«ლენინიზმის საკითხები»
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები»
მეთერთმეტე გამოცემა
ლენინიზმის საფუძვლების შესახებ
პარტია
VIII მერვე თავი
გვერდი 79 და 92
რევოლუციის წინა პერიოდში, ცოტად თუ ბევრად მშვიდობიანი განვითარების პერიოდში, როდესაც II მეორე ინტერნაციონალის პარტიები მუშათა მოძრაობაში გაბატონებულ ძალას წარმოადგენდნენ, ხოლო ბრძოლის საპარლამენტო ფორმები ძირითად ფორმებად ითვლებოდნენ, — ამ პირობებში პარტიას არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა ის სერიოზული და გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც მან მოიპოვა შემდეგ, აშკარა რევოლუციურ შეტაკებათა პირობებში. კაუცკი, იცავს რა II მეორე ინტერნაციონალის თავდასხმებისაგან, ამბობს, რომ II მეორე ინტერნაციონალის პარტიები არიან მშვიდობიანობის და არა ომის ინსტრუმენტი, რომ სწორედ ამიტომ ისინი უძლური აღმოჩდნენ სერიოზული რამ გაეკეთებინათ ომის დროს, პროლეტარიატის რევოლუციური გამოსვლების პერიოდში. ეს სავსებით სწორია. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ II მეორე ინტერნაციონალის პარტიები გამოუსადეგარი არიან პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლისათვის, რომ ისინი წარმოადგენენ არა პროლეტარიატის მებრძოლ პარტიებს, რომელთაც მუშები მიჰყავთ ძალაუფლებისაკენ, არამედ წარმოადგენენ საარჩევნო აპარატს. რომელიც შეეფერება საპარლამენტო არჩევნებს და საპარლამენტო ბრძოლას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ II მეორე ინტერნაციონალის ოპორტუნისტთა ბატონობის პერიოდში პროლეტარიატის ძირითად პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა არა პარტია, არამედ საპარლამენტო ფრაქცია. ცნობილია რომ საქმით პარტია ამ პერიოდში წარმოადგენდა საპარლამენტო ფრაქციის დანამატს და მომსახურე ელემენტს. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ასეთ პირობებში და ასეთი პარტიის მეთაურობით ლაპარაკიც შეუძლებელი იყო რევოლუციისათვის პროლეტარიატის მომზადებაზე. მაგრამ საქმე ძირფესვიანად შეიცვალა ახალი პერიოდის დადგომით. ახალი პერიოდი არის კლასთა აშკარა შეტაკებების პერიოდი, პროლეტარიატის რევოლუციური გამოსვლების პერიოდი, პროლეტარული რევოლუციის პერიოდი, იმპერიალიზმის დასამხობად და პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების დასაპყრობად ძალთა პირდაპირი მომზადების პერიოდი. ეს პერიოდი აყენებს პროლეტარიატის წინაშე ახალ ამოცანებს: მთელი პარტიული მუშაობის გარდაქმნა ახალ, რევოლუციურ ყაიდაზე, მუშების აღზრდა ძალაუფლებისათვის რევოლუციური ბრძოლის სულისკვეთებით, რეზერვების მომზადება და თავმოყრა, მეზობელი ქვეყნების პროლეტარებთან კავშირი, კოლონიებისა და დამოკიდებული ქვეყნების განმათავისუფლებელ მოძრაობასთან მტკიცე კავშირის დამყარება და სხვ. და სხვ.. იმის ფიქრი, რომ ამ ახალი ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია ძველი სოციალ-დემოკრატიული პარტიების ძალებით, რომლებიც აღზრდილი არიან პარლამენტარიზმის მშვიდობიან პირობებში, — ნიშნავს განიმზადო უიმედო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, აუცილებელი დამარცხება. ასეთი ამოცანები გაწვეს კისერზე და სათავეში კი გედგას ძველი პარტიები — იმას ნიშნავს, რომ სრულიად განიარაღებული დარჩე. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ პროლეტარიატს არ შეეძლო შერიგებოდა ასეთ მდგომარეობას. აქედან — აუცილებლობა ახალი პარტიისა, მებრძოლი პარტიისა, რევოლუციური პარტიისა, რომელიც საკმაოდ გამბედავია იმისათვის, რომ წაიყვანოს პროლეტარები ძალაუფლებისათვის საბრძოლველად, საკმაოდ გამოცდილია იმისათვის, რომ გაერკვეს რევოლუციური ვითარების რთულ პირობებში, რომ საკმაოდ მოქნილია იმისათვის, რომ გვერდი აუაროს ყველა და ყოველგვარ წყალქვეშა ქვებს მიზნისაკენ სავალ გზაზე. ასეთი პარტიის გარეშე ფიქრიც კი ზედმეტია იმპერიალიზმის დამხობაზე, პროლეტარიატის დიქტატურის მოპოვებაზე. ეს ახალი პარტია არის ლენინიზმის პარტია. რაში გამოიხატება ამ ახალი პარტიის თავისებურებანი?
