( 2 )
ნინის დედა ავტოკატასტროფაში დაღუპულა, მამა კი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუგზავნიათ, ბავშვი მაშინ ერთი წლისაც არ ყოფილა. გოგონას გაზრდა მამიდას აუღია თავზე, მაგრამ მისმა ქმარმა სამი საკუთარი შვილის და ცოლის ძმის შვილის მოვლა-პატრონობა ვერ შეძლო და უარი თქვა რამდენიმე ხნის შემდეგ, ცოლს არ გაუვიდა არაფერი ქმართან და იძულებული გახდა ძმისთვის ეთქვა, სწორედ ნინის მამის ნებართვით აქ მოიყვანეს დროებით. მამიდა აკითხავდა ხოლმე, ნახულობდა და რამდენი ხანია აღარც ის გამოჩენილა. ბავშვი მალე მიგვეჩვია, ძალიან თბილი და დამყოლი გოგონაა, როგორ შეიძლება, რომ მას გვერდი ისე აუარო, არ მოეფერო, მაგრამ ახლა შენ მოგეკედლა რატომღაც, ალბათ ახალგაზრდა რომ ხარ, ან დედის რაღაც იგრძნო. რაც შეეხება მის მამას, არაფერი ვიცით, ჯერ არ გამოჩენილა, ვინ იცის იქნებ ცოლიც კი შეირთოს და დარჩეს იქ, შემდეგ შვილები გაუჩნდება და ნინი ვიღას გაახსენდება?!
ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, თაია უფრო ჩაფიქრიანდა, უფრო მოიღრუბლა, თვალებში მოციმციმე სხივები ჩაუქრა, ბავშვებს ისე ჩააცვეს და დააბანინეს ხელ-პირის, არ გაუცინია. საუზმის შემდეგ პატარები სათამაშო ოთახში შეიყვანეს და ცვლაც მოვიდა. ყველა წესის და კანონის მიხედვით გადააბარეს მორიგეობა კოლეგებს და სახლებში წავიდნენ.
თაია სახლშიც უგუნებოდ დაბრუნდა, ასევე უხალისოდ ისაუზმა, დაღლილობა მოიმიზეზა და საძინებელში შევიდა. წამოწვა, მაგრამ გაფართოებული თვალებით ჭერს და კედლებს უყურებდა დაფიქრებული, თითქოს შველას, რჩევას მათგან ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ჯიუტად დუმდნენ. თვალწინ პატარა, ოქროსფერ კულულებიანი გოგონა ედგა, რომელსაც დედის სითბო ენატრებოდა. როცა ფანჯრიდან ბინდი შემოიპარა, მაშინ მიხვდა რა დიდი დრო გასულიყო და დედა შეეცოდა, უყრადღებოდ დატოვებული. ფეხზე წამოდგა , თმა გადაივარცხნა და დედასთან გავიდა, რომელიც სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა. დედას ჩუმად მიეპარა ზურგიდან და ხელები მოხვია, თავი თავზე დაადო და მიეხუტა, მან საპასუხოდ შვილის ხელები გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო. მოფერებით რომ იჯერა გული გოგონამ ჰკითხა:--დედი, ჩაი არ დავლიოთ?
-- შენ გელოდებოდი, როგორც იტყვი- მიუგო დედამ და ფეხზე ადგა სამზარეულოში გასასვლელად.
--შენ არა, დაისვენე, მე გავამზადებ...
მართლაც, თაია უკან მალე დაბრუნდა და მაგიდაზე ორი ფინჯანი ჩაი დადგა, შემდეგ კვლავ სამზარეულოში გავიდა და პური, ყველი, კარაქი და ალუბლის მურაბა შეიტანა. ორივე დედაშვილს ძალიან უყვარდათ მურაბიანი ჩაი. დასხდნენ და მიირთვეს. გოგონამ ისევ საძინებელ ოთახში მოისურვა გასვლა, დედას ბოდიში მოუხადა და დაწვა...დაწვა, მაგრამ ისევ ვერ იძინებდა, ფიქრობდა და ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ისეთი, რომ ნინის თვალებზე ცრემლი არასოდეს ჰქონოდა...გამთენიას თითქოს გონება გაეხსნა, თვალები გაუნათდა და დაბალი ხმით წამოიძახა:--მე ვიშვილებ, შვილად ავიყვან და გავზრდი...ამაზე მეტ სიკეთეს რას გავაკეთებ,ნეტავ? ცოტა ხანში დამშვიდდა, მთელი ღამის ნაბრძოლს ფიქრებთან უცებ ჩაეძინა. რადგან მეორე დღეს არ მუშაობდა, დედამაც არ გააღვიძა და ლამის შუადღემდე ეძინა.თანაც მიხვდა, რომ მის ერთად რაღაც აწუხებდა, ვერც შეეკითხა, რადგან ისიც იცოდა, რომ მაინც არაფერს ეტყოდა. ასე იცოდა თაიამ, როცა რამე აწუხებდა, დედას უმალავდა, არ უნდოდა ენერვიულა, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ შვილის თვალებში დედა ბევრ რამეს ხედავდა და უფრო ინერვიულებდა.
რომ გაიღვიძა, თავი უკეთ იგრძნო, შიშველი ფეხები ქოშებში წაადგა და სააბაზანოში შევიდა, იქედან უფრო დამშვიდებული გამოვიდა, მაგრამ სარკეში, თმას რომ იშრობდა, თვალები მაინც ესხვაფერა, სიცელქე აღარ მოსჩანდა, დადინჯებულიყო თითქოს ერთ დღეში და ერთ ღამეში. აწი ის უნდა ეფიქრა, როგორ და რანაირად მოეხერხებინა. უცებ, თავისი მეგობრის, მაიკოს ძმა გაახსენდა, რომელიც იურიდიული განათლებით იყო და მათი რაიონის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა. გაეხარდა, რომ სავარაუდო გზა მოძებნა...:--წავალ და გურამს ვნახავ, მას ეცოდინება რა არის საჭირო ბავშვის შვილად აყვანისთვის, რა პროცესია გასავლელი.
ისაუზმა თუ არა, დედას შუბლზე აკოცა--მადლობა დედიკო, ასეთი კარგი რომ მყავხარ. მე ახლა მაღაზიებისკენ გავივლი, იქნებ თბილი მოსაცმელი ვნახო და მალე დავბრუნდები, შენ არ მოიწყინო, კარგი?--ჰკითხა და მერე ლოყაზე აკოცა.
--კარგი, შვილო. არ დაიგვიანო, ხილი იყიდე ღამე და წამოიღე, აღარაფერი გვაქვს სახლში-უთხრა დედამ და სახლიდან გასულს პირჯვარი გადასახა, გზა დაულოცა ერთადერთ ქალიშვილს.
თაიამ მტკიცედ გადაწყვიტა ბავშვზე მეურვეობის აღება მაინც, თუნდაც დედის დახმარება ყოფილიყო საჭირო.
მალე მივიდა დანიშნულების ადგილზე, გურამი სამსახურში დაუხვდა. მას ძალიან გაუკვირდა თაიას დანახვა და მაშინვე მის გვერდით გაჩნდა:--აქ რა გინდა, თაია, მოხდა რამე?
--ჯერ მომესალმე, გურამ...
დილა მშვიდობისა. არა, მშვიდობაა, უბრალოდ რაღაც მაინტერესებს და ვიფიქრე, შენზე უკეთესად ვერავინ გაიმარჯვებდა, ამიტომ მოვედი, მაიკოსთვისაც კი არ მითქვამს, მე და შენ ვიცოდეთ, რა...ხომ არ იტყვი სახლში?--დიდრონი თვალები უცნაურად შეანათა გურამს.
--შენ რაღაც დამაინტრიგე, რაშია საქმე? მართლა მშვიდობა გაქვს?--ჰკითხა და კაბინეტში შეიპატიჟა.
თაია მაგიდას თავისუფლად მიუჯდა, გურამსაც ხელით ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო და უთხრა:--გურამ, ისეთი რამ ამეკვიატა და ისე, რომ ვერ ვიშორებ გონებიდან. უნდა დამეხმარო!
-- რა იყო, რა ხდება, შენ და ასეთი საუბარი? ნელიკო დეიდა ხომ კარგადაა?--ცნობისმოყვარეობა დაეტყო სახეზე გურამს.
--კი, კარგადაა...მოდი, პირდაპირ გეტყვი, უდედმამო ბავშვთა სახლიდან ერთი პატარა გოგონა უნდა ვიშვილო, ან რაღაც მაგგვარი...მაგრამ როგორ, ეგ არ ვიცი....
--ჯერვკარგად ამიხსენი, ვინ ბავშვი და რატომ, შემდეგ მომთხოვე დახმარება--არ დაუთმო გურამმა
თაიამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ისევ შეანათა მას თავისი დიდი შავი თვალები პასუხის მოლოდინში.
გურამსაც შეეცოდა გოგონა, მოუწონა კიდეც საქციელი, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებლად ჩათვალა მისი განხორციელება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბავშვს მამა ჰყავდა, მეორეც იმიტომ, რომ თაია გათხოვილი არ იყო და ოჯახი არ ჰქონდა...ერთადერთი ვარიანტი იყო თაიას დედა, მაგრამ ისიც პენსიონერი და დიდი ალბათობით არც ეგ საქმე ჩანდა პერსპექტიული.
მოკლედ, ან თაია უნდა გათხოვილიყო ან ბავშვის მამას უნდა დაეთმო შვილი...ეს ორივე ისეთ დიდ წინააღმდეგობას წარმოადგენდა, რომ მის დადებითად გადაჭრას სასწაული თუ შესძლებდა.
,,ეთო" აგვისტო. 2024.
გაგრძელება იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1