რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 66 კგ. წონით კატეგორიაში - ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ვაჟა მარგველაშვილმა ფინალურ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოუტსი იპონოთ დაამარცხა და 66 კილოგრამში კონტინეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებამდე, მარგველაშვილმა 1/2 ფინალში ბელარუს დიმიტრი შერჟანს სძლია, 1/4 ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთიდან არსენ გალსტიანი დაამარცხა, წინასწარ შეხვედრებში კი თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სუარეში ჩამოიცილა გზიდან.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის ვაჟა მარგველაშვილმა 25-27 მარტს თბილისში გამართული გრან პრი მოიგო, ევროპის ჩემპიონი კი კარიერაში პირველად გახდა.