შენს სამშობლოს?"
თუ ვინმე მკითხავს,
ვეტყვი დედის რძის, ბავშვობიდან
ტკბილად რომ მახსოვს.
მკათათვის ბოლოს
სუნი რომ აქვს
აზვინულ თივას,
ნეკერჩხლის შეშის,
მაშინ როცა
ძველ ოდას ათოვს.
დამსკდარი წაბლის, ნაქურჩელის
და ფუტკრის ფრთების.
რძეში ჩაფშვნილი
მჭადისა და...
ყივილის მამლის.
სუნი აქვს თეთრი,
ცას აჭრილი
დიდრონი მთების
და ცხელ რკინასთან
მეომარი
დაღლილი მამის.
სუნი აქვს ვაზის,
გაზაფხულზე,
გამსკდარი კვირტის.
სუფსარქისისას
მონაბერი
ნიავის ანცის,
მეზობლის ბაღში,
მოპარული,
ბებერი კიტრის.
ანდა, როგორ ვთქვა,
არც კი ვიცი,
შავთვალა ანწლის.
კალთის ჯიბეში
კოწახური
რომ ედო ბებოს.
თუნდ ელამური
გამოხედვა
თვალების გიშრის.
ცარცით ნახატი
კლასობანა
რომ ამჩნდა ეზოს.
"ნეტავ სხვა მერხზე
არ გადასვან"
ბავშვური შიშის.
რისი სუნი აქვს?
არდადგმული
ხატებზე ფეხის.
გულში ჩაკრული
ღვთისმშობელის
ნაქსოვი კვართის.
ხანჯალშებმული,
მუხლზე მდგარი
მლოცველი გლეხის,
უბისის, გერმის,
ქვათახევის,
მარტვილის, სხალთის.
ეხ, "მეზარბაზნე
არა ჰყავსო"
ღალატის ბევრის
და მშვიდობისას
გაკაფული
ვენახის ძირის.
უვაზისცრემლოდ
გამომშრალი,
დამსკდარი ქვევრის,
ვერმონახული
ძმათა შორის
საერთო პირის.
და ისევ ცხრა ძმის
სუნი ასდის.
თევდორეს, პაატას.
მარტყოფის ბრძოლის
ხრესილის და
დიდგორის ველის.
აის და იას -
დედაენის,
სისხლში რომ ატანს,
ტაძრის კედელზე
დიდოსტატის
ნაკვეთი ხელის.
ნაცარქექიის,
ამირანის,
მედეას, კომბლეს.
ძველი ზღაპრების, თქმულებების,
ვეფხვის და მოყმის.
შემოდგომისას
ნისლები რომ
ყლაპავენ სოფლებს.
ვრცელი მინდვრების,
როცა წვიმა
ჟუჟუნა მოდის.
"ხმელი წიფელის",
ფელამუშის,
ჩაკვრის და გასმის.
აკაციების,
რომ ყვავიან
აპრილის ბოლოს.
ტრადიციულად
კრიმანჭულით
კვინიხში გასვლის.
ნიკოს ჟირაფის,
ხეჭეჭურის
და შაშვის სოლოს.
ვეფხისტყაოსნის
წაკითხული
ყოველი ბწკარის,
ყოველი ლელოს,
დადებული
მეტოქის ხაზზე.
ჩუმად კაკუნზე
გაღებული
ღიმილით კარის,
კეთილი დარდის
მეგობარზე,
ძმაზე და დაზე.
მკერდზე მიწვენილს
რომ მიმღერდა
ოდესღაც დედა.
იავნანათი
მედებოდა
თვალებზე ძილი.
რისი სუნი აქვს
ჩემ სამშობლოს,
თუ ვიცი ნეტა?
ჩვენი შვილების
ხვალინდელი
ნათელი დილის.
#გიგავეფხვაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1