კურთხევისას სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულითა და ანგელოზით შემოდის, ზოგიც – ბოროტი სულითა და განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი სულის განდევნისთვისაა საჭირო.
სახლის კურთხევასთან დაკავშირებით “ამბიონი” გთავაზობთ ინტერვიუს (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურ) მამა კონსტანტინე გიორგაძესთან.
რატომ უნდა ვაკურთხოთ სახლი? როგორ ხდება სახლის კურთხევა და რა ლოცვები სრულდება სახლის კურთხევისას?
ადამიანს მარადჟამს ესაჭიროება უფლის მფარველობა, რამეთუ სამოთხიდან გამოძევების შემდეგ იგი ბოროტის განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მოექცა. ბოროტი ძალები შეიძლება ყველგან იყვნენ, მითუმეტეს იქ, სადაც ადამიანები იმყოფებიან. მღვდლის სახლში მისვლით, სახლის კურთხევით ბოროტები იდევნებიან და ისადგურებენ ანგელოზები, რომლებიც მღვდელს მოჰყვებიან სახლის კურთხევის დროს. ამ ანგელოზებს ფუძის ანგელოზები ეწოდებათ. თუ სახლში სიმშვიდე და სიწყნარეა, მაშინ ეს ანგელოზები არსად მიდიან და რჩებიან იქ. მორწმუნე ოჯახმა თვითონაც უნდა ასხუროს ნაკურთხი წყალი ყოველ დღე სახლის შესასვლელ კართან და ოთახებში. სახლის კურთხევისას მღვდელი კითხულობს კურთხევანში არსებულ კურთხევისათვის სპეციალურ ლოცვებს.
სახლის კურთხევის დროს უფლის მადლით იდევნებიან ბოროტი ძალები და სისუფთავე ისადგურებს.
აუცილებელია თუ არა სულიერი მოძღვრის კურთხევა იმ შემთხვევაში, თუ ბინის კურთხევას სხვა მოძღვრის მიერ გადავწყვეტთ?
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ადამიანს ერთი მოძღვარი უნდა ჰყავდეს, მაგრამ საიდუმლოებების შესრულებისთვის მას შეუძლია მიმართოს სხვა მოძღვარსაც. ეს არ არის დანაშაული და ცოდვა.
ნაკურთხ სახლში იმ ოჯახის წევრებზეც თუ გადმოდის ღვთის მადლი, რომლებიც ქრისტეს მცნებებით არ ცხოვრობენ?
ღვთის მადლი გადმოდის იმაზე, ვისაც ეს უნდა და ვინც მიმღებია ამ მადლისა. ისე, რა თქმა უნდა, როცა სახლი იკურთხება, უმჯობესია ოჯახის წევრები ეკლესიურები იყვნენ. ურწმუნო და ათეისტმა ადამიანმა შეიძლება ნაკურთხ სახლში ცუდად იგრძნოს თავი იმიტომ, რომ უფლის მადლი ურწმუნოებას ვერ ეგუება. მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა სახლის კურთხევის დროს და მღვდლის ქადაგებით ბევრ ადამიანს დაუწყია ეკლესიური ცხოვრება.
რა სიხშირით უნდა ვაკურთხოთ სახლი?
სახლის კურთხევის სპეციალურად დადგენილი დრო, ან გრაფიკი არ არსებობს. შეიძლება იკურთხოს როცა მოგესურვებათ მაშინ, თუმცა, ჩვეულებისამებრ, სახლს წელიწადში ერთხელ აკურთხებენ, თუ რაიმე განსაცდელი არ არის ოჯახში.
ბინის კურთხევისას კარზე, კედლებზე სასულიერო პირები ჯვარცმის გამოსახულებას აკრავენ, ეს რისთვისაა საჭირო?
როცა მღვდელი სახლს აკურთხებს, ის კედლებზე, სახლის მთელ პერიმეტრზე გამოსახავს ჯვრებს და ზეთს სცხებს ჯვრის სახით. სწორედ ეს ჯვრები იცავენ ოჯახს ბოროტი ძალებისაგან. არ არსებობს ძალა უფრო მეტი, ვიდრე ჯვრის ძალაა.
მინდა ვურჩიო ადამიანებს, რომ ხშირად გამოისახონ ჯვარი და დასახონ სახლის კარებსა თუ კედლებს. ჯვარი უნდა გადასახონ გზასაც, საკვებსაც, წყალსაც.
რატომ იკრძალება ნაკურთხ სახლში თამბაქოს მოწევა?
თამბაქოს მოწევა, საერთოდ, საშინელებაა. ვინც თამბაქოს ეწევა, ის ეშმაკს უკმევს და წარმოიდგინეთ, როცა მღვდელი სახლს აკურთხებს, ის უკმევს უფალსა და ადამიანებს და ამ დროს მწეველი კი”უკმევს” იმას, ვისაც კურთხევით სახლიდან აძევებენ (ბოროტ ძალას). ადგილი კი არ წმენდს ადამიანს, არამედ ადამიანი – ადგილს. მღვდელი ასუფთავებს, მწეველი კი – აბინძურებს.
დღეს ადამიანები ავტომობილებსაც აკურთხებენ. წერია თუ არა “კურთხევანში”, რომლითაც მღვდელმსახური აღასრულებს საიდუმლოს, გადაადგილების საშუალების კურთხევაც?
აუცილებელია არა მარტო ავტომობილის, არამედ ნებისმიერი ნივთის კურთხევა. კურთხევანში არის სპეციალური ლოცვა, რომელსაც ნავის კურთხევის ლოცვა ეწოდება. ამ ლოცვას იყენებენ ნებისმიერი სხვა ტრანსპორტის კურთხევის დროს. რაც შეეხება სხვა ნებისმიერ ნივთს, არსებობს ლოცვა ყოველი ნივთის კურთხევისა.
მოძღვარს, რომელიც გვიკურთხებს სახლს, რითი უნდა მივაგოთ პატივი?
მღვდლისადმი პატივის მიგება – ეს იგივეა, რაც უფლისადმი პატივის მიგება. უპირველეს ყოვლისა, მას რიდითა და შიშით უნდა მიაგოთ პატივი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ალბათ, გაინტერესებთ უფრო მატერიალური მხარე. პავლე მოციქული ეუბნება იუდეველებს: მე იმდენ სულიერ საკვებს გაძლევთ თქვენ ღვთისგან, რომ მე თქვენგან რაიმე მატერიალური რომ მივიღო, არ მეკრძალება, მაგრამ მე ხომ ამას არ ვაკეთებ?!
მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მღვდელი საიდუმლოებების შესრულების საფასურს არ ითხოვს, მაგრამ თუ რაიმეს თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში შესწირავთ, ეს თქვენ უფრო მეტად დაგიბრუნდებათ.
დაგვლოცეთ მამაო…
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 21