურ არსენალში. ლენინიზმის სტრატეგია და ტაქტიკა არის მეცნიერება პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლის ხელმძღვანელობის შესახებ.
2) რევოლუციის ეტაპები და სტრატეგია. სტრატეგია არის პროლეტარიატის მთავარი დარტყმის მიმართულების განსაზღვრა რევოლუციის არსებული ეტაპის საფუძველზე, რევოლუციურ ძალთა (მთავარი და მეორე ხარისხოვანი რეზერვების) განლაგების შესაფერისი გეგმის გამომუშავება, ბრძოლა ამ გეგმის განსახორციელებლად რევოლუციის მთელი ამ ეტაპის განმავლობაში. ჩვენმა რევოლუციამ განიცადა ორი ეტაპი და ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ შევიდა მესამე ეტაპში. ამის მიხედვით იცვლებოდა სტრატეგიაც. პირველი ეტაპი. 1903 წლის და 1917 წლის თებერვალი. მიზანი ცარიზმის დამხობა, შუა საუკუნეების ნაშთების სრული ლიკვიდაცია. რევოლუციის ძირითადი ძალა პროლეტარიატი. უახლოესი რეზერვი გლეხობა. ძირითადი დარტყმის მიმართულება: იზოლაცია ლიბერალურ მონაქირსტული ბურჟუაზიისა, რომელიც ცდილობს გლეხობის გადაბირებას და რევოლუციის ლიკვიდაციას ცარიზმთან შენთახმების გზით. ძალთა განლაგების გეგმა: მუშათა კლასის კავშირი გლეხობასთან. პროლეტარიატმა ბოლომდე უნდა გაატაროს დემოკრატიული გადატრიალება, გლეხობის მასის შემოერთებით, რათა ძალით დათრგუნოს თვითმპყრობელობის წინააღმდეგობა და დასძლიოს ბურჟუაზიის მერყეობა.
მეორე ეტაპი. 1917 წლის მარტი და 1917 წლის ოქტომბერი. მიზანი იმპერიალიზმის დამხობა რუსეთში და იმპერიალისტური ომისაგან თავის დახწევა. როვოლუციის ძირითადი ძალა პროლეტარიატი. უახლოესი რეზერვი უღარიბესი გლეხობა. მეზობელი ქვეყნების პროლეტარიატი, როგორც შესაძლო რეზერვი. გაჭიანურებული ომი და იმპერიალიზმის კრიზისი, როგორც ხელსაყრელი მომენტი. ძირითადი დარტყმის მიმართულება: იზოლაცია წვრილ ბურჟუაზიული დემოკრატიისა (მენშევიკები, ესერები,) რომელიც ცდილობს გლეხობის მშრომელი მასების გადაბირებას და რევოლუციის დასრულებას იმპერიალიზმთან შეთანხმების გზით. ძალთა განლაგების გეგმა: პროლეტარიატის კავშირი უღარიბეს გლეხობასთან. პროლეტარიატმა უნდა მოახდინოს სოციალისტური გადატრიალება, მოსახლეობის ნახევრად პროლეტარული ელემენტების მასის შემოერთებით, რათა ძალით გატეხოს ბურჟუაზიის წინააღმდეგობა და დასძლიოს გლეხობისა და წვრილი ბურჟუაზიის მერყეობა.
მესამე ეტაპი. ეს ეტაპი დაიწყო ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ. მიზანი პროლეტარიატის დიქტატურის განმტკიცება ერთ ქვეყანაში და მისი გამოყენება როგორც დასარყდენი პუნქტისა იმპერიალიზმის დასამხობად ყველა ქვეყანაში. რევოლუცია გამოდის ერთი ქვეყნის ჩარჩოებიდან, დაიწყო მსოფლიო რევოლუციის ეპოქა. რევოლუციის ძირითადი ძალები: პროლეტარიატის დიქტატურა ერთ ქვეყანაში, პროლეტარიატის რევოლუციური მოძრაობა ყველა ქვეყანაში. მთავარი რეზერვები: ნახევრად პროლეტარული და წვრილი გლეხობის მასები განვითარებულ ქვეყნებში, განმათავისუფლებელი მოძრაობა კოლონიებსა და დამოკიდებულ ქვეყნებში. ძირითადი დარტყმის მიმართულება: წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის იზოლაცია, იზოლაცია ll მეორე ინტერნაციონალის პარტიებისა, რომელნიც იმპერიალიზმთან შეთანხმების პოლიტიკის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენენ. ძალთა განლაგების გეგმა: პროლეტარული რევოლუციის კავშირი კოლონიებისა და დამოკიდებული ქვეყნების განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. სტრატეგიას საქმე აქვს რევოლუციის ძირითად ძალებთან და მათ რეზერვებთან. ის იცვლება რევოლუციის ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლასთან დაკავშირებით და ძირითადად უცვლელი რჩება ერთი ეტაპის მთელ პერიოდში.
3) მოძრაობის მოზღვავება და უკუქცევა და ტაქტიკა. ტაქტიკა არის პროლეტარიატის მოქმედების ხაზის განსაზღვრა მოძრაობის მოზღვაებისა თუ უკუქცევის, რევოლუციის აღმავლობისა თუ შენელების შედარებით მოკლე პერიოდში, ბრძოლა ამ ხაზის გასატარებლად ბრძოლისა და ორგანიზაციის ძველი ფორმების ახალი ფორმებით შეცვლის გზით, ძველი ლოზუნგების ახალი ლოზუნგებით შეცვლის გზით, ამ ფორმების შეხამების გზით და სხვა. თუ სტრატეგია მიზნად ისახავს, ვთქვათ, ცარიზმთან ან ბურჟუაზიასთან ომის მოგებას, ცარიზმთან ან ბურჟუაზიასთან ბრძოლის ბოლომდე მიყვანას, ტაქტიკა ისახავს ნაკლები მნიშვნელობის მიზანს, რადგან იგი ცდილობს მოიგოს არა ომი მთლიანად, არამედ ესა თუ ის შეტაკება, ესა თუ ის ბრძოლა, წარმატებით ჩაატაროს ესა თუ ის კამპანიები, ესა თუ ის გამოსვლები, რომლებიც შეესაბამებიან კონკრეტულ ვითარებას რევოლუციის განსაზღვრული აღმავლობის თუ შენელების პერიოდში. ტაქტიკა არის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მას ექვემდებარება, მას უწევს მომსახურებას. ტაქტიკა იცვლება მოძრაობის მოზღვავების და უკუქცევის მიხედვით. იმ დროს, როცა რევოლუციის პირველი ეტაპის პერიოდში 1903 და 1917 წლები სტრატეგიული გეგმა უცვლელი რჩებოდა, ტაქტიკა ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. 1903 და 1905 წლების პერიოდში პარტიის ტაქტიკა შეტევითი იყო, ვინაიდან რევოლუციის მოზღვავება იყო, მოძრაობა აღმა მიდიოდა, და ტაქტიკა ამ ფაქტიდან უნდა გამოსულიყო. ამისდაკვალად ბრძოლის ფორმებიც რევოლუციური იყო და შეეფერებოდა რევოლუციის მოზღვაების მოთხოვნებს. ადგილობრივი პოლიტიკური გაფიცვები, პოლიტიკური დემონსტრაციები, საერთო პოლიტიკური გაფიცვა, სათათბიროს ბოიკოტი, აჯანყება, რევოლუციური საბრძოლო ლოზუნგები, ასეთია ბრძოლის ერთიმეორის შემცველი ფორმები ამ პერიოდში. ბრძოლის ფორმებთან დაკავშირებით მაშინ შეიცვალა ორგანიზაციის ფორმებიც. საქარხნო საფაბრიკო კომიტეტები, გლეხთა რევოლუციური კომიტეტები, საგაფიცვო კომიტეტები, მუშათა დეპუტატების საბჭოები, ცოტად თუ ბევრად აშკარად მოქმედი მუშათა პარტია, ასეთია ორგანიზაციის ფორმები ამ პერიოდში. 1907 და 1912 წლების პერიოდში პარტია იძულებული შეიქნა გადასულიყო უკანდახევის ტაქტიკაზე, ვინაიდან მაშინ ჩვენ გვქონდა რევოლუციური მოძრაობის შენელება, რევოლუციის უკუქცევა, და ტაქტიკას არ შეეძლო ანგარიში არ გაეწია ამ ფაქტისათვის. ამის შესაბამისად შეიცვალა ბრძოლის ფორმებიც, ისე როგორც ორგანიზაციის ფორმებიც. სათათბიროს ბოიკოტის მაგიერ სათათბიროში მონაწილეობა, სათათბიროს გარეთ აშკარა რევოლუციური გამოსვლების მაგიერ გამოსვლები სათათბიროში და მუშაობა სათათბიროში, საერთო პოლიტიკური გაფიცვების მაგიერ ნაწილობრივი ეკონომიური გაფიცვები ანდა პირდაპირი მიწყნარება. გასაგებია, რომ პარტია ამ პერიოდში არალეგალურ მუშაობაზე უნდა გადასულიყო, მასობრივი რევოლუციური ორგანიზაციები კი შეცვლილ იქნა კულტურულ საგანმანათლებლო, კოოპერაციიული, სადაზღვევო და კანონით ნება დართული სხვა ორგანიზაციებით. იგივე უნდა ითქვას რევოლუციის მეორე და მესამე ეტაპებზე, რომელთა დროსაც ტაქტიკა მრავალჯერ იცვლებოდა, მაშინ როდესაც სტრატეგიული გეგმები უცვლელი რჩებოდა. ტაქტიკას საქმე აქვს პროლეტარიატის ბრძოლის ფორმებთან და ორგანიზაციის ფორმებთან, მათს შეცვლასთან, მათს შეხამებასთან. რევოლუციის განსაზღვრული ეტაპის საფუძველზე ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს რამდენჯერმე, რევოლუციის მოზღვავებისა თუ უკუქცევის, რევოლუციის აღმავლობისა თუ შენელების მიხედვით.
4) სტრატეგიული ხელმძღვანელობა. რევოლუციის რეზერვები შემდეგია:
პირდაპირი: გლეხობა და საერთოდ საკუთარი ქვეყნების გარდამავალი ფენები, მეზობელი ქვეყნების პროლეტარიატი, რევოლუციური მოძრაობა კოლონიებსა და დამოკიდებულ ქვეყნებში, პროლეტარიატის დიქტატურის მონაპოვარნი და მიხწევები, რომელთა ნაწილზედაც პროლეტარიატს შეუძლია დროებით უარი თქვას და დაიტოვოს ძალთა უპირატესობა იმ მიზნით, რომ მოისყიდოს ძლიერი მოწინააღმდეგე და მიიღოს შესვენების შესაძლებლობა.
არაპირდაპირი: წინააღმდეგობანი და კონფლიკტები საკუთარი ქვეყნის არაპროლეტარულ კლასებს შორის, რაც პროლეტარიატმა შეიძლება გამოიყენოს მოწინააღმდეგის შესასუსტებლად, კონფლიკტები და ომები (მაგალითად, იმპერიალისტური ომი) პროლეტარული სახელმწიფოსადმი მტრულ ბურჟუაზიულ სახელმწიფოთა შორის, რაც პროლეტარიატმა შეიძლება გამოიყენოს თავისი შეტევის დროს ანდა მანევრირების დროს იძულებითი უკან დახევის შემთხვევაში. პირველი სახის რეზერვებზე არ ღირს ბევრი ლაპარაკი, რადგან მათი მნიშვნელობა ყველასა და თვითეულს ესმის. რაც შეეხება მეორე სახის რეზერვებს, რომელთა მნიშვნელობა ყოველთვის ცხადი არ არის, უნდა ითქვას, რომ მათ ზოგჯერ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ რევოლუციის მსვლელობისათვის. არა გვგონია შეიძლებოდეს იმ უდიდესი მნიშვნელობის უარყოფა, რომელიც ჰქონდა, მაგალითად, იმ კონფლიქტს წვრილბურჟუაზიულ დემოკრატიასა (ესერები) და ლიბერალურ მონარქისტულ ბურჟუაზიას (კადეტები) შორის პირველი რევოლუციის დროს და მის შემდეგ, რამაც უეჭველად შეასრულა თავისი როლი ბურჟუაზიის გავლენისაგან გლეხობის განთავისუფლების საქმეში. მით უფრო ნაკლები საფუძველი გვაქვს უარვყოთ იმპერიალისტების ძირითად ჯგუფებს შორის სამკვდრო სასიცოცხლო ომის ფაქტის კოლოსალური მნიშვნელობა ოქტომბრის გადატრიალების პერიოდში, როდესაც იმპერიალისტებს, რომლებიც ერთმანეთთან ომში იყვნენ გართულნი, შესაძლებლობა არ ჰქონდათ თავი მოეყარათ ძალებისათვის ნორჩი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ხოლო პროლეტარიატმა სწორედ ამიტომ მოახერხა უშუალოდ შესდგომოდა თავისი ძალების ორგანიზაციას, თავისი ძალაუფლების განმტკიცებას და მოემზადებინა კოლჩაკისა და დენიკინის განადგურება. უნდა ვიფიქროთ, რომ ახლა, როდესაც წინააღმდეგობანი იმპერიალისტურ ჯგუფებს შორის უფრო და უფრო ღრმავდებიან და როდესაც აუცილებელი ხდება ახალი ომი მათ შორის, ასეთ რეზერვებს პროლეტარიატისათვის სულ უფრო სერიოზული მნიშვნელობა ექნებათ. სტრატეგიული ხელმძღვანელობის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს რეზერვი სწორად იქნას გამოყენებული რევოლუციის ძირითადი მიზნის მისაღწევად მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე. რაში მდგომარეობს რეზერვების სწორად გამოყენება? ზოგიერთი აუცილებელი პირობის შესრულებაში, რომელთაგან მთავარ პირობებად შემდეგი უნდა ჩაითვალოს. ჯერ ერთი. გადამწყვეტ მომენტში რევოლუციის მთავარი ძალების დაგროვება მოწინააღმდეგისათვის ყველაზე სუსტ პუნქტში. როდესაც რევოლუცია უკვე მომწიფებულია, როდესაც შეტევა მთელი სიძლიერით მიმდინარეობს, როდესაც ანჯაყება კარზე გვიკაკუნებს და როდესაც ავანგარდისათვის რეზერვების მიშველება გამარჯვების გადამწყვეტი პირობაა. რეზერვების ამგვარი გამოყენების ნათელსაყოფად მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს პარტიის სტრატეგია 1917 წლის აპრილ ოქტომბრის პერიოდში. უეჭველია მოწინააღმდეგისათვის ყველაზე უფრო სუსტი პუნქტი ამ პერიოდში იყო ომი. უეჭველია, სწორედ ამ საკითხის, როგორც ძირითადი საკითხის, საფუძველზე შემოკრიბა პარტიამ პროლეტარული ავანგარდის გარშემო მოსახლეობის უფართოესი მასები. პარტიის სტრატეგიას ამ პერიოდში წარმოადგენდა ის, რომ იგი, წვრთნიდა რა ავანგარდს ქუჩაში გამოსვლებისათვის მანიფესტაციებისა და დემონსტრაციების გზით, ამასთან ერთად ავანგარდისაკენ რეზერვები მიჰყავდა საბჭოების საშუალებით ზურგში და ჯარისკაცთა კომიტეტების საშუალებით ფრონტზე. რევოლუციის შედეგმა დაგვანახა, რომ რეზერვების გამოყენება მართებული იყო. აი რას ამბობს ლენინი რევოლუციის ძალთა სტრატეგიული გამოყენების ამ პირობაზე, სხვა სიტყვებით გადმოქვცემს რა მარქსისა და ენგელსის ცნობილ დებულებებს ანჯაყების შესახებ:
1) არასოდეს არ უნდა ეთამაშო ანჯაყებას, არამედ, როდესაც ანჯაყებას იწყებ, მტკიცედ უნდა იცოდე, რომ საჭიროა მისი ბოლომდე მიყვანა.
2) აუცილებელია დააგროვო ძალთა დიდი უპირატესობა გადამწყვეტ ადგილას, გადამწყვეტ მომენტში, ვინაიდან სხვაგვარად მოწინააღმდეგე, რომელსაც უკეთესი მომზადება და ორგანიზაცია აქვს, გაანადგურებს ანჯაყებულებს.
3) რაკი ანჯაყება დაწყებულია, უნდა იმოქმედო უდიდესი გაბედულობით და უეჭველად, უთუოდ გადახვიდე შეტევაზე. თავდაცვა შეიარაღებული ანჯაყების სიკვდილია.
4) უნდა ეცადო მოულოდნელად დაესხა თავს მოწინააღმდეგეს, შეურჩიო ისეთი მომენტი, როდესაც მისი ჯარი გაბნეულია.
5) საჭიროა ყოველდღიურად მიახწიო პატარა წარმატებას მაინც შეიძლება ითქვას: ყოველ საათობით, თუ საქმე ერთ ქალაქს ეხება და შეინარჩუნო, რადაც უნდა დაჯდეს, მორალური უპირატესობა.
მეორე. გადამწყვეტი დარტყმის მომენტის შერჩევა, ანჯაყების დაწყების მომენტის შერჩევა იმ ვარაუდით, რომ კრიზისმა უმაღლეს წერტილს მიახწია, რომ ავანგარდი უკვე მზად არის ბოლომდე იბრძოლოს, რეზერვი უკვე მზად არის მხარი დაუჭიროს ავანგარდს. ხოლო მტრის რიგებში მაქსიმალური არევდარევაა.
გადამწყვეტი ბრძოლა, ამბობს ლენინი, შეიძლება სავსებით მომწიფებულად ჩაითვალოს, თუ ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე კლასობრივი ძალები საკმაოდ დაიბნენ, საკმაოდ წაეკიდნენ ერთი მეორეს, საკმაოდ დაისუსტეს თავი ბრძოლით, რომელიც მათს ძალას აღემატება; თუ ყველა მერყევმა, მოქანავე, არამტკიცე, შუათანა ელემენტებმა, წვრილმა ბურჟუაზიამ, წვრილბურჟუაზიულმა დემოკრატიამ, ბურჟუაზიისაგან განსხვავებით, საკმაოდ ამხილეს თავიანთი თავი ხალხის წინაშე, საკმაოდ შეირცხვინეს თავი პრაქტიკული გაკოტრებით; თუ ბურჟუაზიის წინააღმდეგ ყველაზე უფრო გადამწყვეტ, თავგანწირულ გაბედულ, რევოლუციურ მოქმედებათა მხარდაჭერის სასარგებლოდ. აი მაშინ არის მომწიფებული რევოლუცია, აი მაშინ ჩვენი გამარჯვება თუ კი სისწორით გავითვალისწინებთ ყველა ზემოაღნიშნული პირობა და სწორად შევარჩიეთ მომენტი, მაშინ არის ჩვენი გამარჯვება უზრუნველყოფილი.
ასეთი სტრატეგიის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს ოქტომბრის ანჯაყების ჩატარება. ამ პირობის დარღვევა იწვევს სახიფათო შეცდომას, რომელსაც ეწოდება ტემპის დაკარგვა, როდესაც პარტია უკან რჩება მოძრაობის მსვლელობას ანდა ბევრად წინ უსწრებს მას და ამით მარცხის საფრთხეს ჰქმნის. ასეთი ტემპის დაკარგვის მაგალითად, იმის მაგალითად, თუ როგორ არ უნდა შეარჩიო ანჯაყების მომენტი, უნდა ჩაითვალოს ამხანაგების ერთი ნაწილის ცდა დაგვეწყო ანჯაყება დემოკრატიული თათბირის დაპატიმრებით 1917 წლის სექტემბერში, როდესაც საბჭოებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა მერყეობა, ფრონტი ჯერ კიდევ გზაჯვარედინზე იმყოფებოდა, რეზერვები ჯერ კიდევ არ იყვნენ ავანგარდთან მიყვანილი. მესამე. უკვე მიღებული კურსის განუხრელად გატარება, მიუხედავად მიზნისაკენ მიმავალ გზაზე არსებული ყველა და ყოველგვარი დაბრკოლებისა და გართულებისა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ავანგარდმა მხედველობიდან არ დაკარგოს ბრძოლის ძირითადი მიზანი, ხოლო მასები არ ასცდნენ გზას, იარონ ამ მიზნისაკენ და ცდილობდნენ დაირაზმონ ავანგარდის გარშემო. ამ პირობის დარღვევა იწვევს უდიდეს შეცდომას, რომელსაც კარგად იცნობენ მეზღვაურები კურსის დაკარგვის სახელწოდებით. კურსის დაკარგვის ასეთ მაგალითად უნდა ჩაითვალოს ჩვენი პარტიის მცდარი მოქმედება უშუალოდ დემოკრატიული თათბირის შემდეგ. როდესაც პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება წინაპარლამენტში მონაწილეობის შესახებ. პარტიამ თითქოს დაივიწყა ამ მომენტში, რომ წინაპარლამენტი არის ბურჟუაზიის ცდა გადაიყვანოს ქვეყანა საბჭოების გზიდან ბურჟუაზიული პარლამენტარიზმის გზაზე, რომ პარტიის მონაწილეობას ასეთ დაწესებულებებში შეუძლია მთელი საქმე არივდარიოს და გზა აუბნიოს მუშებსა და გლეხებს, რომლებიც აწარმოებენ რევოლუციურ ბრძოლას ლოზუნგით: ««მთელი ძალაუფლება საბჭოებს»». ეს შეცდომა გამოსწორებულ იქნა ბოლშევიკების გამოსვლით წინაპარლამენტიდან.
მეოთხე. რეზერვებით მანევრირება, რომელიც მიზნად ისახავს სწორ უკანდახევას, როდესაც მტერი ძლიერია, როდესაც უკან დახევა აუცილებელია, როდესაც ბრძოლის მიღება, რომელსაც მოწინააღმდეგე თავზე გახვევს, აშკარად საზიანოა, როდესაც უკანდახევა, ძალთა არსებული თანაშეფარდების პირობებში, ერთადერთი საშუალებაა ავანგარდის საშიში მდგომარეობიდან გამოყვანისა და მისთვის რეზერვების შენარჩუნებისა.
რევოლუციურმა პარტიებმა, ამბობს ლენინი, უნდა მოითავონ თავიანთი სწავლა. ისინი სწავლობდნენ შეტევას. ახლა საჭირო ხდება იმის შეგნება, რომ ამ მეცნიერებას უნდა დაემატოს მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უფრო სწორად უკანდახევა. საჭირო ხდება იმის შეგნება, თუ რევოლუციური კლასი საკუთარი მწარე გამოცდილებით სწავლობს ამის გაგებას, რომ არ შეიძლება გაიმარჯვო, თუ არ ისწავლე სწორი შეტევა და სწორი უკანდახევა.
ასეთი სტრატეგიის მიზანია დროის მოგება, მოწინააღმდეგის გახრწნა და ძალების დაგროვება შემდეგში შეტევაზე გადასასვლელად. ასეთი სტრატეგიის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს ბრესტის ზავის შეკვრა, რამაც შესაძლებლობა მისცა პარტიას დრო მოეგო, გამოეყენებინა შეხლა შემოხლა იმპერიალიზმის ბანაკში, გაეხრწნა მოწინააღმდეგის ძალები, შეენარჩუნებინა თავის მხარეზე გლეხობა და დაეგროვებინა ძალები იმისათვის, რომ მოემზადებინა შეტევა კოლჩაკსა და დენიკინზე.
სეპარატული შეკვრით, ამბობდა მაშინ ლენინი, ჩვენ უდიდესი, დღევანდელი მომენტისათვის შესაძლებელი ზომით ვთავისუფლდებით ორივე ერთიმეორის მოქიშპე იმპერიალისტური ჯგუფისაგან, ვიყენებთ რა მათს მტრობას და ომს ერთმანეთთან, რაც უძნელებს მათს შეთანხმებას ჩვენს წინააღმდეგ, ვიყენებთ ამას, ვიღებთ რა თავისუფალი მოქმედების განსაზღვრულ პერიოდს სოციალისტური რევოლუციის განგრძობისა და განმტკიცებისათვის.
ახლა უკანასკნელი რეგვენიც კი ხედავს, ამბობდა ლენინი ბრესტის ზავის შეკვრის სამი წლის შემდეგ, რომ ბრესტის ზავი იყო დათმობა, რომელმაც გაგვაძლიერა ჩვენ და დაქსასა საერთაშორისო იმპერიალიზმის ძალები.
ასეთია მთავარი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრატეგიული ხელმძღვანელობის სისწორეს.
5) ტაქტიკური ხელმძღვანელობა. ტაქტიკური ხელმძღვანელობა არის სტრატეგიული ხელმძღვანელობის ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება მის ამოცანებსა და მოთხოვნებს. ტაქტიკური ხელმძღვანელობის ამოცანა ის არის, რომ დაეუფლო პროლეტარიატის ბრძოლისა და ორგანიზაციის ყველა ფორმას და უზრუნველყო მათი სწორი გამოყენება იმისათვის, რომ მიახწიო შედეგების იმ მაქსიმუმს ძალთა არსებული თანაშეფარდების დროს, რაც აუცილებელია სტრატეგიული წარმატების მომსაზადებლად. რაში მდგომარეობს პროლეტარიატის ბრძოლისა და ორგანიზაციის ფორმების სწორი გამოყენება? ზოგიერთი აუცილებელი პირობის შესრულებაში, რომელთაგან მთავარ პირობებად შემდეგი უნდა ჩაითვალოს: ჯერ ერთი. ბრძოლისა და ორგანიზაციის სწორედ იმ ფორმების წამოყენება, პირველ რიგში, რომლებიც ყველაზე უფრო შეეფერებიან მოძრაობის მოცემული მოზღვაობისა თუ უკუქცევის პირობებს და რომელთაც შეუძლიათ გაადვილონ და უზრუნველყონ მასების მიყვანა რევოლუციურ პოზიციებთან, მრავალმილიონიანი მასების მიყვანა რევოლუციის ფრონტთან, მათი განლაგება რევოლუციის ფრონტზე. საქმე ეხება იმას კი არა, რომ ავანგარდმა შეიგნოს ძველი წესების შენარჩუნების შეუძლებლობა და მათი დამხობის აუცილებლობა. საქმე ეხება იმას, რომ ეს აუცილებლობა შეიგნონ მასებმა, მრავალმილიონიანმა მასებმა, და გამოიჩინონ ავანგარდისათვის მხარის დაჭერის მზადყოფნა. მაგრამ ამის შეგნება მასებს შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გზით. მივცეთ მრავალმილიონიან მასებს შესაძლებლობა თავისი საკუთარი გამოცდილებით შეიცნონ ძველი ხელისუფლების აუცილებლობა, წამოვაყენოთ ბრძოლის ისეთი ხერხები და ორგანიზაციის ფორმები, რომლებიც გაუადვილებენ მასებს გამოცდილებით შეიცნონ რევოლუციური ლოზუნგების სისწორე, ესაა ამოცანა. ავანგარდი მოსწყდებოდა მუშათა კლასს, ხოლო მუშათა კლასი დაკარგავდა კავშირს მასებთან, პარტიას რომ თავის დროზე არ გადაეწყვიტა მონაწილეობის მიღება სათათბიროში. მას რომ არ გადაეწყვიტა ძალთა თავმოყრა სათათბიროს მუშაობაზე და ბრძოლის გაჩაღება ამ მუშაობის საფუძველზე იმ მიზნით, რომ გაეადვილებინა მასებისათვის საკუთარი გამოცდილებით შეეცნოთ სათათბიროს არარაობა, კადეტების დაპირებათა სიცრუე, ცარიზმთან შეთანხმების შეუძლებლობა, მუშათა კლასთან გლეხობის კავშირის აუცილებლობა. სათათბიროს პერიოდში მასების გამოცდილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კადეტების მხილება და პროლეტარიატის ჰეგემონია. ოქტოვიზმის ტაქტიკის საფრთხე იმაში მდგომარეობდა, რომ ის გვიქადდა ავანგარდის მოწყვეტას მისი მრავალმილიონიანი რეზერვებისაგან. პარტია მოსწყდებოდა მუშათა კლასს, ხოლო მუშათა კლასი დაკარგავდა გავლენას გლეხობისა და ჯარისკაცების ფართო მასებში. პროლეტარიატი რომ გაჰყოლოდა მემარცხენე კომუნისტებს, რომლებიც მოგვიწოდებდნენ ანჯაყებისაკენ 1917 წლის აპრილში, როდესაც მენშევიკებსა და ესერებს ჯერ კიდევ სავსებით არ ემხილებინათ თავიანთი თავი, როგორც ომისა და იმპერიალიზმის მომხრეებს, როდესაც მასებს ჯერ კიდევ არ შეეცნოთ თავისი საკუთარი გამოცდილებით სიყალბე მენშევიკ ესერების სიტყვებისა ზავის. მიწის, თავისუფლების შესახებ. მასების გამოცდილება რომ არა კერენშჩინის პერიოდში, მენშევიკები და ესერები არ იქნებოდნენ იზოლირებულნი, და პროლეტარიატის დიქტატურა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ წვრილბურჟუაზიული პარტიების შეცდომათა მოთმინებით განმარტებისა და საბჭოების შიგნით აშკარა ბრძოლის ტაქტიკა ერთადერთი სწორი ტაქტიკა იყო. მემარცხენე კომუნისტების ტაქტიკის საფრთხე ის იყო, რომ იგი გვიქადდა პარტიის გადაქცევას პროლეტარული რევოლუციის ბელადიდან ფუქსავატ და უნიადაგო შეთქმულთა მცირერიცხოვან ჯგუფად. მეორე. ყოველ მოცემულ მომენტში პროცესების ჯაჭვის იმ განსაკუთრებული რგოლის მონახვა, რომლისთვის ხელის ჩაჭიდებითაც შესაძლებელი იქნება მთელი ჯაჭვის შენარჩუნება და პირობების მომზადება სტრატეგიული წარმატების მისაღწევად. საქმე ეხება იმას, რომ მთელ რიგ ამოცანათაგან, რომლებიც პარტიის წინაშე დგას, გამოვყოთ სწორედ ის მორიგი ამოცანა, რომლის გადაჭრაც ცენტრალურ პუნქტს წარმოადგენს და რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს დანარჩენ მორიგ ამოცანათა წარმატებით გადაჭრას. ამ დებულების მნიშვნელობა შეიძლებოდა ცხადგვეყო ორი მაგალითით, რომელთაგან ერთის აღება შეიძლებოდა შორეული წარსულიდან პარტიის შექმნის პერიოდი, ხოლო მეორისა ჩვენთვის ყველაზე უფრო აწყმო ახლოდან ახალი ეკონომიური პოლიტიკის პერიოდი. პარტიის შექმნის პერიოდში, როდესაც უამრავი წრეები და ორგანიზაციები ჯერ კიდევ არ იყვნენ ერთიმეორესთან დაკავშირებულნი, როდესაც კუსტალურობა და წრეობანა ღრღნიდა პარტიას თავიდან ბოლომდე, როდესაც იდეური დაქსაქსულობა პარტიის შინაგანი ცხოვრების ნიშანს წარმოადგენდა, ამ პერიოდში ძირითადი რგოლი და ძირითადი ამოცანა რგოლების ჯაჭვში და ამოცანების ჯაჭვში, რომლებიც იდგა მაშინ პარტიის წინაშე, აღმოჩნდა საერთო რუსული არალეგალური გაზეთის ისკრას დაარსება. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ საერთო რუსული არალეგალური გაზეთის საშუალებით შეიძლებოდა იმდროინდელ პირობებში პარტიის ხმაშეწყობილი ბირთვის შექმნა, რომელსაც უნარი ექნებოდა გაერთიანებინა უამრავი წრეები და ორგანიზაციები, მოემზადებინა იდეური და ტაქტიკური ერთიანობის პირობები და ამრიგად, საძირკველი ჩაეყარა ნამდვილი პარტიის შექმნისათვის. ომიდან სამეურნეო მშენებლობაზე გადასვლის პერიოდში. როდესაც მრეწველობა ძლივს ბოგინობდა ნგრევის ბრჭყალებში. ხოლო სოფლის მეურნეობა ქალაქის ნაწარმის ნაკლებობას განიცდიდა, როდესაც სახელმწიფო ინდუსტრიის კავშირი გლეხურ მეურნეობასთან გახდა სოციალისტური მშენებლობის წარმატების ძირითადი პირობა. ამ პერიოდში ძირითადი რგოლი პროცესების ჯაჭვში, ძირითადი ამოცანა სხვა ამოცანებს შორის აღმოჩნდა ვაჭრობის განვითარება. რატომ? იმიტომ, რომ ახალი ეკონომიური პოლიტიკის პირობებში ინდუსტრიის კავშირი გლეხურ მეურნეობასთან შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ვაჭრობის საშუალებით, იმიტომ, რომ წარმოება გასაღების გარეშე ახალი ეკონომიური პოლიტიკის პირობებში ინდუსტრიის სიკვდილს ნიშნავს, იმიტომ, რომ ინდუსტრიის გაფართოება შეიძლება მხოლოდ გასაღების გაფართოებით ვაჭრობის განვითარების გზით, იმიტომ, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამაგრდები ვაჭრობის დარგში, დაეუფლები ვაჭრობას, დაეუფლები ამ რგოლს, შეიძლება იქონიო იმედი დაუკავშირო ინდუსტრია გლეხურ ბაზარს და წარმატებით გადაჭრა სხვა მორიგი ამოცანები, რათა შექმნა პირობები სოციალისტური ეკონომიკის საძირკვლის ასაგებად. ასეთია მთავარი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტაქტიკური ხელმძღვანელობის სისწორეს.
6) რეფორმიზმი და რევოლუციონიზმი. რით განსხვავდება რევოლუციური ტაქტიკა რეფორმისტული ტაქტიკისაგან? ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლენინიზმი რეფორმების წინააღმდეგია, საერთოდ კომპრომისებისა და შეთანხმების წინააღმდეგია, ეს სრულიადაც არ არის სწორი. ბოლშევიკებმა სხვებზე ნაკლებად არ იციან, რომ განსაზღვრული აზრით «ყოველი მოცემული კეთილი არს», რომ განსაზღვრულ პირობებში რეფორმები საერთოდ, კომპრომისები და შეთანხმებები — კერძოდ აუცილებელი და სასარგებლოა.
«აწარმოებდე ომს», — ამბობს ლენინი, — საერთაშორისო ბურჟუაზიის დასამხობად, ომს, რომელიც ასჯერ უფრო ძნელი, ხანგრძლივი და რთულია ყველაზე შეუპოვარ ჩვეულებრივ ომთაგან სახელმწიფოთა შორის, და ამავე დროს წინასწარ ხელი აიღო მანევრირებაზე, მტრებს შორის ინტერესთა წინააღმდეგობის (თუნდაც დროებითი წინააღმდეგობის) გამოყენებაზე, შეთანხმებლობასა და კომპრომისებზე შესაძლებელ მოკავშირეებთან (თუნდაც დროებითს, არამტკიცე, მერყევ, პირობით მოკავშირეებთან), — განა ეს უსაზღვრო სასაცილო ამბავი არ არის? განა ეს იმას არ წააგავს, რომ ჯერ კიდევ გამოუკვლეველ და დღემდე მიუდგომელ მთაზე საძნელო ასვლის დროს წინასწარვე უარი ვთქვათ იმაზე, რომ ზოგჯერ მიხვეულ-მოხვეული გზით ვიაროთ, ზოგჯერ უკან დავბრუნდეთ, უარი ვთქვათ ერთხელ არჩეულ მიმართულებაზე და ვსინჯოთ სხვადასხვა მიმართულება?» (იხილეთ. ლენინის თხზულებათა ტომი 25, გვერდი 210).
საქმე, ცხადია, რეფორმები ან კოპრომისები და შეთანხმებები კი არაა, არამედ ის, თუ როგორ იყენებენ ადამიანები რეფორმებსა და შეთანხმებებს. რეფორმისტისათვის რეფორმა ყველაფერია, რევოლუციური მუშაობა კი — სასხვათაშორისო, სალაპარაკო და თვალისასახვევი რამ არის. ამიტომ რეფორმა რეფორმისტული ტაქტიკის დროს, ბურჟუაზიული ძალაუფლების არსებობის პირობებში, აუცილებლად იქცევა ამ ძალაუფლების განმტკიცების იარაღად, რევოლუციის გახრწნის იარაღად. რევოლუციონერისათვის კი, პირიქით, მთავარია რევოლუციური მუშაობა და არა რეფორმა, — რეფორმა მისთვის არის არაპირდაპირი პროდუქტი. ამიტომ რეფორმა რევოლუციის ტაქტიკის დროს, ბურჟუაზიული ძალაუფლების არსებობის პირობებში, ბუნებრივად იქცევა ამ ძალაუფლების გახრწნის იარაღად, რევოლუციის განმტკიცების იარაღად, რევოლუციური მოძრაობის შემდგომი განვითარების დასაყრდენ პუნქტად. რევოლუციონერი იღებს რეფორმას იმისათვის, რომ გამოიყენოს იგი, როგორც ხელჩასაჭიდი არალეგალურ მუშაობასთან ლეგალური მუშაობის შესახამებლად, იმისათვის, რომ გამოიყენოს იგი, როგორც საფარი არალეგალური მუშაობის გასაძლიერებლად, რათა რევოლუციურად მოამზადოს მასები ბურჟუაზიის დასამხობად. ესაა იმპერიალიზმის პირობებში რეფორმათა და შეთანხმებათა რევოლუციური გამოყენების დედაარსი. რეფორმისტი კი, პირიქით, იღებს რეფორმას იმისათვის, რომ ხელი აიღოს ყოველგვარ არალეგალურ მუშაობაზე, ხელი შეუშალოს რევოლუციისათვის მასების მომზადების საქმეს და ტკბილად განისვენოს «ნაბოძები» რეფორმის ჩრდილში. ესაა რეფორმისტული ტაქტიკის დედაარსი. ასე არის რეფორმათა და შეთანხმებათა საქმე იმპერიალიზმის პირობებში. მაგრამ საქმე რამდენადმე იცვლება იმპერიალიზმის დამხობის შემდეგ, პროლეტარიატის დიქტატურის დროს. გარკვეულ პირობებში, გარკვეულ ვითარებაში პროლეტარული ხელისუფლება შეიძლება იძულებული გახდეს არსებული წესების რევოლუციური გარდაქმნის გზიდან დროებით გადავიდეს მათი თანდათანობით გადაკეთების გზაზე, «რეფორმისტულ გზაზე», როგორც ამბობს ლენინი ცნობილ სტატიაში «ოქროს მნიშვნელობის შესახებ», შემოვლითი მოძრაობის გზაზე, რეფორმათა და არაპროლეტარული კლასებისადმი დათმობათა გზაზე, რათა გახრწნას ეს კლასები, მისცეს რევოლუციას შესვენების საშუალება, შემოიკრიბოს ძალები და მოამზადოს პირობები ახალი შეტევისათვის. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ეს გზა განსაზღვრული აზრით წარმოადგენს «რეფორმისტულ გზას». ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აქ გვაქვს ერთი ძირითადი თავისებურება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რეფორმა ამ შემთხვევაში პროლეტარული ხელისუფლებისაგან გამომდინარეობს, რომ ის ამაგრებს პროლეტარულ ხელისუფლებას, რომ აძლევს მას აუცილებელ შესვენებას, რომ იგი მოწოდებულია გახრწნას არა რევოლუცია, არამედ არაპროლეტარული კლასები. ამრიგად ასეთ პირობებში რეფორმა იქცევა თავის დაპირისპირებულობად. ასეთი პოლიტიკის გატარება პროლეტარული ხელისუფლების მხრით შესაძლებელი ხდება იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის გაქანება წინა პერიოდში საკმაოდ დიდი იყო, და, ამრიგად, თუ წინათ, ბურჟუაზიული ხელისუფლების დროს, რეფორმები იყო რევოლუციის არაპირდაპირი პროდუქტი, ახლა პროლეტარული დიქტატურის დროს, რეფორმების წყაროს წარმოადგენენ პროლეტარიატის რევოლუციური მონაპოვარნი, პროლეტარიატის ხელში დაგროვილი რეზერვი, რომელიც ამ მონაპოვართაგან შესდგება.
«რეფორმების დამოკიდებულება რევოლუციისადმი, — ამბობს ლენინი, — ზუსტად და სწორად განსაზღვრულია მხოლოდ მარქსიზმის მიერ, ამასთან მარქსს შეეძლო დაენახა ეს დამოკიდებულება ერთი მხრით, სახელდობრ: იმ ვითარებაში, რომელიც წინ უსწრებდა პროლეტარიატის პირველ, რამდენადმე მტკიცე, რამდენადმე ხანგრძლივ გამარჯვებას თუნდაც ერთ ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში მართებული დამოკიდებულების საფუძველი იყო რეფორმები არის პროლეტარიატის რევოლუციური კლასობრივი ბრძოლის არაპირდაპირი პროდუქტი... პროლეტარიატის გამარჯვების შემდეგ თუნდაც ერთ ქვეყანაში, რევოლუციისადმი რეფორმების დამოკიდებულებაში ჩნდება რაღაც ახალი. პრინციპულად საქმე იგივე რჩება, მაგრამ ფორმის მხრივ ჩნდება ცვლილება, რომლის გათვალისწინება მარქსს პირადად არ შეეძლო, მაგრამ რომლის შეცნობაც შესაძლებელია მხოლოდ მარქსიზმის ფილოსოფიისა და პოლიტიკის ნიადაგზე... გამარჯვების შემდეგ ისინი (ე. ი. სტ.) (რჩებიან რა საერთაშორისო მასშტაბით იმავე «არაპირდაპირ პროდუქტად») იმ ქვეყნისათვის, რომელშიც მიხწეულია გამარჯვება, გარდა ამისა, წარმოადგენენ აუცილებელ და კანონიერ შესვენებას იმ შემთხვევაში, როდესაც ძალები, მათი უაღრესად მაქსიმალური დაძაბვის შემდეგ, აშკარად არასაკმარისია ამა თუ იმ გადასვლის რევოლუციური შესრულებისათვის. გამარჯვება იძლევა ისეთს «ძალების მარაგს», რომ იძულებითი უკანდახევის დროსაც კი ჩვენ მოგვეპოვება ის, რაც თავს გაგვატანინებს, — თავს გაგვატანინებს მატერიალურადაც და მორალური მხრითაც» (იხილეთ. ვლადიმირ ლენინის ტომი 27, გვერდი 84 და 85).
ლენინურ გაწვევას, ვუძღვნი
იოსებ სტალინი