"ფშაური წაწლობა" - სცენა საბძლიდან
ჩალა-თივიან საბძელში,
მთვარემ ჩახედა ყავრიდან,
ჩახვეულ-ჩაალერსებულ
ხმა-ხშირად მსუნთქავ ყვავილთა...
- წაწლები! ღმერთმა დალახვროს! -
წაიჩურჩულა მნათობმა,
მაგრამ ვერც მზერა მოსწყვიტა,
არც სურდა უიმათობა....
ღამის მზე ადგათ სახეზე
ტოლ-სწორებს, ვაჟა-ქალათა...
უფრო გაივსო, გადიდდა
ცაზე თითბერის კალათა!..
ნამდვილად ღირდა საცქერლად
საბძლის ლამაზი სურათი:
ვაჟი - ახალუხშეხსნილი...
ქალი - თეთრ საღამურათი...
იწვნენ, თან მუსაიფობდნენ:
- ყინჩად თოვლი ხარ, დედუნო!..
- ხო დაგიწექი, დღეიდან
რაღაზე უნდა მემდურო?
ტან-ძუძუთ აუყვ-ჩაუყვა
ვაჟის თითები ქალისას,
ქალი ჯერ შედგა, შელუშდა,
მერე კი გაიხალისა:
- დაბლისაკ არც კი ჩაჰკვლიო,
არც ხელნი ჩაჰყო ნაკრძალებს...
- ჩუმად, შე დანელებულო,
მე თავად ვიცი, მაცალე!.
ქარ-ნიავს აეთანადა
თრთოლვა დედუნის ბაგეთა...
ვაჟმა თმებ გადაულალა,
ბაგენ კი კოცნით გაკვეთა.
ქალიც ეფერა ნანდაურს,
თმებს უფარცხავდა თითებით,
საერთოდ გაიყრეინა
მაცდურმა ზედა-ჩითები!
კისკის-სიცილის ექონი
მი-მოარხევნდნენ ერდოთა,
შესცვლიდნენ შესაქებარნი,
სიტყვათა დასაყვედროთა:
- აჰა, და აღარ გავიგო,
ხვალ რო კვლავ დამამუნათო.
თითქოს მორცხვი ვარ, მწერელტყვე,
უვარგი ნანდაურათო!
ვაჟს ცეცხლი ენთო თვალებში:
- რამდენიც უნდა მაწვალო,
ვერ მაცდენ, ეშმაკის ფეხო,
უნდა ჩავიცვათ, წაწალო!..
ეჟიჟრიბანდა ალიონს,
ნათელი ხსნიდა ცის პირებს...
ნებ-ნებ დატოვეს საბძელი,
ერთურთი შემოიბირეს!..
.....................
გლოვის ხმა დადგა საღამოს
ბუხრევში, ბანზე, ჯალაფთა:
- ჯიქურ მაუკლავთ დამასტეს!.. -
ცრემლს ვერც დედუნი მალავდა...
- ვაჟ იყავ ვაჟის საფერი,
ღმერთმა გაცხონოს, არწივო!
შენ ნაკოცნ მეწვის ძუძუსთავს,
თვალნ ზენ რაითღა ავწიო!.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1