(. 1. )
პატარა და ლამაზ, ქერა კულულებიან გოგონას დედის გახსენებაზე თვალები აუწყლიანდა, ცრემლები გადმოსცვივდა და ის იყო უნდა ატირებულიყო, რომ თეთრ ხალათში ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა მიუახლოვდა, თავზე ხელი გადაუსვა და ტკბილი ხმით ჰკითხა:---რა იყო, ნინი, გენაცვალე, რატომ გაქვს ცრემლები თვალებზე? ხომ არაფერი გტკივა ან ხომ არაფერი გაწუხებს?
პატარამ თავი გააქნია უარის ნიშნად, მაგრამ კიდევ მოსწყდა წვეთები მის ლამაზ თვალებს.
თაია კი მიხვდა მიზეზს, მაგრამ მოფერების გარდა სხვა არაფერი შეეძლო...ნინის ისე უნდოდა იმ დროს დედის გულმკერდში ჩახუტება, რომ თავს ვერ იკავებდა. მოფერებაზე თაიასთვის უარი არ უთქვამს და მთელი სხეულით მიენდო მას, გულში ჩაეკრო და ახლა უკვე გულამოსკვნილი აქვითინდა. თაია ეფერებოდა გოგონას და ტკბილად ეჩურჩულებოდა:---არ იტირო ჩემო პატარავ, დედიკო რომ მოიცლის, მოვა. მანამდე კი, მე მოგეფერები ყოველთვის, ვითომ შენი დედიკო ვარ, კარგი?--არც თვითონ იყო გამოცდილი ქალი უდედმამო ბავშვთა სახლის ახალი თანამშრომელი, მაგრამ გულთბილი გოგო იყო და მალევე შეაყვარა თავი არამარტო ბავშვებს, უფროს თანამშრომლებსაც. დიდი და პატარა ერთნაირი სიხარულით ელოდებოდა ხოლმე მის მორიგეობას, შევიდოდა თუ არა შენობაში, მოწესრიგდებოდა და ხალისიანად ჩამოუვლიდა ყველას, გასაუბრებისას, პატარებს მოეფერებოდა და შემდეგ იწყებდა მუშაობას.
ნინი მალე დაამშვიდა აღმზრდელის გულმკერდის სითბომ, ცოტა ხანში მას ცუნცულით გაჰყვა და მოთამაშე ბავშვებს შეუერთდა. მაგრამ მალე მეორე თეთრხალათიანი ,,დეიდა" გამოჩნდა და პატარები ხელების დასაბანად წაიყვანა, სადილობის დრო მოსულიყო. სასადილო ოთახში ყველა ბავშვმა თავისი მაგიდა და სკამი იცოდა და დასხდნენ კიდეც. სადილსაც თვითონ მიირთმევდნენ ხოლმე, მხოლოდ მათ ეხმარებოდნენ აღმზრდელები, რომლებსაც უჭირდათ დამოუკიდებლად ჭამა.
სადილის შემდეგ, რადგან კარგი ამინდი იყო, გარეთ გაასეირნეს პატარები და ისევ სათამაშო ოთახს დაუბრუნდნენ.
როცა მოსაღამოვდა, ვახშამიც მიირთვეს და ახლა სხვა ,,დეიდამ" დასვა ხალიჩაზე პატარები და ლამაზი, ფერად სურათებიანი წიგნი გამოიღო კარადიდან. ნანა დეიდამ იცოდა, როდის და რისი მოსმენა უფრო უპრიანი იყო ბავშვებისთვის, რადგან ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება ჰქონდა მას, ძილის დრო მოახლოებული იყო, რა... ,,წუნა და წრუწუნა"შეარჩია წასაკითხად, ბავშვები რომ გაეხალისებინა.
მართლაც, გამხიარულდნენ და სიცილ-კისკისით დაასრულეს მოსმენა, შემდეგ კი, ისევ ხელ-პირის დასაბანად ჩადგნენ რიგში, რათა დასუფთავებულებს მშვიდად დაეძინათ. მხოლოდ ნინის დაეტყო ისევ უხასიათობა და ფეხსაც რომ ითრევდა, მაშინვე შენიშნა ყურადღებიანმა აღმზრდელმა:--რატომ შეიცვალე, ნინი, ნუთუ გეძინება უკვე?--თბილად ჰკითხა ბავშვს.
-არა-თქვა და უარის ნიშნად გააქნია თავი და თვალები ცრემლებით აევსო.
--რატომ გენაცვალე? არ გეძინება? ახლა ხომ ძილის დროა, ყველამ უნდა დავისვენოთ, რომ ხვალ კარგ ხასიათზე აცდგეთ, რა გაქვს, შვილო, სატირალი, მითხარი აბა...-დაუყვავა გოგონას ნანამ.
-თაია მინდა-ამოუსლუკუნა პატარამ.
-თაია? ახლავე მოვიყვან, შენ არ ინერვიულო, ხომ დაიძინებ მერე?-ჰკითხა ისევ თბილად.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მან აღმზრდელს და ჩუმად წავიდა საძინებელი ოთახისკენ.
ნანამ ახალგაზრდა თანამშრომელს მაშინვე გასძახა და ნინი ჩააბარა, თვითონ კი, დანარჩენ ბავშვებს დაეხმარა ტანსაცმლის გახდაში.
თაია მაშინვე გოგონასთან გაჩნდა და ფრთხილად გახადა, ლოგინში დააწვინა და გვერდით მიუჯდა. ნინის თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ აღმზრდელს ისე ძლიერად ჩაჰკიდა ხელი, რომ სანამ ღრმად არ ჩაეძინა ბავშვს, ხელი ვერ გააშვებინა, შემდეგ კი ჩუმად წამოდგა და თავისი საქმიანობის შესასრულებლად გავიდა.
საქმიანობდა და თვალწინ პატარა ნინი ედგა, მასზე ფიქრი აეკვიატა--როგორ დატოვა დედამ ასეთი პატარა, უსუსური ბავშვი უცნობ ადამიანებთან. არაფერი აკლდა არცერთ ბავშვს, არც მოფერება და არც მოვლა, მაგრამ თვითონ როგორ ისვენებს ნეტავ, როგორ იძინებს, როგორ მიირთმევს საჭმელს? ნუთუ შესაძლებელია ეს? მთელი ღამე არ მოასვენა ახალგაზრდა გოგონა ამ კითხვებმა, მიუხედავად იმისა, რომ მას არც შვილი ჰყავდა ჯერ და არც ოჯახი ჰქონდა. შვილი ხომ იყო თვითონ, ახლა სხვა კითხვა დაებადა, ისიც რომ დაეტოვებინა დედას, გაუძლებდა უდედობას ნეტავ? ამის წარმოდგენაზე გული ისე შეეკუმშა, რომ კინაღამ ტირილი მორთო.
დილით უგუნებობა ეტყობოდა თაიას, თვალებიც ჩამუქებული ჰქონდა საგრძნობლად, მასზე უფროს ქალებს ეუცხოვათ ასეთი სახის დანახვა და მიზეზი ჰკითხეს გოგონას.
- ნინის გუშინდელი საქციელი ჩამყვა გულში და სულ მასზე ვფიქრობდი, როგორ გაიმეტა დედამ დასატოვებლად ასეთი პატარა, გული მეტკინა-დანანებით ამოიოხრა თაიამ.
-ჰოო, შენ არ იცი მაგის ამბავი, არც მოგიყევით, ასეთი რამ ჯერ არ გაუკეთებია ბავშვს და არც ვიფიქრეთ, რომ გვეამბა შენთვის. შენ ახალგაზრდა ხარ, ლამაზი გოგონა და შენ ამოგირჩია ნინიმ, მოეწონე ჩვენზე მეტად ალბათ და შენსკენ გამოუწია გულმა.
--მითხარით მეც, ისეთი მოფუზული იყო, რომ არ მოვეფერებოდი, როგორ ვიზამდი ამას, არც დაიძინა უჩემოდ, ხელი ვერ გავაშვებინე, სანამ კარგად არ დაეძინა--დაინტერსდა თაია.
--ერთი წელი არ იქნება ჯერ, რაც აქაა, მაგრამ მალე მიგვეჩვია. ოქტომბერი იყო მგონი, ისეთი ცუდი ამინდი, ქარი და წვიმა ერთმანეთში არეული, იმიტომ უფრო გვახსოვს, რომ გაგვიკვირდა, ისეთ ცუდ ამინდში, თანაც ორშაბათ დილას, ცვლა რომ ჩავიბარეთ, ჭიშკარს მსუბუქი ავტომანქანა მოადგა. დარაჯმა კარები გააღო და ეზოში უქოლგოდ ახალგაზრდა ქალი შემოვიდა პატარა ბავშვთან ერთად. დავინახეთ თუ არა, ეს კარებიც გავაღეთ, რადგან სველდებოდნენ.
ნინის პატარა ქუდი ეხურა თავზე და ოქროსფერი კულულები ისე ლამაზად მოუჩანდა, რომ თოჯინა გეგონებოდა. ბავშვის მოფერება მოგვინდა, ხელი რომ წავიღეთ მისკენ, იუარა და თანმხლებ ქალბატონს მიეკრო, უარის ნიშნად თავი გააქნია, კულულებმა ზამბარასავით დაიწყეს ხტუნვა, არაფრით არ მიგვიკარა. ჩვენც დავიხიეთ უკან, მე დირექტორთან წავედი, რომ მომეხსენებინა სტუმრების მოსვლის ამბავი. სანამ კაბინეტიდან გამოვედი, ისინი უკვე კარებთან იდგნენ, მათ დანახვაზე გზა დავუთმე და კაბინეტში შევვიპატიჟე. ქალბატონ დალიმ თურმე იცოდა ეს ამბავი, საქმის კურსში იყო და ჩვენ არაფერი ვიცოდით. ალბათ ერთი საათის შემდეგ დირექტორის ხმა მოისმა, მივხვდით, რომ საუბარი დასრულდა. მართლაც, მალე სამივე ერთად გამოჩნდა და ჩვენც დავალება მივიღეთ, რომ ბავშვი გაგვერთო, რადგან აქ უნდა დაგვეტოვებინა, ხოლო ეს ახალგაზრდა ქალი რაღაც საჭირო საბუთების მოსატანად, უკან უნდა დაბრუნებულიყო.
გოგონა ცოტა გაგვიჭირვეულდა, მაგრამ ბავშვების ოთახში რომ შევიყვანეთ, მალე დამშვიდდა, სათამაშოების დანახვაც გაეხარდა და თამაშში ჩაერთო.
როგორც შემდეგ გავიგეთ, ახალგაზრდა ქალი ნინის მამიდა იყო, ხოლო გარეთ მანქანით მეუღლე ელოდებოდა.
გაგრძელება იქნება.
,,ეთო" აგვისტო. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев