სევდისგან გამშრალს ცრემლი მაინც თავისით მცვივა,
გზას ხსნისას უკვე ვერსად ვხედავ,
ვერც წინსვლის წადილს,
ბევრი მაქვს დარდი, არ წაშლილი ხალისიც მტკივა
და ნირწამხდარი მდუმარებით დღეს ვითვლი გაყრილს.
გამუქდა ზეცა, ჭექა-ქუხილს გრიალი გააქვს,
მორგებულია განწყობაზე, შუბლს იკრავს ღამე,
ამ თავსხმა წვიმას ჩემი ცრემლიც
თქრიალით დააქვს,
გულმკერდზე მჭიდროდ ეჭიდება წუხილის გამებს.
წინ მიდის დრო და საათები მიმატებს სევდას,
წვიმის ხმაურში იკარგება კივილი სულის,
რაც ბავშვობიდან განუწყვეტლივ გზიდანვე მდევდა,
სწორედ ისეთად კვლავ შემომრჩა, ტკივილი გულის.
თვალის მომჭრელად იკლაკნება ზეცაზე ელვა,
ტანში მცრის...მცივა...ცრემლის წვეთებს ვერ ვიტევ თვალთან,
წუხილი მძიმედ მეტმასნება მთელ კანზე, ვღელავ
და წვიმის თქეში მაღალი ხმით დღეს იწვევს კართან.
ცის სიფერმკრთალემ მკვეთრი დაღი დაასვა ღამეს,
ვერც ნაღვლიან თვალს გაუნათა სილაღე სხივმა,
ვერც ალიონი წაეშველა, დაარქვა რამე,
პირიქით დარდი განუახლა სინათლემ ცივმა .
ვნებდები ბრძოლას, აწი უკვე არაფერს ველი,
გზის სავალ ნაწილს ნაცრისფერი ღრუბლები ფარავს,
მომავალ დღეზე ვეღარ ვფიქრობ, რადგან დღეს ძნელი,
დილა თენდება და გარს დარდის ფურცლები მაკრავს.
,,ეთო" . ივნისი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев