ეკლესიის უმთავრეს მისიას, რომელიც პირველითგანვე მასში, ღმრთის კურთხევითა და წმიდა განგებულებით ჩადებულია, ადამიანის განღმრთობა - ცხონება წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ ამსოფლიური ცხოვრების დროში, ვიდრე სხეულებრივი მდგომარეობის დატოვებამდე, განგრძობითი პროცესი გახლავთ. აღნიშნული კი, შეუძლებელია ევქარისტიის უწმიდეს საიდუმლოში მონაწილეობის - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა, პატიოსანი და უხრწნელი სისხლისა და ხორცის ზიარების გარეშე. შესაბამისად, ევქარისტია ეკლესიის წიაღშია და ვერ იქნება ევქარისტია ეკლესიის მიღმა და პირუკუ, არ არსებობს ეკლესია ევქარისტიის გარეშე. პირველი ევქარისტია კი, უფლის მიერ შესრულდა ვნების შვიდეულის ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ჟამს. შესაბამისად, წმიდა ეკლესია, ევქარიისტის დაფუძნებისთანავე მყისიერად დაარსდა, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევქარისტია ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც მის შესრულებას ექნებოდა ადგილი ეკლესიის არარსებობის პირობებში, ანუ წმიდა ეკლესიის დაფუძნების ჟამად უნდა მივიჩნიოთ დიდი ხუთშაბათის საიდუმლო სერობა, რომელიც სულთმოფენობამდე ორმოცდა ცამეტი დღით ადრე შესრულდა.
თავად ღმრთის უწმიდესი ნება და განზრახულება ეკლესიის დაფუძნების შესახებ, კიდევ უფრო ადრე განცხადდა, მაშინ, როდესაც მაცხოვარმა წმ. პეტრე მოციქულს მიმართა: "და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას!"(მათე. 16,18). ვინაიდან, მაცხოვრის უწმიდეს ბაგეთაგან წარმოთქმულ ფრაზაში, მისი ქმედების ამსახველი ზმნა წარმოდგენილი გახლავთ მომავალი დროის ფორმაში, შესაბამისად, უფლისაგან ამ დროს განცხადდა ეკლესიის დაფუძნების საღმრთო განზრახულება, რომელიც შესრულდა მომავალში, საიდუმლო სერობისას.
რაც შეეხება, სულთმოფენობას, იგი გახლავთ ეკლესიის მისიის ამოქმედების დღე, ანუ სწორედ აქედან, უფლისაგან ვნების შვიდეულის ხუთშაბათს დაფუძნებულმა წმიდა ეკლესიამ, სული წმიდის ნიჭების სისავსით, სრული სახითა და მნიშვნელობით დაიწყო მოქმედება; მოციქულებზე სული წმიდის გარდამოსვლის შემდგომ, იერუსალიმში, დაახლოებით, სამი ათასი კაცი მოინათლა და შემდგომაც "უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა"(საქმ. 2,47).
რასაკვირველია, წამოჭრილი საკითხი საკვლევად და წარმოსაჩენად, ძალიან დიდ სიღრმეს მოიცავს და ამ მცირე სტატუსით ვერ ამოიწურება მისი განხილვა. სოციალური ქსელის პირობებში, მცირედ წარმოვადგინე საკითხის არსი, რომლის სწავლებას, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არასწორად აქვს ადგილი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев