მანანა ნოზაძე
რომან გოცირიძე ავისმომასწავებელ პროგნოზებს არ იშურებს. ამჯერად უმუშევრობას, ქვეყნის დაცლას და ეკონომიკის ჩამოშლას აანონსებს, რასაც იმით ხსნის, რომ დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, ახლა უკვე ამერიკამ და, დომინოს პრინციპით, ამ რიტმს სხვა ქვეყნებიც აჰყვებიან.
„დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, აშშ-მა და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს. მთელი დემოკრატიული სამყარო, ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით და ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები“, - აცხადებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე. მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც 90-იან წლებში დაბრუნებას ნიშნავს.
ზოგადად, 90-იანი წლებით აპელირება რომან გოცირიძის საყვარელი თემაა. უფრო ადრე ის პროგნოზირებდა, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, 90-იანი წლები რომან გოცირიძის სახელთან განუყოფელია, როცა მისი ინიციატივით დევალვირებული ფულის ერთეულად უდღეური კუპონი გამოჩნდა, რომელიც ჰიპერინფლაციის ქვეშ ექცეოდა, რის შემდეგაც გოცირიძეს ალ კუპონე შეარქვეს.
მართლაც უცხოეთის დახმარებაზეა თუ არა დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკა?
მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ეს არის რომან გოცირიძის მორიგი და სრულიად სამარცხვინო დეზინფორმაცია და გოცირიძემ უნდა გაიხსენოს ის დრო, როდესაც მას თაღლითობის გამო ალ კუპონეს ეძახდნენ.
„ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ფაქტი, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო კაზინოების მუშაობის რეგულაცია, მაშინ პირველმა სწორედ რომან გოცირიძემ დაიწყო ყვირილი, ხელი არ ახლოთ კაზინოებს, საქართველოში ინვესტიცია არ შემოვაო. ამ დროს სად ინვესტიცია და სად კაზინო, ბარემ პირდაპირ ეთქვა, ჩვენი პარტია ფინანსდება კაზინოებიდან და ამიტომ არ ახლოთ ხელიო. გოცირიძის შემდეგ ჭუტა წერეთლის ვაჟი - ვახტანგ წერეთელიც აყვირდა, გავკოტრდებითო. გვარამიაც იმავეს ყვიროდა. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციური ტელევიზიები სწორედ კაზინოებიდან შემოსული ფულით ფინანსდებოდნენ. ამ დროს სად კაზინოები, სად „ტვ პირველი“ და სად გვარამიას ტელევიზია?“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, რომან გოცირიძე რატომღაც გვიმტკიცებს, კაზინოების საკითხი თუ დარეგულირდებოდა და გადასახადს თუ გადაიხდნენ, თურმე ამით ინვესტიციას დავკარგავდით. ამ დროს კაზინოებიდან არაფერი არ შედიოდა ჩვენს ბიუჯეტში. უბრალოდ, ეს ადამიანი აგრძელებდა იმ ტრადიციებს, რომლის მიხედვითაც, მხილებული იყო თაღლითობაში.
„რომან გოცირიძეს ალ კუპონეს ეძახდნენ. ასე რომ, ეს არის ალ კუპონეს მორიგი დეზინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლა ემუქრება. მან პასუხი უნდა აგოს ამ ტყუილებზე, ისევე, როგორც უნდა აგოს პასუხი მამუკა ხაზარაძემ იმ ტყუილების გამო, რაც ილაპარაკა ანაკლიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ თამარ კიკნაძის აზრით, თუ საქართველო ეკონომიკურად განვითარდება და იმ ქვეყნებთან დაიწყებს ურთიერთობას, რომლებთანაც ურთიერთობა ეკონომიკურად მომგებიანია, ძალიან კარგი იქნება. გვეყო დახმარებებითა და გადმოგდებული ფულებით არსებობა, რადგან ვინც გაძლევს ფულს, მუსიკასაც ის უკვეთავს. ამიტომ უკეთესია საქართველომ პრაგმატული ეკონომიკური განვითარებისკენ აიღოს გეზი. სწორედ ასეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რადგან 30 წლის განმავლობაში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა გინდაც დემოგრაფიული, გინდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. ახლა, რაც სუვერენიტეტის დაფიქსირება დავიწყეთ, ცოტა წინ წავედით. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები მეზობლებთან, რეგიონალურ ინტეგრაციაზე ვიფიქროთ. მხოლოდ ასეთი მიდგომით გამოსწორდება ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში.
„ძალიან კარგად ვიცით ამ მიზანმიმართული დახმარებებით ვინც სარგებლობდა - არასამთავრობოები და ეს საქართველოს განვითარების წისქვილზე ნამდვილად არ ასხამდა წყალს. პირიქით, ეს ფინანსები დესტრუქციული ქმედებისთვის იყო გამოყენებული. ისიც საკითხავია, სარგებელი რამდენად იყო ჩვენთვის, როდესაც დახმარების გამცემი ქვეყნები თავად უფრო მეტად სარგებლობდნენ ამ ყველაფრით. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა უფრო მეტი ფული დახარჯა საქართველოსთვის, ვიდრე ე.წ. უცხოელმა დონორებმა ამდენი წლის განმავლობაში. თანაც ამ ყველაფერს ეწირებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები და საქართველოდან უდიდესი კონტრიბუცია ხორციელდებოდა. ეს გაცილებით უფრო დიდი დანაკარგი იყო ჩვენი ბიჭების სიცოცხლის ხარჯზე. მაშინ, როცა ამერიკელებს 10-15-ჯერ მეტ ხელფასს უხდიდნენ, ჩვენი ბიჭები ათას დოლარად თავს სწირავდნენ საერთაშორისო მისიებში. ვინც ცოცხალი გადარჩებოდა და სამშობლოში ბრუნდებოდა, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რადგან აუტანლად მძიმე სიტუაცია იყო იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენს ბიჭებს აგზავნიდნენ. ჩვენ ამ ურთიერთობებში, არავითარ შემთხვევაში, არ ვიყავით მოგებულნი, ჩვენ ვიყავით წაგებულნი და ძალიან კარგი იქნება, თუკი ამიერიდან მაინც ცოტა პრაგმატულად ვიაზროვნებთ“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ for.ge- სთან საუბრისას.
Комментарии 3