დღეს, შემოდგომის შორეული სურნელი ვიგრძენ,
წვიმდა...გუბურებს ნაკვალევი წვეთების აჩნდათ...
აგვისტოს სითბო შეენახათ, სათუთად, წინწკლებს
და საიდანღაც, სევდიანი ფიქრებიც გაჩნდა...
ღრუბელი ტირის...რა ეწყინა, ნეტავ, პატარას?..
ან, ეს ცარგვალი რამ დაღვარა ცრემლებად, ღმერთო?..
წვიმს...ერთნაირად აწვიმს თავზე დიდს და პატარას,
მხოლოდ, წვიმისგან თავდაცვაა სხვადასხვა, ერთობ-
წინდახედულებს, გაუშლიათ უკვე ქოლგები,
ზოგს სპონტანურად დაუხურავს პიჯაკი თავზე...
წვიმა კი, მღერის: ,,სად გამირბით, არ მელოდებით?..
მინდა, შეგეხოთ გადაქანცულ ხელებზე, ტანზე...''
ნაცნობ კაფეში დავპატიჟე ნაცნობი ფიქრი
და თავშექცევით ველოდებით გადაკარებას-
მზის სანახებში ნაშობი და ნაზარდი შვილი
ვერ მივეჩვიე, დღენიადაგ ქოლგის ტარებას...
წვიმა კი, მღერის: ,,ნუ გამირბით, ნუ მემალებით,
მე მხოლოდ თქვენთვის გადმომღვარეს, ანგელოზთ, ციდან,
თქვენს გასათბობად მოვლენილი, ღვთის ვარ ცრემლები,
მე მხოლოდ თქვენთან, თქვენს სულებთან შეხება მინდა...''
წვიმს...შემოდგომა, როგორც ჩვილი უღიმის სიზმარს
და ფენიქსივით იფერფლება აგვისტო ცხელი...
ჩვეული ფიქრით ვეთხოვები ზაფხულის მირაჟს...
ფოთოლცვენასაც, კვლავ ჩვეული ფიქრებით ველი...
ხათუნა შავგულიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1