ეს ამბავი ერთ ლამაზ სოფელში მოხდა. ეს სოფელი მაღალი, თვალუწვდენელი მთების შუაგულში მდებარეობს და იგი წლის ყველა სეზონზე საოცრად ლამაზია, მაგრამ განსაკუთრებით მშვენიერია გაზაფხულზე. მაშინ როცა ბუნება იღვიძებს, ბუჩქებისა და ხეების ქვეშ გაზაფხულის პატარა, ლამაზი ყვავილები ამოდიან რომელებიც საოცრად ალამაზებენ იქაურობას და არემარე მათი სურნელებით ივსება. ეს ამბავიც სწორედ გაზაფხულზე მოხდა.
როგორც იქნა დადგა ნანატრი გაზაფხული. მთებში თოვლი დადნა. პატარა ნაკადული სიცილ-კისკისით დაეშვა ფერდობზე და გზა და გზა ყველა შემხვედრს გაზაფხულის მოსვლას ულოცავდა. არემარე ჩიტების მხიარულმა ჭიკჭიკმა აავსო. ბუნება გამოცოცხლდა. მინდვრის განაპირას მდგომმა ვეებერთელა მუხის ხემ, მთელი ზამთრის ნამძინარები თვალები მოიფშვნიტა, თავის გვერდით მდგომ ახალგაზრდა, მეგობარ ხეს შესცინა და გაზაფხულის მოსვლა მიულოცა. ერთი სიტყვით, ირგვლივ ყველაფერი ხარობდა და მზეც თავის მაცოცხლებელ სხივებს გულუხვად ჰფენდა იქაურობას.
გაზაფხულის მოსვლას მოჰყვა გაზაფხულის პატარა ყვავილების ამოსვლაც. მუხის ხის ძირში, პატარა ენძელამ ფრთხილად ამოყო თავი მიწიდან. მას როგორც ახალშობილს თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა. თავზე მზის ცელქი სხივი დასთამაშებდა და ეჩურჩულებოდა: „ გაიღვიძე პატარავ... თვალი გაახილე...შეხედე რა ლამაზია აქაურობა...კარგი ეხლა რა... გეყოფა ამდენი ძილი. აბა ერთი შემომხედე....ნახე რა მშვენიერია სიცოცხლე.“ ენძელამ თვალი გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა. იქაურობა მართლაც მშვენიერი იყო. მან ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი და გაიღიმა, თან მუხის ძლიერ ტოტებს შიშით ახედა. ხემ კი ფრთხილად ჩამოსწია თავისი ტოტი და პატარა ყვავილს ნაზად მიუალერსა.
-მშვიდობა შენს ამოსვლას პატარავ, ასე ნუ მიყურებ, ჩემი ნუ გეშინია. მე შენი უფროსი მეგობარი ვიქნები. ჩემი ტოტების ქვეშ შენ არაფერი დაგიშავდება. მე შენ დაგიცავ ჭექა-ქუხილის, ძლიერი ქარისა და წვიმისაგან. -დაამშვიდა ხემ პატარა ყვავილი.
უცებ, ხემ ტოტები შეარხია სიხარულით, ბუჩქებიც საამურად აშრიალდნენ და ენძელას მოესმა მხიარული შეძახილები:“ ჩვენთანაც მოვიდა! ნახეთ, ჩვენც გვესტუმრა.“ ხეზე პატარა, ლამაზი ჩიტი შემოჯდა და ისე საამურად გალობდა, რომ ირგვლივ ყველამ სუნთქვა შეაჩერა და სულგანაბულნი უსმენდნენ მას. როცა ჩიტი გაფრინდა ენძელამ ხეს ჰკითხა:
-მითხარი გეთაყვა, ვინ იყო ის ლამაზი ჩიტი ასე ტკბილად რომ გალობდა?
-ის ბულბულია, ჩემო პატარავ, ჩვენი მგოსანი. ყველა ჩიტი გალობს,მაგრამ მას ვერავინ შეედრება, მასეთი ტკბილი ხმა არავის არა აქვს. დილა რომ თენდება ყველა მოუთმენლად ელოდება მის გამიჩენას. ყველას უნდა დატკბეს მისი სიმღერით და ისიც დაუზარებლად ხან ერთ ხეს ეწვევა და ხანაც მეორეს. ჩვენ ხომ სიარული არ შეგვიძლია და სხვა რა გზა გვაქვს, უნდა მოთმინებით დაველოდოთ ჩვენს რიგს. -მიუგო ხემ.
პატარა ენძელა ძალიან კმაყოფილი იყო, რომ ამ მშვენიერ ადგილას, ამ ძლიერი ხის ქვეშ ამოვიდა, რომელიც გამუდმებით მასზე ზრუნავდა. მაგრამ ბედნიერი მაინც არ იყო. მას რაღაც აკლდა და ხშირად მოიწყენდა ხოლმე. მას მაღალი ხე და ბუჩქები მიუწვდომლად .ეჩვენებოდა და ძალიან უნდოდა გვერდით მასავით პატარა ყვავილი ჰყოლოდა. რომელთანაც იმეგობრებდა და გაერთობოდა კიდეც. იგი გაფაციცებით იყურებოდა ირგვლივ, იქნებ რაიმე პატარა ყვავილი დავინახოო, მაგრამ ამაოდ, სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერი ჩანდა და ამიტომაც საოცრად მარტოკა გრძნობდა თავს. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღეს.
ერთ დღეს ცა მოიღრუბლა და შხაპუნა წვიმა წამოვიდა. თითქმის მთელი დღე გადაუდებლად იწვიმა. ენძელას ძალიან შესცივდა და საღამოს ადრიანად დაიძინა. მეორე დილით თვალი რომ გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა, დაინახა მის გვერდით მშვენიერ პაწაწინა ყვავილს ამოეყო თავი. მან სიხარულით აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ეხლა თვითონ გრძნობდა თავს მოვალედ ეზრუნა პატარაზე და ალერსით ჩასჩურჩულებდა: „გაიღვიძე, გაიღვიძე პატარავ, თვალი გაახილე, აბა შემომხედე, მე შენი მეგობარი ვიქნები. გპირდები, ცივ ნიავს არ მოგაკარებ. შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი დანახვა. მე შენ ყოველდღე გელოდებოდი და როგორც იქნა გამოჩნდი. გთხოვ, გაახილე თვალი და შემომხედე.“
პაწაწინა ყვავილმა თვალი გაახილა, ენძელას შეხედა და გაუღიმა.
-დილა მშვიდობისა! მიესალმა ენძელა. რა ლამაზი ხარ! მე ენძელა მქვია, შენ რა გქვია?
-დილა მშვიდობისა. მე ია მქვია.- წაიჩურჩულა მორცხვად პატარამ.
-ოჰო, უკვე იაც ამოსულა. ძალიან კარგი. ეხლა შენ მარტოკა აღარ იქნები და აღარც მოიწყენ- ჩამოსძახა ენძელას მუხამ. ენძელა და ია ძალიან დამეგობრდნენ. ისინი ყოველ დილით, როცა გაიღვიძებდნენ, ჯერ ერთმანეთს მიესალმებოდნენ მერე მზეს და მათ მფარველ ხეს. ამის შემდეგ კი ჩიტების საამური გალობით ტკბებოდნენ. ასე დადიოდა დღეები და პატარა მეგობრებიც ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
ერთ დღეს გორაკზე პატარა გოგონა გამოჩნდა. იგი სიცილ კისკისით მორბოდა მინდორში. მან პატარა ყვავილები დაინახა და იქეთკენ გაიქცა, ფრთხილად დაიხარა და იას მიეფერა. ენძელა მიუხვდა გოგონას განზრახვას და რაც შეეძლო ხმამაღლა ყვიროდა: „არ შეეხო! არ შეეხო! გთხოვ არ მოწყვიტო! ჩვენ გაზაფხულის ყვავილები ვართ და ისედაც ცოტას ვცოცხლობთ. შეხედეე რა ლამაზია. მიეფერე, მიუალერსე ოღონდ ნუ მოწყვეტ, გემუდარები!“
გოგონამ რა თქმა უნდა ენძელას სიტყვები ვერ გაიგონა და ყვავილი მოწყვიტა.
-რატომ არ ესმით ადამიანებს ჩვენი ენა? მე მჯერა იმ გოგონას ჩემი სიტყვები რომ გაეგონა, აღარ მოწყვეტდა იას. ნუთუ მათ არ იციან, რომ ჩვენც ვოცხლები ვართ და ისევე გვინდა სიცოცხლე როგორც მათ?- ჰკითხა ენძელამ ხეს.
-ეჰ, ჩემო კარგო, ეგ მეც ბევრჯერ მიფიქრია, როცა ვხედავდი თუ რა ულმობლად ჭრიდნენ ისინი ახალგაზრდა ხეებს. მეც შენსავით ვევედრებოდი, არ მოჭრათ შეიბრალეთ პატარაა მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი არავის ესმოდა-უპასუხა ხემ.
გახარებული გოგონა ყვავილით ხელში დედისკენ გაიქცა.
-დედიკო, ნახე რა ლამაზია ყვავილია, ხის ქვეშ ვიპოვე, ხომ მოგწონს?- ჰკითხა მან დედას. დედამ სინანულით შეხედა ყვავილს და შვილს უთხრა. „ მართლაც ძალიან ლამაზია, მაგრამ მინდა იცოდე რომ ყველა მცენარე ისეთივე ცოცხალი არსებაა როგორც ადამიანი. ასე რომ სანამ მოწყვეტდი იგი ცოცხალი იყო.“ გოგონა დაიბნა და თვალცრემლიანმა დედას დაუწყო ხვეწნა მუდარა დახმარებოდა რათა როგორმე გადაერჩინათ ყვავილი. დედა შვილი შეეცოდა და მის დამშვიდებას შეეცადა.
-კარგი, დამშვიდდი საყვარელო, ნუ სტირი. ეხლავე წავიდეთ სახლში. ყვავილი წყლიან ჭურჭელში ჩავდოთ, შიგ ცოტა მიწაც ჩავუყაროთ, ყოველ დილით ახალი წყალი დავუმატოთ და იქნებ გავაცოცხლოთ. როგორც კი პატარა ფესვებს გამოიბამს, ისევ უკან მოვიტანოთ და თავის ადგილზე დავრგოთ. ოღონდ ეს ადგილი კარგად დავიხსომოთ, რადგან, სადაც მოვწყვიტეთ ისევ იქ უნდა დავრგოთ.
-როგორც შენ მეტყვი, ყველაფრს ისე გავაკეთებ- უპასუხა გოგონამ დედას და შინისკენ გასწიეს.
დილით გოგონა ყველაზე ადრე იღვიძებდა. იგი პირველ რიგში ყვავილთან მიირბენდა, ახალ წყალს დაასხამდა და ეჩურჩულებოდა: „მაპატიე ასე რომ მოგექეცი... მე არ ვიცოდი რომ ცოცხალი იყავი... შენ ძალიან ლამაზი ხარ, მომეწონე და ამიტომაც მოგწყვიტე... დამიჯერე, ახლა ძალიან ვნანობ ჩემ საქციელს და გთხოვ გაცოცხლდი.“ იამაც თითქოს მისი თხოვნა შეისმინაო, რამდენიმე დღეში მართლაც გამოიღო პატარა ფესვები. გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის ყოველ წუთში ეკითხებოდა დედას, თუ როდის შეეძლოთ იას ხელახლა დარგვა და როცა დედამ უთხრა უკვე დრო არისო, იგი სიხარულით ცას ეწია.
დედა- შვილმა ფრთხილად ამოიღეს პატარა ყვავილი ქილიდან და გაეშურენ იმ ადგილისაკენ სადაც გოგონამ იგი მოწყვიტა. ენძელამ მისკენ მომავალი გოგონა რომ დაინახა, მაშინვე იცნო. გაიფიქრა, ეტყობა ახლა ჩემი ჯერი დადგაო და თვალები დახუჭა, თავის ბედს შეეგუა. გოგონამ კი ია გადარგო და ხტუნვა-ხტუნვით, ბედნიერი გაიქცა იქედან. ფეხის ხმა რომ მიწყნარდა, ენძელამ თვალი გაახილა და იგი თვალებს ვერ უჯერებდა-მის გვერდით ისევ ისე იდგა მისი საუკეთესო მეგობარი, პატარა ია და იღიმებოდა.
http://m.ok.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=55039835635731&_prevCmd=userOwnAltGroups&tkn=5724&_aid=groupOwn
http://m.ok.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=54612374781954&_prevCmd=userAltGroups&tkn=8798&_aid=groupOwnShowcase
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев