2024, 24 დეკემბერი
აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ვოლოდიმირ ზელენსკი ნელ-ნელა რწმუნდება, რომ აუცილებელია მოლაპარაკება უკრაინის მომავლის სახელით“ (ავტორი - იზაბელ ხურშუდიანი).
უკრაინის არმია ძლივძლივობით აჩერებს რუსეთის არმიის შეტევებს ბრძოლის ველზე. აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განზრახული აქვს, შუამავლად გამოვიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჩვეულო მზადყოფნას აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების დასაწყებად, რაც საკმაოდ გასაოცარი ცვლილებაა უკრაინელი ლიდერისათვის: იგი ხომ ცოტა ხნის წინათ ფიცს სდებდა, რომ ბრძოლას გააგრძელებდა და რუსებს ერთ მტკაველ მიწას არ დაუთმობდა.
რას გეგმავს ზელენსკი?!
ბოლო დრომდე ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა ფრთხილი იყო: იგი პირდაპირ არ ამბობდა, რომ კიევი დათანხმდება დათმობებს, მათ შორის - ტერიტორიულს, მაგრამ ამ დროისათვის რუსეთს, უნდა თუ არ უნდა ზელენსკის, უკრაინის 20% აქვს დაკავებული და, როგორც ჩანს, შეინარჩუნებს მასზე კონტროლს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი. მანამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ მოლაპარაკება დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანსო, ახლა კი უპირველესად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს და ტერიტორიების დაბრუნების საკითხი მეორეხარისხოვანი გახდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკის ცვლილება, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა როგორც უკრაინაში, ისე - დასავლეთშიც და, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ფრონტზე სიტუაცია გაუარესდა, ხოლო აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ეჭვი ეპარება უკრაინისადმი დახმარების გაწევის მიზანშეწონილების საკითხში.
ოფიციალურმა პირებმა და ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ზელენსკის რიტორიკის შეცვლა გამოწვეულია დონალდ ტრამპის განცხადებების შესაბამისად, კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა უკრაინის ლიდერი, იმავდროულად, გარანტიის მიღებასაც ცდილობს, რომ მისი ქვეყანა ხელცარიელი არ დარჩეს.
რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვა
„ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვამ მშვენივრად იცის, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებისთანავე ყველაფერი შეიცვლება“, - ამბობს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ანტირუსული სანქციების საკითხში, უკრაინელ ჩინოვნიკებთან ერთად. „ვთვლი, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობა შემსუბუქდა - იგი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, თავისუფალია, შეუძლია, მკაცრად აღარ დაიცვას პოზიცია 1991 წლის საზღვრების აღდგენის თაობაზე, ადგეს და თქვას: „მე ისევ მხარს ვუჭერ საზღვრების აღდგენას, მაგრამ რა ვქნა, მოვიდა დონალდ ტრამპი და ყველაფერი შეცვალა“.
ბრიტანული „სქაი ნიუსისადმი“ ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის ცხელი სტადია დასრულდება, თუ უკრაინა ნატოს წევრის სტატუსს მიიღებს. ტერიტორია, რომელიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული, შეიძლება დიპლომატიური გზით დაბრუნდეს. პრეზიდენტის ეს კომენტარი იმის ყველაზე გულახდილ აღიარებას წარმოადგენს, რომ კიევი უკვე მზად არის, ტერიტორია რუსეთს დაუთმოს, თუნდაც - დროებით, მაგრამ მაინც.
რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრების იმედს: ნატოელი დიპლომატების განცხადებით, უკრაინის ბლოკში მიწვევა კიევისათვის ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება - იმიტომ, რომ უკრაინის მოკავშირეებში ამ მხრივ პოლიტიკური გაურკვევლობა სუფევს - განსაკუთრებით აშშ-ისა და გერმანიის მხრიდან, ხოლო რიგი ქვეყნები, ყველაზე მეტად კი - უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგნი არიან.
ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა დასავლეთს შეუძლია, არის რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას, ფრონტზე მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გამოსასწორებლად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკება ძალის პოზიციით დაიწყოს. მაგრამ გამოასწორებს კი სიტუაციას? უკრაინის არმიას ძალიან უჭირს და პერმანენტულად უკან იხევს.
რა პირობებს აყენებს პუტინი?!
რაც შეეხება რუს ლიდერს ვლადიმერ პუტინს, იგი სიტყვით აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკებისათვის, მაგრამ იქვე ისეთ პირობებს აყენებს, რომ უკრაინისათვის მიუღებელია. კრემლს ძველებურად მაქსიმალისტური პოზიციები აქვს და უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს („არა ნატო, არა ტერიტორიების დაბრუნება, არა უკრაინის არმია“).
რადგანაც ნატოს წევრად მიღება მოცემულ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას ალტერნატიული გადაწყვეტილება შესთავაზეს, კერძოდ, სამშვიდობო კონტინგენტის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება. ვოლოდიმირ ზელენკიმ ეს ვარიანტი მოიწონა, მაგრამ უკრაინის თანამდებობის პირების მტკიცებით, „ეს საკმაოდ სუსტი, „დამამშვიდებლი პრიზია“ იმისათვის, რომ უკრაინა ნატოს წევრად მიღებაზე უარს იტყვის.
უკრაინამ უკვე მოაწერა ხელი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ცალკეულ ქვეყნებთან, მაგრამ ანალიტიკოსებმა და ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ მათი შესრულების შანსები ძალიან ნაკლებია.
უკრაინელი მაღალი თანამდებობის მქონე ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელები იწყებენ იმის დაჯერებას, რომ კონფლიქტი მართლაც მალე დასრულდება, მომავალ წელს, რადგან ტრამპის სურვილიც სწორედ ესაა. „მაგრამ მე პირადად არ მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შესაძლებელია“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1