**************************
დროს ვერ იყიდი, ვერ შეცვლი და ვერ დააბრუნებ,
გამოიყენე ისე, როგორც შენ გულს სწადია,
საკუთარ თავზე ყურადღებას ნუ მოადუნებ,
მალე მიხვდები გულს ბზარები რატომ ატყვია.
როცა სიკეთეს გიფასებენ, ქვაზე დადებულს,
როცა უფსკრულზე მაშველ ხიდად გაგედებიან,
ყველა ოცნებას ფრთა ესხმება, კოშკად აგებულს,
ხშირად კი, ზოგი სიკეთის აზრს ვერც კი ხვდებიან.
ნუ შეეცდები ვინმეს შეცვლას, ეს ამაოა,
ეცადე, თავად შეიცვალო ყველას წინაშე.
თუ სიყვარული აბსურდია, ან სადაოა,
ნუ გაუღრმავებ გულის კედლებს ტკივილს მინაშენს.
შენ ძლიერი ხარ, ვიდრე მუხლზე არ დაეცემი,
მაგრამ გახსოვდეს! წამოდგომაც უნდა ეცადო,
სასოწარკვეთას პირველ ცდაზე ნუ მიეცემი,
დასავიწყებლად ღვინო-არაყს არ დაეძალო.
სიმართლისათვის არ დაუწყო ვინმეს მტკიცება,
სხვას როგორც აწყობს, მაინც ისე ესმის ყოველი,
შენი ოცნება ნამსხვრევებად მაშინ იქცევა,
მოგიმრავლდება ირგვლივ როცა "სისხლის მწოველი".
მას ემეგობრე, ვინაც შენთვის ხიდებს აშენებს,
წარმატებები ვისაც შენი არ შეშურდება,
ნუ მიენდობი მას, ვინც კლდესთან არ შეგაჩერებს,
დასახმარებლად შენსკენ ვინც არ შემობრუნდება.
ნებას ნუ მისცემ, გითხრას ვინმემ "არ შეგიძლია,
რომ არ ხარ ღირსი, რომ არ შეგწევს გამოცდილება",
თუ დღემდე შენი მიზნებისთვის არ მოგიცლია,
მაშინ, მეგობრის დარიგება ნუ გეწყინება.
ადამიანის ხასიათში კარგი ეძიე,
ნუ დაუბრუნებ წყენისათვის ნურავის ხურდას,
დასახულ მიზნებს, ოცნებებს თუ ვერ დაეწიე,
ნუ დაიღლები, მძიმე ბრძოლა დაგჭირდეს თუნდაც.
აკეთე ის, რაც მოგანიჭებს ბედნიერებას,
იმხიარულე, თუნდაც გულში გენთოს ხანძარი,
იმღერე მაშინ, როცა სულაც არ გემღერება,
ილოცე ყველგან, გულში გქონდეს რწმენის ტაძარი.
დღეს მოეფერე, დღეს დაუთმე დრო შენ სიყვარულს,
დღეს ჩაეხუტე, ხვალ იქნება იყოს გვიანი,
დღეს დაურეკე, ვიდრე ხვალე იგრძნობ სინანულს,
მუდამ უკვდავი არ იქნება ადამიანი.
ცხოვრება ბევრჯერ შეგახვედრებს ადამიანებს,
ვინც უმოწყალოდ დაგაბიჯებს გულის ფიცარზე,
დრო თავად გირჩევს ხან სულელებს, ხანაც ჭკვიანებს,
რომ დააფასო ყველა წუთი დედამიწაზე.
დროს ვერ იყიდი, ვერ შეცვლი და ვერ დააბრუნებ,
გამოიზოგე დრო ძვირფასი სიყვარულისთვის,
ღრუბლიან დღესაც მზე შენს მხარეს შემოაბრუნე
და არ დახარჯო დრო დარდის და სინანულისთვის.
მარინა ყიფიანი
16.01.2024
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев