ქმარი ეჩხუბება, აბორტს თუ არ გაიკეთებ, გაგეყრებიო. რა ქნას ამ ქალმა?
- თუ აბორტს გაიკეთებს, - თქვა მამა პაისიმ, - მის დანარჩენ შვილებს დაატყდებათ თავს უბედური შემთხვევები და ავადმყოფობები. დღეს მშობლები აბორტით კლავენ თავიანთ შვილებს და მათ ღვთის კურთხევა აკლდებათ. ძველად, თუ ბავშვი ავადმყოფი იბადებოდა, მონათლავდნენ და ანგელოზად აღესრულებოდა. ღვთის კურთხევა კი დანარჩენ, ჯანმრთელ შვილებზე მოიწეოდა. ახლა მშობლები ჯანმრთელ შვილებს ხოცავენ აბორტით, ავადმყოფებს კი, ცდილობენ, ძალით შეუნარჩუნონ სიცოცხლე. სამკურნალოდ დაჰყავთ ინგლისში, ამერიკაში. ასე რომ, თაობიდან თაობაში უფრო ნაკლებად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან. თუ მშობლები შვილებს განკურნავენ, და ისინი გაიზრდებიან და დაქორწინდებიან, მათ შეიძლება სნეული ბავშვები შეეძინოთ. აქედან გამოდის, რომ მშობლებს ერთის მაგივრად ბევრი ბავშვი რომ გაეჩინათ, აღარ დასჭირდებოდათ საზღვარგარეთ შვილების სამკურნალოდ ხეტიალი.
- მამაო, სადღაც წავიკითხე, რომ ყოველწლიურად 50 მილიონი აბორტი კეთდება (საუბარი შედგა 1989 წელს), რომლის გამოც 200 000 ქალი იღუპება.
- ყოველდღიურად ჩანასახშივე მრავალ ათას ადამიანს კლავენ! აბორტი საშინელი ცოდვაა, მკვლელობაა. უბრალო კი არა, საშინელი მკვლელობა, რადგან უნათლავ ყრმებს კლავენ. მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება. ერთხელ, ღვთის განგებით, საშინელი ხილვა ვნახე და განვიცადე. ამის შემდეგ მივხვდი, თუ რა არის აბორტი! ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათ საღამოს ჩვეულებისამებრ ორი სანთელი ავანთე და კონსერვის ქილაში ჩავამაგრე. როცა მძინავს, ეს სანთლები ანთია ხოლმე. ამ სანთლებს იმათთვის ვანთებ, რომლებიც სულიერად და ხორციელად იტანჯებიან. ეს ეხება როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულებს. ღამის 12 საათზე, იესოს ლოცვას როცა ვიმეორებდი, დავინახე გალავანშემორტყმული მინდორი. ჯეჯილს მიწიდან თავი წამოეყო. ვიდექი გალავანთან და ქვის კედელზე მიცვალებულთა სულებისთვის სანთლებს ვამაგრებდი. მარცხნივ ხრიოკი მოჩანდა - მხოლოდ კლდეები და ქვის ფლატეები. ამ ადგილს მუდმივად არყევდა საშინელი გუგუნი, რომელსაც ერთვოდა ათასობით სულის გულის გამგმირავი კივილი. ეს ხმა ყველაზე უკეთურსაც კი გულგრილს არ დატოვებდა. ჩამესმა ხმა: - აჯეჯილებული მინდორი იმ მიცვალებულთა განსასვენებელია, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან. ხრიოკში, რომელსაც გოდება არყევს, აბორტით მოკლული ბავშვების სულები არიანო. მიუხედავად დაღლილობისა, იმ ღამეს ძილი არ მომეკარა.
- მამაო, როგორ მოვახერხოთ აბორტის ლეგალიზაციის კანონის შეცვლა?
- ამაზე აუცილებელია სახელმწიფომ და ეკლესიამ იზრუნონ და ადამიანებს გააგებინონ, თუ სადამდე მიგვიყვანს შობადობის შემცირება. მღვდლებმა ხალხს უნდა აუხსნან, რომ აბორტის დაშვების კანონი ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება, ექიმებმა კი უნდა გააგებინონ, რა საფრთხე ემუქრება აბორტის გამკეთებელი ქალის ჯანმრთელობას...
თუ ღვთის მცნებას არღვევს ერთი კაცი, მასზე პასუხს მხოლოდ ის აგებს. მაგრამ თუ სახარების მცნებებს წინ სახელმწიფოს კანონი აღუდგა, მაშინ ღვთის რისხვა მთელ მოსახლეობას დაატყდება თავს, რათა იგი გონს მოიყვანოს, - ბრძანებს მამა პაისი.
ჩვენდა წილად კი ვიტყვით, რამდენად პარადოქსული ამბავია: საქართველოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამემამულეს, პატარა გოგოსა თუ ბიჭს კლავენ ჩანასახშივე და ეს ნებადართულია!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 36