ქალაქში გვიანი შემოდგომა დაქროდა, მოხეტიალე ქარი ხან ვის მოსტაცებდა ქუდს თავიდან და არბენინებდა ქუჩებსა თუ სკვერებში, ხან კი ვისი აივნიდან ყრიდა დაბლა ყვავილების პატარ-პატარა ქოთნებს და აშინებდა გამვლელ-გამომვლელს თავისი აწყვეტილი ხასიათით. ქუჩაში ყველა თბილად ჩაცმული დააბიჯებდა და ზამთრის მოლოდინში დროს ტყუილად არ კარგავდა, ზოგს უკვე მომარაგებული ჰქონდა სურსათ-სანოვაგე, ზოგიც ახლა ზრუნავდა ყველაფერზე და ბაზრობებისა თუ მაღაზიებისაკენ მიიჩაროდა. საქმე ის გახლდათ, რომ ეს ღვთისგან ბოძებული პატარა ულამაზესი ქალაქი არგო, რომელიც ბრილიანტის მოკაშკაშე ქვასავით იყო ჩასმული შუაგულ მთებში, ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის გამო ხშირად მოწყვეტილი იყო ხოლმე დანარჩენ სამყაროს.მხოლოდ ერთი, მარტოსული, ორმოც წელს მიტანებული ახალგაზრდა მამაკაცისათვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ გადააგორებდა იგი დამდეგ ცივ ზამთარს. ის მაინც ყოველთვის ნასვამი იყო და, ასე თუ ისე, სიცივე აღარ აწუხებდა. მას ყველა ჩვენს თემოს ეძახდა. ერთ დროს ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო თემო, კერძოდ კი, მოკრივე. ბევრჯერ უსახელებია სამშობლო თავისი სპორტული მიღწევბით, განსაკუთრებით ეს პატარა ქალაქი, საიდანაც წარმოშობით იყო იგი. დაუმარცხებელი ათწლიანი ეპოქა ჰქონდა მას შექმნილი თავის სპორტულ კარიერაში და იყო დრო, როცა ყველა ხელის გულზე ატარებდა მას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ბედი შემდგომ სხვაგვარად აეწყო, რისი მიზეზიც არავინ არ იცოდა და არც თვითონ ამზეურებდა თავის გრძნობებს სახალხოდ. ახლა ის მთელი არსებით არყის ბოთლში იყო ჩავარდნილი და იქედან ამოსვლას აღარც აპირებდა, დღე არ გავიდოდა ორჯერ ან სამჯერ რომ არ დამთვრალიყო იგი. ოქროს გული ჰქონდა თემოს, ყველა უყვარდა მას და პატივს სცემდა როგორც შეეძლო. უყვარდა ადამიანები, ცხოველები, ბუნება, არ იყო მასში არავითარი სიმუხთლე და ანგარება. ამ დილით ის თავის ნათლულს გადაეყარა გზაში, სიხარულით ცას ეწია, მაგრამ ამავე დროს მიწა გახეთქვოდა და შიგ ჩავარდნილიყო ის ერჩივნა. კაპიკი ფული არ ედო ჯიბეში, რომ ტაქსით მაინც გაეცილებინა ნათლული, სადაც მიდიოდა, ან სადმე დაეპატიჟა, თუნდაც კაფეში, ერთ ფინჯან ყავაზე და ნორმალურად გასაუბრებოდა მას. თემომ შვიდიოდე წლის წინ თვითონ დაარხია ხმები ვითომ სამუდამოდ წავიდა საქართველოდან, სინამდვილეში კი ერთ პატარა მთის სოფელში, პაპამისის ხის ოდა სახლში დაბრუნდა საცხოვრებლად და ალბათ სიკვდილისთვისაც, მისთვის სჯობდა განაწყენებული ყოფილიყო მასზე ყველა ნაცნობი თუ ნათესავი, ვიდრე ამ დღეში ენახათ იგი. ძალიან ამაყი იყო თემო ბუნებით და ვერ აიტანდა, ვინმეს რომ მასზე გასცინებოდა თუნდაც, თუმცა ის ბოლო დროს უკვე აღარავის აქცევდა ყურადღებას. ახლა ის ძალიან გამხდარი იყო, ზურგში მოხრილი და ფერმკრთალი,ძველი თემოსგან კვალიც კი აღარ იყო დარჩნილი, მაგრამ სული ისევ ისეთი გაუტეხელი, ძლიერი და დაუმორჩილებელი ჰქონდა, ათას კაცს შეერკინებოდა თუ საჭირო გახდებოდა ის მყისვე. მისი ხასიათის ეს მხარე ყველამ იცოდა იმ პატარა კუთხეში და ბევრი ცდილობდა სწორად და წესიერად მოქცეულიყო მის გვერდით ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. თემო მხოლოდ ორ კაცთან ერთად სვამდა ღვინოს, ერთი იყო ძია კოლა, დურგალი, რომელსაც მარჯვენა ხელის მტევანზე ცერა თითის გარდა ყველა თითი ჰქონდა დაჭრილი ელექტრო ხერხით, მაგრამ ჭიქა არაყი მაინც მარჯვედ ეჭირა ხოლმე ხელში, მეორე კი მოკლე ვალიკო, ძველი კალათბურთელი, რომელიც ორმეტრიანი კაცი გახლდათ, იგი ღამის ლამპიონივით დაჰყურებდა ორივეს თავზე, როცა ერთად შეიყრებოდნენ ხომე ისინი. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთს ვერ ნახავდა თემო, როგორც დღეს მოხდა, მაშინ მარტო სვამდა, რაც მას არ უყვარდა, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდა, თუ არ დალევდა, ალკოჰოლური ციებ-ცხელებით იტანჯებოდა მთელი ღამე. დღესაც ორი ბოთლი არაყი ვალად გამოართვა მან მაღაზიაში და ის იყო თავისი სოფლის ავტბუსში უნდა ასულიყო, რომ შორიახლოს მეზობელი ქალი შენიშნა, მას დატვირთული ჰქონდა ხელები ორი დიდი ჩანთით და დამძიმებული ნელი ნაბიჯით ავტობუსის გაჩერებისაკენ მოემართებოდა. თემოს გაუხარდა მისი დანახვა, მიესალმა, ჩანთები გამოართვა და ავტობუსში ააცილა. ქალს ია ერქვა, იმ მხარეში ძალიან გამოირჩეოდა ია თავისი ქალური სილამაზითა და მოხდენილობით, თან იგი თემოს გარდაცვლილი მეგობრის ცოლი იყო, ბავშვობაში, ზაფხულობით პაპასთან რომ ჩამოდიოდა ხოლმე თემო სოფლად, დღე და ღამე ერთად ონავრობდნენ ის, ია და თამაზი, იას ყოფილი მეუღლე. ავტობუსში ასვლისთანავე ყველამ თვალები დაჭყიტა, მამაკაცები ფეხზე წამოიშალნენ, რომ მშვენიერი ქალბატონისათვის ადგილი დაეთმოთ, ქალებმა კი, როგორც ყოველთვის, არასასიამოვნო მზერით აათვალ-ჩაათვალიერეს ია და ჩუმი ჭორაობა დაიწყეს მასზე. იას სისხლივით წითელი კაბა ეცვა, ტანზე მოტმასნული და გულზე დიდი დეკოლტეთი ამოღებული, ეს თემოს თავიდანვე არ ესიამოვნა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. როგორც მგლები, ისე აპარაბდნენ მზერას მგზავრი მამაკაცები იასკენ და მუჭისოდენა ნერწყვებს ყლაპავდნენ, მაგრამ თემოს შიშით ვინ რას გაბედავდა?! ჯანჯღარ-ჯანჯღარით, ნელ-ნელა ავტობუსი სულ მაღალი მთის სოფელს მიადგა და მაღაზიასთან გაჩერდა, ყველა დაბლა ჩავიდა, თემომ იქვე მდგარი სოფლის ბიჭები თავისთან იხმო და იას ჩანთების წაღებაში დაიხმარა. მაინც ერთი გზა ჰქონდათ მათ გასავლელი, ია თემოს მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, მას ერთი გოგო ჰყავდა და ისიც გათხოვილი, ძალიან იშვიათად ამოდიოდა უკვე ამ ბოლო ხანს ია ქალაქიდან სოფლად, ალბათ იმიტომ, რომ სახლში არავინ ეგულებოდა. სახლამდე როცა მივიდნენ, უეცრად იას ხელიდან პატარა ხელჩანთა დაუვარდა, თემომ მოასწრო მას ძირს დახრა, რომ აეღო და მისთვის მიეწოდებინა იგი, მაგრამ ამასობაში ორივე არყის ბოთლი გულის უბიდან გადმოუვარდა და ქვაფენილზე დაიმსხვრა. თემო უნებლიედ ცუდად გახდა, მიწაზე დაჯდა გულზე ხელი მოიკიდა და ხშირი სუნთქვა აუვარდა. პატარა ბიჭები თავს დაეხვიენ მას, მათ მამასავით უყვარდათ თემო, იმიტომ, რომ სამართლიანი და გულკეთილი იყო, თან სხვა გაზულუქებული კაცებივით არასდროს არავის განიკითხავდა და არავისზე ჭორაობდა. ია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
- ბოდიში თემო ჩემ გამო მოხდა ყველაფერი, მიუგო თემოს მან და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
-ეგ არაფერი, რა მოხდა, ხდება ხოლმე. როგორც ჩემი მწვრთნელი ამბობდა,მოკრივემ ყველნაირ დარტყმას უნდა გაუძლოს ან აიცილოს. ცხოვრებაშიც ასეა ჩემო კარგო, შენ მაგაზე არ იდარდო. მიუგო თემომ იას, მერე პატარა ბიჭებს მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის, მიბრუნდა, თავისი ეზოს ხის კარი გამოხსნა და სახლში შევიდა, ეზო, როგორც ყველა მთიან სოფელში, დამრეცი იყო, პაპამისის ნათალი ქვებისაგან გაკეთებული კიბეები სახლის შესასვლელამდე მიდიოდა. თემოს პაპა ძველ დროს მეფაიტონე იყო მთელი ცხოვრება. ეზოში უშველებელი კაკლის ხის ძირში ძველისძველი, ნახევარსაუკუნოვანი ფაიტონი იდგა, უკვე გამოუსადეგარი, მაგრამ ისევ ისეთი მომხიბვლელი და კოლორიტული, თემო მას დროის მანქანას ეძახდა, როცა კარგად ნასვამი იყო იგი შიგ ჩაჯდებოდა ხოლმე და როგორც ამბობდა, იმ ცხოვრებაში ბრუნდებოდა, როცა ეს ფაიტონი ძალიან აქტუალური იყო. კიბე ორმოცი საფეხურისაგან შედგებოდა, რომელსაც ბავშვობიდან ინსტიქტურად ითვლიდა ხოლმე ყოველთვის თემო სახლიდან გამოსვლის დროს, დამთხვევა იყო, მაგრამ ხვალ თვითონაც უკვე ორმოცი წლის ხდებოდა. ამბობენ, მეორმოცე დაბადებისდღეს არ იხდიანო, არც თემოს დაუპატიჟია არავინ, მაგრამ ეს თარიღი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მან იცოდა უკვე საითაც მიექანებოდა და სრულიადაც აღარ ანაღვლრბდა როგორი დასასრული ექნებოდა მისი ცხოვრების სიზმარს. ცოლ-შვილი მას არ ჰყავდა, მშობლები აქვე, სოფელში ჰყავდა დაკრძალული, გულითადი მეგობრებიც უკვე იმ ქვეყნად იყვნენ გარდასულნი და ამის შემხედვარე, მას სიკვდილისაც აღარ ეშინოდა. ნელ-ნელა აუყვა იგი კიბეს, სახლის კარი შეაღო, შევიდა და იქვე მდგარ ძველისძველ, ლითონის ზამბარებიან საწოლზე წამოწვა, რომ სული მოეთქვა. ხის ოდა სახლში ფიჭვისა და ნაძვის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, ოთახის შუაგულში დიდი მრგვალი მაგიდა იდგა, ზედ უძველესი ვერცხლის შანდალი იდო ნახევრად ჩამომწვარი სანთლებით, საწოლის გვერდით ბებიის ნაქონი სკივრი იდგა, რომელსაც თავი ბოლომდე არ ეხურებოდა, იმდენად იყო თემოს პრიზებითა და მედლებით სავსე, მაგრამ, როგორც თავის თავს, მასაც მალავდა დღესდღეობით რატომღაც იგი, აღარ უნდოდა უკვე მას თავისი გამარჯვებული წარსულის გახსებებაც კი. იყო დრო, როცა ყველას სჭირდებოდა თემო, როგორც ძმაკაცი და მოყვარე, თავისი სახელით, ავტორიტეტითა და ერთგულებით, მაგრამ ეს კარგა ხნის წინ იყო. თემოს ყოველთვის ქრისტე ღმერთის მაგალითი მოჰყავდა ხოლმე თავისთვის გულში, ადამიანებისთვის იყო დღენიადაგ გადაგებული, ჩვენ კი ის ჯვარზე გავაკარითო, ჩაილაპარაკებდა ხოლმე ხშირად. მეტი არაფერი იდგა ოთახში; მაგიდა, სკამები, სკივრი, ერთი კარადა და, რაც მთავარი იყო მისთვის, კედელზე გაკრული ორმეტრიანი მუჰამედ ალის სურათი, რომელიც მას კრივის სამყაროში აბრუნებდა ხოლმე ყოველ საღამოს, ძილის წინ. თემომ პაპის ნაქონი ნაბადი ზემოდან ტანზე მოიგდო და ჩაეძინა. კარგა ხანს ეძინა, სანამ კარებზე კაკუნის ხმამ არ გამოაღვიძა, გარეთ უკვე ბნელოდა.
-რომელი ხარ? შემოდი! - წარმოთქვა მან ძილბურანში და კარებისაკენ გადაბრუნდა.
-მე ვარ თემო. გაისმა იას ხმა. თემო ფეხზე წამოდგა კარები გამოაღო და მის წინ ისევ მშვენიერი ია დაიხატა.-შეიძლება ?
-მობრძანდი. უპასუხა თემომ და სახლში შეიპატიჟა იგი, ია ოთახში შევიდა და მაგიდაზე სასმლითა და ხილით სავსე კალათი დადო.
-რატომ წუხდებოდი?! არ იყო საჭირო, წარმოთქვა თემომ და იას მაგიდასთან მდგარი სკამი გამოუწია დასაჯდომად.
-დღეს ჩემი გულისთვის იზარალე, ვიცი რა ძნელია მსმელი კაცისთვის უღვინოოდ გადატანილი დღე, მიუგო იამ მას და კალათიდან ერთლიტრიანი ბოთლით სახლის არაყი ამოიღო, მერე ორივე მაგიდას მიუსხდნენ, იას ისევ გამომწვევად ეცვა, რაც თემოს ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისევ თავს იკავებდა.
-ხაჭაპურები გამოვაცხვე და გადმოგიტანე, თან ვიცი, ორნახადი ჭაჭა უცებ გამოგაკეთებს, მიუგო იამ თემოს და კალათიდან თბილ-თბილი ხაჭაპურებიც ამოალაგა.
-მადლობა ყურადღებისთვის, ჩაილაპარაკა თემომ - მოდი ვუმკურნალებ უცებ ჩემს თავს, წარმოთქვა მან, შემდეგ არაყი მოზრდილ ჭიქაში დაისხა და უმალ გადაკრა. ორ წუთში მას მთელი სხეული ღუმელივით გაუთბა და ცოტა აზრზე მოვიდა. მეორე ჭიქაც დაისხა თემომ, თან ფეხზე წამოდგა და წასულები მოიგონა, მერე ერთი ნაჭერი ხაჭაპური თეფშზე გადმოიღო, ღრმად ამოისუნთქა და სიგარეტს გაუკიდა.
-მარტო ვარ, დავიღალე, დაიწყო იამ, უკვე ათი წელი გავიდა, ოცდათვრამეტი წლის ვარ და ასე მგონია დავბერდი.
-შენ სიბერის არაფერი გეტყობა, ჩაუჭრა მას სიტყვა თემომ, უბრალოდ ცოტა მოკრძალებულად უნდა ჩაიცვა და დაიხურო, მერე ის ადამიანიც გამოჩნდება, ვისთანაც დანარჩენ ცხოვრებას გაატარებ, თორემ ასე, ყველა როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ისე გიყურებს, ეგეთები კი ცოლად არ მოჰყავთ.
-მე რა ?! არ შემძლია ლამაზად გამოვიყურებოდე?- შეიცხადა იამ
-შენ პატიოსანი გოგო იყავი ყოველთვის და ისევე უნდა გააგრძელო ცხოვრება, ქალის სილამაზე კი მარტო მოკლე კაბით და ღრმად ამოღებულ დეკოლტეებით არ განისაზღვრება, მე ასე მგონია, მიუგო თემომ
-მეც დამისხი ერთი ჭიქა, დავლევ შენთან ერთად- წარმოთქვა ცოტა განაწყენებულმა იამ და მაგიდაზე თემოსაკენ ჭიქა მიაცურა.
-კარგი დავლიოთ ერთად თითო ჭიქა, უპასუხა თემომ და არაყი ჭიქებში დაასხა
-ერთი თხოვნა მაქვს და უარს ნუ მეტყვი, გააგრძელა ისევ იამ
-გისმენ, მიუგო თემომ და დიდი ინტერესით გადახედა მას.
-მე თამაზის ტანსაცმლისგან ორი კარგი პერანგი დამრჩა, თუ არ იუკადრისებ გამომართვი, შენ გამოგადგება, ჩაილაპარაკა იამ და ქაღალდის პაკეტი გაუწოდა მას. თემომ პაკეტიდან ორივე პერანგი ამოიღო, ერთი ძალიან მუქი შინდისფერი იყო, მეორე-კი თოვლივით თეთრი და სპეტაკი. თემოს გაეღიმა, მას გაახსენდა თავისი ბავშვობის მეგობარი ამ სამოსში და სათუთად ხელი გადაუსვა მათ.
-გთხოვ გაისინჯე, წარმოთქვა იამ, თან ადგა და უკან შებრუნდა, თემომ თვითონაც პირი იცვალა, ზემოდან თავისი პულოვერი გაიხადა და ის იყო მეგობრის ნაქონ პერანგში ხელი უნდა გაეყარა, რომ ზურგზე უეცრად ქალის სითბო იგრძნო, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ ხელებიც რომ შემოეხვია მას ტანზე, ის მყისვე უკან შემობრუნდა და როცა იხილა წელს ზემოთ გახდილი ია, ისეთი სილა გააწნა მას რომ ქალი ნახევრად გათიშული საწოლზე დავარდა, თემომ თავი ძლივს დაიმორჩილა, რომ უბედურება არ ჩაედინა და მისი ნაჩუქარი პერანგი იას შიშველ ტანზევე მიაგდო.
-ჩაიცვი სასწრაფოდ! თორემ შეიძლება მოგკლა ეხლავე! -დაუღრიალა თემომ მას და კედელს ისეთი გამეტებიტ დაარტყა მუშტი სახლმა ზანზარი დაიწყო, ია უცებ ფეხზე წამოხტა და შეშინებული კიბეზე თავქვე დაეშვა. თემო მას უკან გაეკიდა, სანამ ეზოს ჭიშკარს მიაღწევდა ია და გარეთ გავიდოდა, თემომ მას მკლავში ხელი სტაცა, მოაბრუნა შიშველ მხრებზე თავისი ჯინსის ქურთუკი მოასხა და დასავით გულში ჩაიკრა.
- არ გახვიდე ასეთი აფორიაქებული გარეთ, სალაპარაკო მაქვს შენთან, მიუგო თემომ და ხელჩაკიდებული ისევ სახლისკენ გაიყოლა. ია როგორც ბავშვი ისე ტიროდა და უკან მისდევდა თემოს, ისინი ისევ ოთახში შევიდნენ, თემომ სუფრასთან დასვა ია და სთხოვა დაწყნარებულიყო, გაბრაზებულმა თემომ კიდევ დაისხა თავისთვის ჭიქა არაყი და იასგან სრული სმენა და ყურადღება მოითხოვა.
-მისმინე ია, დაიკო - წყნარი, მაგრამ ძალიან დამაჯერებელი ხმის ტონით დაიწყო საუბარი თემომ - მე მესმის შენ ქალი ხარ თან ამავე დროს ლამაზი, ვიცი, გჭირდება სიყვარული და მამაკაცის სითბო, მაგრამ ასე არავისთან მოიქცე. შენ თუ თვლი, რომ მე ისეთი არამზადა ვარ, რომ ჩემი ძმაკაცის ცოლთან შემიძლია დავიჭირო საქმე, მაშინ შენ ჩემგან სიკვდილის ღირსი ხარ. თავიდანვე შეგნიშნე, ნასვამი შემოხვედი ოთახში და თუ ეს არყის გამოა რომ შენში, როგორც ქალში, ცხოველურმა ინსტიქტმა იფეთქა, მაშინ შენ წვეთი ალკოჰოლი არ უნდა დალიო ცხოვრებაში არასდროს, ახლა კი მე შენგან ერთ კონკრეტულ პასუხს ველოდები. - წარმოთქვა თემომ და იას ნამტირალევ თვალებში ღრმად ჩახედა.
-მაპატიე, ჩაილუღლუღა ნაწყვეტ-ნაწყვეტად იამ და თავი ძირს დახარა. თემო ფეხზე წამოდგა, მაგიდას შემოუარა, იას პატარა ბავშვივით თავზე აკოცა, მერე წამებში მისი ნაჩუქარი პერანგი ჩაიცვა და ისევ წინ დაუჯდა მას.
-აი მიყურე, მიხდება? -ჰკითხა თემომ იას და შეეცადა ცოტა ხასიათზე მოაეყვანა, იამ თავი ასწია და სევდიანად გაიღიმა.
-ია მე შენი ძმა ვარ, შენ ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს, თუ მარტო ვერ ძლებ უნდა გათხოვდე. ხვალიდან მოკრძალებულად ჩაიცვი და ვიღაც-ვიღაცების ძებნა შეწყვიტე, ეკლესიაში იარე, რწმენაში მოექეცი, დაგიმშვიდება სულიცა და ხორციც, მერე ნახავ თუ თვითონ არ გამოჩნდეს შენნაირი მარტოსული, მაგრამ პატიოსანი ადამიანი, ვისთანაც მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნები, ვინც მოგეწონება მე გამაცანი მაინც, მინდა, რომ არ შეცდე ხომ იცი, მე ყნოსვოთაც კი მივხვდები რა ხილია ან რა ზრახვები ამოძრავებს მას, ყველგან იტყვი, რომ ძმა გყავს ჩემი სახით, მე კი პირობას გაძლევ, შენს თავს არასდროს არავის დავაჩაგვრინებ, მეტის გაკეთება მე არ შემიძლია, ყველაფერი უფლის ხელშია. თქვა თემომ და არყით სავსე ჭიქა კვლავ ბოლომდე დალია.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის, ამოთქვა იამ, მადლობა რომ აზრზე მომიყვანე, მე ეს, ალბათ, ძალიან მჭირდებოდა.
-არაფერია, ყოველ კვირის ბოლოს შემომიარე და გაგილაწუნებ ხოლმე, უპასუხა თემომ მას ხუმრობით, ამ სიტყვებზე უკვე ორივეს გულიანად გაეღიმად.
-მე დღესდღეობით არავინ არ მიყვარს მთვარის გარდა, წარმოთქვა თემომ, მერე ისევ ფეხზე წამოდგა კარი გამოაღო და მთვარის შუქმა მას მყისვე სახე ვერცხლისფრად გაუნათა, - მე მხოლოდ მთვარეს ვემიჯნურები, ღამ-ღამობით კი, ხანდახან დავფრინავ კიდეც მასთან ერთად და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, გაიღიმა თემომ, მერე ია ფეხზე წამოაყენა, ისევ დასავით გულში ჩაიკრა და ჩაილაპარაკა, - ეხ ჩემო კარგო ადამიანო, მე რომ მაგ პრინციპებით მეცხოვრა, ახლა ძალიან მდიდარი ვიქნებოდი, მაგრამ სული ნეხვით მექნებოდა სავსე და ღირსებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მე უკვე ზღვარზე ვდგავარ კარგა ხანია და ერთი ნაბიჯი მაკლია, რომ საიქიოს ის დიდი ალაყაფის ჭიშკარი შევაღო, შენ კი ჩემი ცდუნება განგიზრახავს. არა, ეს არავის არასდროს გამოსვლია.ია პატარა ბავშვივით იყო მიტუზული თემოზე და მთელი გულისყურით უსმენდა მას, -ახლა კი სახლში წადი და დაფიქრდი იმაზე, რაც გითხარი, გთხოვ, ერთი-ორი დღე გზაზეც არ გადამეყარო, მინდა დავივიწყო ყველაფერი, რაც მოხდა - მერე მივიდა სკივრს თავი ახადა, ერთი ოქროსფერი ყველაზე დიდი პრიზი ამოიღო, რომელსაც მოკრივის ხელთათმანის ფორმა ჰქონდა და ძვირფასი თვლებით იყო მოჭედილი - ეს ყველაზე დიდი მიღწევა იყო ჩემს სპორტულ კარიერაში, მაშინ ევროპის ჩემპიონი გავხდი, ფინალში კუბელ რაულ დემანას მოვუგე და ხელიდან გამოვგლიჯე ევროპის ჩემპიონის ტიტული. მიუგო მან იას, დაწყნარდი, ჩვენ დღეს კიდევ ერთი ბრძოლა მოვიგეთ და ყოველთვის გახსოვდეს ეს. აიღე ჩემგან საჩუქრად, ის შენ ყოველთვის ამ დღეს გაგახსენებს,გაიღიმა თემომ და ჩემპიონის თასი იას ხელებში ჩაუდო, მერე ოთახის კარები გამოაღო და გააცილა. თემო თავის აივნიდან უყურებდა როგორი დაფიქრებლი გადიოდა ია მისი ეზოდან,
-შენ ბიჭი რომ გეყოლება, ეგ თასი მისი თილისმა იყოს, მიაძახა თემომ იას და სახლში შებრუნდა.
უკვე ღამის პირველის ნახევარი იდგა, ასე რომ, თემო უკვე ორმოცი წლის გახდა, მან ძველებური კარადის კარი გამოაღო, შიგნიდან ჩასმულ სარკეში ჩაიხედა და ჭიქა არყით ხელში თავის თავს დაბადებისდღე მიულოცა, შემდეგ ყველა მედალი და პრიზი სკივრიდან ამოალაგა, გაწმინდა და ფანჯრებზე განალაგა, რომელებიც არ დაეტია, გარეთ აივანზე გამოფინა, მოწესრიგდა, პირი გაიპარსა და ტანსაცმელი გამოიცვალა, თეთრი პერანგი და შავი ვილვეტის პიჯაკი, რომელიც ერთ დროს ესპანეთში ტურნირის დროს ჰქონდა მას ნაყიდი, ისე მოხდენილად აჯდა მხრებზე, რომ კინოს მსახიობი გეგონებოდათ . უცებ თემომ ჭიშკრის გაღების ხმა გაიგო და ფანჯრიდან გაიხედა, ეზოში ხალხით გატენილი ორი მანქანა შემოვიდა, მან ქურთუკი მხრებზე მოიგდო, გარეთ გავიდა და გაოცდა, მასთან სტუმრად ყოფილი თანაკლასელები მოსულიყვნენ,
- აი სურპრიზი!!! დაიყვირა თემომ და ყველას დიდი სიყვარულით შეეგება, -გლივოცავთ! გილოცავთ! - ისმოდა თანაკლასელების მილოცვები, ათას რამეს ჩუქნიდნენ ყოველი მხრიდან მას საყვარელი ადამიანები, თემო გახარებული იდგა შუაგულ ეზოში და ბედნიერებისაგან უაზროდ იღიმოდა. ლია, ანზორი, გოგა, თინა, მურთაზი, გუჯა, როინი, ქეთი, მუხრანი და ნიკუშა - ბავშვობის მეგობრები, ვინც კი უყვარდა, ყველა სტუმრად ჰყავდა ახლა მას სახლში.
- დანარჩენები სად არიან?
- დანარჩენებს ჩვენთან რა უნდათ, ოცდახუთ კაცში ჩვენ ვიყავით ერთმანეთან ყოველთვის ახლოს,უპასუხეს მეგობრებმა
- ჰო, ეგეც მათალია.
იღიმოდა თემო, როინიმ და მუხრანმა იმდენი სურსათ-სანოვაგე და სასმელი გადმოტვირთეს მანქანებიდან, რომ ერთი ამდენ ხალხს კიდევ ეყოფოდა საქეიფოდ. -ცეცხლი სად დავანთოთ? - იკითხეს ბიჭებმა
-სადაც გინდათ ძმებო!
ერთი სიტყვით, ღამის ორი საათისათვის ისეთი სუფრა გაიშალა მის ეზოში, რომ მტერს თვალებს დაუბრმავებდა, ცოტა ციოდა, მაგრამ ყველამ მოინდომა გარეთ, ეზოში დამსხდარიყვნენ, სახლის გვერდით, ვაკე ადგილზე დიდი ბოშური კოცონი დაანთეს, სახლიდან მაგიდა ჩამოიტანეს, ყველაფერი ისე მოაწყვეს, კაცს თავი ძვირფას დუქანში ეგონებოდა. უღრუბლო ცაზე დაკიდებული სავსე მთვარე ყვლაფერს თვალხილულს ხდიდა და თვალყურს ადევნებდა. ყველა აღფრთოვანებული იყო იგვლივ ბუნების სილამაზით. თემომ ერთი სადღეგრძელო ითხოვა, ფეხზე წამოდგა და ყველას დიდი სიყვარულით მიმართა:
-მე თავი სიზმარში მგონია, ისეთი ბედნიერი ვარ თქვენი ხილვით, ყველას მადლობას გიხდით მოსვლისათვის ჩემო კარგებო, გაგიმარჯოთ! წარმოთქვა თემომ და თანაკლასელების მოტანილი კონიაკი გადაკრა,
- ახლა მე ერთი იდეა მაქვს და, თუ შეიძლება, ნუ შემეწინააღმდეგებით, მიმართა ყველას თემოს გვერდით მჯდომმა გუჯამ,- მაინც მე უნდა ამირჩიოთ თამადად, ვიცი, მაგრამ მოდით ახლა ასე გავაკეთოთ; დღეს ჩვენი ძმის დაბადების დღეა, ჰოდა სათითაოდ ვადღეგრძელოთ ყველამ და თან გავიხსენოთ წარსულში მასთან დაკავშირებული რაიმე ისტორიები. მართალია, მეც მაქვს სათქმელი, მეც გაისმა კიდევ ხმა და ყველა დასთანხმდა ამ იდეას.
- მაშინ მე ვიტყვი, თუ შეიძლება, პირველ სადღეგრძელოს, წარმოთქვა ცოტა მოშორებით ცეცხლის გვერდით მჯდომმა ლიამ.წამოდგა სუფრას მიუახლოვდა შავი ღვინით სავსე ჭიქა ხელში აიღო, გახარებული თემოს სახეს შეხედა და განაგრძო - მეათე კლასში როცა ვიყავი, მაშინ მამა გარდამეცვალა, ალბათ ყველას გახსოვთ, ჩვენ მაშინ ძალიან გვიჭირდა, კაპიკებს ვითვლიდით და უცებ ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. მაშინ, როცა დედაჩემი სიგიჯის ზღვარზე იყო მისული უსახსრობის გამო, ღამით ზუსტად, ალბათ, ამ დროს, კარზე კაკუნის ხმა გაისმა, კარები გავაღე და თემოს შევეჩეხე, ის სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი, მე ვიცოდი, რომ ღამ-ღამობითაც დარბოდა და ვარჯიშობდა ხოლმე იგი, გადამეხვია, მომისამძიმრა, სახლში შემოვიდა დედა ანუგეშა, მერე მაგიდაზე ქაღალდში შეხვეული ფული დადო, სამი ათასი მანეთი, გვითხრა რომ, თუ არ ავიღებდით, ძალიან ეწყინებოდა მთელ კლასს. მთელი კლასის სახელით მოიტანა მაშინ ის თანხა თემომ. სიმართლე რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე მხოლოდ, ისიც შემთხვევით, თქვენ კი ახლა გეუბნებით. ამაზე არავინ არაფერი იცოდით. მე მინდა შენი გული დავლოცო თემო, შენ კაცი ხარ და მე მეამაყება, რომ შენი მეგობარი ვარ, მერე რა რომ ამჟამად ფული არ გაქვს, მე თუ მკითხავენ, შენი ღირსების კასც ფული არც ჭირდება, ახლა ჩვენ უკვე ერთად ვართ და ამის მერე ვერაფერი დაგვაშორებს. გაგიმარჯოს თემო - თქვა ლიამ და ბოლომდე შესვა თემოს სადღეგრძელო. თემოს მადლიერების გრძნობამ გული ისე გაუთბო, ლამის სანთელივით დადნა. სუფრაზე ბედნიერება ქუხდა, მერე სადრეგრძელო ანზორმა მოითხოვა, თემოს მიუბრუნდა და სიტყვა გააგრძელა - ერთხელ კარგი ნაცემი გყავარ, მაგრამ მართალი იყავი და გულში არაფერი ჩამიდია. მაშინ ზღვაზე, გაგრაში ვისვენებდით ერთად, ორი გოგონა გავიცანით დისკოთეკაზე. შენ, როგორც ყოვლთვის, ლაპარაკიც არ გჭირდებოდა ყველა შარვლის ტოტებში გიძვრებოდა, ისედაც ძალიან სიმპატიური იყავი და თან ჩემპიონი, ის საღამო რესტორნით დავამთავრეთ, მერე პლაჟზე ჩავედით, როგორც ახალგაზრდობაში ხდებოდა ხოლმე. ის გოგონა, რომელიც მე ავირჩიე ქალიშვილი გამოდგა, თვითონვე მითხრა, სუფრასთან რომ ვისხედით და მთხოვა, რომ არ მიმეყენებინა მისთვის ზიანი, მაგრამ მე ბოლოს ისე დავთვერი, რომ ძალაობა დავუწყე მას. აი მაშინ მომხვდა დინგში შენი მარჯვენა, მადლობა მინდა გითხრა ამისთვის ,იმიტომ, რომ ჯერ დიდ შარს ამაცილე, მერე კი უმძიმეს ცოდვას. გაუმარჯოს თემოს! - წარმოთქვა ანზორმაც და სასმისი ბოლომდე დაცალა.
- თუ საჭიროა იქნება ახლაც მოგდებ ხომ იცი? - მიუგო თემომ ანზორს და გაეცინა. ყველა ერთხელ კიდევ გამხიარულდა. - აბა მწვადები, მწვადები - ახმაურდა ყველა და სუფრაზე შამფურებიანად ჩაეწყო მწვადები ყველგან. თემომ ერთი ნაჭერი გადმოიღო და ისიც შუაზე გაჭრა, ბევრ ჭამას დიდი ხანია გადაჩვეული იყო უკვე იგი.
-ვიმღეროთ ! - წამოიძახა ყველაზე ლამაზმა ქალბატონმა სუფრაზე. ეს იყო თინა ყიფიანი, ყოველთვის მომღიმარი და გულმხიარული, გიტარაზე ვირტუოზულად უკრავდა და მღეროდა. ეს ნიჭი მას მამისგან მოჰყვებოდა, თინამ მანქანიდან თავისი თოვლივით თეთრი გიტარა ამოიღო და რასაც მღეროდნენ ისინი ხშირად ახალგაზრდობაში, იმ სიმღერაზე მოიღერა ყელი. თემოს წინ დადგა ბოშურ კაბაში გამოწყობილი, შავგრემანი, თმაგაშლილი, მშვენიერი თინა და მთელი გრძნობით აამღერა „ოჩი ჩორნიე“. ყველა სიმღერას აჰყვა, ფეხზე წამოდგა და დიდი ბოშური კოცონის გარშემო ცეკვა დაიწყო, თემომ თვალები დახუჭა, ხელები მაღლა ასწია და უსაზღვრო სიამოვნების მორევში თავით გადაეშვა. კარგა ხანს იხალისეს ასე, ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, გულის ამოგდებამე ცეკვავდნენ. ეს ჟრიამული სკოლის დამთავრების აღსანიშნ ბანკეტს უფრო წააგავდა, ვიდრე თემოს ორმოცი წლის იუბილეს.
ამ დროს მუხრანი მიუახლოვდა სუფრას, ღვინით სავსე დოქი ხელში აიღო და ზედ ჩანგლის კაკუნი დაუწყო, რომ თანაკლასელების ყურადღება მიეპყრო, ყველა ნელ-ნელა გაჩერდა.
- მეგობრებო ჩემი სადღეგრძელოს დროც მოვიდა, მგონი- გაიღიმა მან. ყველა სუფრას შემოუსხდა, მუხრანი ფეხზე იდგა, მერე თითონაც ყველასგან მოსმენა მოითხოვა და ყურადღება კაკლის ხის ქვეშ მდგარი ფაეტონისკენ გადაატანინა. - აი ძმებო და დებო, უყურეთ,- დაიწო მუხრანმა- ეს უთვლებო დილიჟანსი, რომელიც უკვე დროთა სვლის გამო სულს ღაფავს, ერთ დროს თბილისის ქუჩებში ათასნაირ ადამიანს დაასეირნებდა. ვინ აღარ მჯდარა იქ; შეყვარებული წყვილებისგან დაწყებული, ტურისტებით თუ მაშინდელი თბილისელი ლოთბარებით დამთავრებული. ყველაფერის სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი ძალა კი თავისი ორი, ნახშირივით შავი ცხენით, იყო თემოს პაპა გიორგი არაბული, ფაეტონს მისი სახელიც კი აწერია. მე მინდა მოვიგონო ის დიდი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ხალხს ემსახურებოდა და მისი სახით ჩვენი წასულების მოგონება ვთქვა… - ყველა პატივის მისაგებად ფეხზე წამოდგა, თითეული მათგანი თავისებურად ქარგავდა სიტყვებში თავის გრძნობებსა და მადლიერებას პაპა გიორგისადმი. ყველაზე კეკლუცი და აბეზარა ქეთიც კი, რომელიც არასდროს არ სვამდა ალკოჰოლს, ფაიტონთან მივიდა, შავი დერმატინის გადახუნებული სკამიდან შემოდგომის ყვითელი ფოთლები გადაფანტა, ზედ დაჯდა და ისე დალია სადღეგრძელო. ასეთი ბედნიერი ღამე რამდენი წელია აღარ შეუგძნია თემოს, მან დღეს თავისი თავი იპოვნა, მისი სული გაძეძგილი იყო სიყვარულითა და სითბოთი. როინმა და გოგამაც ვახტანგურათ დალიეს თემოს სადღეგრძელო და ძმაკასც გადაეხვივნენ,ყველა უკვე კარგი ნასვამი იყო, ბოლოს თემომ სუყველა სახლში აიყვანა ვინც საწოლებზე დაეტია დააწვინა,ქალები აივნის გავლით მეორე ოთახში შეიყვანა და იქ განათავსა, კაცებს კი ვისაც ადგილი არ ეყოთ დასაძინებლად თემომ ძველისძველი ხალიჩა ამოატანინა საკუჭნაოდან იატაკზე გაშალა და ხუმრობით განუცხადა რომ მყისვე აბრაგებივით გაგორებულიყვნენ ზედ და დაესვენათ,შენ ? შენ სად დაწვები თემო იკითხეს ბიჭებმა,მე აგერ მეზობელთან გადავალ ერთი ღამით და დილით თქვენთან ვარ ისევ. ცივი ღამე იდგა, თემო თეთრ პერანგში თავის საყვარელ ვილვეტის პიჯაკში და ჯინსის შარვალში გამოწყობილი გარეთ გამოვიდა, კისერზე მას ახალი შავი კაშნე ქონდა შემოხვეული რომელიც დღეს მას ლიამ აჩუქა, აივანზე მდგარ ძველისძველ პატარა ხილის მაგიდიდან მან ნახევრად სავსე ბოთლი არაყი აიღო და თითქმის ჩაფერფლილ კოცონთან დაბლა ჩავიდა, სადაც იყო უნდა გათენებულიყო, ის იქვე ხის გადაჭრილ მორზე ჩამოჯდა გვერძე სასმელი და ჭიქა დადო, მერე ჯერ კიდევ მოკაშკაშე მთვარეს მაღლა ახედა თვალი ჩაუკრა და ჩაილაპარაკა,ჩემო ლამაზო ხომ ხედავ როგორი მეგობრები მყავს, აქ კი ყველა მარტოსულს მეძახის, მოდი შენ გაგიმარჯოს დაირასავით რომ ხარ გამოკიდებული ყოველ ღამე ცის კაბადონზე და ხალხს გზას უნათებ, მერე კვლავ ჭიქაში მან არაყი დაისხა და ისევე მშრალად დალია როგორც დაბადების დღემდე,დილა დგებოდა და სიცივემ უფრო მოუჭირა, თემომ ცეცხლის გაღვივება მოინდომა,გული სირახულით ჰქონდა მას სავსე და ერთი სული ქონდა როდის გაიღვიძებდნენ მისი მეგობრები, რომ ქეიფი და ხალისი გაეგრძელებინათ . ამ ფიქრებში გართული ის უკან მობრუნდა, რომ ძირს მიმობნეული კაკლის ხმელი ტოტები მოეკრიფა, მიმოიხედა და გაშეშდა, თავის კლასელების არც ერთი მანქანა აღარ იდგა ეზოში, მერე ცეცხლისაკენ შებრუნდა, აღარც ცეცხლის ნაკვალევი ჩანდა არსად და ლიას ნაჩუქარი კაშნეც სადღაც გამქრალიყო, ამასობაში ინათა, კარი გაიღო და ეზოში სწრაფი ნაიჯით ია შემოვიდა, აფორიაქებულმა თემოსთან მიირბინა და ჰკითხა თუ როგორ იყო იგი, დაბნეულმა თემომ იას სთხოვა სახლში ასულიყო და ოთახებში შეეხედა თუ იყო ვინმე იქ. იამ კიბე აირბინა, სახლის კარი გამოხსნა და როგორიც გუშინ დატოვა იქაურობა, ისევე დახვდა, მერე აივნის გავლით მეორე ოთახშიც შეიხედა და იქაც უკუნისებური სიჩუმე იდგა, მობრუნდა და ისევ უკან თემოსაკენ ჩამოვიდა.
-თემო იქ ვინ უნდა იყოს?! არავინაა. - მიუგო გაკვირვებულმა იამ მას, -მთელი ღამე გაოცებული ფანჯრიდან გიყურებდი, სვამდი, ცეკვავდი, ხან ლექსებს კითხულობდი, გაუჩერებლად ლაპარაკობდი და რაღაც გიხაროდა, ისე გიხაროდა, რომ შორიდან გატყობდი სიხარულის ცრემლები როგორ გიბრწყინავდა თვალებზე. შენ მე მითხარი რომ ეს დღეები არ დაგნახებოდი და იმიტომ ვერ გავბედე შენთან შემოსვლა. თემო რა მოგივიდა? - კიდევ ერთხელ გაუმეორა იამ მას. თემომ უზომოდ ნაღვლიანი თვალბით გადახედა იას და წყნარი ხმით უპასუხა;
-თამაზასთან რას დამაბარებ?! - ია შეცბა ამ სიტყვების გაგონებაზე და მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო.
-ახლავე მოვალ - წარმოთქვა მან და გულგახეთქილი სოფლად ექიმის დასაძახებლად გავარდა. სირბილით მიდიოდა ია ექიმის სახლისაკენ, ყველაზე ძალიან ახლა მას უნდოდა, რომ თემოს დახმარებოდა. სანამ მან ექიმი გააღვიძა, სანამ ბერიკაცი აზრზე მოვიდა, ჩაიცვა და იას უკან გამოჰყვა, ნახევარ საათზე მეტმა მაინც გაიარა, ია ექიმის წინ გამორბოდა და თავისთვის ფიქრობდა თუ როგორ ჩაიყვანდა თემოს ქალაქში, როგორ ჩაუტარებდა საავადმყოფოში გადასხმებს და თუ როგორ უპატრონებდა მას ღვიძლი დასავით. იგი მალევე უკან დაბრუნდა, ეზოში შევარდა, თემო არსად ჩანდა, იფიქრა სახლში ავიდა და წამოწვაო, ქარიშხალივით აირბინა მან კიბე. არც ოთახში დახვდა მას თემო, მეტი მღელვარებისაგან გული ამოუარდა, გარეთ გამოვიდა და ეზოში ქვის კიბეზე ჩამოჯდა დაბნეული, ცოტა ხანში ღობის მიღმა მოხუცებული ექიმიც გამოჩნდა, ია კვლავ ფეხზე წამოდგა, რომ მას შეგებებოდა, კიბეზე დაეშვა, მერე კიდევ ერთხელ შეათვალიერა ეზო და კაკლის ძირში ძველისძველ ფაიტონში მჯდარი თემო დაინახა.
-ვაიმე დედა!... - წარმოთქვა გულისტკივილით მან და შეშინებული ნელ-ნელა მიუახლოვდა . თემო კაკლის ყვითელ წითელი ფოთლებით დათოვლილი ფაიტონის უკანა სავარძელზე ნახევრად გადაწოლილი, თავადივით იჯდა, თვალები დახუჭული ჰქონდა მას და სახეზე ბავშვური სუფთა ღიმილი ეფინა.
-აქეთ ექიმო! - წარმოთქვა იამ და ექიმი თემოს გაგასინჯად მიუშვა, მან თემოს შუბლზე ხელი დაადო, მერე პულსი გაუსინჯა და იას გადახედა.
-რა ხდება ექიმო?! - სახე დაკარგული შეეკითხა მას ია. ექიმმა ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაისახა და ჩაილაპარაკა: “მორჩა აქაური წვალება”. მერე მან თემოს ხელიდან ბოთლი არაყი და ჭიქა ჩამოართვა, მომტირალ იასკენ მობრუნდა და წარმოთქვა:
-ამ კაცმა ორიოდე წლის წინ მე შვილიშვილი სიკვდილს გადამირჩინა, ქალაქში ხანძრის დროს, ვინ იყო მეთქი ის ვაჟკაცი სულ ვფიქრობდი და აი ახლა ვიცანი. მე მას პატივიც კი ვერ ვეცი, ნათელში ამყოფოს უფალმა, ამოიოხრა მოხუცმა ექიმმა და თემოს საყვარელი წელში გამოყვანილი ჭიქით მისი შესანდობარი დალია. ვინმე თუ დარჩა შვილო, რომ მიხედოს და გააპატიოსნოს ეს კარგი ადამიანი?
-კი მე, მე დავდჩი, მე და ვარ მისი და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საიჭოა მიუგო გატეხილი ხმით იამ ექიმს. მეც გვერდით მიგულე, დღესვე დავურეკავ ჩემს შვილს, რომ ქალაქიდან ამოვიდეს და ყველაფერზე იზრუნოს - წარმოთქვა გულდაწყვეტით ექიმმა. შემდეგ ბერიკაცმა თემოს სახლ-კარს მოავლო თვალი.
-ეს რა თასებია ფანჯრებში გამოწყობილი შვილო? - იკითხა მან.
-ეს მისი მოპოვებული პრიზებია, ბატონო. - უპასუხა იამ, - ის ერთ დროს უძლიერესი მოკრივე გახლდათ.
-რა გვარის კაცი იყო?
-თემო არაბული! - მიუგო იამ.
-არაბული? - გაიკვირვა ბერიკაცმა, - ეს, ის არაბულია?
-კი, ის არის. - უპასუხა იამ ექიმს და სინანულით სავსე ლამაზი თვალები ძირს დახარა.
-არ შეშინდე შვილო, ყველა სიკვდილის შვილები ვართ. - წარმოთქვა ექიმმა და ია გულში ჩაიკრა.
ამასობაში ეზო სულ მოზარდი ბიჭებით გაივსო, ყველანი ძველისძველი ფაეტონის ირგვლივ იდგნენ და ღაპა-ღუპით მოსდიოდათ ცრემლები. ბერიკაცმა კიდევ ერთხელ მოავლო ყველას და ყველაფერს ირგვლივ თვალი, მერე ცას ახედა და უცნაური სიამაყით ჩაილაპარაკა: აი ამას ქვია გარდაცვალება...........
ეძღვნება ჩემს გარდასულ ძმაკაცს,ზაზა გელდიაშვილს ! ,,ციკოსგან,, დათო ცქიფურიშვილისგან .......................................
https://youtu.be/hlUqTcGlKHE
https://youtu.be/1JOCjIWP3v8 , в видео есть субтитры на грузинском языке
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев