10
_ არ ვიცი რას მეკითხები, არაფერი მსგავსი არ წამიკითხია მისთვის! ყველა ზღაპრის წიგნი თაროზე დევს!__ როენამ კატეგორიულად უარყო, " კალიების დედოფალის" მსგავსი ზღაპარის თომასთვის წაკითხვა.
_ თომა ბავშვია და უბრალოდ, როგორც ყველა ბავშვი ფანტაზიორობს!_ განმიცხადა მან ცივად.
რატომღაც გულში დარწმუნებული ვიყავი, რომ თომა არაფერს იგონებდა. მაგრამ როენასთან კამათი წყლის ნაყვას ჰგავდა. ის ფაქტობრივად არც კი კამათობდა. უბრალოდ წერტილებს სვამდა საუბარში.
_ სხვათაშორის ალექსანდრე შენით დაინტერესდა. სურს უფრო ახლოს გაგიცნოს!_ საოცრად ოსტატურად შეცვალა მან საუბრის თემა.
_ არ მესმის ახალგაზრდა ქალი რატომ უნდა იყო მარტო? იქნებ დრო მოვიდა ცხოვრება გააგრძელო?_ მისმა სიტყვებმა გული მომიკლა. ისე საუბრობდა თითქოს ირაკლი არც კი არსებობდა, თითქოს მისი შვილის კი არა უბრალო გამვლელის ქვრივი ვიყავი.
_ არა ! არც ალექსანდრესთვის და არც არავისთვის ახლა არ მცხელა!_ მტკიცედ ვუთხარი მე. არ ვიცი რა ეგონა, რომ ალექსანდრეს გასაყიდი ძვირფასი საქონელივით თუ შემომთავაზებდა სიხარულით თავს დავკარგავდი? ან იქნებ ესეც ერთგვარი ქალური ხრიკი იყო? დარწმუნებული ვიყავი, რიტამ სულ წვრილმანებში ჩაუკაკლა ჩემი და დავითის შეხვედრის ამბავი. იქნებ ეგონა დავითი მომწონდა? ადამიანი ხომ სხვაზე ისე ფიქრობს , როგორც მისი სული დუღს?
_ მალე დიპლომის დაცვა მაქვს და მთელი ჩემი ყურადღება იქითაა მიმართული. ასე რომ ალექსანდრეს მოუწევს სხვა ვინმე შეარჩიოს გულის გადასაყოლებლად!_ ისე ცივად ვუთხარი, აშკარად მივახვედრე თქვენი თამაშები სულ არ მადარდებსმეთქი. როენამ ცხვირი აიბზუა.
_ როგორც იტყვი ჩემო კარგო! მე შენთვის მხილოდ კარგი მინდა! მე ძველმოდურ დედამთილებს არ ვგავარ, თანაც გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა._ ფეხზე წამოდგა და გარაციოზული ტანის რხევით კიბისკენ წავიდა, საუბარი დასრულებულად ჩათვალა, ბოლო სიტყვა ხომ ყოველთვის მას ეკუთვნოდა
.
_ ერთი წამით!_ მოვაბრუნე მე. ჯიბიდან ზარდახშა ამოვიღე და გავუწოდე.
_ მსურს სამკაული დაგიბრუნოთ! მადლობა, რომ მისი გაკეთების საშუალება მომეცით!_ ზარდახშას გაოცებით დახედე, მერე გაეცინა.
_ მე მეორად ნივთებს არ ვიყენებ ჩემო კარგო!_ოდნავ დამცინავი ღიმილით მითხრა, ზურგი შემაქცია და კიბეზე ავიდა.
მალე თომას დღესასწაულიც მოახლოვდა. მთელ სამზადისს როენა ხელმძღვანელობდა, მე დიდად არ ჩავრეულვარ. ვიცოდი უჩემოდაც ყველაფერს დიდებულად მოაწყობდა, სხვა თუ არაფერი წვეულებების გამართვა ნამდვილად ეხერხებოდა.
მთელი ეზო მორთეს მოწვეულმა დეკორატორებმა. ყველაფერი იყო, რაც შეიძლებოდა თომას ენატრა . თუმცა ეს დღეობაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა ჩვენმა ყინულის დედოფალმა. მთელი ნაღები საზოგადოება მოიწვია და საკუთარი მემკვიდრე კიდევ ერთხელ საჯაროდ წარუდგინა მათ.
კიბის თავში ვიდექი და მთელ ოთახს დავყურებდი ზემოდან. ოთახში დავითი შემოვიდა. მისი გამოჩენა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, თითქოს გულში ველოდებოდი კიდეც. საოცრად სიმპათიური იყო, ჩვეულად შავ სამოსში გამოწყობილი, ბრმა უნდა ვყოფილიყავი მისი სილამაზე რომ ვერ შემემჩნია.
როენა სულ ამბობდა, რომ მეც და ლუკაც მის სახელს წარმოვადგენდით და ამიტომ ყოველთვის სათანადოდ უნდა წარმოგვეჩინა თავი. ამისთვის არც ფულს ინანებდა და არც ცნობილ სტილისტებსაა და დიზაინერებს გვაკლებდა.
როგორც წინა შემთხვევაში ახლაც მომართვეს უძვირფასესი უცხო ნაჭრის შავი კაბა და მისი შესაფერისი ალმასით გაწყობილი სამკაულები. უბრალიდ წარმოუდგენლად დახვეწილი და მოხდენილი. წუნს რომ ვერაფრით მოვდებდი.
ამ სამოსში და ასეთი ვარცხნილობით ჰოლივუდური ფილმებიდან გადმოსული მსახიობივით გამოვიყურებოდი. თავადაც დავიჯერე , რომ საოცრად ლამაზი ვიყავი როცა მოვინდომებდი. არა უფრო სწორედ, როცა ეს როენას სურდა. თუმცა ჩემი ასეთი მორთვა_მოკაზმვის მიზეზიც მალე გამოჩნდა. მოულოდნელად კარში ალექსანდრე შემოვიდა.
საკუთარი თავით კმაყოფილება წამში მექცა ნამსხვრევებად. მე მხოლოდ ერთგვარი სატყუარა ვიყავი და თანაც, რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო, მახეშიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გაბმა მევალებოდა. თავი მარიონეტად წარმოვიდგინე როენას წითელ კლანჭებიან ხელში. დავინახე როგორ ირონიულად მიმზერდა დარბაზის შუაგულიდან. სწორედ როენა იყო მთელი ამ თეატრის უხილავი რეჟისორი.
ალექსანდრე როენას მიუახლოვდა , ორიოდე სიტყვა გაცვალეს, უცებ მან მაღლა ამოიხედა, დამინახა, გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.
როენამ კი თვალებით დავითი მონახა მიუახლოვდა და ხელკავი გამოსდო.
გამეცინა მის დაუფარავ ეჭვიანობაზე. თუმცა ჩემთვის ალექსანდრეს მოქსევა ნამდვილად ზედმეტი იყო. მე არცერთთან არ ვაპირებდი მიახლოვებას.
შევეცადე მათთან შეხვედრა ამეცილებინა თავიდან, ამიტომ გავერიდე და უკან ოთახში შევბრუნდი. მოულოდნელად კარი დაუკაკუნებლად შემოაღო ვიღაცამ, უსიამო ინტუიციით შევბრუნდი და ხელთ, როგორც ვვარაუდობდი, ალექსანდრე შემრჩა.
_ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?_ საკმაოდ უხეშად ვკითხე.
_ ოჰო, ანუ ასეთი ზრდილობიანი ხარ, როცა ვერავინ გხედავს?_ გაეცინა მას.
_ გაეთრიე აქიდან!_ მივუთითე კარისკენ.
_ შენ სხვებს არ გავხარ იცი? ამასობაში ძალიან დავინტერესდი შენით. რაღაც გაქვს , რითაც გვაგიჟებ! _ მითხრა მშვიდად და ოთახის კარი მიხურა.
_ კარგი , მაშინ შენ დარჩი და მე წავალ!_ მივხვდი მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.
სწრაფად ავუქციე გვერდი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
_ დავითი გატყუებს ქეთი! რაც არ უნდა გითხრას იცოდე არ დაუჯერო!_ მითხრა მან სრულიად მშვიდად. გაოცებულმა მოვხედე.
_ შენ რამე იცი?_ ვკითხე ეჭვით, ყველაზე ნაკლებად მისგან ამ სიტყვებს ველოდებოდი.
აღარც ირონიულად იღიმოდა, აღარც ის უცნაური ცივი გამომეტყველება ჰქონდა, ჩემს წინ სრულიად ახალი ადამიანი იდგა. მის თვალებში მხოლოდ სითბოს ვხედავდი. მისი მზერა ნდობის უცნაურ სურვილს მიჩენდა .
_ ბავშვობაში ჩვენ სამნი მეგობრები ვიყავით, განუყრელი მეგობრები. მე ყველაზე კარგად ვიცი , რის გამოც იჩხუბეს ირაკლიმ და დავითმა. და ეს ამბავი დარწმუნებული ვარ არ მოგეწონება!_ ისე მშვიდად და დამაჯერებლად მიყვებოდა, წამით დავიჯერე კიდეც.
_ დავიღალე იცი? თქვენი ტყუილებით დავიღალე. რა ჯანდაბა ხდება თუ ხდებოდა ამ სახლში? არ ვიცი, მაგრამ ვატყობ თქვენ ყველამ ყველაფერი კარგად იცით. ერთს ვერ ვხვდები მე და ჩემი შვილი რა შუაში ვართ?_ თვალები ცრემლებით ამევსო. ყველაზე მეტად ირაკლიზე ვბრაზობდი. როგორ დამტოვა ამ გაურკვევლობაში? რატომ არაფერი მომიყვა?
კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ უცებ ალექსანდრემ მკლავში ხელი მტაცა გულში მაგრად ჩამიკრა და ტუჩებში მაკოცა. გავიბრძოლე , მაგრამ ძლიერად ჰქონდა ხელები მოხვეული და თავი ვერ დავაღწიე. რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ მისი კოცნა სასიამოვნო იყო, მერე კი საკუთარ თავზე გავბრაზდი.
_ აქ რა ჯანდაბა ხდება? ხელი გაუშვი ალექს!_ მესმა ზურგს უკან დავითის ცივი ხმა.
ალექსანდრემ ნელა გამიშვა ხელი, მე კი მაშინვე მოვიშორე თავიდან.
_მგონი უნდა ხვდებოდე, პატარა აღარ ხარ!_ ალექსანდრემ ჩვეული სარკასტული ტონი დაიბრუნა. " ღმერთო რა მსახიობიამეთქი !" გავიფიქრე. განა ასეთი მატყუარის დაჯერება შეიძლებოდა?
_ უბრალოდ ვსაუბრობდით! წარსულს ვიხსენებდით!_ ისეთი ტონით საუბრობდა ალექსანდრე აშკარად იყო, რომ დავითის წყობიდან გამოყვანას ცდილობდა.
_ ქეთი ახლავე მითხარი რა გითხრა !_ დავითმა მუშტები შეკრა, ცოტაც და რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდებოდა .
_ თქვენ საერთოდ არ ხართ ნორმალურები ხო? _ საშინლად ვიყავი დაძაბული.
_ ან ერთს, ან მეორეს რა გინდათ ? რა თამაშს თამაშობთ? ვინ მოგცათ უფლება ამდენს რომ ბედავთ? თუ რამის თქმა გინდათ თქვით, თუ არადა არ მომიახლოვდეთ! _ კივილამდე ცოტაღა მაკლდა
_ ქეთევან გთხოვ!_ მომიახლოვდა დავითი.
_ გახსოვს როგორ გაიცანით შენ და ირაკლიმ ერთმანეთი?_ მკითხა მოულოდნელად ალექსანდრემ. გაოცებული და დაბნეული შევბრუნდი მისკენ. ვერაფრით ვხვდებოდი ეს საერთოდ რა შუაში იყო.
_ მოკეტე!_ ავად ჩაიღრინა დავითმა.
_ წამოდი ქეთევან!_მაჯაში ხელი ჩამავლო და ოთახიდან სურდა გავეყვანე.
_ გახსოვს ის სურათი ირაკლიმ უნივერსიტეტის ეზოში ვარდებით ხელში მჯდარი რომ დაგხატა?_ ეს სურათი არავინ არ იცოდა, რადგან ნენეს ვაჩუქეთ და ახლაც დედაჩემთან იყო რაჭაში. გარდა ამისა სურათზე დახატული გოგონა ზურგით იჯდა და მართლა არავის არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ის ჩემი სურათი იყო. გავშრი.
_ შენ საიდან იცი , რომ მე ვარ?_მივტრიალდი გაოცებული.
_ ის ვარდები სინამდვილეში დავითმა გამოგიგზავნა! დავითს უყვარდი შორიდან, გაუბედავად , აი ირაკლიმ კი გნახა და დავითს შენი თავი, შენი სიყვარული დაუფიქრებლად წაართვა! _ ალექსანდრეს პასუხმა გამაოგნა .
კარგად მახსოვდა ის დღე. უნივერსიტეტის ეზოში ვიჯექი. უცებ პატარა ბიჭუნამ მოირბინა ხელში წითელი ვარდებით. სწრაფად შემომაჩეჩა და მითხრა. იმ ბიჭს უყვარხარო, თან თითით ირაკლისკენ მიმითითა. დავინახე, რომ რაღაცას ხატავდა წინ დადგმულ მოლბერტზე. მივუახლოვდი და მივესალმე. დანახვისთანავე მომეწონა . ასე დაიწყო ჩვენი სიყვარული. აღმოჩნდა, რომ მე მხატავდა და ჩემი გულიც ასე მოიგო.
მაგრამ დავითი არ მახსოვდა. ასეა ალბათ მეხსიერება მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვან კადრებს და ადამიანებს იმახსოვრებს. ანუ გამოდიოდა, რომ დავითი დიდი ხანია მიცნობდა. იმაზე დიდი ხანიც, ვიდრე ირაკლი? ჩემს გონებაში აზრები წამებში იცვლებოდა . რატომ დამიმალა? რატომ არ მითხრა, კიდევ რას მიმალავდნენ? ხომ ისედაც გასაგები იყო, რომ რაღაც საიდუმლო ჰქონდათ. ამ ბოლო დროს მუდმივი თავის ტკივილები დამჩემდა, მუდმივ დაძაბულობას და უნივერსიტეტს ვაბრალებდი. ახლაც რომ გავნერვიულდი ტკივილმაც იმატა, საფეთქლებზე გახურებული სალტესავით მომიჭირა და მუხლებში ძალა გამომაცალა .
_ ქეთევან რა გჭირს?_ შეშინდა დავითი. ხელი შემაშველა და ლოგინზე დამსვა.
_ ალექს გთხოვ, ხომ ხედავ არ არის კარგად!_ მუდარით შეხედა ალექსანდრეს.
_ როდემდე აპირებ ამ თამაშის გაგრძელებას? არ ვიცი, აი მე კი შენსავით არ მოვიქცევი. შენგან განსხვავებით როენაც ფეხებზე მკიდია და მისი მემკვიდრეობაც! მე მხოლოდ ის მჭირდება!_ თავით ჩემზე ანიშნა ალექსანდრემ .
_ მომისმინეთ ორივემ, მე თქვენი სათამაშო არ ვარ! აუცილებლად ორივეს დაგელაპარაკებით და თქვენც ყველაფერს მომიყვებით! ან როენა რა შუაშია, ან მე და თომა! რა საიდუმლოზე საუბრობთ უნდა ვიცოდე!_ვეღარ მოვიქცეოდი ისე, თითქოს არაფერი არ ხდებოდა.
_ ერთადერთი რაშიც დავითს ვეთანხმები ისაა, რომ ეს სახლი უნდა დატოვო! თანაც სასწრაფოდ!_ მითხრა ალექსანდრემ.
_ არ ვიცი ეგ რატომ აიკვიატეთ ორივემ ,ან ყველაფერს მომიყვებით, ან ახლოს არ გამეკაროთ! გასაგებია?_ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ფეხზე ავდექი .
ოთახიდან გამოვედი და დერეფნის ბოლოში კესოს მოვკარი თვალი ფაცაფუცით მიდიოდა კიბეებისკენ, აშკარა იყო ჩვენი საუბრიდან სიტყვაც არ გამოპარვია.
არ ვიცოდი, ან ერთი რამ გადარია, ან მეორე? რატომ ეშინოდათ როენასთან ჩემი ცხოვრების? საშინლად მჭირდებოდა ირაკლი. გადავწყვიტე მეორე დღეს მასთან მივსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აღარ იყო, მის საფლავზე მისვლა და მასთან საუბარი მამშვიდებდა .
მისაღების ფანჯრიდან ეზოს გავხედე. დავინახე თომა განცალკევებით იდგა. იუბილარის გარდა ყველა ბავშვი ერთობოდა. რა დროს ალექსანდრეს და დავითის სისულელეები იყო? არ ვიცი რა მჭირდა, ნუთუ იმასაც ვერ ვჩნევდი, რომ ჩემს შვილს რაღაც უჭირდა? კარი გავაღე და ეზოში გავედი.
_ თომა დედიკო, რატომ ხარ მოწყენილი, არ მოგწონს შენი დღესასწაული?_ ვკითხე და მის წინ ჩავიმუხლე.
_ მეშინია დედა!_ მითხრა მან.
_ რისი გეშინია?_ დავიბენი მე.
_ იმის რომ უკვე ექვსი წლის ვარ!_ ჩაილაპარაკა თომამ.
_ მერე რა რომ ექვსი წლის ხარ?_უფრო გამიკვირდა მე.
_ დედა მამა გიყვარდა? _ მკითხა თომამ ინტერესით.
_ მე მამა ახლაც მიყვარს,_ ვუთხარი და ჩავეხუტე._ ხვალ მამის საფლავზე ავიდეთ, რა ხანია არ ვყოფილვართ .
_ დედა... _ ისევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თვალი მისაღების სარკმელზე გაუშტერდა. უკან მივიხედე და როენას მოვკარი თვალი.
იცით რა არის? თქვენ შეიძლება განმსაჯოთ, მითხრათ რამ გამოგაშტერა, რატომ არ მოკიდე ხელი შენს შვილს და იქიდან რატომ არ გაიქეციო, მაგრამ ახლა, როცა ამ ამბავს გიყვებით, ყველაფერი უკვე მომხდარია. ყველა კარტი გახსნილია და ბევრ რამეს სხვაგვარად აღვიქვავ. ასეთი ამბავი მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში მენახა მანამდე და ის რომ რეალურადაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მით უფრო მე დამმართნოდა, ეს დასაჯერებლად ძალიან რთული იყო. შვილის უკეთესი მომავლის იმედად, როენას კაპრიზებს კი არა, ქმრისგან ცემა_ტყეპას, ათასგვარ მორალურ თუ ფიზიკურ ძალადობას იტანენ ქალები. წლობით უძლებენ ემიგრაციას და ვინ მოთვლის რას არ ითმენენ დედები, როცა თუნდაც სულ პატარა უკეთესობის იმედი აქვთ. მე არც როენას ფული მდომია არასდროს და არც მისი სახლ_ კარი, მხოლოდ დროებით მჭირდებოდა თავშესაფარი და დახმარება, რომ ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. იქ სამუდამოდ დარჩენა არასდროს მიფიქრია. მხოლიდ მინდოდა თომა მყოლოდა უკეთ , იმაზე უკეთ ვიდრე დაპატარავებული ქურთუკით სიარულია. იმაზე უკეთესი განათლება მინდოდა მიეღო, ვიდრე ამას მოლარის 600 ლარიანი ხელფასით შევძლებდი. თქმა და განსჯა ადვილია. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა ვინ იტყოდა როენას მომხიბვლელ წინადადებაზე უარს? კი შემდგომში ბევრჯერ მინანია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი წინასწრ, თუ რას მომიტანდა იმ სასახლეში ცხოვრება?!
ვე რა
_
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3