––––––––––
მღვდელმთავარსა და მსაჯულს ელის ჰყავდა ორი შვილი, რომელნიც კრებულის კარავს მღვდლად ემსახურებოდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ღვთის შიშით, მოყვასის სიყვრულით, სათნოებით და კეთილი საქმით მთელ ხალხისთვის მისაბაძი მაგალითი ეჩვენებინათ, მაგრამ ამის მაგიერ ისინი იყვნენ უმსგავსონი ყოველის მხრივ. ღვთის პატივისცემა და კრძალვა არა ჰქონდათ, უფლის ტაძარში ახდენდნენ უწესრიგობას; ცხოვრება ჰქონდათ მეტად საძრახისი.
ხალხს მომეტებით ართმევდნენ. თავისი უმსგავსი ქცევით ხალხს ცუდ მაგალითს უჩვენებდნენ, აჩვევდნენ მას უფლის სჯულის და წესის გაქარწყლებასა და აშორებდნენ ღმერთსა. ელის გაგონილი ჰქონდა თავისი შვილების ბიწიერი ყოფაქცევა. როგორც მათი მამა და როგორც მათი უფროსი, იგი ვალდებული იყო სასტიკად დაესაჯა თავისი შვილები და კეთილ გზაზედ დაეყენებინა, და თუ არ დაიშლიდნენ ისინი ცუდ ყოფაქცევასა, უნდა მაშინვე გადაეყენებინა მღვდლობიდან. მაგრამ ელის დასასჯელად ენანებოდა შვილები და მხოლოდ ამისთანა შენიშვნებს აძლევდა მათ: რად იქცევით აგრე? ეგ კარგი არ არის, შვილებო, ცოდვაა მაგრე მოქცევა. რასაკვირველია, ამისთანა რბილ სიტყვებს ელის გაფუჭებული შვილები ყურსაც არ ათხოვებდნენ.
უფალმა გადასწყვიტა თვითონ დაესაჯა ისინი და მათთან მათი მამაც, იმის გამო, რომ მტკიცედ არ არიგებდა თავის შვილებს და მათ წყენას უფრო ერიდებოდა, ვიდრე ღვთის წყენას. სამოელი კი, თუმცა ელის გარყვნილ შვილებთან ცხოვრობდა, სრულიად არა ბაძავდა მათ, თავს იცავდა წმინდად, უმანკოდ და ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა მას და ადამიანთაც სხვებზე მომეტებულად უყვარდათ. ერთხელ სამოელს კრებულის კარვის კარებთან ეძინა და უცებ შემოესმა თავისი სახელის ძახილი. სამოელს ეგონა, ეს უთუოდ მღვდელმთავარი მეძახის თავის კარვიდანაო, ადგა, მიირბინა და უთხრა: აგერ, გეახელით, რად მეძახდით? მე შენთვის არ დამიძახია! წადი შინ, დაწექ და დაიძინე, _ უპასუხა ელიმ. მეორედაც ასეთი საკვირველი საქმე დაემართა სამოელს. ელის გაუკვირდა, მაგრამ ვერ მიხვდა, კიდევ რას მოასწავებდა ეს ძახილი.
მხოლოდ როცა მესამედაც მიირბინა სამოელმა მასთან და ჰკითხა: რა ვქნა, რას მეძახიო? მაშინ ელიმ ცხადად დაინახა, რომ უცნაური ხმა, რომელიც ეძახდა სამოელს, უფლისა უნდა ყოფილიყო და ასე დაარიგა იგი: როცა კიდევ დაგიძახონ, შენ უპასუხე: ბრძანე, უფალო, მონა შენი ისმენს, უფალმა კიდევ დაუძახა სამოელს, სამოელმა მიუგო ისე, როგორც ასწავლა ელიმ. მაშინ უფალმა გამოუცხადა: ელის და მის შვილებს მოელით სასტიკი დასჯა და ისინი ამ სასჯელს ვერ აიშორებენ თავიდან ვერა შესაწირვითა, რამეთუ ცოდვანი მათნი არიან მძიმენი.