1) პარტია, როგორც მუშათა კლასის მოწინავე რაზმი. პარტია, უწინარეს ყოვლისა, უნდა იყოს მუშათა კლასის მოწინავე რაზმი. პარტიამ თავის არსებაში უნდა შეაერთოს მუშათა კლასის ყველა საუკეთესო ელემენტი, მათი გამოცდილება, მათი რევოლუციურობა, მათი თავდადებული ერთგულება პროლეტარიატის საქმისადმი. მაგრამ იმისათვის, რომ პარტია ნამდვილად მოწინავე რაზმს წარმოადგენდეს, იგი შეიარაღებული უნდა იყოს რევოლუციური თეორიით, მოძრაობის კანონების ცოდნით, რევოლუციის კანონების ცოდნით. უამისოდ მას არ შეუძლია უხელმძღვანელოს პროლეტარიატის ბრძოლას, თან გაიყოლიოს პროლეტარიატი. პარტია ვერ იქნება ნამდვილი პარტია, თუ ის კმაყოფილდება იმის აღნუსხვით, რასაც განიცდის და ფიქრობს მუშათა კლასის მასა, თუ ის უკან მისჩანჩალებს სტიქიურ მოძრაობას, თუ მას არ ძალუძს გადალახოს სტიქიური მოძრაობის სიზანტე და პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, თუ მას არ შეუძლია პროლეტარიატის წუთიერ ინტერესებზე მაღლა დადგეს, თუ მას არ ძალუძს მასების ამაღლება პროლეტარიატის კლასობრივი ინტერესების გაგების დონემდე. პარტია მუშათა კლასის წინ უნდა იდგეს, იგი მუშათა კლასზე უფრო შორს უნდა ხედავდეს, იგი წინ უნდა მიუძღოდეს პროლეტარიატს და კუდში კი არ მისჩანჩალებდეს სტიქიურობას. II მეორე ინტერნაციონალის პარტიები, რომლებიც «მაჩანჩალობას» ქადაგებენ, გამტარებელნი არიან ბურჟუაზიული პოლიტიკისა, რომელიც პროლეტარიატის არგუნებს იარაღის როლს ბურჟუაზიის ხელში. მხოლოდ ისეთ პარტიას, რომელიც პროლეტარიატის მოწინავე რაზმის თვალსაზრისზე დგას და რომელსაც უნარი აქვს აამაღლოს მასები პროლეტარიატის კლასობრივი ინტერესების გაგების დონემდე, — მხოლოდ ასეთ პარტიას შეუძლია გამოიყვანოს მუშათა კლასი ტრედ-უნიონიზმის გზიდან და გადააქციოს იგი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად. პარტია არის მუშათა კლასის პოლიტიკური ბელადი. ზემოთ მე ვილაპარაკე მუშათა კლასის ბრძოლის სიძნელეებზე, ბრძოლის პირობების სირთულეზე, სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, რეზერვებსა და მანევრირებაზე, შეტევასა და უკან დახევაზე. ეს პირობები, ომის პირობებზე თუ მეტად არა, ნაკლებად რთული არ არის. ვის შეუძლია გაერკვეს ამ პირობებში, ვის შეუძლია მისცეს სწორი ორიენტაცია პროლეტარების მილიონიან მასებს? არცერთ არმიას არ შეუძლია ომში მოქმედება გამოცდილი შტაბის გარეშე, თუ მას არ სურს თავი გასწიროს დასამარცხებლად. განა ცხადი არ არის, რომ პროლეტარიატს მით უფრო არ შეუძლია იმოქმედოს ასეთი შტაბის გარეშე, თუ მას არ სურს თავისი მოსისხლე მტრების ლუკმა გახდეს? მაგრამ სად არის ეს შტაბი? ასეთი შტაბი შეიძლება იყოს მხოლოდ პროლეტარიატის რევოლუციური პარტია. მუშათა კლასის რევოლუციური პარტიის გარეშე — ეს არის უშტაბო არმია. პარტია არის პროლეტარიატის საბრძოლო შტაბი. მაგრამ პარტია არ შეიძლება იყოს მხოლოდ მოწინავე რაზმი. ის ამავე დროს უნდა იყოს კლასის რაზმი, კლასის ნაწილი, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია მასთან თავისი არსებობის ყველა ფესვით. განსხვავება მუშათა რაზმსა და მუშათა კლასის დანარჩენ მასას შორის, პარტიულებსა და უპარტიოებს შორის ვერ მოისპობა მანამდე, სანამ არ მოისპობიან კლასები, სანამ პროლეტარიატის რიგები ივსება სხვა კლასებიდან გამოსული ელემენტებით, სანამ მთლიანად მუშათა კლასი მოკლებული იქნება საშუალებას — ამაღლდეს მოწინავე რაზმის დონემდე. მაგრამ პარტია ვეღარ იქნება პარტია. ეს განსხვავება განხეთქილებად რომ გადაიქცეს, პარტია თავის ნაჭუჭში რომ ჩაიკეტოს და მოსწყდეს უპარტიო მასებს. პარტიას არ შეუძლია უხელმძღვანელოს კლასს, თუ ის დაკავშირებული არ არის უპარტიო მასებთან, თუ არ არსებობს კავშირი პარტიასა და უპარტიო მასებს შორის, თუ ეს მასები არ იცნობენ მის ხელმძღვანელობას, თუ პარტია არ სარგებლობს მასებში მორალური და პოლიტიკური ნდობით. ამ ცოტა ხნის წინათ ჩვენს პარტიაში მიღებული იქნა ორასი ათასი ახალი წევრი მუშათა წრიდან. აქ ფრიად საგულისხმოა ის გარემოება, რომ ეს ხალხი იმდენად თვითონ არ მოსულა პარტიაში, რამდენადაც გამოგზავნილი იყო მთელი დანარჩენი უპარტიო მასის მიერ, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალი წევრების მიღებაში და რომლის დაუდასტურებლად არ ხდებოდა ახალი წევრების მიღება. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ უპარტიო მუშათა ფართო მასები ჩვენს პარტიას თვლიან თავიანთ პარტიად, ახლობელ და მშობლიურ პარტიად, რომლის გაფართოებასა და განმტკიცებაში ისინი უაღრესად არიან დაინტერესებულნი და რომლის ხელმძღვანელობასაც ისინი ნებაყოფლობით ანდობენ თავიანთ ბედს. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ამ უხილავი მორალური ძაფების გარეშე, რომლებიც აკავშირებენ პარტიას უპარტიო მასებთან, პარტია ვერ გადაიქცეოდა თავისი კლასის გადამწყვეტ ძალად, პარტია არის მუშათა კლასის განუყოფელი ნაწილი.
«ჩვენ, — ამბობს ლენინი, — კლასის პარტია ვართ, და ამიტომ თითქმის მთელი კლასი (ხოლო ომიანობის დროს, სამოქალაქო ომის ეპოქაში, უკლებლივ მთელი კლასიც) უნდა მოქმედებდეს ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობით, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ჩვენს პარტიასთან, მაგრამ მანილოვობა და «მაჩანჩალობა» იქნებოდა გვეფიქრა, რომ ოდესმე თითქმის მთელი კლასი ან მთელი კლასი შესძლებს, კაპიტალიზმის დროს, ამაღლდეს თავისი მოწინავე რაზმის, თავისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეგნებულობამდე და აქტივობამდე. არც ერთი გონიერი სოციალ-დემოკრატი ჯერ არ დაეჭვებულა იმაში, რომ კაპიტალიზმის დროს რომ პროფესიულ ორგანიზაციასაც კი (რომელიც უფრო პრიმიტიულია, უფრო მისაწვდომია განუვითარებელი ფენების შეგნებისათვის) არ შეუძლია მოიცვას თითქმის მთელი ან მთელი მუშათა კლასი. მხოლოდ თავის მოტყუება, ჩვენი უდიდესი ამოცანების წინაშე თვალის დახუჭვა, ამ ამოცანების შეკვეცა იქნებოდა დავიწყება განსხვავებისა მოწინავე რაზმსა და მთელ იმ მასებს შორის, რომელნიც მისკენ მიისწრაფიან, დავიწყება მოწინავე რაზმის მუდმივი მოვალეობისა — ამ მოწინავე დონემდე აამაღლოს სულ უფრო და უფრო ფართო ფენები» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 6, გვერდი 205 და 206).
2) პარტია, როგორც მუშათა კლასის ორგანიზებული რაზმი. პარტია არ არის მუშათა კლასის მხოლოდ მოწინავე რაზმი. თუ პარტიას სურს ნამდვილად უხელმძღვანელოს კლასის ბრძოლას, ის ამავე დროს უნდა იყოს თავისი კლასის ორგანიზებული რაზმი. პარტიის ამოცანები კაპიტალიზმის პირობებში ფრიად დიდი და მრავალ ფეროვანია. პარტიამ ხელმძღვანელობა უნდა გაუწიოს პროლეტარიატის ბრძოლას საშინაო და საგარეო განვითარების უაღრესად ძნელ პირობებში, მან უნდა წაიყვანოს პროლეტარიატი შეტევაზე. როცა ვითარება შეტევას მოითხოვს, მან უნდა გამოიყვანოს პროლეტარიატი ძლიერი მოწინააღმდეგის თავდასხმის არიდან, როცა ვითარება უკანდახევას მოითხოვს, მან შეუკავშირებელი უპარტიო მუშების მილიონიან მასებში უნდა შეიტანოს დისციპლინისა და გეგმაშეზომილობის სული ბრძოლაში, ორგანიზებულობისა და გამძლეობის სული. მაგრამ პარტიას ამ ამოცანების შესრულება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვით იგი წარმოადგენს დისციპლინისა და ორგანიზებულობის განსახიერებას, თუ ის თვით არის პროლეტარიატის ორგანიზებული რაზმი. ამ პირობათა გარეშე ლაპარაკიც კი არ შეიძლება პარტიის მიერ პროლეტარიატის მილიონიანი მასების ნამდვილ ხელმძღვანელობაზე. პარტია არის მუშათა კლასის ორგანიზებული რაზმი. აზრი პარტიაზე, როგორც ორგანიზებულ მთელზე, მოცემულია ლენინის მიერ ჩვენი პარტიის წესდების პირველი მუხლის ცნობილ ფორმულირებაში, სადაც პარტია განხილულია როგორც ორგანიზაციების ჯამი, ხოლო პარტიის წევრები — როგორც პარტიის ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრები. მენშევიკები, რომლებიც ჯერ კიდევ 1903 წელს ილაშქრებდნენ ასეთი ფორმულირების წინააღმდეგ, მის ნაცვლად აყენებდნენ პარტიაში თვითჩარიცხვის «სისტემას». «სისტემას», რომლის მიხედვით პარტიის წევრის «სახელწოდება» ვრცელდებოდა ყოველ «პროფესორზე» და «გიმნაზიელზე», ყოველ «თანამგრძნობზე» და «გაფიცულზე», ვინც კი ასე თუ ისე მხარს უჭერს პარტიას, მაგრამ არ შედის და არც სურს შევიდეს პარტიის რომელიმე ორგანიზაციაში. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ეს ორიგინალური «სისტემა», ჩვენს პარტიაში რომ იგი განმტკიცებულიყო. აუცილებლად გამოიწვევდა პარტიის გავსებას პროფესორებითა და გიმნაზიელებით და მის გადაგვარებას უსახო. ჩამოუყალიბებელ, დეზორგანიზებულ «ქმნილებად». რომელიც ჩაიძირებოდა «თანამგრძნობთა ზღვაში, რომელიც წაშლიდა ყოველსავე ზღვარს პარტიასა და კლასს შორის და უკუაგდებდა პარტიის ამოცანას მოწინავე რაზმის დონემდე არაორგანიზებული მასების ამაღლების შესახებ. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი ოპორტუნისტული «სისტემის» დროს ჩვენი პარტია ვერ შეასრულებდა მუშათა კლასის დამრაზმავი ბირთვის როლს ჩვენი რევოლუციის მსვლელობაში.
«ამხ. მარტოვის თვალსაზრისით, — ამბობს ლენინი, პარტიის საზღვარი სრულიად გამოურკვეველი რჩება, ვინაიდან «ყოველ გაფიცულს» შეუძლია «თავისი თავი გამოაცხადოს პარტიის წევრად». რა სარგებლობა მოაქვს ასეთ გაურკვევლობას? «სახელწოდების» ფართოდ გავრცელება. მის ზიანს კი წარმოადგენს შეტანა დეზორგანიზაციის გამომწვევი იდეისა კლასის და პარტიის ერთიმეორეში არევის შესახებ» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 6, გვერდი 211).
მაგრამ პარტია პარტიული ორგანიზაციების მარტო ჯამი როდია. ამასთან ერთად პარტია არის ამ ორგანიზაციათა ერთიანი სისტემა, მათი ფორმალური გაერთიანება ერთ მთელად, ხელმძღვანელობის უმაღლესი და ქვემდგომი ორგანოებით, უმრავლესობისადმი უმცირესობის დამორჩილებით, პარტიის ყველა წევრისთვის სავალდებულო პრაქტიკული გადაწყვეტილებებით. ამ პირობების გარეშე პარტიას არ ძალუძს იყოს ერთიანი ორგანიზებული მთელი, რომელსაც უნარი ექნება განახორციელოს მუშათა კლასის ბრძოლის გეგმაშეზომილი და ორგანიზებული ხელმძღვანელბა.
«წინათ, — ამბობს ლენინი, — ჩვენი პარტია არ იყო ფორმალურად ორგანიზებული მთელი, არამედ კერძო ჯგუფების ჯამი იყო, და ამიტომ ამ ჯგუფებს შორის, გარდა იდეური ზეგავლენისა, სხვაგვარი ურთიერთობა არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა ჩვენ ორგანიზებული პარტია გავხდით, ხოლო სწორედ ეს მოასწავებს ძალაუფლების შექმნას, იდეათა ავტორიტეტის გადაქცევას ძალაუფლების ავტორიტეტად, უმაღლესი პარტიული ინსტაციებისადმი ქვემდგომი ინსტანციების დამორჩილებას» ( იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 6, გვერდი 291). უმრავლესობისადმი უმცირესობის დამორჩილების პრინციპი, პარტიული მუშაობის ცენტრიდან ხელმძღვანელობის პრინციპი ხშირად იწვევს მერყევი ელემენტების თავდასხმებს, «ბიუროკრატიზმის», «ფორმალიზმის» ბრალდებას და სხვა.. არ გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ პარტიის, როგორც მთელის, გეგმაშეზომილი მუშაობა და მუშათა კლასის ბრძოლის ხელმძღვანელობა შეუძლებელი იქნებოდა ამ პრინციპების გაუტარებლად. ლენინიზმი საორგანიზაციო საკითხში წარმოადგენს ამ პრინციპების განუხრელად გატარებას. ამ პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლას ლენინი უწოდებს «რუსულ ნიჰილიზმს» და «ბატონკაცურ ანარქიზმს», რომელიც დაცინვის და უკუგდების ღირსია. აი რას ამბობს ლენინი ამ მერყევი ელემენტების შესახებ თავის წიგნში «ნაბიჯი წინ»:
«რუს ნიჰილისტს განსაკუთრებით სჩვევია ეს ბატონკაცური ანარქიზმი. პარტიული ორგანიზაცია მას ეჩვენება საშინელ «ფაბრიკად», მთელისადმი ნაწილის და უმრავლესობისადმი უმცირესობის დამორჩილება მას წარმოუდგენია «დამონებად»..., შრომის განაწილება ცენტრის ხელმძღვანელობით მასში იწვევს ტრაგიკომიკურ გოდებას ადამიანების «პატარა ბორბლებად და ხრახნებად» გადაქცევის წინააღმდეგ..., პარტიის საორგანიზაციო წესდების ხსენება იწვევს ზიზღის გამომხატველ დაღმეჭას და ქედმაღლურ... შენიშვნას, რომ უწესდებოდაც იოლად წავიდეთო».
«მგონი, ცხადია, რომ ყვირილი ყბადაღებულ ბიუროკრატიზმზე არის მხოლოდ ცენტრების პირადი შემადგენლობით უკმაყოფილების დაფარვა, ლეღვის ფოთოლი... შენ ბიუროკრატი ხარ, რადგან დანიშნული ხარ ყრილობის მიერ არა ჩემი სურვილით, არამედ მის წინააღმდეგ; შენ ფორმალისტი ხარ, რადგან ეყრდნობი ყრილობის ფორმალურ გადაწყვეტილებებს და არა ჩემს თანხმობას; შენ მოქმედებ უხეშად და მექანიკურად, რადგან ემყარები პარტიული ყრილობის «მექანიკურ» უმრავლესობას და ანგარიშს არ უწევ ჩემს სურვილს — ვიყო კოოპტირებული; შენ თვითმპყრობელი ხარ, რადგან არა გსურს გადასცე ძალაუფლება ძველ, შეხმატკბილებულ კომპანიას» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა ტომი 6, გვერდი 287 და 310). ლაპარაკია აქსელროდის, მარტოვის და სხვ. «კომპანიაზე», რომლებიც არ ემორჩილებოდნენ II მეორე ყრილობის გადაწყვეტილებებს და ლენინს «ბიუროკრატიზმს» აბრალებდნენ.
3) პარტია, როგორც პროლეტარიატის კლასობრივი ორგანიზაციის უმაღლესი ფორმა. პარტია არის მუშათა კლასის ორგანიზებული რაზმი. მაგრამ პარტია არ არის მუშათა კლასის ერთადერთი ორგანიზაცია. პროლეტარიატს აქვს კიდევ მთელი რიგი სხვა ორგანიზაციები, ურომლისოდაც მას არ შეუძლია აწარმოოს წარმატებითი ბრძოლა კაპიტალის წინააღმდეგ: პროფესიული კავშირები, კოოპერატივები, საქარხნო-საფაბრიკო ორგანიზაციები, საპარლამენტო ფრაქციები, ქალთა უპარტიო გაერთიანებანი, ბეჭდვითი სიტყვა, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები, ახალგაზრდობის კავშირები, რევოლუციურ-მებრძოლი ორგანიზაციები (აშკარა რევოლუციური გამოსვლების დროს), დეპუტატთა საბჭოები, როგორც ორგანიზაციის სახელმწიფოებრივი ფორმა (თუ ძალაუფლება პროლეტარიატის ხელშია) და სხვ.. ამ ორგანიზაციების დიდი უმეტესობა უპარტიოა, და მათი მხოლოდ ერთი ნაწილი უკავშირდება უშუალოდ პარტიას ანდა მის განშტოებას წარმოადგენს. ყველა ეს ორგანიზაცია განსაზღვრულ პირობებში აბსოლუტურად აუცილებელია მუშათა კლასისათვის, ვინაიდან უამითოდ შეუძლებელია პროლეტარიატის კლასობრივი პოზიციების გამაგრება ბრძოლის სხვადასხვაგვარ სფეროში, ვინაიდან უამითოდ შეუძლებელია პროლეტარიატის, როგორც ისეთი ძალის, გამობრძმენდა, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს ბურჟუაზიული წესწყობილება სოციალისტური წესწყობილებით. მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს ერთიანი ხელმძღვანელობა ორგანიზაციათა ასეთი სიუხვის დროს? სად არის იმის გარანტია, რომ ორგანიზაციათა სიმრავლე არ გამოიწვევს შეუთანხმებლობას ხელმძღვანელობის საქმეში? შეიძლება თქვან, თვითეული ეს ორგანიზაცია თავის განკერძოებულ სფეროში მუშაობს, და ამიტომ ეს ორგანიზაციები ვერ შეუშლიან ხელს ერთიმეორესო. ეს, რა თქმა უნდა, სწორია. მაგრამ სწორია ისიც, რომ ყველა ამ ორგანიზაციამ მუშაობა უნდა აწარმოოს ერთი მიმართულებით, რადგან ისინი ემსახურებიან ერთ კლასს, პროლეტართა კლასს. ისმება კითხვა: ვინ განსაზღვრავს იმ ხაზს, იმ საერთო მიმართულებას, რომლითაც უნდა აწარმოებდეს მუშაობას ყველა ეს ორგანიზაცია? სად არის ის ცენტრალური ორგანიზაცია, რომელსაც, აუცილებელი გამოცდილებით აღჭურვილს. არა მარტო აქვს უნარი — შეიმუშაოს ეს საერთო ხაზი, არამედ საშუალებაც აქვს, ამის გამო საკმაო ავტორიტეტის გამო, ცხოვრებაში გაატარებინოს ყველა ამ ორგანიზაციას ეს ხაზი, რათა მიხწეულ იქნას ხელმძღვანელობის ერთიანობა და გამოირიცხოს მუშაობის შეფერხების შესაძლებლობა? ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს პროლეტარიატის პარტია. პარტიას ამისათვის ყველა პირობა გააჩნია, ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ პარტია არის მუშათა კლასის იმ საუკეთესო ელემენტების შესაკრები პუნქტი, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ პროლეტარიატის უპარტიო ორგანიზაციებთან და რომელნიც ხშირად ხელმძღვანელობას უწევენ მათ; მეორეც, იმიტომ, რომ პარტია, როგორც მუშათა კლასის საუკეთესო ადამიანების შესაკრები პუნქტი. არის საუკეთესო სკოლა მუშათა კლასის ისეთი ლიდერების მოსამზადებლად, რომლებიც შესძლებენ ხელმძღვანელობა გაუწიონ თავიანთი კლასის ორგანიზაციის ყველა ფორმას; მესამეც, იმიტომ, რომ პარტია, როგორც მუშათა კლასის ლიდერების საუკეთესო სკოლა, თავისი გამოცდილებით და ავტორიტეტით არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია პროლეტარიატის ბრძოლის ხელმძღვანელობის ცენტრალიზება და, ამრიგად, მუშათა კლასის ყველა და ყოველგვარი უპარტიო ორგანიზაციის გადაქცევა მომსახურე ორგანოებად და ამძრავ ღვედებად, რომლებიც აკავშირებენ მას კლასთან. პარტია არის პროლეტარიატის კლასობრივი ორგანიზაციის უმაღლესი ფორმა. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ უპარტიო ორგანიზაციები, პროფკავშირები, კოოპერატივები და სხვ., ფორმალურად უნდა ემორჩილებოდნენ პარტიულ ხელმძღვანელობას. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ პარტიის წევრები, რომლებიც ამ ორგანიზაციების შემადგენლობაში შედიან, როგორც უეჭველად გავლენიანი პირები, დარწმუნების ყველა ზომას უნდა მიმართავდნენ იმისათვის, რომ უპარტიო ორგანიზაციები თავიანთ მუშაობაში უახლოვდებოდნენ პროლეტარიატის პარტიას და ნებაყოფლობით იღებდნენ მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. აი რატომ ამბობს ლენინი რომ პარტია არის «პროლეტარების კლასობრივი გაერთიანების უმაღლესი ფორმა», რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც უნდა ვრცელდებოდეს პროლეტარიატის ორგანიზაციის ყველა სხვა ფორმაზე (იხილეთ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 25, გვერდი 194). აი რატომ არის, რომ უპარტიო ორგანიზაციების «დამოუკიდებლობისა» და «ნეიტრალობის» ოპორტუნისტული თეორია, რაც წარმოშობს დამოუკიდებელ პარლამენტარებს და პარტიისაგან მოწყვეტილ ბეჭდვითი სიტყვით მოღვაწეებს, შუბლვიწრო პროფესიონალისტებს და გამეშჩანებულ კოოპერატორებს, — სრულიად შეუთავსებელია ლენინიზმის თეორიისა და პრაქტიკასთან.
4). პარტია როგორც, პროლეტარიატის დიქტატურის იარაღი. პარტია არის პროლეტარიატის ორგანიზაციის უმაღლესი ფორმა. პარტია არის ძირითადი ხელმძღვანელი საწყისი პროლეტართა კლასის შიგნით და ამ კლასის ორგანიზაციათა შორის. მაგრამ აქედან სრულიადაც არ გამომდინარეობს, რომ პარტია შეიძლება განხილულ იქნას როგორც თვითმიზანი, როგორც თვითკმარი ძალა. პარტია არის პროლეტარის კლასობრივი გაერთიანების არა მარტო უმაღლესი ფორმა, — ის ამავე დროს პროლეტარიატის ხელში არის იარაღი დიქტატურის მოსაპოვებლად, როდესაც ის ჯერ კიდევ არ არის მოპოვებული, და დიქტატურის განსამტკიცებლად და გასაფართოებლად, როდესაც ის უკვე მოპოვებულია. პარტია თავისი მნიშვნელობით ვერ დადგებოდა ასეთ მაღალ საფეხურზე, და იგი ვერ გადაფარავდა პროლეტარიატის ორგანიზაციის ყველა დანარჩენ ფორმას, პროლეტარიატი რომ ძალაუფლების საკითხის წინაშე არ მდგარიყო, იმპერიალიზმის პირობებს, ომების აუცილებლობას და კრიზისის არსებობას რომ არ მოეთხოვა პროლეტარიატის ყველა ძალის კონცენტრაცია ერთ პუნქტში. რევოლუციური მოძრაობის ყველა ძაფის თავმოყრა ერთ ადგილას იმისათვის, რომ დამხობილი ყოფილიყო ბურჟუაზია და მოპოვებული ყოფილიყო პროლეტარიატის დიქტატურა. პარტია პროლეტარიატს ესაჭიროება, უწინარეს ყოვლისა, როგორც თავისი საბრძოლო შტაბი, რომელიც აუცილებელია ძალაუფლების წარმატებით დასაპყრობად. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ისეთი პარტიის გარეშე, რომელსაც შეუძლია თავის გარშემო პროლეტარიატის მასობრივი ორგანიზაციების შემოკრება და ბრძოლის პროცესში მთელი მოძრაობის ხელმძღვანელობის ცენტრალიზაცია, რუსეთის პროლეტარიატი ვერ შეძლებდა თავისი რევოლუციური დიქტატურის განხორციელებას. მაგრამ პარტია პროლეტარიატს ესაჭიროება არა მარტო დიქტატურის მოსაპოვებლად, არამედ უფრო მეტად ესაჭიროება იმისათვის, რომ შეინარჩუნოს დიქტატურა, განამტკიცოს და გააფართოოს იგი სოციალიზმის სრული გამარჯვების მისაღწევად.
«ალბათ, ახლა უკვე თითქმის ყველა ხედავს, — ამბობს ლენინი, — რომ ბოლშევიკები ვერ შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას არამც თუ 2½ წლის განმავლობაში, არამედ 2½ თვესაც, ჩვენს პარტიაში რომ არ ყოფილიყო უმკაცრესი, ჭეშმარიტად რკინისებური დისციპლინა, მისთვის რომ სავსებით და თავდადებით მხარი არ დაეჭირა მუშათა კლასის მთელ მასას, ე. ი. ყოველივე იმას რაც ამ კლასში მოაზროვნე, პატიოსანი, თავდადებული და გავლენიანი და რასაც შეუძლია გაიყოლიოს ან გაიტაცოს ჩამორჩენილი ფენები» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 25, გვერდი 173).
მაგრამ რას ნიშნავს დიქტატურის «შენარჩუნება» და «გაფართოება»? ეს ნიშნავს — შეიტანო პროლეტარების მილიონიან მასებში დისციპლინისა და ორგანიზებულობის სული; ეს ნიშნავს — შექმნა პროლეტარულ მასებში სიმტკიცე და საყრდენი წვრილბურჟუაზიული სტიქიისა და წვრილბურჟუაზიულ ჩვეულებათა გამხრწნელი გავლენის წინააღმდეგ: ეს ნიშნავს — გაამაგრო პროლეტარების ორგანიზატორული მუშაობა წვრილბურჟუაზიული ფენების ხელახლა აღსაზრდელად და გადასარქმნელად; ეს ნიშნავს — დაეხმარო პროლეტარულ მასებს აღზარდონ თავიანთი თავი, როგორც ძალა რომელიც შესძლებს მოსპოს კლასები და მოამზადოს პირობები სოციალისტური წარმოების ორგანიზაციისათვის. მაგრამ ყოველივე ამის გაკეთება შეუძლებელია ისეთი პარტიის გარეშე, რომელიც ძლიერი იქნება თავისი დარაზმულობით და დისციპლინით.
«პროლეტარიატის დიქტატურა, — ამბობს ლენინი, — არის შეუპოვარი ბრძოლა, სისხლიანი და უსისხლო, ძალდატანებითი და მშვიდობიანი, სამხედრო და სამეურნეო, პედაგოგიური და ადმინისტრატორული, ძველი საზოგადოების ძალებისა და ტრადიციების წინააღმდეგ. მილიონებისა და ათეული მილიონების ჩვეულების ყველაზე საშინელი ძალაა. ასეთი ბრძოლის წარმატებით წარმოება შეუძლებელია რკინისებური და ბრძოლაში გამობრძმედილი პარტიის გარეშე, ასეთი პარტიის გარეშე რომელიც, რომელიც სარგებლობს თავისი კლასის ყველა პატიოსან ელემენტთა ნდობით, ისეთი პარტიის გარეშე, რომელსაც შეუძლია თვალყური ადევნოს მასების განწყობილებას და გავლენა მოახდინოს მასზე» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 25, გვერდი 190).
პარტია პროლეტარიატს ესაჭიროება იმისათვის, რომ მოიპოვოს და შეინარჩუნოს დიქტატურა, პარტია პროლეტარიატის დიქტატურის იარაღია. მაგრამ აქედან ეს გამომდინარეობს, რომ კლასების მოსპობის შემდეგ, პროლეტარიატის დიქტატურის კვდომის შემდეგ, უნდა განიცადოს კვდომაც პარტიამაც. 5) პარტია როგორც ნებისყოფის ერთიანობა, რაც შეუთავსებელია ფრაქციების არსებობასთან. პროლეტარიატის დიქტატურის მოპოვება და შენარჩუნება შეუძლებელია ისეთი პარტიის გარეშე, რომელიც ძლიერია თავისი დარაზმულობით და რკინისებური დისციპლინით. მაგრამ რკინისებური დისციპლინა პარტიაში წარმოუდგენელია, თუ არ იქნება ნებისყოფის ერთიანობა, თუ არ იქნება პარტიის ყველა წევრის მოქმედების სრული და უეჭველი ერთიანობა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამით გამორიცხულია პარტიის შიგნით სხვადასხვა აზრთა ბრძოლის შესაძლებლობა. პირიქით, რკინისებური დისციპლინა კი არ გამორიცხავს არამედ გულისხმობს კრიტიკას და აზრთა ბრძოლას პარტიის შიგნით. ეს, მით უმეტეს, არ ნიშნავს იმას, რომ დისციპლინა «ბრმა» უნდა იყოს. პირიქით, რკინისებური დისციპლინა კი არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს შეგნებულად და ნებაყოფლობით დამორჩილებას, ვინაიდან მხოლოდ შეგნებული დისციპლინა შეიძლება იყოს ნამდვილად რკინისებური დისციპლინა. მაგრამ მას შემდეგ, რაც აზრთა ბრძოლა დამთავრებულია, კრიტიკა ამოწურულია და გადაწყვეტილება მიღებულია, პარტიის ყველა წევრის ნებისყოფის ერთიანობა და მოქმედების ერთიანობა არის ის აუცილებელი პირობა, ურომლისოდ წარმოუდგენელია როგორც ერთიანი პარტია, ისე რკინისებური დისციპლინა პარტიაში.
«გამწვავებული სამოქალაქო ომის ახლანდელ ეპოქაში, — ამბობს ლენინი, — კომუნისტური პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, თუ ის რაც შეიძლება ცენტრალისტურად იქნება მოწყობილი, თუ მასში გაბატონებული იქნება რკინისებური დისციპლინა, სამხედრო დისციპლინის მსგავსი, და თუ მისი პარტიული ცენტრი იქნება ძლიერი ავტორიტეტული ორგანო, აღჭურვილი ფართო რწმუნებებით და პარტიის წევრთა საყოველთაო ნდობით» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 25, გვერდი 282 და 283). ასე დგას პარტიული დისციპლინის საკითხი დიქტატურის მოპოვების წინ მიმდინარე ბრძოლის პირობებში. იგივე, მაგრამ კიდევ უფრო მეტად, უნდა ითქვას პარტიულ დისციპლინაზე დიქტატურის მოპოვების შემდეგ. «ვინც ოდნავათაც კი ასუსტებს, — ამბობს ლენინი, — პროლეტარიატის პარტიის რკინისებურ დისციპლინას (განსაკუთრებით პროლეტარიატის დიქტატურის დროს), ის ფაქტიურად ეხმარება ბურჟუაზიას პროლეტარიატის წინააღმდეგ» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 25, გვერდ 190). მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ფრაქციების არსებობა შეუთავსებელია როგორც პარტიის ერთიანობასთან, ისე მის რკინისებურ დისციპლინასთან. არა გვგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, რომ ფრაქციების არსებობა იწვევს რამდენიმე ცენტრის არსებობას, რამდენიმე ცენტრის არსებობა კი ნიშნავს პარტიაში საერთო ცენტრის უქონლობას, ერთიანი ნებისყოფის დაქუცმაცებას, დისციპლინის დასუსტებას და დაშლას, დიქტატურის დასუსტებას და დაშლას. რასაკვირველია, II მეორე ინტერნაციონალის პარტიებს, რომლებიც იბრძვიან პროლეტარიატის დიქტატურის წინააღმდეგ და რომელთაც არ სურთ წაიყვანონ პროლეტარები ძალაუფლების დასაპყრობად, შეუძლიათ შეიწყნარონ ისეთი ლიბერალიზმი, როგორიც არის ფრაქციების თავისუფლება, ვინაიდან მათ სრულიადაც არ ესაჭიროებათ რკინისებური დისციპლინა. მაგრამ კომუნისტური ინტერნაციონალის პარტიებს, რომლებიც თავიანთ მუშაობას აშენებენ პროლეტარიატის დიქტატურის მოპოვებისა და განმტკიცების ამოცანათა საფუძველზე, არ შეუძლიათ შეიწყნარონ არც ლიბერალიზმი და არც ფრაქციების თავისუფლება. პარტია არის ნებისყოფის ერთიანობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ფრაქციულობას და ძალაუფლების დანაწილებას პარტიაში. აქედან — ლენინის განმარტება, რომ «ფრაქციულობა საშიშია პარტიის ერთიანობისა და პროლეტარიატის ავანგარდის ნებისყოფის ერთიანობის განხორციელების თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს პროლეტარიატის დიქტატურის წარმატების ძირითად პირობას», განმარტება რომელიც აღბეჭდილია ჩვენი პარტიის X მეათე ყრილობის სპეციალურ რეზოლუციაში «პარტიის ერთიანობის შესახებ». აქედან — ლენინის მოთხოვნა «ყოველგვარი ფრაქციულობის სრული მოსპობისა» და «გამოუკლებლივ ყველა, ამა თუ იმ პლატფორმის ნიადაგზე აღმოცენებული ჯგუფის დაუყოვნებლივ დაშლისა» «პარტიიდან აუცილებლივი და დაუყონებლივი გამორიცხვის შიშით» (იხ. რეზოლუცია «პარტიის ერთიანობის შესახებ»).
6) პარტია მტკიცდება იმით, რომ წმენდს თავის რიგებს ოპორტუნისტული ელემენტებისაგან. ფრაქციულობის წყარო პარტიაში წარმოადგენენ მისი ოპორტუნისტული ელემენტები. პროლეტარიატი არ არის კარჩაკეტილი კლასი. მის რიგებში განუწყვეტლივ შედიან გლეხების, მეშჩანებისა და ინტელიგენციის წრიდან გამოსული ელემენტები, რომლებიც კაპიტალიზმის განვითარებას გაუპროლეტარებია. ამავე დროს მიმდინარეობს პროცესი პროლეტარიატის ზედაფენების გახრწნისა, უმთავრესად პროფესიონალისტების და პარლამენტარიების წრიდან, რომელთაც კვებავს ბურჟუაზია კოლონიური ზემოგების ხარჯზე. «ეს ფენა გაბურჟუებული მუშებისა ანუ «მუშათა არისტოკრატიისა», ამბობდა ლენინი, — რომლებიც სავსებით მეშჩანური არიან თავისი ცხოვრების ხასიათით, ხელფასის ოდენობით, მთელი თავისი მსოფლმხედველობით, არის II მეორე ინტერნაციონალის მთავარი დასაყრდენი, ხოლო ჩვენს დროში ბურჟუაზიის მთავარი სოციალური (არა სამხედრო) დასაყრდენი. ვინაიდან ისინი არიან მუშათა მოძრაობაში ბურჟუაზიის ნამდვილი აგენტები, კაპიტალისტთა კლასის მუშა-ნოქრები..., რეფორმიზისა და შოვინიზმის ნამდვილი გამტარებელნი» (იხილეთ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 19, გვერდი 77). ყველა ეს წვრილბურჟუაზიული ჯგუფი ასე თუ ისე იჭრება პარტიაში, შეაქვს იქ მერყეობისა და ოპორტუნიზმის სული, რღვევისა და რწმენის უქონლობის სული. სწორედ ისინი წარმოადგენენ, უმთავრესად ფრაქციულობისა და დაშლის წყაროს, პარტიის დეზორგანიზაციისა და შიგნიდან აფეთქების წყაროს. იბრძოლო იმპერიალიზმის წინააღმდეგ, როდესაც ზურგში ასეთი «მოკავშირეები» გყავს, — ნიშნავს ჩავარდე ისეთი ადამიანების მდგომარეობაში რომელთაც ტყვიას უშენენ ორი მხრიდან — ფრონტიდანაც და ზურგიდანაც. ამიტომ დაუნდობელი ბრძოლა ასეთი ელემენტების წინააღმდეგ, პარტიიდან მათი განდევნა არის იმპერიალიზმთან წარმატებითი ბრძოლის წინასწარი პირობა. პარტიის შიგნით იდეური ბრძოლის გზით ოპორტუნისტული ელემენტების «დაძლევის» თეორია, ერთი პარტიის ფარგლებში ამ ელემენტების «მონელების» თეორია არის დამპალი და სახიფათო თეორია, რომელიც უქადის პარტიას დამბლად დაცემას და ქრონიკულ უძლურებას, უქადის პარტიას ოპორტუნიზმის ლუკმად გადაქცევას, უქადის პროლეტარიატს რევოლუციური პარტიის გარეშე დატოვებას. უქადის პროლეტარიატს მთავარი იარაღის ხელიდან გამოცლას იმპერიალიზმთან ბრძოლაში. ჩვენი პარტია ვერ შესძლებდა ფართო გზაზე გამოსვლას, ის ვერ შესძლებდა ძალაუფლების დაპყრობას და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებას, ის გამარჯვებული ვერ გამოვიდოდა სამოქალაქო ომიდან, მას რომ თავის რიგებში ჰყოლოდა მარტოვები და დანები, პოტრესოვები და აქსელროდები. თუ ჩვენმა პარტიამ მოახერხა შეექმნა თავისი შინაგანი ერთიანობა და თავისი რიგების უმაგალითო დარაზმულობა, ყოველივე ეს, უწინარეს ყოვლისა, მოხდა იმიტომ, რომ მან დროზე შესძლო გაეძევებინა პარტიიდან ლიკვიდატორები და მენშევიკები. პროლეტარულ პარტიათა განვითარებისა და განმტკიცებისათვის აუცილებელია მათი გაწმენდა ოპორტუნისტებისა და რეფორმისტებისაგან, სოციალ-იმპერიალისტებისა და სოციალ-შოვინისტებისაგან, სოციალ-პატრიოტებისა და სოციალ-პაციფისტებისაგან. პარტია მტკიცდება იმით, რომ წმენდს თავის რიგებს ოპორტუნისტული ელემენტებისაგან.
«როდესაც საკუთარ რიგებში რეფორმისტები, მენშევიკები გყავს, — ამბობს ლენინი, — შეუძლებელია გამარჯვება პროლეტარულ რევოლუციაში, შეუძლებელია მისი დაცვა. ეს აშკარაა პრინციპულად. ეს თვალსაჩინოდ დადასტურებულია როგორც რუსეთის, ისე უნგრეთის გამოცდილებით... რუსეთში ბევრჯერ ყოფილა ძნელი მდგომარეობა, როდესაც საბჭოთა რეჟიმი უეჭველად დაემხობოდა, ჩვენი პარტიის შიგნით რომ მენშევიკები, რეფორმისტები, წვრილბურჟუაზიული დემოკრატები დარჩენილიყვნენ... იტალიაში, სადაც, საყოველთაო აღიარებით, საქმე მიდის პროლეტარიატის გადამწყვეტი ბრძოლებისაკენ ბურჟუაზიის წინააღმდეგ სახელმწიფო ძალაუფლების დასაპყრობად. ასეთ მომენტში არა მარტო აუცილებლად საჭიროა პარტიიდან მენშევიკების, რეფორმისტების, ტურატელების გაძევება, არამედ შეიძლება სასარგებლოც კი იქნეს იმ ჩინებული კომუნისტების გაძევებაც, ყოველგვარი პასუღსაგები თანამდებობიდან მათი მოხსნაც, რომელთაც შეუძლიათ გამოიჩინონ მერყეობა და რომელნიც მერყეობენ კიდეც და იხრებიან რეფორმისტებთან «ერთიანობისაკენ»... რევოლუციის წინადღით და მისი გამარჯვებისათვის გააფთრებული ბრძოლის მომენტებში სულ მცირეოდენ მერყეობას პარტიის შიგნით შეუძლია ყველაფერი დაღუპოს, ჩაშალოს რევოლუცია, პროლეტარიატს გამოჰგლიჯოს ხელიდან ძალაუფლება, რადგან ეს ძალაუფლება ჯერ კიდევ არ არის მტკიცე, რადგან მასზე შემოტევა ჯერ კიდევ მეტად ძლიერია. თუ მერყევი ბელადები განზე დგებიან ასეთ დროს, ეს კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს პარტიასაც, მუშათა მოძრაობასაც, რევოლუციასაც» (იხილეთ ვლადიმირ ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემა, ტომი 25 გვერდი 462, 463, 464).
ლენინურ გაწვევას, ვუძღვნი
იოსებ სტალინი
სვერდლოვის უნივერსიტეტში 1924 წლის აპრილის დამდეგს, წაკითხული ლექციები.