უნაკლო ცხოველი თითქოს საჰარას ღამეს ჩამოსტეხოდა თავისი ანკარა სიშავით. გლუვად მოციალე სხეული მთვარეს ირეკლავდა.თეთრი, წვრილი კოჭები აბეზარ ქვიშაში ეფლობოდა და ფეხებს ველური გრაციოზულობით უნაცვლებდა ერთმანეთს. შეშინებულს ჰგავდა. ჰაერს მთელი ძალით ყნოსავდა. მაღალ, მშვილდივით მოდრეკილ კისერზე არტერია ისე გადაწოლილიყო, რომ ძარღვზე თითების და ტუჩების ჩაყოლება ერთად მოგინდებოდა. გაგანიერებულ თვალებს აცეცებდა, თეთრი სკლერა შუქით პირდაპირ მთვარეს ერწყმოდა. შავი ჩანჩქერივით ჩამოშლილი ძუა მიწას ეფინებოდა და მისივე ფეხების მოძრაობით ატეხილ ნიავზე აბრეშუმის ძაფებად იშლებოდა. ქალის თმასავით ნაზი ფაფარი მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, თითქოს საჰარას ღამეული ზეციდან ვარსკვლავი იმიტომ ჩამობრძანებულიყო, რომ მის მშვენიერი თავი დაემშვენებინა. გაოგნებული მივჩერებოდი უნაკლო ცხოველს და მჯეროდა, რომ ვარსკვლავებიანი ზეციურ სამყაროდან შემთხვევით აღმოჩნდა დედამიწაზე და ახლა, უკან დასაბრუნებელ გზას ეძებდა. ცას ავხედე. უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა. უცბად ვიგრძენი, რომ ყველაფერი ათას ერთი ღამის რომელიღაც ჯადოსნურ ზღაპარს გავდა რომელშიც მე აღმოვჩნდი და არაფერი ისე არ მინდოდა, როგორც სამუდამოდ დარჩენა იმ არაბულ ზღაპარში.
(ბედუინი.ნეფერტარი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев