უნებლიეთ, ამან ჩვენი ღმერთკაცის სიტყვები გამახსენა:
,,ბუნების წესი ესაა, მუდამ საწყინო ჩემია, ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს, არავინ დაურჩენია!"
რატომ ასე მკაცრად, კაცო და ადამიანო, ასეთი რა დააშავა დედაბუნებამ?
საკუთარი შვილების მკვლელობა რად ბრალდება ყველაზე გულჩვილსა და ყველას შემბრალეს?
განა, თავისი ნაშიერი მას ოდესმე უპატრონოდ დაუგდია?
განა, მოწყალების კალთა ვინმესთვის დაუმადლებია და არ გადაუფარებია, თქვენგან განსხვავებით?
განა, მადლის სანაცვლოდ უმადურობით უპასუხნია?
განა, ყრმისთვის რჩევა-დარიგება ოდესმე დაზარებია?
სწორედ ისაა, ათასჯერ დაღეჭილს რომ ათასმეერთედ გიღეჭავდათ და ისე გაწვდიდათ, ამიტომ გითქვამთ, გამეორება ცოდნის დედააო!
რა ქნას საბრალომ, თუ შვილებს მისი აღარ ესმით, თუ ყური სხვა, უცხო სასმენელს შეაჩვიეს და მშობლის ენა ღარიბად ეჩვენებათ? რა დედის ბრალია, თუ კაზმულსიტყვით განებივრებულთ გულწრფელი, პირდაპირი ნათქვამი აღარ მოსწონთ?
დედაბუნება გადაშლილი წიგნია, სადაც ყველაფერი წერია, მთავარია, წამკითხველი ჰყავდეს გულმართალი!
წელიწადის ყველა დროს გვაწვდის ბუნება საჭირო საზრდელს, ზომიერად მიიღე-- ისიამოვნე კიდეც და შეირგე კიდეცო, გვმოძღვრავს. ლუარსაბობა და მუცელღმერთობა მისი კი არა, შენი მოგონილია, უსაქმურო კაცო, და თუ ამ ნაყროვანებით დაიავადე უფლის ნაბოძარი წმიდა სხეული, მწყალობელ ბუნებას რას ერჩი?
დიახ, სიზარმაცეაო დედა ყოველგვარი ბოროტებისა, ასე გარიგებს თვითონ ხელფეხდაუსვენებელი, დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად მოფუსფუსე შენი გამზრდელი, უსმენ?
დროს ნუ ეურჩები, ზამთრისა ზაფხულში მოიმარაგე, ზაფხულისა--ზამთარში და მშიერ-ტიტველი არასდროს დარჩებიო, უგონებ?
ცეცხლს ნუ ეთამაშები, მხოლოდ სასიკეთოდ მოიხმარე, თორემ დაიწვებიო, მუდამ ამას არ გიჩიჩინებს, ატომის გამხლეჩო?
რკინა სამუშაო იარაღად გამოჭედე, არა--მოძმეთა მოსაკვდინებლად და ბორკილებისთვისო, ამას არ მოგიწოდებდა ყოველთვის?
საკვები წამალი უნდა იყოს და წამალი საკვებიო, ესეც მისი დარიგება არაა?
დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლისფერი ძაღლიო, ყოველწამს გიმეორებს და რა ქნას მეტი?
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო, ეს მაინც დაიხსომე და ნუ ექცევი შენს ერთგულსა და მოამაგეს შხამიან ეკლად, თორემ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!
ასეა! რასაც კაცი თავის თავს ვნებს, იმას ვერცერთი მტერი ვერ უზამს!
ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე.
მარიამობა.
თბილისი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев