ტაძარში ხშირად ვერ დავდივარ -
შესაბამისად, წირვას ბოლოს როდის დავესწარი, აღარ მახსოვს. მრცხვენია, მაგრამ ალბათ ამას თავისი მიზეზები აქვს - სხვადასხვა, თუმცა ბავშვებს ვაბრალებ ხოლმე - მცირეწლოვან შვილებს და იმას, რომ დილით წირვაზე ადრე რომ წავიდე, მარტო ვერ დავტოვებ და რომ წავიყვანო, რამდენიმე საათიანი ლოცვის მოსმენა გაუჭირდებათ.ბოლო წლების განმავლობაში პირველად ორი დღის წინ შეიცვალა "რაღაც", როგორც ჩანს, მართლმადიდებელ მრევლში მამა გაბრიელის ჯერ წმინდანად შერაცხვასთან და მერე მისი საფლავის გახსნასთან დაკავშირებულმა მომატებულმა ემოციურმა ფონმაც იმოქმედა და გადავწყვიტე, მეც ვყოფილიყავი იმ მრევლის ნაწილი, რომლის ნაკადიც წმინდანად შერაცხული ბერის წმინდა ნაწილების მოსალოცად სამების საკათედრო ტაძართან ამ დრომდე არ წყდება... რადგან წასვლა მოვინდომე, გამოსავალიც გამოინახა - ბავშვები მეუღლეს დავუტოვე და ასე დავადექი ტაძრისკენ მიმავალ გზას...მამა გაბრიელისთვის ჩემი წილი პატივის მიგება დედასა და დასთან ერთად იქამდე დავგეგმე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ წმინდანის წმინდა ნაწილები ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირას დარჩებოდა - სამებაში წასვლის დროდ საღამოს საათები დავთქვით - დღის განმავლობაში ისეთი ამბავია, რამდენიმესაათიან რიგში მოგიწევს ყოფნაო - ასე მითხრეს და იმიტომ... საბოლოოდ, 23:00 საათი იქნებოდა სამების ეზოში რომ შევედით მე, დედა და ჩემი და.ხალხის ზღვა კიბეებთან იწყებოდა, გამიხარდა, რომ ასეთი ბევრნი ვიყავით, რამდენიმე ფოტოც გადავიღე და მაშინვე "ფეისბუქზე" ავტვირთე - იმის დემონსტრირებისთვის, რომ რწმენა ძლიერი ვიცით - ისეთი, რომ ხალხი საიდან აღარ ჩამოიყვანა... იმისთვისაც, რომ კიდევ ბევრს გასჩენოდა ჩვენთან მოსვლის სურვილი...კიბეებზე, ალბათ, მხოლოდ 10-15 წუთი მოგვიწია რიგში დგომა, დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც წესრიგს უზრუნველყოფდნენ, რკინის ჯებირის "პირველი წინააღმდეგობა" ჩემი ოჯახის წევრებისთვის მალე გახსნეს. ამაღლებული განწყობა მქონდა - წმინდანის წმინდა ნაწილებთან მიახლოებისა და მისთვის პატივის მიგების წამებს ვითვლიდი.... დედაჩემს ვუთხარი კიდეც, რომ ხალხის რიგი სწრაფად გადიოდა და ალბათ, ტაძარში, 1 საათში შევიდოდით. 1 საათის შემდეგ მივხვდი, რომ მოვტყუვდი - ათასობით მომლოცველი ისევ მჭიდროდ და მყარად ფარავდა სამების ტაძრის გარე პერიმეტრს, ჩვენ კი ისევ იქ ვიდექით, სადაც კიბეებთან გათავსებული რკინის პირველი კონსტრუქციიდან გამოსვლის შემდეგ გავჩერდით... უკვე 24:00 საათი ხდებოდა და ახალი დღე იწყებოდა... ისე გაიარა კიდევ ერთმა-ორმა საათმა, ტაძრის გზაზე მნიშვნელოვნად წინ არ წაგვიწევია, უკვე ვგრძნობდი, რომ მღელვარება მატულობდა, ხალხშიც და ჩემშიც. დედაჩემმა მაშინ პირველად დაიწუწუნა, რომ უკვე 3 საათზე მეტი იყო, იქ ვიყავით. მალევე გავიგონე გვერდით მდგომი მამაკაცის ხმა - "ქალბატონო, 3 საათი რა არის, ჩვენ 9 საათიდან (21:00 საათი იგულისხმა) აქ ვართო" - ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ასევე ახალგაზრდა ქალთან ერთად - მათი საუბრიდან, მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ ერთად რომ იყვნენ, მშობლებმა არ იცოდნენ - გოგოს უთქვამს, სამსახურში მორიგე ვარო... კიდევ ბევრი იქ მყოფის "ამბავი" გავიგე - 5 საათი გავატარეთ ერთად და იმიტომ...როცა შენს წინ რამდენიმე საათის განმავლობაში ასეული ადამიანის მხოლოდ კეფა მოჩანს, როცა სიმაღლეც არ გიწყობს ხელს,
რომ სივრცეს უყურო, ავტომატურად ყურს ძაბავ - ყველაფერს ისმენ, თუნდაც დროის გასაყვანად... ასე მოვკარი ყური ერთ ჭაღარა და ერთ ახალგაზრდა მამაკაცს შორის წაკინკლავებასაც - ბერიკაცი, რომელიც, სხვების მსგავსად რამდენიმე საათი ელოდა წმინდანის წინაშე მისი წილი პატივის მისაგებად ნებართვის მიცემას, გვერდით მდგომს "ხმამაღლა გაუთავებლად ლაპარაკის" გამო აუშარდა. ახალგაზრდამ შენიშვნა იუკადრისა და ჭაღარა თმიანს ეზოდან ქუჩაში გადანაცვლება მოსთხოვა - ვერ დაიძრნენ, ისედაც მჭიდროდ მდგარი მრევლი მათი კინკლაობისთვის ზედმატად აღარ შემჭიდროებულა...
დაახლოებით 03:00 საათისთვის ჩვენ ოდნავ წავიწიეთ წინ - შეკითხვა, რატომ ვიდექით, ფაქტობრივად, გაუნძრევლად, პირველად ჯერ კიდევ მაშინ დავსვი, როცა მივხვდი, რომ მოვტყუვდი, ტაძარში ერთ საათში შესვლას რომ ვპროგნოზირებდი. პასუხად მივიღე, რომ სამებაში წირვა მიმდინარეობდა და მომლოცველებს არ უშვებდნენ. მის ავტორს იქვე გამოეხმაურა ჩემი მეორე, ყველაზე მაღალი "მეზობელი" - მომლოცველები შედიან - თვითონ ვხედავო... რომლის პასუხი ასახავდა რეალურ ვითარებას, ტაძრიდან ისე წამოვედი, ვერ გავარკვიე - დაცვის თანამშრომლები, რომლებიც მრევლისთვის იმ მომენტში ყველაზე კომპეტენტურ პირებად გამოიყურებოდნენ, აღმოჩნდა, რომ თავადაც გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ...
ამ გაურკვევლობით, ლოდინით, დაღლით გამოწვეული მღელვარება მრევლში უკვე გაძლიერებულია. სხვადასხვა კილოზე და ტონზე, ყველა მხრიდან მესმის რეპლიკები: "ნახევარი საქართველო რისთვის მოიყვანეს?", "ხალხის შეშვება როდის დაიწყება?", "ამ ქვეყანას არაფერი ეშველება", "რატომაა ასეთი არაორგანიზება?", "მაღალქუსლიანი ჩექმა არ უნდა ჩამეცვა", "როგორ დამცხა", "გული წამივა"... ამ დროისთვის უკვე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უარი თქვა ტაძრისკენ გზის გაგრძელებაზე და დაცვის თანამშრომლების დახმარებით უკან - ჭიშკრისკენ გაბრუნდა... შეგრძნება აღარ მაქვს ისეთი ამაღლებული, როგორითაც სამების ეზოში შევედი... პირველად დავიწუწუნე - "მალე გათენდება, როგორ გავძლებ ხვალ სამსახურში", დედაჩემიც შემეცოდა, აშკარად უჭირდა ფეხზე დგომა. ჩემ დასაც ხმის ამოუღებლად ეტყობოდა სასოწარკვეთილება... 4 საათზე მეტხანს ვიდექით რიგში - წინ "მიუწვდომელ" სამების ტაძარს და ისევ მრევლის ზღვას, მაღლა კი ცას ვხედავდი, რომელზეც ერთი ვარსკვლავიც არ ანათებდა...
მხოლოდ რამდენიმე წუთით დაგვავიწყდა დაღლა - რეპლიკამ გამოგვაცოცხლა - "წყალი არავის გაქვთ - გამიჩნდა პირში გვალვა" - ბოლო 5 საათის განმავლობაში პირველად გაგვეცინა. დაცვის თანამშრომლების დახმარებით წყალი მიაწოდეს, მან სხვას გადააწოდა, მან კიდევ სხვას და ასე გადავიდა ბოთლით წყალი ხელიდან ხელში. მალე ერთჯერადი ჭიქებითაც დაიწყეს წყლის ჩამორიგება - "აი, განსხვავებულიც მოვიდა" - წამოიძახა ისევ იმავე ახალგაზრდამ და თავადვე დაამატა - "მე დამაჯარიმეთო" - კიდევ ერთხელ გაგვეცინა - ქუთაისელი იყო, თბილისში მეგობრებთან ერთად ჩამოსულა...
04:00 საათისთვის წამოვედი ტაძრიდან დედასთან და დასთან ერთად - სამწუხაროდ, წმინდა ნაწილების მოლოცვის გარეშე - ბევრი მიზეზის გამო ნებისყოფა აღარ გვეყო, თუმცა, ისევ ბავშვებს დავაბრალებ - ჩემც მცირეწლოვან შვილებს, მეორე დილით ერთი სკოლაში და მეორე ბაღში რომ უნდა წავიყვანო. ხალხის ნაკადიდან გამოსვლაში დაცვის თანამშრომლები დაგვეხმარნენ... სამების ეზოში კი ისევ მრევლის დაუსრულებელი რიგი დავტოვეთ... http://www.youtube.com/watch?v=T8oA4gBZFkg
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев