წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
---------------------
უფალო, დალოცე ჩემი მტრები. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი. ჩემი მტრები შენი მკლავებისაკენ მეტად მიბიძგებენ, ვიდრე მეგობრები. მეგობრები მიწას მიმაჯაჭვავდნენ, მტრები კი მწყვეტდნენ მიწიდან და მიმსხვრევდნენ ყველა ოცნებას მიწის შესახებ. მათ მაქციეს უცხოელად მიწიერ სამეუფოში და მიწის ურგებ მცხოვრებად. როგორც დევნილი ნადირი პოულობს მეტად საიმედო თავშესაფარს, ვიდრე არადევნილი, ასევე მეც, მტრების მიერ დევნილმა, ვიპოვე ყველაზე საიმედო თავშესაფარი, როდესაც შენს კარავში შემოვეფარე, სადაც ვერც მეგობრები და ვერც მტრები ჩემს სულს ვერ დაღუპავენ. დალოცე ჩემი მტრები, უფალო. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი. მათ ჩემს ნაცვლად აღიარეს ჩემი ცოდვები მთელი სამყაროს წინაშე. ისინი მამათრახებდნენ, როდესაც თვითონ ვერ ვბედავდი საკუთარი თავის გამათრახებას. ისინი მაწამებდნენ მაშინ, როდესაც მე წამებას გავურბოდი. ისინი მლანძღავდნენ მაშინ, როდესაც მე საკუთარ თავს ვეპირფერებოდი. ისინი მაფურთხებდნენ მაშინ, როდესაც მე საკუთარი თავით ვამაყობდი.
დალოცე ჩემი მტრები, უფალო. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი.
--
როდესაც საკუთარი თავი ბრძნად მიმაჩნდა, ისინი სულელს მიწოდებდნენ.
როდესაც თავი ძლიერად მომქონდა, ისინი დამცინოდნენ, როგორც ქონდრისკაცს.
როდესაც მსურდა, ადამიანთა წინამძღოლი ვყოფილიყავი, ისინი ხელს მკრავდნენ და უკანა პლანზე მაგდებდნენ.
როდესაც გამდიდრებას ვესწრაფოდი, ისინი რკინის ხელით მიჭერდნენ.
როდესაც მშვიდად ძილს ვაპირებდი, ისინი მაღვიძებდნენ.
როდესაც ვაშენებდი სახლს ხანგრძლივი და მშვიდი ცხოვრებისათვის, ისინი მინგრევდნენ მას და მაძევებდნენ იქიდან. ჭეშმარიტად, მტრებმა მომწყვიტეს ამა სოფელს და ჩემი ხელები მიმართეს იქით, რომ შენს სამოსელს შევხებოდი, უფალო.
დალოცე ჩემი მტრები, უფალო. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი.
დალოცე და გაამრავლე ისინი; გაამრავლე და კიდევ უფრო გაასასტიკე ჩემს წინააღმდეგ, რათა ჩემი რბოლა შენსკენ შეუქცევადი იყოს;
რათა ადამიანებზე დამყარებული ჩემი იმედები ობობას ქსელივით დაირღვეს;
რათა მორჩილება მთლიანად დაეუფლოს ჩემ სულს;
რათა ჩემი სული გახდეს საფლავი ჩემი ორი ბოროტი ტყუპის: ამპარტავნებისა და მრისხანებისათვის;
რათა მთელი ჩემი სიმდიდრე ზეცაში დავიუნჯო; ო, ოდესმე რომ გავთავისუფლდე საკუთარი თავის მოტყუებისაგან, რომელმაც მაცდური ცხოვრების საშინელ ქსელში გამხვია! მტრებმა მასწავლეს ის, ეს კი ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ადამიანს სამყაროში მტერი სხვა არ ჰყავს, საკუთარი თავის გარდა. მტრები სძულს მხოლოდ მას, ვინც არ იცის, რომ ისინი მტრები კი არა, მისი მკაცრი მეგობრები არიან. ჭეშმარიტად, ძნელია იმის თქმა, ვინ მეტი სიკეთე გამიკეთა და ვინ მეტი ბოროტება ამ წუთისოფელში _ მტრებმა თუ მეგობრებმა. ამისთვის დალოცე, უფალო, ჩემი მტრებიც და მეგობრებიც. მონა სწყევლის მტრებს თავისი უმეცრების გამო. ძე კი ლოცავს მათ ამის ცოდნის გამო. რამეთუ ძემ უწყის, რომ მტრები მის ცხოვრებას ვერ შეეხებიან; ამიტომ იგი თავისუფლად დადის მათ შორის და ღვთის წინაშე მათთვის ლოცულობს. დალოცე ჩემი მტრები, უფალო. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი.
უფალო, სინანულით მიმიღე
ყველა ადამიანურ ცოდვას შევინანებ შენს წინაშე, მრავალმოწყალეო. ჩემში ხომ ყველა ცოდვის მარცვალია! ჩემი გულმოდგინებითა და შენი წყალობით გამოვმარგლავ დღედაღამ ამ ბოროტ ნათესს, რათა სარეველა კი არ გაიზარდოს, არამედ - სუფთა ხორბალი უფლის ყანაში.
ვინანიებ ყველა ზრუნვით შეწუხებულისათვის, საზრუნავის სიმძიმის ქვეშ მოხრილთათვის და იმის არმცოდნეთათვის, რომ შესაძლებელია ყველა საზრუნავის შენთვის გადმობარება. სუსტ ადამიანს არ ძალუძს უმცირესი ტვირთის ზიდვაც კი, შენთვის კი უბედურებათა მთა ანთებულ ღუმელში ჩაგდებულ თოვლის გუნდასავითაა. ვინანიებ ყველა ავადმყოფის გამო, რადგან სნეულება ცოდვის ნაყოფია.
როდესაც სული სინანულით განიწმიდება, ავადმყოფობა ცოდვასთან ერთად წარიხოცება და სულში შენ დაივანებ, ჩემო მარადიულო ჯანმრთელობავ. ვინანიებ ყველა ურწმუნოსათვის, რომელნიც საკუთარი ურწმუნოებით საზრუნავსა და ავადმყოფობას გაწვენენ მხრებზე შენც და საკუთარ მეგობრებსაც. ვინანიებ ყველა ღვთისმგმობელისათვის, რომელნიც გაგინებენ და ვერ ხედავენ, რომ აგინებენ პატრონს, რომელიც მოსავს და კვებავს მათ. ვინანიებ ყველა კაცისმკვლელისათვის, რომლებიც სპობენ სხვის სიცოცხლეს, რათა საკუთარი გადაარჩინონ.
შეუნდე მათ, მრავალმოწყალეო, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან. ვერ ხედავენ, რომ სამყაროში ორი სიცოცხლე არ არსებობს, არამედ მხოლოდ ერთია, არც ორი ადამიანია, არამედ მხოლოდ ერთი. ო, რაოდენ მკვდრები არიან ისინი, ვინც გულის ნახევარს იგლეჯენ. ვინანიებ ყველა ცრუმაფიცართათვის, რამეთუ ჭეშმარიტად, ისინიც კაცისმკვლელნი არიან - თვითმკვლელნი.
ყველასთვის, ვინც მოყვასს ძარცვავენ და აგროვებენ უსარგებლო სიმდიდრეს, ტირილსა და ოხვრას, რამეთუ ისინი საკუთარ სულს მარხავენ და აღარაფერი აბადიათ, რითაც შენ წინაშე წარდგებიან. ყველა ამპარტავანისა და ქედმაღლისათვის ვტირი, რამეთუ ისინი შენ წინაშე წარდგებიან, როგორც გლახაკნი - ცარიელი საფასურით. ყველა ლოთისა და ღორმუცელასათვის ვტირი და ვოხრავ, რამეთუ ისინი საკუთარი მსახურების მსახურნი გახდნენ. ყველა დარღვეულ ქორწინებას ვინანიებ, რამეთუ ისინი ეცრუვნენ სულიწმიდის ნდობას, რომელმაც გამოირჩია ისინი, რათა მათი მეშვეობით ახალი სიცოცხლეები შეექმნა. მათ სიცოცხლის მსახურება სიცოცხლის ნგრევად გადააქციეს.
ყველა მრავალმეტყველთათვის ვინანიებ, უფალო, რამეთუ შენი უძვირფასესი ძღვენი - მეტყველების ნიჭი - იაფფასიან ქვიშად აქციეს. ყველა მეზობლის კერის დამანგრეველთა და მათი სიმშვიდის დამრღვეველთათვის ვინანიებ და ვოხრავ, უფალო, რამეთუ მათ წყევა მოიწიეს საკუთარ თავზე და მოდგმაზე. ყველა ცრუ ბაგისათვის, ყველა მღვრიე თვალისათვის, ყველა ფეთქებადი გულისათვის, ყველა ამოუძღები მუცლისათვის, ყველა დაბინდული გონებისათვის, ყოველი ბოროტი ნებისათვის, ყველა ბინძური ზრახვისათვის, ყველა ულმობელი მოგონებისათვის, - ვინანიებ, ვტირი და ვოხრავ. მთელი კაცთა მოდგმის ისტორიისათვის - ადამიდან ჩემს ცოდვამდე ვინანიებ, რამეთუ მთელი ისტორია ჩემს სისხლშია. რამეთუ მე ადამში ვარ, ადამი კი ჩემშია. ყველა სამყაროსთვის - დიდისა თუ მცირესათვის, რომელნიც არ თრთიან შენი საშინელი მყოფობის გამო - ვტირი და ვოხრავ: მეუფეო მრავალმოწყალეო, შემიწყალე და მაცხოვნე.
უმეცრება ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!
ღვთის სიყვარული
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლისადმი. ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული საკუთარი თავისადმი? ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული მანამდე, სანამ არ იგრძნობს ღვთის დაუსრულებელ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ.
სამი სარკმელი
სულიერი ადამიანისადმი ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე მსასოოვარი გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისთვის. ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი. წმიდა ბარბარემ სამი სარკმელი ამოჭრევინა კოშკში (რომელშიც იგი წარმართმა მამამ დაამწყვდია), რათა ამით გამოეხატა თავისი რწმენა ყოვლადწმიდა სამების მიმართ. ყოვლადწმიდა სამების ერთ მთლიანობაში აღსაქმელად ჩვენ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი, როგორც სამება ერთობაში. რამეთუ მხოლოდ სამებას შეუძლია სამების შეცნობა.
დიდებისმოყვარეობა
კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ. მაგრამ თუ ამასთან ერთად საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენ სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველა ქარი უნდა შეაჩერო.
ჟანგიანი რკინა
ნუ იდარდებ, რომ უფალმა შენზე ავადმყოფობა დაუშვა. გაიხსენე, რომ მან უფრო მძიმე ავადმყოფობანი დაუშვა შენზე უმჯობეს ადამიანებზე. წარმოიდგინე მჭედლის მიერ მივიწყებული რკინის ნაჭერი, რომელიც წლების განმავლობაში სამჭედლოს კუთხეში დევს. ბოლოს და ბოლოს რკინა მოსთხოვს მჭედელს, რომ იგი გამოიყენოს. მაშინ მჭედელი სწრაფად აიღებს და ცეცხლში ჩააგდებს მას; როდესაც იგი გალღვება გრდემლზე დადებს. განა რკინა იდარდებს? ასევე შენი ავადმყოფობაც სასიხარულოა და არა სამწუხარო. შენ ხომ ლოცულობდი, რომ ღმერთს უკეთესი გაეხადე. და აი, მან, როგორც მჭედელმა რკინას, ხელი მოგკიდა დასამუშავებლად და დაიწყო შენი გამოწრთობა და გამოჭედვა. უფალმა შენი დამუშავება დაიწყო! გიხაროდეს, მჭედლის მიერ დავიწყებულო დაჟანგებულო რკინავ!
სისუსტე
დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი. ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; ისევე, როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს. რამეთუ იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან იმ უგნურის დასახრჩობად, მას ქვებს რომ ესვრის.
დღე და ღამე
თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ. თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს ავაშენებთ. თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს.
ნუ ენდობი ბედნიერებას
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას. როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება. და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
მიღწევები
ყოველგვარი მიღწევა, სწავლასა თუ შრომაში, შრომითა და ძალისხმევით, მაგრამ ღვთის გარეშე მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა, შენს მიღწევაში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა. ყოველი ცოდვა კი აძლიერებს ახალი ცოდვის წყურვილს. იგივე, მაგრამ უკვე ღვთის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ წყურვილს აკმაყოფილებს.
ღვთის სახელით
ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შეინახავ, დაკარგულია. ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენი სახელისა და პატივმოყვარეობისთვის გაიღებ, დაკარგულია. ყოველივე, რასაც მიიღებ ადამიანთაგან უფლის სახელით, სიხარულს მოგანიჭებს; ყოველივე, რასაც ადამიანთაგან ჯილდოს სახით მიიღებ, მხოლოდ საზრუნავს გაგიმრავლებს.
ტანჯვის საზომი
მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება. გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი თითოეულ ადამიანს ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობით და გულმოწყალებით ზრუნავს. მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სინელი: ,,თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?’’ გჯეროდეს, ღმერთს განსჯის უნარი ადამიანზე მეტი აქვს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев