”მამა გაბრიელის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე მაცხოვრის ეკლის გვირგვინიანი ხელითუქმნელი ხატი მოართვეს. მამა გაბრიელს ვუთხარი: -როდესაც ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა,ნახევრად განიკურნე,ამჯერად კი სრულიად განიკურნები-მეთქი.-თავი გადააქნია და თქვა:
-არა, მაცხოვრის ხატს ეკლის გვირგვინი აქვს, მეც მსგავსად გარდავიცვლები. სამი დღით ადრე გეცოდინება ჩემი გარდაცვალების შესახებ.
მე არ დავიჯერე. როგორ შემეძლო მამა გაბრიელის გარდაცვალება დამეშვა? ის ხომ ხშირად იყო მძიმედ ავად და მიუხედავად ამისა მაინც იკურნებოდა.
მის გარდაცვალებამდე, სამი დღით ადრე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი წავიკითხე და მამა გამოჯანმრთელება ვთხოვე. იმ საღამოს სიზმარში ღვთისმშობელი ვნახე. იდგა, სახით მაცხოვრისკენ იყურებოდა და , თითქოს მის სიტყვას ელოდებოდა. მითხრა:
-სამ დღეში მოვალ და მამა გაბრიელს სრულიად განვკურნავ.
-ფეხსაც მოურჩენ?-ვკითხე.
ამ კითხვაზე არ მიპასუხა:
-შენ არ ინერვიულო,- ნუგეშად დამიტოვა სიტყვა.
გამეღვიძა. გამიკვირდა, მამა გაბრიელი თუ განიკურნებოდა, რატომ უნდა მენერვიულა? სიზმარი მამა გაბრიელს მოვუყევი. ვუთხარი;-ღვთისმშობელი მოვა და სრულიად განიკურნები, ცოტაც მოვითმინოთ, ხომ არ მოგვატყუებს-მეთქი.-ნაღვლიანად შემომხედა, სიზმარზე აღარაფერი უთქვამს, ოღონდ მთხოვა:
-ამ საღამოს არ დავიძინოთ, ვილაპარაკოთ.
მიყვარდა მამა გაბრიელის საუბრის მოსმენა და ძალიან ვცდილობდი არ დამეძინა. მაინც ჩამძინებოდა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა. გავიღვიძე, შემრცხვა, მამა გაბრიელს შევხედე. ეღვიძა, მისაყვედურა:
-ხომ დამპირდი არ დავიძინებო.
იმ დღისით თიაქარი ჩაეჭედა. ექიმ ზურაბ ვარაზს გავაგებინეთ და მან, დიდი მცდელობის შედეგად, თიაქარი კვალად უკან შეუბრუნა. მეორე დღეს იგივე განმეორდა. ჩამოვიდა ექიმი ზურაბი, მაგრამ ვერაფერს გახდა, სთხოვა:
-მამა გაბრიელ, აქვე მცხეთის საავადმყოფოში ჩაგიყვანთ და ოპერაციას გაგიკეთებთ, თორემ ამ საშინელ ტკივილებს ვერ გაუძლებთ.
მამა გაბრიელმა ზურაბი დაამშვიდა და უთხრა:
-მადლობა, მოყვასო, ჩემზე ამდენი მზრუნველობისთვის, ამ ღვაწლს ღმერთი და გაბრიელ ბერი არ დაგივიწყებს. მე ჩემს კელიას არ დავტოვებ! მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა.
შემდგომ მაცხოვრის ხატს, რომელიც საწოლის თავთან ეკიდა, მარჯვენა ხელით მოეფერა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა:
-თორმეტი წლიდან შენ მოგდევ უფალო, მზადა ვარ, წამიყვანე.
მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა მამა გაბრიელმა. ვინ იფიქრებდა, რომ მამა გაბრიელი გარდაიცვლებოდა!იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვწუხდი, რომ ძლიერი ტკივილები ჰქონდა და ვერ ვშველოდი. ყოველ წუთს მის გამოჯანმრთელებას ველოდი. დილის ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა. შემდეგ დაიძახა:
-დედა...დედა!
დედამისი წინა დღით მოიყვანეს მისმა დებმა, მაგრამ არ დაიტოვა და სანამ არ წაიყვანეს ვერ დამშვიდდა. ისეთი ნატვრით ეძახდა, გავიფიქრე, ნეტავ არ წასულიყვნენ-მეთქი. შემდეგ დაიძახა:
-დაო...დაო!
პირველად შემეშინდა, შემდეგ კი მივედი. ცრემლები ჩამოუგორდა. დავიჩოქე და დამლოცა. მთელ საქართველოს ოთხივ კუთხივ ჯვარი გადასახა, დალოცა, საყვარულით მოავლო ცრემლიანი თვალები ყველაფერს და ლოცვა დაიწყო.
მთელი მონასტერი მოვიდა. ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლებიც მოვიდნენ. ხომ არა კვდება?ვეკითხებოდი მათ. ექიმს ვთხოვე, კიდევ ერთხელ დაგვხმარებოდა. ყველას იმედი ჰქონდა, რომ უფალი მას ისევ ჩვენთან დატოვებდა, ის კი სიყვარულით მისჩერებოდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. ექიმმა მითხრა:
-თვალებს არ ახამხამებს და რომ არ გაუშრეს, დაუხუჭე.
დავუხუჭე. მაგრამ როცა აღარ გაახილა, ისევ ექიმს ვთხოვე შველა. მამა გაბრიელმა ჩემი ნათქვამი გაიგონა, კიდევ ერთხელ დაატანა თავს ძალა და თვალი გაახილა. მე გამოჯანმრთელების იმედი მომეცა.
დაღამდა, ათის ნახევარი გახდა, როცა მეუფე დანიელი მოვიდა და სულის განსვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრება იყო და იმ წამსვე მამა გაბრიელმა ტკბილად გაიღიმა და სული განუტევა.
საოცარი იყო, რომ მისმა გარდაცვალებამ სიმძიმის შეგრძნება კი არა, არამედ საოცარი სიყვარული, სიმსუბუქის განცდა, გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული დაგვიტოვა.
მისი ცხედარი ბერებმა ანაფორით, მანტიითა და კუნკულ-ბარტყულით შემოსეს. სახე დაუბურეს. ხელები და სახე ექიმმა შეუკრა და მთხოვა, მეორე დღეს გამეხსნა.
ექიმის თხოვისაებრ, მეორე დღეს ხელებიდან და სახიდან საკვრელები მოვხსენი. მამა გაბრიელი თოვლზე უფრო თეთრი და სპეტაკი იყო.
დავასაფლავეთ მისი ანდერძისაებრ-ჭილობში შეხვეული, მუდამ უბრალოების მაძიებელი. მის ცხედარს დასაფლავების დღესაც მისი მოსიყვარულე ადამიანები ეხვივნენ გარშემო. მამა გაბრიელი ვერავინ გაიმეტა მიწის მისაყრელად და ამიტომ მიწას საფლავის ნაპირას ჰყრიდნენ. შემდეგ მიწა თავად წამოიშალა, თითქოს კალთა გადააფარაო, გულში ჩაიხუტა და სულ ერთიანად დაჰფარა.
გაბრიელ ბერის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ, მისი დედა მობრძანდა მონასტერში მობრძანდა და ანას სახელით მონაზვნად აღიკვეცა”.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5