დილით მღვდელმთავარმა დაუძახა სამოელსა და ჰკითხა: რა გითხრა შენ უფალმა? ნურას დამიმალავ, ყველაფერი მითხარი! სამოელმა ყველაფერი უამბო. ელიმ ამაზედ სთქვა: იყოს ნება ღვთისა. აღსრულდეს ისე, როგორც მას სწადიან. მის შვილებს იმ მუქარამ უფლისამ ყურიც არ გააბერტყინა. ისინი უწინდებურადვე არღვევდნენ სჯულსა და ატარებდნენ თავის ცხოვრებას სხვადასხვა ბიწიერებაში. (1 მეფ. 2,12 _ 25; 27 _ 36; 3; 3 _18)
დიდი სასჯელი მიაყენა უფალმა ელის სახლობასა. ეს სასჯელი მოხვდა ყველა სხვა ისრაელთაცა, რადგანაც მათ შორის ამ დროს ბევრი უსჯულო საქმეები ხდებოდა. საისრაელოს დაეცნენ მტერნი. პირველ ბრძოლაშივე დამარცხდნენ ისრაელნი. იმის მაგივრად, რომ ღმერთს შევედრებოდნენ შემწეობასა და შველას, ისრაელთ გაგზავნეს სელომში კაცები და მოითხოვეს კიდობანი სჯულისა; ეგონათ, რომ ეს წმინდა ნივთი თვითონ დაუმარცხებდათ მტრებსა. ღმერთი უფრო გაუწყრა მათ ამ უკუღმართობაზედ და საშინელი უბედურება მიაყენა.
როცა ელიმ კიდობანი სჯულისა გაისტუმრა ომში, დაჯდა კრებულის კარვის წინ და გულის თრთოლვით ელოდა ომიდან ამბავსა, უცებ მოვარდა მოამბე შემოფლეთილი პერანგითა და თავზედ მიწაგადაყრილი (ეს ებრაელთა შორის ნიშანი იყო მწუხარებისა).
რას იტყვი, შვილო, ჩემო, რა ამბავია? _ იკითხა ელიმ. ისრაელის ჯარი საშინლად დამარცხდა; შენი ორივე შვილი მოჰკლეს; სჯულის კიდობანი წარმართებს ჩაუვარდათ ხელში.
ეს რომ გაიგონა მოხუცებულმა ელიმ, ელდისაგან გადმოვარდა სავარძლიდან, ხერხემალი გაიტეხა და იქვე მოკვდა. წარმართმა ჯარმა თან წაიღო სჯულის კიდობანი. მაგრამ ჩქარა იძულებული შეიქმნა უკანვე დაებრუნებინა ისრაელთათვის, რადგანაც, საცა კი მიიტანეს სჯულის კიდობანი, ყველგან უბედურება გაჩნდა: ზოგან ავადმყოფობა დაერია ხალხსა, ზოგან ნახნავ-ნათესი თაგვებით გაივსო, ზოგან კერპები ჩამოცვივდა ტაძარში და დაიმსხვრა.
ბოლოს დაუდეს კიდობანი სჯულისა, ერთ ურემზე, შეაბეს ორი დეკეული და გაუშვეს ღვთის ანაბარად. თუმცა ამ დეკეულებს შინ დაბმული ხბორები ჰყავდათ, მაგრამ მაინც გასწიეს პირდაპირ საისრაელოში და მიიტანეს სჯულის კიდობანი. ისრაელნი სიხარულით ცას ეწივნენ, ჩამოიღეს კიდობანი და შეიტანეს კარავში; დეკეულები დაჰკლეს და შესწირეს უფალს მსხვერპლად, თვითონ ურემი კი შეშად იხმარეს მსხვერპლის დასაწველადა.
ამ დამარცხების შემდეგ ისრაელნი ოცი წელიწადი თავისი მტრების მონობაში იყვნენ. მაგრამ ბოლოს უფალმა შეიცოდა და სამოელის თაოსნობით მიანიჭა მათ გამარჯვება მტერზედა. სამოელი მართავდა ისრაელთა, როგორც მსაჯული და როგორც წინასწარმეტყველი. მას მხურვალედ უყვარდა თავისი ხალხი, სურდა, რომ იგი ყოფილიყო ღვთის მოშიში, ერთობის მოყვარე, ცუდს მორიდებოდა და სათნო ცხოვრება ჰქონოდა. იგი იყო სასტიკი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული. ამიტომ მთელ ხალხს დიდი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა სამოელისა. (1 მეფ. 4,1 _18; 5,1 _12; 6,1 _ 14; 7,7 _ 16)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев