დეკ 18, 2024
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში, პრეზიდენტის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპორტესტო აქციები, რომელიც უკვე 21 დღეა იმართება, არის მშვიდობიანი და ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა.
„მადლობა, რომ საქართველოსთვის ასეთ გადამწყვეტ დროს მომეცით უფლება, აქ ვყოფილიყავი და მესაუბრა იმის შესახებ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის წევრებიც რამდენიმე დღის წინ იყვნენ საქართველოში. მათი საქართველოში ყოფნა ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ მომენტში ჩვენ ვგრძნობთ თავს 1921 წელში. ეს სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და შემართება, რომლითაც რეაგირებს დღეს ქართველი ხალხი, რასაც ისინი აღიქვამენ თავისუფლების, მომავლის და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომიტინგეები 21 დღეა, რაც ქუჩაში არიან და ეს არის ძალიან საინტერესო მოძრაობა.
„ხალხი 21 დღეა, ქუჩაშია. ეს ძალიან საინტერესო მოძრაობაა, რომელიც ჯერ ღამით დაიწყო და შემდეგ დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ მოძრაობაში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი მონაწილეობდა და ახლა ის პრაქტიკულად მოიცავს მთელ საზოგადოებას. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ამ 21 დღეს არ მოიცავს, ეს პროტესტი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროტესტი იყო წელს გაზაფხულზეც, როცა რუსული კანონი ხელახლა წარადგინეს. ეს პროტესტი იყო შარშან გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. ეს პროტესტი იყო სპეციფიკური და დამახასიათებელი საქართველოსთვის ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მათ თავისუფლებას, ევროპელობას და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროტესტი არის მშვიდობიანი.
„საქართველოში სოციალური პირობების მიმართ პროტესტი არასდროს ყოფილა და ამას თავისი მიზეზები აქვს, რადგან ამ კუთხით სიტუაცია, სულ მცირე, დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ერთადერთი დრო, როცა ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩაში, არის მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ დგას ეგზისტენციალური საკითხი. ახლა სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ეს საპროტესტო მოძრაობა არის ძალიან მშვიდობიანი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მისი მონაწილეები მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ, დამიბრუნეთ ხმა, რადგან არჩევნები მოიპარეს. დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი და ეს არის ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი ეხება ხელახალი არჩევნების ჩატარებას და ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა.
„ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, რადგან არ არის მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გადააგდონ ან რომელიმე ძალა. ეს ეხება არჩევნებთან დაბრუნებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მოდით, ვნახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება დღეს, რომლის ჩვენებას დღეს ქუჩებში ცდილობენ, მაგრამ, მოდი ვნახოთ დემოკრატიული გზით არჩევნებზე. არ არის ორი მხარე საქართველოში. არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ ჩვენ შესაძლოა, მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არ არის ორი მხარე. ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა და მეორე მხრივ არის ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. ამის სადემონსტრაციოდ, მმართველ პარტიას აქვს გარკვეული რუსული გზა. ამ დროს ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, რომ როგორმე დაუბრუნდება ევროპას და რატომ, იმიტომ რომ ხალხს სურს ეს ევროპული გზა, 80-90 პროცენტს სურს ეს და ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, ჰქონდეთ „ოცნების“ გარკვეული ნაწილი, უნდა შეინარჩუნონ ეს იმედი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რეალურად ყველაფერი დაიწყო არჩევნებამდე.
„შესაძლოა, ჩვენ არ დაგვინახავს ეს, შესაძლოა, მე არ დამინახავს ეს საკმარისად ნათლად, „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის გავრილოვის ინციდენტით, როდესაც ეს რუსი მიიწვიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაც იყო ძალიან უცნაური და გამოჩნდა, როგორც ინციდენტი. შემდეგ იყო „კოვიდი“ და ეს მივიწყებას მიეცა. თუმცა, შემდეგ მივედით შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფამდე, რაც იყო იმ რეფორმებისგან გადახვევის და სხვა მიმართულებით წასვლის ბევრად ნათელი ნიშანი, რომლის გატარებასაც ევროკავშირის ითხოვდა. შემდეგ დადგა 2022 წლის თებერვალი და უკრაინის ომი. 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის აგრესია, 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრი მიდის საქართველოს 1921 წლის რუსეთის ოკუპაციის მონუმენტთან და იქ აცხადებს, რომ საქართველო არ აპირებს ჩაერთოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აღნიშნულ დროს სანქციები ჯერ არ არის დაწესებული. შემდეგ გაგრძელდა 2023 წლის პირველი „რუსული კანონით“, რუსეთთან ფრენების აღდგენით, რუსული რიტორიკით მრავალ საკითხზე, უკრაინის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს ნატო-ს ომის გახანგრძლივების პროვოცირებაში, თუ არა ომის დაწყებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ.
„2024 წელს იყო მეორე რუსული კანონი და რუსული რიტორიკა ახალ სიმაღლეებზე ადის საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, ბატონი ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით, რომელიც საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, ადანაშაულებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან თითქმის ყველაფერზე პასუხისმგებლები. ეტაპობრივად, ამ რუსული თუ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ლგბტ თემაზე ბრალდებებით, რომ ევროპა და ამერიკა წაგვართმევენ ჩვენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, რაც ბევრ თქვენგანს მოგისმენიათ სხვა ქვეყანაში, რომელიც საქართველოდან ჩრდილოეთით მდებარეობს, რუსული სახელმწიფოს შენება მიმდინარეობს ეტაპობრივად, თუმცა მტკიცედ. ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ახალი როლით, ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, რეფორმირებული საპენსიო ფონდიც კი, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სრულად და მთლიანად კონტროლის ქვეშ არის ქვედა ინსტანციიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5