-----------------
2. ერესი – გონების ცოდვაა. ამ ცოდვის არსია ღვთისმგმობელობა. ერესი – უშუალოდ გონების ცოდვა – არა მხოლოდ ბინდავს მას, არამედ განსაკუთრებულ სისასტიკეს სძენს და სამუდამოდ კლავს გულსაც.
ამ ცოდვით ადამიანი ყველაზე მეტად ემსგავსება დაცემულ სულებს, რომელთა მთავარი ცოდვაა ღმერთთან დაპირისპირება და მისი გმობა.
დაცემულ სულთა ნიშანდობლივი თვისებაა სიამაყე; ერეტიკოსებიც გამოირჩევიან სიამაყით, რაც უცხადესად ვლინდება ზიზღსა და სიძულვილში ყველას მიმართ, ვინც მათ სექტას არ ეკუთვნის. სექტანტებს (ასევე ეკუმენისტებს) საშინლად სძაგთ და ეჯავრებათ ისინი!
მაგრამ ერეტიკოსებსა და განდგომილებში სიამაყე არსობრივად ვლინდება შემდეგში: ისინი უკუაგდებენ თავად უფლისაგან გაცხადებულ და ნაქადაგებ ღვთის მეცნიერებასა და ღვთისმსახურებას და მათ შეცვლას ლამობენ თვითნებური, მკრეხელური და უფლისთვის საძულველი ღვთის მეცნიერებითა და ღვთისმსახურებით.
ეშმაკიც კი აღარ ცდილობს ერესითა და განხეთქილების ცოდვით დასნეულებულთა შეცდენას სხვა ვნებებითა და აშკარა ცოდვებით.
მან რატომღა უნდა აცდუნოს და შეებრძოლოს იმას, ვინც მომაკვდინებელი ცოდვით – ერესით – სამუდამოდ მკვდარია და ჯერაც ცოცხალი უკვე ეშმაკის კუთვნილებაა?
პირიქით, სატანა ეხმარება ერეტიკოსსა და განდგომილს, იყოს თავდაჭერილი, გარეგნულად იღვაწოს და აღასრულოს სათნოება, რათა ამ გზით შეუნარჩუნოს მას თვითკმაყოფილება, დატოვოს ცდომილებაში და სიწმინდის ნიღბის საშუალებით, რასაც ერეტიკოსი ატარებს, ერესისკენ მიიზიდოს ადამიანები, ანდა თუნდაც მის გასამართლებლად და რამდენადმე მოსაწონებლადაც განაწყოს; აგრეთვე ცდილობს, დააეჭვოს მართლმორწმუნეობაში და გულგრილი გახადოს მისდამი.
საგანძურის მფლობელს თავს ყაჩაღები ესხმიან, ხოლო ვისაც არა აბადია რა, მას ავაზაკები არ აწუხებენ.
მართლმორწმუნეობის საუნჯის მფლობელს მტერი სასტიკად ებრძვის! ის მთელი ძალით ესხმის თავს და ცდილობს, საზოგადოებას იგი დამარცხებული დაანახოს; ამას მიზანი იგივე აქვს, რაც ერეტიკოსის სათნო და პატივმისაგებ პიროვნებად წარმოჩენას ჰქონდა.
ასეთი ძნელად მისახვედრი მზაკვრობით მოქმედებს ბოროტი სული ერესის სასარგებლოდ და ჭეშმარიტი ქრისტიანობის საზიანოდ. საუბედუროდ, მას ეს ხრიკი ძალზე კარგად გამოსდის! მისი საშუალებით ათასობით ადამიანს ატყვევბს დასაღუპავად.
ბევრი ერეტიკოსი და განდგომილი მისდევდა უმკაცრეს სამოღვაწეო ცხოვრებას, ხოლო როცა მართლმადიდებლობა შეიწყნარეს, სხვადასხვა სისუსტე გამოავლინეს.
რა უნდა დავასაკვნათ აქედან? ის, რომ პირველ მდგომარეობაში ყოფნისას მათ მტერი თავისიანებად მიიჩნევდა და არ ებრძოდა, მეორე შემთხვევაში კი დაუნდობელი ბრძოლა წამოიწყო მათ მიმართ, რომლებმაც თავი დაუფარავად გამოაცხადეს და აღიარეს მის მოწინააღმდეგედ.
წმინდა წერილი ბოროტ სულს უწოდებს არა მხოლოდ მტერს, არამედ შურისმაძიებელსაც (იხ. ფს. 8, 3). იგი არა მარტო ემტერება კაცს, ის მისდამი საშინელი შურითაცაა შეპყრობილი და გულგრილად ვერ უყურებს, რომ ადამიანი ღვთისთვის მოსაწონ სათნოებასა და სიკეთეს იქმს.
ამგვარი ღვთისსათნო ქცევისათვის სამაგიეროს უხდის მას და მოუვლენს ურიცხვ განსაცდელს გარედანაც, ბოროტ კაცთა საშუალებით, და შინაგანადაც, სხვადასხვა ვნებათა აღძვრით.
უცნაურ ზეგავლენას ახდენს ერესი და განხეთქილება ადამიანის სხეულზე! სულის გაკერპება ხორცსაც გადაეცემა. სიცოცხლეში ეს ყველას არ ეტყობა, მაგრამ ერეტიკოსის ან განდგომილის სხეული სიკვდილის შემდეგ უმალ გაშეშდება და აუტანელ სიმყრალეს გამოსცემს ხოლმე, ეს განსაკუთრებით ემართებათ მათ, რომლებიც უმკაცრეს სამოღვაწეო ცხოვრებას მისდევდნენ, იყვნენ თავიანთი სექტების სახელგანთქმული მასწავლებლები და დაბრმავებული ერის საყოველთაო პატივისცემით მოსილნი.
სწორედ ისინი აფრქვევენ ყველაზე ამაზრზენ სუნს სიკვდილის შემდეგ. მათი გამომშრალი სხეულებიდან აქოთებული ჩირქი გადმოდის. ძნელია მათი გასვენებისა და დასაფლავების გაძლება. მათ საფლავებთან მყოფი ავსულები კი იქვე სხვადასხვა სახით ცხადდებიან შესაშინებლად ან საცდუნებლად.
ერეტიკოსისთვის ძნელად მისაღწევია სინანული და ჭეშმარიტების შეცნობა. მემრუშეებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებს უფრო ხელეწიფებათ სინანული და ჭეშმარიტი შეცნობა ღვთისა, ვიდრე ერეტიკოსსა და განდგომილს, განსაკუთრებით თუ ის სწავლულია ან მოღვაწე.
ეს დაადასტურეს სახარებაში ნახსენებმა ქრისტეს თანამედროვე ცოდვილებმაც და მეცნიერმა სექტანტებმაც.
ცოდვილებმა შეიწყნარეს უფალიც და მისი წინამორბედიც მაშინ, როდესაც მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სადუკევლებმა უარყვეს იესო და იოანე.
სინანულის გრძნობას ვერ გაითავისებს ის, ვინც თავისთავით დიდად კმაყოფილია, ხოლო ირგვლივ მარტოოდენ საცდურსა და ნაკლს ხედავს. ვინც საკუთარ თავს ყველაზე გონიერად მიიჩნევს, მისთვის უცხოა შიმშილი და წყურვილი უკიდეგანო საღვთო ჭეშმარიტებისა, რომელიც სრულიად დაანაყრებს და დაარწყულებს თავის აღზრდილს, რითაც მადლმოსილი სიმართლის კიდევ უფრო ძლიერ შიმშილსა და წყურვილს აღუძრავს მას.
ვერ იტყვის უარს თავის ღვთისმგმობელობაზე ის, ვინც მას წმინდა ჭეშმარიტებად აღიარებს; ნამდვილი წმინდა ჭეშმარიტება კი მისთვის უხილავია, რადგან მხედველობის ორგანო – სულიერი თვალი და გონება – სიცრუემ დაუბრმავა.
ერეტიკოსისა და განდგომილის მოქცევა მართლმორწმუნეობაზე, რაც ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, ხდება უფლის განსაკუთრებული განგებულებით იმ რჩეულთათვის, რომელთა ვინაობა მარტოოდენ ერთმა ღმერთმა იცის.
ერეტიკოსთა და განდგომილთა მოსაქცევად ადამიანური ძალისხმევა უძლურია.
ნიკეის პირველ კრებაზე არიოზსა და მის თანამზრახველებს დაუპირისპირდნენ მნათობნი ეკლესიისა: ათანასე დიდი, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, იაკობ ნიზიბიელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომლებიც მოქმედებდნენ არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სასწაულთა ძალითაც, მაგრამ მათაც ვერ დაიყოლიეს გაკერპებული ერეტიკული დასი და ერესიარქი არიოზი, რომელმაც, როგორც საეკლესიო ისტორია მოგვითხრობს, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა თავის ცდომილებას და არ დათმო იგი.
3. ერესი – ქრისტიანობის უარყოფაა.
როდესაც ხალხმა დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის მიტოვება მისი სრული უაზრობის გამო და თანდათანობით შეიმეცნა და აღიარა მაცხოვარი; როდესაც ადამიანებში კერპთაყვანისმცემლობის შენარჩუნების ყველა მცდელობა გაუცრუვდა ეშმაკს, მაშინ გამოიგინა მან ერესი, რისი საშუალებითაც არა მხოლოდ წაართვა ხალხს ქრისტიანობა, არამედ იგი ღვთისმგმობელობით შეუცვალა და ამასთან ერესის მიმდევრებს შეუნარჩუნა ქრისტიანის სახელი და ერთგვარი იერი.
რას ნიშნავს არიანელობა? ეს არის ქრისტესა და ქრისტიანობისაგან განდგომა, ღვთის უარყოფა. თუ ძე ქმნილებაა, როგორც ამას არიოზი ამტკიცებდა, მაშინ არ არსებობს ჭეშმარიტი სამპიროვანი ღმერთი და თუ ძე ღმერთი არ არის, მაშინ სადღაა განკაცება ღვთისა, ადამიანური ბუნების თანაზიარება ღვთაებრივ ბუნებასთან (იხ. 2. პეტ. 1, 4), რაც ადამიანებმა ღვთის განკაცებით შეიძინეს?
სად არის ცხონება? სად არის ქრისტიანობა? – ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა (1. ინ. 2, 23) – გვეუბნება საღვთო წერილი. არიანელობა არის უღმერთოებაც და ღვთის გმობაც.
რა არის ნესტორიანელობა? – უარყოფა განკაცებული ღმერთი სიტყვისა. თუ ქალწულისაგან ჩვეულებრივი ადამიანი იშვა, მაშინ სადღაა სულიწმიდით ჩასახვა (იხ. მთ. 1, 18); ან წმინდა წერილში აღნიშნული მოვლენა, რომ სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა (ინ. 1, 40); ანდა შობა ღვთის ძისა? სად არის ქრისტიანობა?
ნესტორმა არიოზის ერესი გაიმეორა, ოღონდ სახეცვლილი. ამ ერესთა არსი ერთია – ქრისტეს უარყოფა, ხოლო ქრისტეს უარყოფით – უარყოფა ღვთისა.
იმავეს იქმოდნენ ევტიქი და მონოთელიტები: მათ ღმერთკაცის ორი ბუნება და ორი ნება ერთ ბუნებად და ერთ ნებად შეაერთეს და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე-ადამიანი ქრისტე-ღვთაებამ შთანთქა, როგორც წვეთი ღვინისა უკიდეგანო ზღვამ.
ისინი იმავე მიზნისაკენ გაემართნენ, ოღონდ არა იმ მხრიდან, საიდანაც არიოზი და ევტიქი მივიდნენ. ეს იმიტომ, რომ განკაცებულ ძე ღმერთში ადამიანური ბუნების არსებობის უარყოფით ისინი უგულებელყოფენ ყოველივეს, რაც თავს-იდვა უფალმა, როგორც კაცმა და, მაშასადამე, არ ცნობენ კაცობრიობის გამოსყიდვას უფლის ვნებითა და სიკვდილით, ამით კი მთელ ქრისტიანობას უარყოფენ.
იმავესკენ მიისწრაფიან ხატმბრძოლებიც. ქრისტეს მხატვრობით გამოსახვის დაუშვებლობით ისინი არაპირდაპირ, მაგრამ მაინც უარყოფენ ღვთის ძის მოვლინებას ადამიანური ხორცით.
თუ ღვთის ძემ ხორცნი შეისხა, მაშინ სავსებით შესაძლებელია მისი – ღვთაებრივი ბუნებით გამოუსახველის – დახატვა, როგორც ადამიანისა. და თუ მისი გამოსახვა შესაძლებელია, მის ხატებს განსაკუთრებული პატივისცემაც შეჰფერის. ჩვენ ხომ მივაგებთ პატივს ჩვენი მშობლების, მეფეების, მთავრების, კეთილისმყოფელების გამოსახულებებს და მათ საპატიო ადგილას ვათავსებთ.
მით უფრო მეტი პატივი უნდა მიეგოს ჩვენი მაცხოვრის, შემდგომ კი ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის ხატებს.
იმავეს ლამობს პაპიზმი; ასე ეწოდება ერესს, რომელმაც მოიცვა დასავლეთი და რომლისგანაც ამოიზარდა, როგორც ტოტები ხიდან, სხვადასხვა პროტესტანტული სწავლება.
პაპიზმი პაპს ქრისტეს თვისებებს აკუთვნებს და ამით უარყოფს ქრისტეს. ზოგიერთმა დასავლელმა მწერალმა თითქმის აშკარად აღიარა ეს უარყოფა, როდესაც თქვა, რომ გაცილებით ნაკლები ცოდვაა – განუდგე ქრისტეს, ვიდრე – პაპს.
პაპი არის პაპისტების კერპი, მათი ღვთაება. ამ საშინელი ცდომილების გამო მათ განეშორათ ღვთის მადლი; ისინი დარჩნენ საკუთარი თავისა და სატანის – ყველა ერესის გამომგონებლისა და მათ შორის პაპიზმისაც – ამარა.
ამგვარად გონებადაბინდულებმა დაამახინჯეს ზოგიერთი დოგმატი და საიდუმლო, მოაშორეს არსობრივი მნიშვნელობა საღვთო ლიტურგიას, საიდანაც ამოიღეს სულიწმიდის მოხმობა, შეწირული პურისა და ღვინის კურთხევა, როდესაც ისინი ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაიქცევიან.
ეს არსებით ნაწილს შეადგენდა ყველა ლიტურგიისა, რაც ქრისტეს მოციქულებმა მთელ ქვეყნიერებაზე გაავრცელეს. იყო რომის თავდაპირველ ლიტურგიაშიც (იხ. ცხოვრება გრიგოლ აკრაგანტელისა).
არ არსებობს ერესი, რომელიც ასე აშკარად და უტიფრად გამოხატავს თავის უზომო ამპარტავნებას, ადამიანების მიმართ საშინელ ზიზღსა და სიძულვილს, როგორც ამას აკეთებს პაპიზმი.[2]
პროტესტანტები პაპის ცდომილებებს წინ აღუდგნენ, უფრო სწორად – აუჯანყდნენ პაპების გაღმერთებას და მათ გაუკუღმართებულ ხელისუფლებას. მაგრამ, რადგანაც ისინი მოქმედებდნენ ვნებებით აღძრულნი, იყვნენ გარყვნილებაში ჩაფლულნი და პირდაპირ მიზნად არ ჰქონიათ წმინდა ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, როგორც მას კორნილიუს ასისთავი ეძებდა, ამიტომაც ვერ გახდნენ ღირსნი მისი შეცნობისა. ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა (ინ. 3, 20).
პროტესტანტებმა პაპისტების ყველა ცდომილებიდან უარყვეს მხოლოდ მათი ურჯულო აზრი პაპზე; დანარჩენ გადახრათა გზას კი დაადგნენ, ბევრი შეცდომა გააღრმავეს და ადრინდელს ახალიც მრავლად დაუმატეს.
მაგალითად, მათ უარყვეს ყველა საიდუმლო, თავად მღვდლობა; სრულიად უგულებელყვეს ლიტურგია და ყველა საეკლესიო გადმოცემა, სამაგიეროდ, თავიანთ მიმდევართაგან თითოეულს უფლება მისცეს, საკუთარი სურვილისამებრ აეხსნა წმინდა წერილი – სულიწმიდით წარმოთქმული, რომელიც მხოლოდ სულიწმიდითვე განიმარტება (იხ. 2 პეტ. 1, 21).
ერესებს შეიძლება მიეკუთვნოს ის სწავლებაც, რომელიც არ ეხება დოგმატებსა და საიდუმლოებს, მაგრამ უარყოფს ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას, ამასთან ქრისტიანებს წარმართული წესით ცხოვრების ნებას რთავს.
ეს სწავლება გარეგნულად არ ჩანს ქრისტიანობისადმი ცუდად განწყობილი, სინამდვილეში კი მისი პირდაპირი მტერია – იგი ქრისტესგან განდგომას ნიშნავს. თავად უფალმა მათზე, ვინც პირით აღიარებს მას, საქმით კი მის ნებას ეწინააღმდეგება, თქვა: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ. 7, 23).
რწმენა შეიძლება იყოს ცოცხალი მხოლოდ საქმეებით, მათ გარეშე იგი მკვდარია (იხ. იაკ. 2, 26). თუმცა ქრისტიანული დოგმატების ყველაზე სწორი გაგებაც იკარგება არაქრისტიანული ცხოვრებით. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კერპთაყვანისმცემლობა ერთობ ძლიერი იყო, ერეტიკოსები წარმართულ ცხოვრებას მისდევდნენ.
წმინდა ათანასე დიდმა ეს აღნიშნა არიანელებთან დაკავშირებით, რომლებიც კერპთაყვანისმცემელთა გართობებს ეძალებოდნენ და ზნეობრივად მათ ემსგავსებოდნენ.
უახლეს პერიოდში წარმართული ცხოვრება თავდაპირველად პაპიზმის წიაღში წარმოჩინდა; პაპისტების წარმართულ გრძნობებსა და გემოვნებას განსაკუთრებული სიმძაფრით ცხადყოფს ხელოვნების ნაწარმოებთა გამოყენება რელიგიური თვალსაზრისით: წმინდანთა ფერწერული გამოსახულებები და ქანდაკებები, საეკლესიო მუსიკა და საგალობლები, რელიგიური პოეზია.
მათი ყველა სკოლა ცოდვითი ვნებებით, განსაკუთრებით ტკბობისმოყვარებით, არის აღბეჭდილი; იქ არ არის უბიწოებისა და კეთილწესიერების, უბრალოების, სისუფთავისა და სულიერების განცდა.
ასეთია მათი საეკლესიო მუსიკა და საგალობლები. მათი პოეტი აღწერს იერუსალიმისა და უფლის საფლავის განთავისუფლებას და საამისოდ მუდმივად მოუხმობს მუზას; ხოტბას ასხამს სიონს ჰელიკონთან ერთად, შემდეგ მუზიდან გაბრიელ მთავარანგელოზზე გადადის.
"უცდომელი" პაპები – რომის ეს ახალი კერპები – გარყვნილების, ტირანიის, უღმერთობის, ყოველივე სიწმინდის მიმართ მკრეხელობის მაგალითებად გვევლინებიან. რომში, წარმართული ღმერთების – პაპების – საფარველქვეშ აღდგა და იქიდან ევროპას განეფინა წარმართული ცხოვრება თავისი ტრაგედიებითა და კომედიებით, როკვით, სირცხვილისა და წესიერების უარყოფით, სიძვა-მრუშობითა და კერპაყვანისმცემელთათვის დამახასიათებელი სხვა ჩვევებით...
რატომ მოქმედებს ერესი ასე? მიზეზი ის არის, რომ სულიწმიდის მგმობელი ეს საშინელი ცოდვა სრულიად განაშორებს ადამიანს ღვთისაგან და უმორჩილებს სატანის ძალაუფლებას. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საერთოდ არ ძალუძს განსჯა, შეგრძნება, სულიერი მოღვაწეობა; მაშასადამე, მისთვის უცხო ხდება სულიერება, ხოლო მშვინვიერ-ხორციელი მდგომარეობა, პირიქით, ძლიერ უვითარდება.
ეს პიროვნება უხვად აფრქვევს მშვინვიერ, ეშმაკისეულ, შურით, ხდომით და სიამაყით აღსავსე მიწიერ სიბრძნეს (იხ. იაკ. 3: 11, 15).
მასში არ არის სიმშვიდე, სიყვარული, შემოქმედებითი თავმდაბლობა; ის ჭარბსიტყვიანია, ამაოდმეტყველი, გაჯერებულია კაცობრივი და ეშმაკისეული სიბრძნით, თავადაც თვითცდუნებით არის აღსავსე და მსმენელთაც აცდუნებს. იგი სხვაგვარი ვერც იქნება, რადგან ერეტიკოსის გულისსიტყვებს – საღვთო მადლს მოკლებულს – მუდამ დაცემულნი სულნი მართავენ და მათზე ძალადობენ.
ეს მრავალთათვის გაუგებარი და დაუჯერებელია. დაე, ასეთებმა ყურადიღონ განმარტება სულიწმიდით შემოსილი მამისა: "სიკეთე ვერ იქნება სარწმუნო ან ქმედითი იესო ქრისტეს და სულიწმიდის გარეშე" (წმ. მარკოზ მონაზონი, "სიტყვა სულიერი რჯულის შესახებ", თ. 2).
ზრახვა, სიტყვა და საქმე უფლისთვის საკადრისი რომ იყოს, მათ სულიწმიდის მადლი უნდა ეცხოთ. ამის გარეშე ისინი მაინც ძველ ადამიანს ეკუთვნიან და ღვთისთვის საძაგელნი არიან, გარეგნულად რაოდენ ბრძენნიცა და კეთილნიც უნდა ჩანდნენ ამსოფლიურ სამსჯავროზე.
ერეტიკოსებს, განსაკუთრებით ერესიარქებს, მუდამ ახასიათებდათ ღვთისგან განდგომა, თვითცდუნება, გონების დაბინდვა, დაუოკებელი ვნებათაღელვა. ჩვეულებრივ ისინი ნაირ-ნაირ წადილს არიან აყოლილნი.
ევტიქი უკიდურესად ანგარებისმოყვარე იყო და, მიუხედავად სამონაზვნო უპოვარებისა, მნიშვნელოვანი თანხა დააგროვა. აპოლინარიუსს სიბერეში საყვარელი ჰყავდა.
არიოზმა დაწერა ურცხვი, გარყვნილებით აღსავსე პოემა "თალია", რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამ თხზულების წაკითხვა დაიწყეს ნიკეის პირველ კრებაზე, მაგრამ მასში მონაწილე მამებმა უარი თქვეს მის მოსმენაზე, როგორც სამარცხვინო ნაწარმოებზე და მათთვის შეთავაზებული ნიმუში ცეცხლს მისცეს.
ასეთია უახლეს ერეტიკოსთა შემოქმედებაც – აღსავსე ჯოჯოხეთური მკრეხელობით, უტიფარი, ყალბი მსჯელობებით, საშინელი მოურიდებლობითა და გარყვნილებით.
ეს შეფასება მაინც ძალზე მსუბუქია იმასთან შედარებით, რაც მათი ნაწერების კითხვისას უჩნდება კაცს. ჩვეულებრივ ადამიანს აზრადაც ვერ მოუვა ის, რაც წარმოთქვეს და დაწერეს ერესიარქებმა.
ერეტიკოსთა ყველა თხზულება შექმნილია ბოროტ სულთა ზეგავლენით და სავსეა ზნეობრივი საწამლავით, რაც სამუდამოდ კლავს სულს. მათი ყალბი დოგმატური წიგნები უეჭველად შეიცავს წმინდა ეკლესიისათვის სულიწმიდის მიერ ნასწავლი დოგმატების გმობას. მათი სამოღვაწეო წიგნები, თუმც გარეგნულად უზენაეს სათნოებასა და ქრისტიანობას ქადაგებენ, სინამდვილეში არიან თვითცდუნებისა და ეშმაკეული ხიბლის ნაყოფნი და გამოხატულებანი – ამას კი ხალხი ვერ ხვდება.
ერეტიკოსი მწერლები ასწავლიან ძველი ადამიანისათვის დამახასიათებელ ზნეობას, რაკი წარმოდგენაც არ აქვთ ქრისტიანულ ზნეობაზე – იგი მათი გონებისა და გულისათვის სრულიად მიუწვდომელია.
აგრეთვე ერესის ნაყოფია აშკარად ცოდვითი და ტკბობისმოყვარებით აღსავსე კომედიები, რომანები და სხვა თხზულებები, რომელთაგან ზოგიერთი სასულიერო პირების დაწერილია, მაგალითად, "ტელემაქე" შექმნა ფენელონმა.
ყველა ამ წიგნის კითხვა უკიდურესად საზიანოა, გამოუცდელი თვალი ზოგიერთ მათგანში თუ შენიშნავს შხამს, თორემ სხვებში იგი საგულდაგულოდ არის დაფარული.
შეუმჩნეველი, ოსტატურად შეზავებული საწამლავი ნაკლებ ძლიერი არ არის, პირიქით, იგი განსაკუთრებით დამანგრეველად მოქმედებს. ერეტიკული წიგნების კითხვა დოგმატურ, განსაკუთრებით კი სამოღვაწეო, თემებზე ხშირად აღძრავს სიძვის გულისსიტყვებს, ხოლო რომანებისა – სარწმუნოების მიმართ უნდობლობას, გაუგებრობისა და ეჭვების გულისსიტყვებს.
უწმინდური სულები და ცოდვები უერთმანეთოდ არ არსებობენ – თუ ერთ ცოდვას ნებაყოფლობით მოუხრი ქედს, იძულებული გახდები, მეორის უწმინდურ გავლენასაც დაემორჩილო...
გამოცდილება ადასტურებს, რომ ერესისა და უღმერთობის გზას უმეტესად შეუდგნენ გარყვნილი ცხოვრების მიმდევარი ადამიანები, ერესსაც მუდამ თან სდევს ზნეობრიობის მოშლა – ეს ცოდვების ურთიერთკავშირია.
ყველა ერეტიკული წიგნი თავდაპირველად აღაგზნებს სარწმუნოების მიმართ დაეჭვების გულისსიტყვებს. „უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რადგან ყველაზე ხშირად ეს აიარაღებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ“ – ამბობს წმინდა ისააკ ასური (სიტყვა 56).
მოქმედებს მკრეხელური გულისსიტყვები ვინმეში? შეერყა ვინმეს ნდობა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომელიც არის ერთი ჭეშმარიტი ეკლესია ქრისტესი? გახდა ვინმე "უნივერსალური" ქრისტიანი და გულის კარნახით, ან უფრო სწორად, ქრისტიანობის სრული უცოდინარობის გამო, თანაბრად მიეკუთვნა ყველა აღმსარებლობას, სინამდვილეში კი არც ერთ მათგანს? – იცოდე, ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ერეტიკული წიგნების კითხვამ ან ერესით დაავადებულებთან საუბრებმა.
ტკბობისმოყვარებას აყოლილნი განსაკუთრებული ხალისით კითხულობენ ერეტიკულ წიგნებს ქრისტიანულ მოღვაწეობასა და სრულყოფაზე, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის ზნეობრივ ნაწერებს ზურგს აქცევენ. რა არის ამის მიზეზი?
სულიერი განწყობის მსგავსება. ეს ადამიანები ტკბებიან მეოცნებეობითა და გამომგონებლობით დაწერილი და ღრმა ტკბობისმოყვარებით, პატივმოყვარებითა და ზესთმჩენობით შეზავებული წიგნების კითხვით – ისინი მადლმოსილად ეჩვენება გონებასა და გულს, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლებით არ არიან განწმენდილნი.
მართლმადიდებლური წიგნები მოუწოდებენ სინანულისა და ცოდვითი ცხოვრების მიტოვებისაკენ, თავგანწირვის, თვითმხილებისა და თავმდაბლობისაკენ – სწერედ ეს არ სურს ამა სოფლის შვილს. კერპთაყვანისმცემლობა და ყოველგვარი დაუფარავი უარყოფა უფლისა შეიძლება შევადაროთ აშკარა საწამლავს – მას ყველა იოლად მოერიდება. ერესი კი ჰგავს გარგნულად მიმზიდველ, მაგრამ მოშხამულ საჭმელს – მისგან უკვე ძნელია თავის დაცვა, რადგან შენიღბულია, თანაც მისი მშვენიერი შესახედაობა და მადისაღმძვრელი სურნელი ადამიანში აღვივებს საკვებით დანაყრებისა და დატკბობის ბუნებრივ სურვილს.
ერესს მუდამ თან სდევს ორგულობა და თვალთმაქცობა. იგი ხასიათდება ჭარბსიტყვაობით, არის ამაოდმეტყველი, აფრქვევს კაცობრივ ცოდნას, ამიტომაც ადვილად იზიდავს ადამიანებს და დასაღუპავად იპყრობს.
ერესმა შეუდარებლად მეტი ადამიანი წარწყმიდა სამუდამოდ, ვიდრე ქრისტეს პირდაპირმა უარყოფამ.
-----------------
დოგმატური ღვთისმეტყველების კატეხიზმო
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев