ხატთან ციალებს ჩუმად სანთელი, ტირის ამდენი დარდის მნახველი.
გულმა მომთხოვა დალევა ღვინის, თუმცა მწარეა აქ ეს სასმელიც,
სულში სამშობლოს ხატება ღვივის, გულში დაგროვდა წლების სათქმელი.
ემიგრანტს ვლოცავ ცრემლნარევ ღვინით, ვინაც სამშობლო გულში აცოცხლა,
დღე სევდა ამკობს მის ყოველ ღიმილს, ღამით ცრემლები ბალიშს აცოცავს...
ღვინით კი არა დარდით ავავსე, პირწატეხილი თიხის ფიალა,
ყველა სათქმელი დღეს შიგ ჩავაღრჩე, შემოვიძარცვე სული მთლიანად.
უთარეშია დროს ჩემს სახეზე, აკვნესებულა გულიც ტკივილით,
სადღაც თვალმოკრულ რუკის ნახევზე, სამშობლოს ეძებს სისხლის ყივილი.
მხოლოდ ცრემლია თვალის საგზალი, შინ დაბრუნება სიცოცხლის აზრი,
სამშობლო სულის თბილი ნაკრძალი, სადაც ტკივილი მგელივით დაძრწის.
მტკივა სამშობლო, უფალმაც იცის, დამქანცა ბედის უღვთოდ ტრიალმა,
გული მამულის კელაპტრად იწვის, თვალი დაღალა ცრემლმა ტიალმა.
ჭირიც და დარდიც ვიმკე მრავალი, შამბნარიც ვკაფე უმწეო ქალმა,
ვერ გამიმრუდა სწორი სავალი, ცხოვრების გზაზე მსუსხავმა ქარმა.
მე ჩემს წილ გზაზე ბევრი რამ ვნახე, ნისლიან აღმართს მივყვები კიდევ,
ტკივილთან ერთად გრძნობაც დავმარხე, ცალ ფრთით ვეკიდე ცხოვრების კიბეს.
ემიგრანტია ჩემი სახელი და ნოსტალგია სულის საგზალი,
კიბის თავს მზე დგას სხივებ ნათელი, ჟამი დამდგარა დარდის დაკრძალვის.
ამღერებულა მთელი სხეული, ძარღვში აჩქამდა, ადუღდა სისხლი,
ქართული მიწა ღვთის კურთხეული, შინ დასაბრუნებ კარიბჭეს მიხსნის.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5