------------------------------------------------
როცა ეჭვქვეშ დავაყენებ ყველა რწმენას,
სიცილად რომ არ მეყოფა შუქნიშნები,
როცა ყელზე დამადგება დიდ-ქალაქი,
ავირევი, მაგრამ რომ ვერ შევიშლები;
ნიღბის მიღმა სანამ სახე კიდევ მიხურს,
სანამ მტკივა ბორკილები და ხუნდები,
გავიქცევი, სოდომიდან გავიქცევი,
და ბავშვობის სამოთხეში დავბრუნდები!
გზები ცოტა შეპრენკილი, ფხუკიანი,
დეკემბერი - ფერწასული რიყის ქვებზე,
მე ჩემს მუხლებგადაყვლეფილ სიყმაწვილეს,
აქ რომ დამრჩა წლების უკან, აქვე ვეძებ.
ჩემი ნახვა აქ სხვაგვარად უხარიათ,
"მოი ნენა? როის მიხვალ ?" ჩაძიებით,
"ბჟუტურობენ რაცხას" ჩემი გურულები,
ხან "აბდლები", ხანაც "გესამანიები".
აქ რატომღაც ზამთარშიც კი თბილა ისე...
ორღობეში ითელება ხურმის თექა,
აკვესებენ სიტყვებს, როგორც მწველ ნაპერწკლებს
და ჩვევად აქვთ ორნახადით ღამისთევა...
გზები ცოტა შეპრენკილი, ფხუკიანი
და კაკლები - საპატიო ყარაულში;
ხომ მერე რა, ხომ ისეთი არაფერი,
მაგრამ ჩემთვის - უტკბილესი სასწაული...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев