«ლენინიზმის საკითხები»
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები»
მეთერთმეტე გამოცემა
ოქტომბრის რევოლუცია და რუსი კომუნისტების ტაქტიკა
წინასიტყვაობა წიგნისა «ოქტომბრის გზებზე»
ოქტომბრის რევოლუციის ორი თავისებურების შესახებ, ანუ ოქტომბერი და ტროცკის «პერმანენტული» რევოლუციის თეორია
II მეორე თავი
გვერდი 98 და 112
არსებობს ოქტომბრის რევოლუციის ორი თავისებურება, რომელთა გარკვევა აუცილებელია უწინარეს ყოვლისა იმისათვის, რომ გავიგოთ ამ რევოლუციის შინაგანი აზრი და ისტორიული მნიშვნელობა.
რა თავისებურებანია ეს?
ეს არის, ჯერ-ერთი, ის ფაქტი, რომ პროლეტარიატის დიქტატურა წარმოიშვა ჩვენში, როგორც ძალაუფლება, აღმოცენებული პროლეტარიატისა და გლეხობის მშრომელი მასების კავშირის საფუძველზე, ამასთან ამ უკანასკნელთ ხელმძღვანელობას უწევდა პროლეტარიატი. მეორეც ეს არის ის ფაქტი, რომ პროლეტარიატის დიქტატურა განმტკიცდა ჩვენში, როგორც შედეგი სოციალიზმის გამარჯვებისა ერთ, კაპიტალისტურად ნაკლებ განვითარებულ, ქვეყანაში, როდესაც კაპიტალისტურად უფრო განვითარებულ, სხვა ქვეყნებში კაპიტალიზმი კვლავ რჩება. ეს, რა თქმა უნდა, იმას როდი ნიშნავს, თითქოს ოქტომბრის რევოლუციას სხვა თავისებურებანი არ ჰქონდეს. მაგრამ ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ეს ორი თავისებურება არა მარტო იმიტომ, რომ ისინი მკაფიოდ გამოხატავენ ოქტომბრის რევოლუციის დედაარსს, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ჩინებულად ააშკარავებენ «პერმანეტული რევოლუციის» თეორიის ოპორტუნისტულ ბუნებას.
განვიხილოთ მოკლედ ეს თავისებურებანი.
ქალაქისა და სოფლის წვრილი ბურჟუაზიის მშრომელი მასების საკითხი, პროლეტარიატის მხარეზე ამ მასების გადმობირების საკითხი პროლეტარული რევოლუციის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვის დაუჭერს მხარს ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ქალაქისა და სოფლის მშრომელი ხალხი — ბურჟუაზიას თუ პროლეტარიატს, ვისი რეზერვი იქნება ის, ბურჟუაზიის რეზერვი თუ პროლეტარიატის რეზერვი, — ამაზეა დამოკიდებული რევოლუციის ბედი და პროლეტარიატის დიქტატურის სიმტკიცე. 1848 და 1871 წლების რევოლუციები საფრანგეთში დაიღუპნენ, უმთავრესად, იმიტომ, რომ გლეხთა რეზერვები ბურჟუაზიის მხარეზე აღმოჩდნენ. ოქტომბრის რევოლუცია გაიმარჯვა იმიტომ, რომ მან შესძლო წაერთმია ბურჟუაზიისათვის მისი გლეხთა რეზერვები, მან შესძლო ამ რეზერვების გადაყვანა პროლეტარიატის მხარეზე, და პროლეტარიატი ამ რევოლუციაში აღმოჩნდა ქალაქისა და სოფლის მშრომელი ხალხის მრავალმილიონიანი მასების ერთადერთი ხელმძღვანელი ძალა. ვისაც ეს ვერ გაუგია, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს ვერც ოქტომბრის რევოლუციის ხასიათს, ვერც პროლეტარიატის დიქტატურის ბუნებას, ვერც ჩვენი პროლეტარული ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის თავისებურებას. პროლეტარიატის დიქტატურა არ არის უბრალო მმართველი ზედაფენა, «გამოცდილი სტრატეგის» მზრუნველი ხელით «მოხერხებულად» «შერჩეული» და მოსახლეობის ამა თუ იმ ფენაზე «გონივრულად დაყრდნობილი». პროლეტარიატის დიქტატურა არის პროლეტარიატისა და გლეხობის მშრომელი მასების კლასობრივი კავშირი კაპიტალის დასამხობად, სოციალიზმის საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, იმ პირობით, რომ ამ კავშირის ხელმძღვანელ ძალას წარმოადგენს პროლეტარიატი. ამრიგად, აქ ლაპარაკია არა იმაზე, რომ «ცოტათი» ვერ შეაფასო ან «ცოტათი» გადაჭარბებით შეაფასო გლეხთა მოძრაობის რევოლუციური შესაძლებლობანი, როგორც უყვარს ახლა ლაპარაკი «პერმანენტული რევოლუციის» ზოგიერთ დიპლომატიურ დამცველს. ლაპარაკია ოქტომბრის რევოლუციის შედეგად შექმნილი ახალი პროლეტარული სახელმწიფოს ბუნებაზე. ლაპარაკია პროლეტარული ძალაუფლების ხასიათზე, თვით პროლეტარიატის დიქტატურის საფუძვლებზე.
«პროლეტარიატის დიქტატურა, — ამბობს ლენინი, — არის განსაკუთრებული ფორმა კლასობრივი კავშირისა პროლეტარიატისა — მშრომელთა ავანგარდსა — და მშრომელთა მრავალრიცხოვან არაპროლეტარულ ფენებს (წვრილი ბურჟუაზია, წვრილი მეპატრონენი, გლეხობა, ინტელიგენცია და სხვა.), ან მათს უმრავლესობას შორის, კავშირისა კაპიტალის წინააღმდეგ, კავშირისა კაპიტალის სრული დამხობის, ბურჟუაზიის წინააღმდეგობისა და მის მხრივ რესტავრაციის ცდების სრული დათრგუნვის მიზნით, კავშირისა სოციალიზმის საბოლოო შექმნის და განმტკიცების მიზნით» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 24 გვერდი 311).
და შემდეგ:
«პროლეტარიატის დიქტატურა, თუ ამ ლათინურ, მეცნიერულ, ისტორიულ-ფილოსოფიურ სიტყვებს უფრო უბრალო ენით გამოვთქვამთ, აი რას ნიშნავს: მხოლოდ გარკვეულ კლასს, სახელდობრ ქალაქისა და საერთოდ ფაბრიკა-ქარხნების, სამრეწველო მუშებს, შეუძლიათ ხელმძღვანელბა გაუწიონ მშრომელთა და ექსპლოატირებულთა მთელ მასას კაპიტალის ბატონობის დამხობისათვის ბრძოლაში, თვით დამხობის მსვლელობაში, გამარჯვების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის ბრძოლაში, ახალი, სოციალისტური, საზოგადოებრივი წყობილების შექმნის საქმეში, მთელ ბრძოლაში კლასთა სრული მოსპობისათვის» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 24 გვერდი 336).
ასეთია პროლეტარიატის დიქტატურის თეორია, რომელიც ლენინმა მოგვცა. ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთ თავისებურებას შეადგენს ის, რომ ეს რევოლუცია არის პროლეტარიატის დიქტატურის ლენინური თეორიის კლასიკური განხორციელება. ზოგიერთ ამხანაგს ჰგონია, რომ ეს თეორია წმინდა «რუსული» თეორიაა, შეფარდებული მხოლოდ რუსეთის სინამდვილესთან. ეს არ არის სწორი. ეს სრულიადაც არ არის სწორი. როდესაც ლენინი ლაპარაკობს არაპროლეტარული კლასების მშრომელ მასებზე, რომელთაც პროლეტარიატი ხელმძღვანელობს, მას მხედველობაში ჰყავს არა მარტო რუსი გლეხები, არამედ საბჭოთა კავშირის იმ განაპირა მხარეების მშრომელი ელემენტებიც. რომლებიც სულ ცოტა ხნის წინათ რუსეთის კოლონიებს წარმოადგენდნენ. ლენინი მუდამ ამტკიცებდა, რომ ამ სხვა ეროვნებათა მასებთან შეუკავშირებლად რუსეთის პროლეტარიატი ვერ გაიმარჯვებსო. თავის სტატიებში ნაციონალურ საკითხზე და კომინტერნის კონგრესებზე წარმოთქმულ სიტყვებში ლენინს არა ერთხელ უთქვამს, რომ მსოფლიო რევოლუციის გამარჯვება შეუძლებელია მოწინავე ქვეყნების პროლეტარიატისა და დამონებული კოლონიების ჩაგრულ ხალხთა რევოლუციური კავშირის გარეშე, რევოლუციური ბლოკის გარეშე. მაგრამ რა არის კოლონიები, თუ არა, იგივე ჩაგრული მშრომელი მასები? ვინ არ იცის, რომ კოლონიების განთავისუფლების საკითხი არსებითად წარმოადგენს ფინანსური კაპიტალის უღლისა და ექსპლოატაციისაგან არაპროლეტარულ კლასთა მშრომელი მასების განთავისუფლების საკითხს? მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ პროლეტარიატის დიქტატურის ლენინური თეორია არის არა წმინდა «რუსული» თეორია, არამედ ყველა ქვეყნისათვის სავალდებულო თეორია. ბოლშევიზმი მარტო რუსული მოვლენა როდია. «ბოლშევიზმი», — ამბობს ლენინი, — არის «ტაქტიკის ნიმუში ყველასათვის» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 23 გვერდი 386). ასეთია ოქტომბრის რევოლუციის პირველი თავისებურების დამახასიათებელი ნიშნები. რას წარმოადგენს ტროცკის «პერმანენტული რევოლუციის» თეორია ოქტომბრის რევოლუციის ამ თავისებურების თვალსაზრისით? არ გავაგრძელებ სიტყვას ტროცკის პოზიციის შესახებ 1905 წელს, როცა მას «პირდაპირ» დაავიწყდა გლეხობა, როგორც რევოლუციური ძალა, და წამოაყენა ლოზუნგი: «უმეფოდ, ხოლო მთავრობა მუშური», ე. ი. ლოზუნგი: რევოლუცია უგლეხებოდ. რადეკიც კი, «პერმანენტული რევოლუციის» ეს დიპლომატიური დამცველი, ახლა იძულებულია აღიაროს, რომ «პერმანენტული რევოლუცია» 1905 წელს მოასწავებდა სინამდვილიდან «ნახტომს» ჰაერში». ახლა, როგორ ჩანს, ყველა აღიარებს, რომ აღარ ღირს, ამ «ჰაერში ნახტომის» გამო თავის მტვრევა. არ გავაგრძელებთ სიტყვას აგრეთვე ტროცკის პოზიციის შესახებ ომის პერიოდში, ვთქვათ, 1915 წელს, როდესაც ის თავის სტატიაში «ბრძოლა ძალაუფლებისათვის», გამოდიოდა რა იქიდან, რომ «ჩვენ ვცხოვრობთ იმპერიალიზმის ხანაში», რომ იმპერიალიზმი «ბურჟუაზიულ ერს კი არ უპირისპირებს ძველ რეჟიმს, არამედ პროლეტარიატს უპირისპირებს ბურჟუაზიულ ერსო», იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გლეხობის რევოლუციური როლი უნდა კლებულობდეს, რომ მიწის კონსფიკაციის ლოზუნგს რომ უკვე არა აქვს ის მნიშვნელობა, როგორიც მას წინათ ჰქონდა. ცნობილია, რომ ლენინი, როდესაც ტროცკის ამ სტატიას არჩევდა, ბრალს სდებდა მას მაშინ «გლეხობის როლის» «უარყოფაში» და ამბობდა რომ «ტროცკი საქმით ეხმარება რუსეთის მუშათა ლიბერალურ პოლიტიკოსებს, რომელთაც გლეხობის როლის «უარყოფა» ესმით როგორც სურვილის უქონლობა, რომ რევოლუციისათვის აამხედრონ გლეხები!» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 18, გვერდი 318).
უმჯობესია გადავიდეთ ტროცკის უფრო გვიანდელ ნაშრომებზე ამ საკითხის შესახებ, იმ პერიოდის ნაშრომებზე, როდესაც პროლეტარულმა დიქტატურამ უკვე მოასწრო განმტკიცება და როდესაც ტროცკის შესაძლებლობა ჰქონდა საქმით შეემოწმებინა თავისი «პერმანენტული რევოლუციის» თეორია და გამოესწორებინა თავისი შეცდომები. ავიღოთ ტროცკის მიერ 1922 წელს დაწერილი «წინასიტყვაობა» წიგნისა «1905 წელი». აი რას ამბობს ტროცკი ამ წინასიტყვაობაში» «პერმანენტული რევოლუციის» შესახებ:
«სწორედ 1905 წლის 9 იანვრიდან ამავე წლის ოქტომბრის გაფიცვამდე განვლილ პერიოდში შეუმუშავდა ავტორს ის შეხედულებანი რუსეთის რევოლუციური განვითარების ხასიათის შესახებ, რომლებმაც მიიღეს «პერმანენტული რევოლუციის» თეორიის სახელწოდება. ეს ახირებული სახელწოდება გამოხატავდა იმ აზრს, რომ რუსეთის რევოლუცია, რომლის წინაშე უშუალოდ ბურჟუაზიული მიზნები დგას, მაინც ვერ შესძლებს მათზე შეჩერებას. რევოლუცია ვერ გადაჭრის თავის უახლოეს ბურჟუაზიულ ამოცანებს, თუ მან ხელისუფლების სათავეში არ დააყენა პროლეტარიატი. ეს უკანასკნელი კი, როდესაც იგი ძალაუფლებას იღებს ხელში, ვერ შემოიზღუდავს თავს რევოლუციის ბურჟუაზიული ჩარჩოებით. პირიქით, სწორედ თავისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად პროლეტარულ ავანგარდს თავისი ბატონობის პირველ ხანებშივე მოუხდება უაღრესად შეიჭრას არა მარტო ფეოდალურ, არამედ ბურჟუაზიულ საკუთრებაშიც. ამასთან მას მოუხდება მტრული შეტაკებანი არა მარტო ბურჟუაზიის ყველა დაჯგუფებასთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას რევოლუციურ ბრძოლის პირველ ხანებში, არამედ გლეხობის ფართო მასებთანაც, რომელთა დახმარებითაც მან დაიპყრო ძალაუფლება. მუშური მთავრობის მდგომარეობის წინააღმდეგობანი ჩამორჩენილ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას გლეხობა შეადგენს, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბით, პროლეტარიატის მსოფლიო რევოლუციის ასპარეზზე» 1.
ასე ლაპარაკობს ტროცკი თავისი «პერმანენტული რევოლუციის» შესახებ. საკმაოა შევადაროთ ეს ციტატა ლენინის თხუზულებებიდან ზემომოყვანილ ციტატებს პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ, რომ დავინახოთ მთელი ის უფსკრული, რომელიც არსებობს პროლეტარიატის დიქტატურის ლენინურ თეორიასა და ტროცკის «პერმანენტული რევოლუციის» თეორიას შორის. ლენინი ლაპარაკობს პროლეტარიატისა და გლეხობის მშრომელი ფენების კავშირზე, როგორც პროლეტარიატის დიქტატურის საფუძველზე. ტროცკის აზრით კი გამოდის, რომ «პროლეტარულ ავანგარდს» მოუხდება «მტრული შეტაკებანი» «გლეხობის ფართო მასებთან». ლენინი ლაპარაკობს მშრომელი და ექსპლოატირებული მასების ხელმძღვანელობაზე პროლეტარიატის მხრით. ტროცკის აზრით კი გამოდის «მუშური მთავრობის მდგომარეობის წინააღმდეგობანი ჩამორჩენილ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას გლეხობა შეადგენს». ლენინის მიხედვით რევოლუცია თავის ძალებს იღებს უწინარეს ყოვლისა თვით რუსეთის მუშათა და გლეხთა შორის. ტროცკის აზრით კი გამოდის რომ საჭირო ძალები შეიძლება მივიღოთ მხოლოდ «პროლეტარიატის მსოფლიო რევოლუციის ასპარეზზე». როგორღა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, საერთაშორისო რევოლუციას რომ შეუგვიანდეს? არის თუ არა რაიმე ნათელი წერტილი ჩვენი რევოლუციისათვის? ტროცკი არავითარ ნათელ წერტილს არ იძლევა, ვინაიდან «მუშური მთავრობის მდგომარეობის წინააღმდეგობანი... შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ... პროლეტარიატის მსოფლიო რევოლუციის ასპარეზზე» ამ გეგმის მიხედვით ჩვენი რევოლუციისათვის რჩება მხოლოდ ერთი პერსპექტივა: ვაივაგლახობდეს თავის საკუთარ წინააღმდეგობათა რკალში და ზეზეურად ლპებოდეს მსოფლიო რევოლუციის მოლოდინში. რა არის პროლეტარიატის დიქტატურა ლენინის გაგებით? პროლეტარიატის დიქტატურა არის ძალაუფლება, რომელიც ემყარება პროლეტარიატისა და გლეხობის მშრომელი მასების კავშირს «კაპიტალის სრული დამხობის», «სოციალიზმის საბოლოოდ შექმნისა და განმტკიცების მიზნით. რა არის პროლეტარიატის დიქტატურა ტროცკის გაგებით? პროლეტარიატის დიქტატურა არის ძალაუფლება, რომელსაც უხდება «მტრული შეტაკებანი» «გლეხობის ფართო მასებთან» და რომელიც «წინააღმდეგობათა» გადაჭრას ეძებს მხოლოდ «პროლეტარიატის მსოფლიო რევოლუციის ასპარეზზე». რით განსხვავდება ეს «პერმანენტული რევოლუციის თეორია» მენშევიზმის ცნობილი თეორიისაგან, რომელიც უარყოფს პროლეტარიატის დიქტატურის იდეას? არსებითად — არაფრით. დაეჭვება შეუძლებელია. «პერმანენტული რევოლუცია» არ არის გლეხთა მოძრაობის რევოლუციური შესაძლებლობათა უბრალო შეუფასებლობა. «პერმანენტული რევოლუცია» არის გლეხთა მოძრაობის ისეთი შეუფასებლობა, რომელსაც შედეგად მოსდევს პროლეტარიატის დიქტატურის ლენინური თეორიის უარყოფა. ტროცკის «პერმანენტული რევოლუცია» მენშევიზმის სახესხვაობაა. ასეა ოქტომბრის რევოლუციის პირველი თავისებურების საქმე. რანაირია ოქტომბრის რევოლუციის მეორე თავისებურების დამახასიათებელი ნიშნები? იმპერიალიზმის შესწავლის დროს, განსაკუთრებით ომის პერიოდში, ლენინი მივიდა კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიური და პოლიტიკური განვითარების უთანაბრობის, ნახტომობრიობის კანონამდე. ამ კანონის აზრის მიხედვით, საწარმოების, ტრესტების, მრეწველობის დარგებისა და ცალკეული ქვეყნების განვითარება ხდება უთანაბროდ, არა დაწესებული რიგის მიხედვით, არა ისე რომ ერთი ტრესტი, მრეწველობის ერთი დარგი ან ერთი ქვეყანა მუდამ წინ მიდიოდეს, ხოლო სხვა ტრესტები ან ქვეყნები უკან რჩებოდნენ თანმიმდევრულად ერთიმეორეს, — არამედ ეს განვითარება ხდება ნახტომისებურად, შეწყვეტებით ერთი რიგი ქვეყნების განვითარებაში და წინსვლის ნახტომებით მეორე რიგი ქვეყნების განვითარებაში. ამასთან ერთად, ჩამორჩენილი ქვეყნების «სრულიად კანონიერი» მისწრაფება — შეინარჩუნონ ძველი პოზიციები, და წინგადამხტარი ქვეყნების ასევე «კანონიერი» მისწრაფება — დაიპყრონ ახალი პოზიციები, იწვევს იმას, რომ იმპერიალისტურ ქვეყნებს შორის სამხედრო შეტაკებანი გარდუვალ აუცილებლობას წარმოადგენენ. ასე მოხდა, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ნახევარი საუკუნის წინათ, საფრანგეთსა და ინგლისთან შედარებით, ჩამორჩენილი ქვეყანა იყო. იგივე უნდა ითქვას იაპონიაზედაც რუსეთთან შედარებით. მაგრამ ცნობილია, რომ უკვე XX მეოცე საუკუნის დამდეგს გერმანია და იაპონია ისე შორს გადახტნენ, რომ პირველმა გაუსწრო საფრანგეთს და დაიწყო ინგლისის შევიწროება მსოფლიო ბაზარზე, მეორე კი გაუსწრო რუსეთს. სწორედ ამ წინააღმდეგობათაგან წარმოიშვა, როგორც ვიცით, ახლანდელი იმპერიალისტური ომი.
ეს კანონი გამოდის იქიდან, რომ:
1) «კაპიტალიზმი გადაიზარდა ერთი მუჭა «მოწინავე» ქვეყნების მიერ დედამიწის მოსახლეობის გიგანტური უმრავლესობის კოლონიური ჩაგვრისა და ფინანსური ჩახშობის მსოფლიო სისტემად» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა ნაშრომი «იმპერიალიზმის» ფრანგული გამოცემის წინასიტყვაობა, ტომი 19, გვერდი 74).
2) «ამ «ნადავლის» გაყოფა ხდება მსოფლიოს ორ-სამ უძლიერეს, თვით-ფეხამდე შეიარაღებულ მტაცებელ შორის (ამერიკა, ინგლისი, იაპონია), რომლებიც თავიანთ ომში თავიანთი ნადავლის გასაყოფად მთელ ქვეყნიერებას ითრევენ» (იხილეთ იქვე ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემის ნაშრომში ტომი 19 გვერდი 74).
3) წინააღმდეგობათა ზრდა ფინანსური ჩაგვრის მსოფლიო სისტემის შიგნით და სამხედრო შეტაკებათა გარდუვალობა იწვევს იმას, რომ იმპერიალიზმის მსოფლიო ფრონტი რევოლუციის მხრით ადვილად დასაზიანებელი ხდება, ხოლო ამ ფრონტის გარღვევა ცალკეული ქვეყნების მხრით — შესაძლებელი ხდება.
4) ეს გარღვევა უფრო შესაძლოა მოხდეს უფრო იმ პუნქტებში და იმ ქვეყნებში, სადაც იმპერიალისტური ფრონტის ჯაჭვი უფრო სუსტია, ე. ი. სადაც იმპერიალიზმი ყველაზე უფრო ნაკლებ არის შეჭურვილი, ხოლო რევოლუციის გაშლა ყველაზე უფრო ადვილია.
5) ამის გამო სოციალიზმის გამარჯვება ერთ ქვეყანაში, თუნდაც ეს ქვეყანა კაპიტალისტურად ნაკლებ განვითარებული იყოს, სხვა ქვეყნებში კაპიტალიზმის შენარჩუნების დროს, თუნდაც ეს ქვეყნები კაპიტალისტურად უფრო განვითარებული იყვნენ, — სავსებით შესაძლებელი და მოსალოდნელია.
ასეთია მოკლედ პროლეტარული რევოლუციის ლენინური თეორიის საფუძვლები.
რაში მდგომარეობს ოქტომბრის რევოლუციის მეორე თავისებურება?
ოქტომბრის რევოლუციის მეორე თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს რევოლუცია წარმოადგენს პროლეტარული რევოლუციის ლენინური თეორიის პრაქტიკულად გამოყენების ნიმუშს. ვისაც ვერ გაუგია ოქტომბრის რევოლუციის ეს თავისებურება, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს ამ რევოლუციის ვერც ინტერნაციონალურ ბუნებას, ვერც მის კოლოსალურ საერთაშორისო ძლიერებას, ვერც მის თავისებურ საგარეო პოლიტიკას.
«ეკონომიური და პოლიტიკური განვითარების უთანაბრობა, — ამბობს ლენინი, — კაპიტალიზმის უცილობელი კანონია. აქედან გამომდინარეობს, რომ სოციალიზმის გამარჯვება თავდაპირველად შესაძლებელია რამდენიმე ანდა თუნდაც ერთ, ცალკე აღებულ, კაპიტალისტურ ქვეყანაში. ამ ქვეყნის გამარჯვებული პროლეტარიატი, კაპიტალისტების ექსპროპრიაციისა და თავის ქვეყანაში სოციალისტური წარმოების მოწყობის შემდეგ, დაუპირისპირდებოდა დანარჩენ, კაპიტალისტურ სამყაროს, მიიმხრობდა სხვა ქვეყნების დაჩაგრულ კლასებს, აანჯაყებდა მათ კაპიტალისტების წინააღმდეგ და, აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო ძალითაც კი გამოვიდოდა ექსპლოატატურული კლასებისა და მათი სახელმწიფოების წინააღმდეგ». ვინაიდან «შეუძლებელია სოციალიზმში ერების თავისუფალი გაერთიანება ჩამორჩენილი სახელმწიფოების წინააღმდეგ სოციალისტური რესპუბლიკების ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივი, შეუპოვარი ბრძოლის გარეშე» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 18, გვერდი 232 და 233).
ყველა ქვეყნის ოპორტუნისტები ამტკიცებენ, რომ პროლეტარული რევოლუცია შესაძლოა დაიწყოს — თუ მათი თეორიის თანახმად ის საზოგადოდ უნდა დაიწყოს სადმე — მხოლოდ მრეწველობის მხრივ, მით უფრო მეტი შანსებია სოციალიზმის გამარჯვებისათვის, ამასთან სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობას ერთ ქვეყანაში, და ისიც კაპიტალისტურად ნაკლებ განვითარებულ ქვეყანაში, ისინი გამორიცხავენ, როგორც სრულიად წარმოუდგენელ რამეს. ლენინი ჯერ კიდევ ომის დროს, იმპერიალისტური სახელმწიფოების უთანაბრო განვითარების კანონზე დაყრდნობით, უპირისპირებს ოპორტუნისტებს პროლეტარული რევოლუციის თავის თეორიას ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების შესახებ, თუნდაც ეს ქვეყანა კაპიტალისტურად ნაკლებ განვითარებული იყოს. ცნობილია, რომ ოქტომბრის რევოლუციამ სავსებით დაადასტურა პროლეტარული რევოლუციის ლენინური თეორიის სისწორე. როგორ არის ტროცკის «პერმანენტული რევოლუციის» საქმე ერთ ქვეყანაში პროლეტარული რევოლუციის გამარჯვების ლენინური თეორიის თვალსაზრისით? ავიღოთ ტროცკის ბროშურა «ჩვენი რევოლუცია» (1906 წელი.). ტროცკი წერს:
«ევროპის პროლეტარიატის პირდაპირი სახელმწიფოებრივი დახმარების გარეშე რუსეთის მუშათა კლასი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერ გადააქცევს თავის დროებითს ბატონობას ხანგრძლივ სოციალისტურ დიქტატურად. ამაში დაეჭვება ერთ წუთსაც არ შეიძლება».
რას გვეუბნება ეს ციტატა? გვეუბნება იმას, რომ სოციალიზმის გამარჯვება ერთ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში რუსეთში, შეუძლებელია «ევროპის პროლეტარიატის პირდაპირი სახელმწიფოებრივი დახმარების გარეშე», ე. ი. ევროპის პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების დაპყრობამდე. რა აქვს საერთო ამ «თეორიას» ლენინის დებულებასთან «ერთ, ცალკე აღებულ, კაპიტალისტურ ქვეყანაში» სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ? ცხადია, აქ საერთო არაფერია. მაგრამ დაუშვათ, რომ ტროცკის ეს ბროშურა, გამოცემული 1906 წელს, როდესაც ძნელი იყო ჩვენი რევოლუციის ხასიათის გამორკვევა, შეიცავს უნებლიე შეცდომებს და არც თუ სავსებით შეესაბამება ტროცკის მერმინდელი პერიოდის შეხედულებებს. განვიხილოთ ტროცკის მეორე ბროშურა, მისი «ზავის პროგრამა», რომელიც გამოქვეყნდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის წინ და ხელმეორედ დაიბეჭდა ახლა (1924 წელს) წიგნში: «1917». ამ ბროშურაში ტროცკი აკრიტიკებს პროლეტარული რევოლუციის ლენინურ თეორიას ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების შესახებ და უპირისპირებს მას ევროპის შეერთებული შტატების ლოზუნგს. ის ამტკიცებს, რომ ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვება შეუძლებელია, რომ სოციალიზმის გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ როგორც გამარჯვება ევროპის რამდენიმე ძირითადი ქვეყნისა (ინგლისის, რუსეთის, გერმანიისა), რომლებიც ერთიანდებიან ევროპის შეერთებულ შტატებად, ან იგი სრულიად შეუძლებელია. ის პირდაპირ ამბობს. რომ «რუსეთში ან ინგლისში ძლევამოსილი რევოლუცია წარმოუდგენელია, თუ არ მოხდა რევოლუცია გერმანიაში, და პირიქით».
«ერთადერთი რამდენადმე კონკრეტული ისტორიული მოსაზრება, — ამბობს ტროცკი, — შეერთებული შტატების ლოზუნგის წინააღმდეგ ფორმულირებული იყო შვეიცარიულ «სოციალ-დემოკრატში» (ბოლშევიკების მაშინდელი ცენტრალური ორგანო. ი. სტ.) შემდეგი ფრაზით: «ეკონომიური და პოლიტიკური განვითარების უთანაბრობა კაპიტალიზმის უცილობელი კანონია». აქედან «სოციალ-დემოკრატს» ის დასკვნა გამოჰყავდა, რომ სოციალიზმის გამარჯვება შესაძლებელია ერთ ქვეყანაში და რომ ამიტომ საჭირო არ არის თვითეულ ცალკე სახელმწიფოში პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების წინაპირობად ევროპის შეერთებული შტატების შექმნა მივიჩნიოთო. სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალისტური განვითარება რომ უთანაბროა, ეს სავსებით უდაო მოსაზრებაა. მაგრამ თვით ეს უთანასწორობა მეტად უთანაბროა. ინგლისის, ავსტრიის, გერმანიის ან საფრანგეთის კაპიტალისტური დონე არ არის ერთგვარი. მაგრამ აფრიკასა და აზიასთან შედარებით ყველა ეს ქვეყანა წარმოადგენს სოციალური რევოლუციისათვის მომწიფებულ კაპიტალისტურ «ევროპას». არც ერთი ქვეყანა რომ არ უნდა «უცდიდეს» სხვა ქვეყნებს თავის ბრძოლაში, — ეს ელემენტარული აზრია, რომლის განმეორება სასარგებლო და საჭიროა, რათა პარალელური ინტერნაციონალური მოქმედების იდეა არ შეცვალოს ინტერნაციონალური დაცდითი უმოქმედობის იდეამ. არ ვუცდით რა სხვებს, ჩვენ ვიწყებთ და განვაგრძობთ ბრძოლას ნაციონალურ ნიადაგზე სრული რწმენით, რომ ჩვენი ინიციატივა ბიძგს მისცემს ბრძოლას სხვა ქვეყნებში; ხოლო თუ ეს არ მოხდა, მაშინ უიმედოა იმის ფიქრი, რომ, მაგალითად, რევოლუციური რუსეთი გაუმკლავდება კონსერვატიულ ევროპას, ან სოციალისტური გერმანია შესძლებს განმარტოებულ არსებობას კაპიტალისტურ სამყაროში, — ამას ადასტურებს როგორც ისტორიის გამოცდილება, ისე თეორიული მოსაზრებებიც».
როგორც ხედავთ, ჩვენს წინაშე ევროპის ძირითად ქვეყნებში სოციალიზმის ერთდროულად გამარჯვების იგივე თეორიაა, რომელიც, როგორც წესი, გამორიცხავს რევოლუციის ლენინურ თეორიას ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების შესახებ. თქმა არ უნდა, სოციალიზმის სრული გამარჯვებისათვის, ძველი წესწყობილების აღდგენისაგან სრული გარანტიისათვის აუცილებელია რამდენიმე ქვეყნის პროლეტარების ერთობლივი ღონისძიებანი. თქმა არ უნდა, ევროპის პროლეტარიატს მხარი რომ არ დაეჭირა ჩვენი რევოლუციისათვის, რუსეთის პროლეტარიატი ვერ გაუძლებდა საერთო შემოტევას, ისევე როგორც. რუსეთის რევოლუციას მხარი რომ არ დაეჭირა რევოლუციური მოძრაობისათვის დასავლეთში. ეს მოძრაობა ვერ განვითარდებოდა იმ ტემპით, რომლითაც მან იწყო განვითარება რუსეთში პროლეტარული დიქტატურის დამყარების შემდეგ. თქმა არ უნდა, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. მაგრამ რა არის ჩვენი რევოლუციისათვის მხარდაჭერა დასავლეთ ევროპის პროლეტარიატის მხრით? ევროპის მუშების თანაგრძნობა ჩვენი რევოლუციისადმი. მათი მზადყოფნა — ჩაშალონ იმპერიალისტების გეგმები ინტერვენციის შესახებ, — არის თუ არა ყოველივე ეს მხარდაჭერა, სერიოზული დახმარება? უთუოდ არის. არა მარტო ევროპის მუშების მხრით, არამედ კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების მხრითაც ასეთი მხარდაჭერის, ასეთი დახმარების გარეშე პროლეტარულ დიქტატურას რუსეთში გაუჭირდებოდა საქმე. საკმარისი იყო თუ არა აქამდე ეს თანაგრძნობა და ეს დახმარება. შეერთებული ჩვენი წითელი არმიის ძლიერებასთან და რუსეთის მუშებისა და გლეხების მზადყოფნასთან — საკუთარი გულმკერდით დაეცვათ სოციალისტური სამშობლო, — საკმარისი იყო თუ არა ყოველივე ეს იმისათვის, მოგვეგერიებინა იმპერიალისტების იერიშები და მოგვეპოვებინა სერიოზული აღმშენებლობითი მუშაობისათვის საჭირო პირობები? დიახ, საკმარისი იყო. იზრდება თუ კლებულობს ეს თანაგრძნობა? უთუოდ იზრდება. გვაქვს თუ არა, ამრიგად, ხელსაყრელი პირობები არა მარტო იმისათვის, რომ წინ წავწიოთ სოციალისტური მეურნეობის ორგანიზაციის საქმე, არამედ იმისთვისაც, რომ, ჩვენი მხრით, დავეხმაროთ როგორც დასავლეთ ევროპის მუშებს, ისე აღმოსავლეთის ჩაგრულ ხალხებს? დიახ. გვაქვს. ამაზე მჭერმეტყველურად ლაპარაკობს რუსეთში პროლეტარული დიქტატურის შვიდი წლის ისტორია. განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ ჩვენში უკვე დაიწყო მძლავრი შრომითი აღმავლობა? არა, ამის უარყოფა არ შეიძლება. რაღა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ყოველივე ამის შემდეგ ტროცკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რევოლუციური რუსეთი ვერ გაუმკლავდებოდა კონსერვატიულ ევროპას? ამ განცხადებას შეიძლება მხოლოდ ერთი მნიშვნელობა ჰქონდეს: ჯერ-ერთი, ტროცკი ვერ გრძნობს ჩვენი რევოლუციის შინაგან ძლიერებას; მეორეც, ტროცკის არ ესმის იმ მორალური დახმარების ფასდაუდებელი მნიშვნელობა, რომელსაც უწევენ ჩვენს რევოლუციას დასავლეთის მუშები და აღმოსავლეთის გლეხები; მესამეც, ტროცკი ვერ ამჩნევს იმ შინაგან უძლურებას, რომელიც ამჟამად ღრღნის იმპერიალიზმს. პროლეტარული რევოლუციის ლენინური თეორიის კრიტიკით გატაცებულმა ტროცკიმ უცაბედად გაინადგურა თავი ბროშურაში «ზავის პროგრამა», რომელიც გამოვიდა 1917 წელს და ხელმეორედ გამოიცა 1924 წელს. მაგრამ, იქნებ, ტროცკის ეს ბროშურაც მოძველდა და რაიმე მიზეზით აღარ შეეფერება მის ახლანდელ შეხედულებებს? ავიღოთ ტროცკის სულ მერმინდელი ნაშრომები, დაწერილი მას შემდეგ, რაც პროლეტარულმა რევოლუციამ გაიმარჯვა ერთ ქვეყანაში, რუსეთში. ავიღოთ, მაგალითად, ბროშურა «ზავის პროგრამის» ახალი გამოცემის «ბოლოსიტყვაობა», დაწერილი ტროცკის მიერ 1922 წელს. აი რას წერს იგი ამ «ბოლოსიტყვაობაში»:
««ზავის პროგრამაში» რამდენჯერმე განმეორებული მტკიცება, რომ პროლეტარული რევოლუცია ძლევამოსილად ვერ დამთავრდება ნაციონალური ჩარჩოებში, ზოგიერთ მკითხველს, შეიძლება, გაბათილებულად მოეჩვენოს ჩვენი საბჭოთა რესპუბლიკის თითქმის ხუთი წლის გამოცდილებით. მაგრამ ასეთი დასკვნა უსაფუძვლო იქნებოდა. ის ფაქტი, რომ მუშურმა სახელმწიფომ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგობას გაუძლო ერთ ქვეყანაში, და ისიც ჩამორჩენილ ქვეყანაში, მოწმობს პროლეტარიატის კოლოსალურ ძლიერებას, რომელიც სხვა, უფრო მოწინავე, უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში შესძლებს ჭეშმარიტად სასწაულები მოახდინოს. მაგრამ, დავიცავით რა თავი პოლიტიკური და სამხედრო მხრით, როგორც სახელმწიფომ, ჩვენ სოციალისტური საზოგადოების შექმნამდე ვერ მივედით და ვერც კი მივუახლოვდით მას... სანამ ევროპის დანარჩენ სახელმწიფოები ხელისუფლების სათავეში ბურჟუაზია დგას, ჩვენ იძულებული ვართ, ეკონომიურ იზოლაციასთან ბრძოლის დროს, ვეძებოთ შეთანხმება კაპიტალისტურ სამყაროსთან; ამავე დროს შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ამ შეთანხმებებს, საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლიათ დაგვეხმარონ იმაში, რომ მოვიშუშოთ ესა თუ ის ეკონომიური ჭრილობა, გადავდგათ ესა თუ ის ნაბიჯი წინ, მაგრამ სოციალისტური მეურნეობის ნამდვილი აღმავლობა რუსეთში შესაძლო გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროლეტარიატი გაიმარჯვებს ევროპის უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში».
ასე ლაპარაკობს ტროცკი, რითაც აშკარად ღალატობს სინამდვილეს და დაჟინებით ცდილობს საბოლოო განადგურებისაგან გადაარჩინოს «პერმანენტული რევოლუცია».
გამოდის, რომ, რამდენიც არ უნდა იტრიალო, სოციალისტური საზოგადოების შექმნამდე არა თუ «ვერ მივედით», არამედ «ვერც კი მივუახლოვდით მას». თურმე, ზოგ ვინმეს ჰქონია «კაპიტალისტურ სამყაროსთან შეთანხმების» იმედი, მაგრამ ამ შეთანხმებებიდანაც, როგორც ჩანს, არაფერი გამოდის, ვინაიდან, რამდენიც არ უნდა იტრიალო, «სოციალისტური მეურნეობის ნამდვილ აღმავლობამდე» ვერ მიახწევ, ვიდრე პროლეტარიატი არ გაიმარჯვებს «ევროპის უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში».
და რადგან დასავლეთში ჯერ კიდევ არ არის გამარჯვება, რუსეთის რევოლუციას დარჩენია «არჩევანი»: ან ზეზეურად დალპეს, ანდა ბურჟუაზიულ სახელმწიფოდ გადაგვარდეს.
ტყუილად კი არ ლაპარაკობს ტროცკი უკვე ორი წელიწადია ჩვენი პარტიის «გადაგვარებაზე».
ტყუილად კი არ წინასწარმეტყველებდა შარშან ტროცკი ჩვენი ქვეყნის «დაღუპვას».
როგორ შევუთანხმოთ ეს უცნაური «თეორია» ლენინის თეორიას «ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების» შესახებ?
როგორ შევუთანხმოთ ეს უცნაური «პერსპექტივა» ლენინის პერსპექტივას იმის შესახებ, რომ ახალი ეკონომიური პოლიტიკა შესაძლებლობას მოგვცემს «ავაშენოთ სოციალისტური ეკონომიკის საძირკველი»?
როგორ შევუთანხმოთ ეს «პერმანენტული» უიმედობა, მაგალითად ლენინის შემდეგ სიტყვებს:
«სოციალიზმი უკვე დღეს აღარ არის შორეული მომავლის, ან რაღაც განყენებული სურათის, ან რაღაც ხატის საკითხი. ხატების შესახებ ჩვენ ისევ ძველი, მეტად ცუდი აზრისა ვართ. ჩვენ სოციალიზმი შევიტანეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და აქ უნდა გავერკვეთ. აი რა შეადგენს ჩვენს დღევანდელ ამოცანას, აი რა შეადგენს ჩვენი ეპოქის ამოცანას. ნება მიბოძეთ, დასასრულ, გამოვთქვა რწმენა, რომ, რარიგ ძნელიც უნდა იყოს ეს ამოცანა, რარიგ ახალიც უნდა იყოს იგი ჩვენს წინანდელ ამოცანასთან შედარებით, და რაგინდ ბევრ სიძნელესაც უნდა ქმნიდეს იგი ჩვენთვის, — ჩვენ ყველანი ერთად, არა ხვალ, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ყველანი ერთად გადავჭრით ამ ამოცანას რადაც უნდა დაგვიჯდეს, ასე რომ ნეპური რუსეთი გადაიქცევა სოციალისტურ რუსეთად» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 27 გვერდი 366).
როგორ შევუთანხმოთ ტროცკის ეს «პერმანენტული» უნუგეშობა, მაგალითად ლენინის შემდეგ სიტყვებს:
«მართლაც სახელმწიფო ძალაუფლება წარმოების ყველა მსხვილ საშუალებაზე, სახელმწიფოს ძალაუფლება პროლეტარიატის ხელში, ამ პროლეტარიატის კავშირი მრავალ მილიონ წვრილ და უწვრილეს გლეხთან, გლეხობის მიმართ ამ პროლეტარიატის უზრუნველსაყოფად და სხვა., — განა ეს არ არის ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ კოოპერაციიდან, რომელსაც წინათ აბუჩად ვიგდებდით, როგორც ჩარჩულს, და რომელიც ერთგვარად უფლება გვაქვს აბუჩად ავიგდოთ ახლაც, ახალი ეკონომიური პოლიტიკის დროსაც, განა ეს არ არის ყველაფერი, რაც აუცილებელია სრული სოციალისტური საზოგადოების აშენებისათვის? ეს ჯერ კიდევ არ არის სოციალისტური საზოგადოების აშენება, მაგრამ ეს არის ყველაფერი, რაც აუცილებელი და საკმაოა ამ აშენებისათვის» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 27 გვერდი 392).
ცხადია, აქ არ არის და არც შეიძლება იყოს რაიმე შეთანხმება. ტროცკის «პერმანენტული რევოლუცია» არის პროლეტარული რევოლუციის ლენინური თეორიის უარყოფა, და პირიქით — პროლეტარული რევოლუციის ლენინური თეორია არის «პერმანენტული რევოლუციის» თეორიის უარყოფა.
ჩვენი რევოლუციის ძალებისა და უნარისადმი რწმენის უქონლობა — ასეთია «პერმანენტული რევოლუციის» თეორიის ქვენიადაგი.
დღემდე ჩვეულებრივ აღნიშნავდნენ «პერმანენტული რევოლუციის» თეორიის ერთ მხარეს — გლეხთა მოძრაობის რევოლუციურ შესაძლებლობათადმი რწმენის უქონლობას. ახლა სამართლიანობა მოითხოვს ამ მხარეს მივუმატოთ მეორე მხარე — რუსეთის პროლეტარიატის ძალებისა და უნარისადმი რწმენის უქონლობა.
რით განსხვავდება ტროცკის თეორია მენშევიზმის ჩვეულებრივი თეორიისაგან იმის შესახებ, რომ სოციალიზმის გამარჯვება ერთ ქვეყანაში, ისიც ჩამორჩენილ ქვეყანაში, შეუძლებელია პროლეტარული რევოლუციის წინასწარ გაუმარჯვებლად «დასავლეთ ევროპის ძირითად ქვეყნებში»? არსებითად — არაფრით. დაეჭვება შეუძლებელია. ტროცკის «პერმანენტული რევოლუციის» თეორია მენშევიზმის სახესხვაობაა. უკანასკნელ დროს ჩვენს პრესაში მომრავლდნენ დამყაყებული დიპლომატები, რომლებიც ცდილობენ შემოგვაპარონ «პერმანენტული რევოლუციის» თეორია, როგორც ისეთი რამ, რაც შეიძლება შეთავსებულ იქნას ლენინიზმთან. რა თქმა უნდა, ამბობენ ისინი, ეს თეორია უვარგისი აღმოჩნდა 1905 წელს. მაგრამ ტროცკის შეცდომა ისაა, რომ ის აჩქარდა მაშინ, სცადა რა 1905 წლის პირობებში გამოეყენებინა ის, რის გამოყენებაც მაშინ არ შეიძლებოდა. მაგრამ შემდეგში, ამბობენ ისინი, მაგალითად, 1917 წლის ოქტომბერში, როდესაც რევოლუცია უკვე სავსებით მომწიფდა, ტროცკის თეორია სავსებით შესაფერისი აღმოჩნდაო. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ამ დიპლომატებს შორის ყველაზე მთავარია რადეკი. ინებეთ და მოუსმინეთ მას:
«ომმა უფსკრული გათხარა გლეხობასა, რომელიც მიისწრაფოდა მიწის მოპოვებისა და ზავისაკენ, და წვრილბურჟუაზიულ პარტიებს შორის; ომმა გლეხობა მოაქცია მუშათა კლასისა და მისი ავანგარდის — ბოლშევიკების პარტიის ხელმძღვანელობის ქვეშ. შესაძლებელი გახდა არა მუშათა კლასისა და გლეხობის დიქტატურა, არამედ გლეხობაზე დაყრდნობილი მუშათა კლასის დიქტატურა. ის, რასაც როზა ლუქსემბურგი და ტროცკი 1905 წელს აყენებდნენ ლენინის წინააღმდეგ (ე. ი. «პერმანენტულ რევოლუციას». ი. სტ.), სინამდვილეში ისტორიული განვითარების მეორე ეტაპი აღმოჩნდა».
აქ რამდენიც სიტყვაა იმდენი სიყალბეა. არ არის სწორი, თითქოს ომის დროს «შესაძლებელი გახდა არა მუშათა კლასისა და გლეხობის დიქტატურა, არამედ გლეხობაზე დაყრდნობილი მუშათა კლასის დიქტატურა». ნამდვილად კი 1917 წლის თებერვლის რევოლუცია იყო განხორციელება პროლეტარიატის და გლეხობის დიქტატურისა ბურჟუაზიის დიქტატურასთან თავისებური გადახლართვით. არ არის სწორი, თითქოს «პერმანენტული რევოლუციის» თეორია, რომლის შესახებაც მორცხვად სდუმს რადეკი, 1905 წელს როზა ლუქსემბურგს და ტროცკის წამოეყენებინოთ. ნამდვილად კი ეს თეორია წამოაყენეს პარვუსმა და ტროცკიმ. ახლა, ათი თვის შემდეგ, რადეკს შესწორება შეაქვს თავის წინანდელ სიტყვებში და ის საჭიროდ ცნობს შეუკურთხოს პარვუსს «პერმანენტული რევოლუციისათვის». მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს რადეკისაგან, რომ მან პარვუსის კომპანიონს ტროცკისაც შეუკურთხოს. არ არის სწორი, თითქოს 1905 წლის რევოლუციის მიერ უკუგდებული «პერმანენტული რევოლუცია» სწორი აღმოჩენილიყოს «ისტორიული განვითარების მეორე ეტაპზე», ე. ი. ოქტომბრის რევოლუციის დროს. ოქტომბრის რევოლუციის მთელმა მსვლელობამ, მთელმა მისმა განვითარებამ გვიჩვენა და დაგვიმტკიცა «პერმანენტული რევოლუციის» თეორიის სრული უნიადაგობა, მისი სრული შეუთავსებლობა ლენინიზმის საფუძვლებთან.
ტკბილი სიტყვებით და დამყაყებული დიპლომატიით ვერ დაფარავ იმ ღრმა უფსკრულს, რომელიც ძევს «პერმანენტული რევოლუციის» თეორიასა და ლენინიზმს შორის.
ლენინურ გაწვევას, ვუძღვნი
იოსებ სტალინი
სვერდლოვის უნივერსიტეტში 1924 წლის აპრილის დამდეგს, წაკითხული ლექციები.
Комментарии 1