Предыдущая публикация
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ცხოვრებამ არაფერი შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა!...
დაე, იქუხოს და გაავდარდეს
ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან,
დიდი სიძულვილი არ მადარდებს,
მცირე სიყვარულმა შემაშფოთა!...
სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო,
ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა...
იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს,
ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა!...
ლურჯი ბილიკები დამკარგვია,
დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი,
მახვილის სიმრავლე რას გარგია, -
მკლავი, მომქნეველი, აღარ არი!...
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა!
/მანანა ჩიტიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев