29 აგვისტოს ანჩისხატობაა
მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი ანუ როგორც საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალ იესო ქრისტეს უკავშირდება.
როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ავგაროზმა უფალს მისწერა, თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისგან დევნილ ქრისტიანებს თავის სამეფოში შეიფარებდა.
იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჰქონდა აღსასრულებელი. მაშინ ავგაროზმა კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მხატვარმა მაცხოვრის სახის დახატვა ვერ შეძლო. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა და სახეზე მიიფარა. ტილოზე უფლის სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.
უფლის ხელთუქმნელი ხატი ედესაში ჩაასვენეს. ავგაროზი ექვსწლიანი მძიმე ავადმყოფობისგან ხატთან ერთი შეხებისთნავე განიკურნა. გადმოცემით, ამ შემთხვევის შემდეგ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი წმიდა ნინოც კი ჩასულა.
VII საუკუნეში ედესას არაბები შეესივნენ. არაბებისგან დასაცავად ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.
VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტიაში ხატმებრძოლეობა დაიწყო, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გაასვენეს. ანჩში მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანისცემად და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა.
თამარის გარადაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთს მძიმე დრო დაუდგა. ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.
კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев