ხატისა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართველი ერის სანუგეშოდ, მთელი საქართველო გააერთიანა და უამრავი კურნება აღასრულა.
გიორგი ჭოლოკავა: შარშან ხარების ის დღესასწაულზე ზურაბმა ნახა ასეთი რამ: თითქოს ივერიის ხატი ათონზე გაქრა და საქართველოში გამოჩნდა. როდესაც მეორე დღეს მივედი ზურაბთან, მომიყვა: სასტუმრო ოთახში იყო ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ჰაერში დაკიდებულიყო. ჯერ დედამ დამიძახა, მერე შენ მოხვედი, ერთად მოვკიდეთ ხელი, დაგვემორჩილა და დავაბრძანეთ. სულ გვაინტერესებდა, ეს რას ნიშნავდა, თუმცა გადავწყვიტეთ, უბრალოდ მივყოლოდით დინებას.
ზურაბ შიოშვილი: ადამიანი შინაგანად ზუსტად გრძნობ, რა ნახე და ის როგორ უნდა მიიღო. ერთადერთი, ამას ემოციურად არ უნდა აჰყვე, ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით. თავიდან არც გვიფიქრია, რომ ათონზე უნდა წავსულიყავით. უბრალოდ, მერე ისე განვითარდა ყველაფერი, ისე გამოჩნდა გზები, რომ მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა.
გიორგი: როდესაც მიდიხარ ათონზე, ორი ვიზა გჭირდება: ერთი საბერძნეთის, მეორე – ათონის. ორივე ვიზა გვქონდა, ოღონდ მხოლოდ ვატოპედიის მონასტრიდან გვქონდა მიწვევა. სხვა მონასტრები მიგვიღებდნენ თუ არა, ეს არ ვიცოდით. წასვლამდე მცხეთაში ჩავედით, სამთავროს მონასტერში, სადაც მამა გაბრიელის სხეულია ლუსკუმაში დაბრძანებული. ზურაბმა მერე გამიმხილა: მამა გაბრიელს ვუთხარი, ძალიან გვეშინია და იქნებ შენც ჩვენთან ერთად წამოხვიდეო. როდესაც მეორე დღეს სადაზღვეო კომპანიაში მივედით, ორი პაკეტის მაგივრად, სამი მოგვცეს. ზურაბმა მითხრა: მამა გაბრიელი ჩვენთან ერთად მოდის, ნიშანს გვაძლევსო.
ზურაბი: რომ მივედით იმ ფაქტამდე, ათონზე უნდა გავმგზავრებულიყავით, რეალურად დავიწყეთ ხატზე ფიქრი. დიდი ძიების შემდეგ, თითქმის წასვლამდე, გამოჩნდა ხატი. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები ბევრ ქვეყანაშია, თან ძალიან ბევრი. ხილვის დროს ხატი პერანგით იყო შემოსილი, ამიტომ ზუსტად ვგრძნობდით, რომ ჩვენი ხატი მასთან უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული. მთელი საკვირველება ისაა, რომ ეს არ იყო მარტივი. ხატის მოძიების პერიოდში არცერთი ხატი არ იყო ისეთი, რომელიც უნდა წაგვებრძანებინა. ბოლოს თავი დავანებეთ: არ გამოდისო. მე კი გიორგის ვუთხარი: ღვთისმშობელი გამოაჩენს-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. „დედოფალი“ შეიქმნა, ის ივერიის ღვთისმშობლის ზუსტი ასლია, მას აცვია ის პერანგი, რომელიც დედა ხატს აცვია.
გიორგი: თავიდან ათონზე ყიდვას და ჩამობრძნებას ვგეგმავდით. მაგრამ, მერე მივხვდით, რომ საქართველოდან უნდა წაგვებრძანებინა. აქედანაც მადლმოსილი წავიდა ხატი, მოილოცა ძირითადი სიწმიდეები, ყველა კანონიკური ასლი, რაც საქართველოშია.
ზურაბი: ათონის გზაზე საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევით და სასწაულებრივად გადავრჩით ცოცხლები. ორსართულიანი ავტობუსი შეეჯახა კედელს, ამოყირავდა, ორ ბორბალზე დადგა, ჰაერში იყო გაჩერებული, ისე, რომ არ გადაყირავდა. საბოლოოდ გასწორდა და დადგა ჩვეულებრივ. ხალხს ჰგონია, რომ ხატმა ათონზე შეიმოსა საკვირველმოქმედება და ისე ჩამობრძანდა. სინამდვილეში, ხატი უკვე საკვირველმოქმედი იყო საქართველოში. აქ, საქართველოში, ჩვენს მიწაზე იშვა ასეთი. ათონზე ფიზიკურად გრძნობ ღვთისმშობლის არსებობას, იხედები უკან და გრძნობ მის მზერას. ამბობენ კიდეც, რომ იქ ცხოვრობს ღვთისმშობელი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ათონი დედა ღვთისას საცხოვრებელი ადგილია, იქ გრძნობ, რომ შენ დიდი მიწიდან ხარ ჩასული.
გიორგი: პირველად ვატოპედიის მონასტერში მივედით. მთავარ ტაძარში რომ შევედით, ყველას გაუკვირდა – ივერიის ღვთისმშობელი ათონის მთავარ ხატად მიიჩნევა. ამიტომ, ყველა გაკვირვებული გვიყურებდა ჩვენც და ამ ხატსაც. ვატოპედში მოხვდა რამდენიმე დიდი სასწაული. ხატს აქვს სპეციალური ჩანთა. ის რომ გავხსენით, ხატი ამოვაბრძანეთ, შიგნით აღმოჩნდა მამა გაბრიელის ხატი, რომელიც ჩვენ არ გვიყიდია და არც წაგვიბრძანებია, მოულოდნელად გაჩნდა.
ზურაბი: წარმოიდგინეთ, დაცულ ჩანთას ხსნი და შიგნით მამა გაბრიელის ხატია. ბერები ჩვენს ემოციებს აკვირდებოდნენ და როგორც კი მიხვდნენ, რაში იყო საქმე, უფრო მეტად დაიბნენ. არ ჰქონდათ მამა გაბრიელის ხატი. ვაჩუქეთ, მამა გაბრიელმა იქ ისურვა დარჩენა.
ზურაბი: იქ ზუსტად იციან, რამდენი ადამიანი ჩადის, ზედმეტი თეფში ან ზედმეტი სენაკი არ არსებობს. მაგრამ, სადაც უნდა წავსულიყავით, ყველგან, ჩვენ გვერდით აუცილებლად იდო ცარიელი თეფში, სენაკში კი – სამი საწოლი: ორი – ჩვენი, ერთი – ცარიელი. ეს ხდებოდა ყველა მონასტერში. გარდა ამისა, ტრასნპორტში აუცილებლად გვქონდა ერთი ცარიელი ადგილი, სასტუმროშიც სულ გვეუბნებოდნენ: ორადგილიანი ნომერი არ გვაქვს, სამადგილიანი აიღეთ, მაგრამ ორადგილიანის ფულს გადაიხდითო. ასე ხდებოდა მუდმივად. მამა გაბრიელის ჩვენს გვერდით ყოფნას ყოველთვის ვგრძნობდით.
ზურაბი: ორი მისია გვქონდა: ერთი ის, რომ ივერონში უნდა ჩაბრძანებულიყო დედა ხატთან ღვითსმშობელი და მეორე: იქ ყველა მონასტერში უდიდესი სიწმიდეებია, საკვირველმოქმედი ხატები და მათზე უნდა დაგვებრძანებინა, ყველა სიწმიდის მადლით უნდა შემოსილიყო. დღეს გვწერენ: ნათქვამი არ გვაქვს ჩვენი სურვილი ხატისთვის და საკვირველება ხდებაო. ყველა ხატს ხომ აქვს თავისი თვისება, გარდა ამისა, იქ არის ბევრი სიწმიდე და ყველას სწორი გახდა „დეოდაფალი“, ყველას თვისება შეიძინა და გარდა ამისა, დაემატა იმ სიწმიდეების ძალაც, რომლებზეც ის იყო დაბრძანებული.
გიორგი: ვატოპედის შემდეგ წავედით ივერონში. არ ვიცოდით, მიგვიღებდნენ თუ არა, ყველამ გვითხრა: არ მიგიღებენო. ივერონს აქვს ორი გზა: ერთი – სამანქანო, მეორე – ტყეზე გასავლელი. წავედით ტყით, შუადღე იყო გადასული, წვიმდა, საბოლოოდ, ტყეში დავიკარგეთ. ვერც უკან ვბრუნდებით, ვერც წინ მივიდვართ. იქვე, დაღმართზე ჩავედით, ხიდზე გადავედით და ამ დროს აღმართიდან დაეშვა ძაღლი. ხატი მე მეჭირა. მოვიდა, წრე დაგვარტყა, დადგა ხატის წინ ორ ფეხზე, დაადო დრუნჩი, თითქოს კურთხევა აიღო, მერე წავიდა ცოტა მოშორებით და გველოდებოდა. ზურაბმა თქვა: ის ივერონში წაგვიყვანს, თან ქართულად დაუძახა: წადი, წაგვიყვანე ივერონში. ძაღლიც წავიდა და გავყევით უკან. საღამოს მივედით ივერონში. მონასტრის ეზოში არავინ იყო, მთავარ ტაძარში შევედით. ერთ-ერთი ბერი გამოვიდა, ხატი რომ დაინახა, გამოგვკითხა ყველაფერი. ვთხოვეთ: თქვენთან გვინდა ერთი დღე დარჩენა. პრობლემა არ არისო. შებრუნდა და გამოვიდა მეორე ბერთან ერთად. ძალიან მაღალი, გამხდარი ბერი უცბად გამოიქცა ჩვენკენ და გაჩერდა ხატის წინაშე. ემთხვია, თან, დეტალურად დააკვირდა ხატს: აბსოლუტურად ზუსტი ასლია, ეს პერანგი თქვენს ხელში როგორ აღმოჩნდა, მხოლოდ ივერონის მონასტრისთვის კეთდებაო.
ზურაბი: ორიგინალი ხატი ჩაკეტილია, მხოლოდ პარაკლისის დროს იღება. ადამიანები ემთხვევიან და მაშინვე გამოდიან უკან. ჩვენ გვატრაპეზეს, დაგვაბინავეს, რა თქმა უნდა, სენაკში ისევ დაგხვდა ცარიელი, ზედმეტი საწოლი. ვინც ამ საკითხში გარკვეულია, კარგად იცის, რომ ასეთი რამ არ ხდება… შემდეგ ჩაგვიყვანეს პარაკლისში, ასე ეძახიან მცირე სამლოცველოს, სადაც ხატია დაბრძანებული. ეს იყო ძალიან მძიმე ემოცურადაც და ფიზიკურადაც. ისეთი ვიწრო შესასვლელია, ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით შედიან, თან, ისე, რომ წინ მხოლოდ სხვა ადამიანის თავს ხედავ. შესაბამისად, ივერიის ღვთისმშობლის ხატს ვერ ვხედავდით, მაგრამ ფიზიკურად ვგრძნობდი, იქიდან გამომავალ დიდ ენერგიას და ამ ენერგიის ტალღაში შესასვლელად, მხრები მქონდა წინ წამოწეული, რომ გამევლო ამ უზარზამარ ენერგიაში. პარაკლისმა ისე სწრაფად გაიარა, ვერც გავიგეთ. გვითხრეს: ემთხვიეთ ხატს და გადითო. ჯერ სხვები გავუშვით, ვიფიქრეთ: ბოლოს რომ დავრჩებით, მეტი დრო გვექნებაო. დიდი მეტანია შევასრულეთ, ხატის მცველს მივაწოდე ჩვენი ხატი, რომ დედა ხატზე დაებრძანებინა. მან დაადო, ლოცვა წაიკითხა, ჯვარი გამოსახა – ეს მომენტი ბუნდოვნად მახსოვს, ტირილი დავიწყე. გიორგის შევხედე, ისიც ტიროდა… რატომ ტირი? – არ იცი. ხვდები, რომ შენსას, შენთვის ყველაზე ძვირფასის ხვდები… ისეთი მკაცრი წესი აქვთ, როგორც კი ემთხვევი ხატს, იკეტება პარაკლისი, მეტხანს იქ არავინ გაგაჩერებს. მაგრამ, მოხდა საკვირველება, ხატის მცველმა დატოვა პარაკლისი, კართან დადგა და ჩვენ დაგვტოვა. ეს გაგრძელდა 2 საათი.
გიორგი: მეორე დღეს, დილით ადრე ავდექით და ზუსტად იმ ადგილას ჩავაბრძანეთ ხატი, სადაც გაბრიელ ქართველმა გამოაბრძანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი – წყაროსთან და მერე იმ ადგილას დავაბრძანეთ, სადაც ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს პარაკლისიდან გამობრძანებულ დედა ხატს დააბრძანებენ ხოლმე. ივერონიდან რომ წამოვედით, ჩანთა გავხსენით და შიგ აღმოვაჩინეთ ჯვრები და ფსკვნილები.
ზურაბი: მთელი იმ ხნის განმავლობაში ხატი თვითონ ირჩევდა, სად უნდა წავსულიყავით, რომელ მონასტერში. რუკაზე რომ ნახოთ, ათონზე ჩვენი მარშრუტით ჯვარი იხატება.
გიორგი: დღეს უამრავი ადამიანი გვწერს, გვესაუბრებიან „დედოფლის“ საკვირველებების შესახებ. ბავშვს ჰქონდა ბოლო სტადიის სიმსივნე, ოპერციის დროს ხელიც ვერ ახლეს. უცხოეთში გაგზავნის მიზნით მეორედ გაუკეთეს ბიოფსია. ელოდებოდნენ პასუხს, რომელიც რეალურად თვე-ნახევარში მოდის. ამ დროს მისი ნათლია იყო „დედოფალთან“ მისული, ილოცა. სამ დღეში მოუვიდათ პასუხი: ბავშვს აღარ ჰქონდა სიმსივნე. თუმცა, ის ჯერ კიდევ ცუდად იყო, სახლში იწვა, ვერ დგებოდა, თითქმის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობელმა ქალბატონმა ხატის რეპროდუქცია იყიდა, ბავშვთან სახლში მიაბრძანა და როგორც კი მის საწოლზე დააბრძანა, ბავშვი წამოდგა, დაიწყო სიარული, ლაპარაკი, საჭმელი მოითხოვა. თითქმის კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა ბავშვი. რამდენიმემ „ფეისბუქის“ გვერდზე – „დედოფალი,“ კომენტარებში დაწერა: ხატის რეპროდუქციას ხელს რომ ვადებთ, ღვთისმშობელს ხელები უთბებაო.
ზურაბი: სხვადასხვა ტიპის სასწაული, საკვირველება, ზოგადად, ქრისტიანულ სამყაროს ახასიათებს. მაგრამ ის, რომ ხატი თბებოდეს – ასეთი ფაქტი არ ხდება. ერთადერთი, ასეთი გადმოცემა არსებობს გვადალუპეს ღვთისმშობელზე. ბევრი ადამიანი ადასტურებს ამ ფაქტს. თავად „დედოფალი“ ხომ აღასრულებდა სასწაულებს, მაგრამ უამრავი კურნება მის რეპროდუქციებს უკავშირდება… საქართველოში ჩამოსულებმა „დედოფალი“ უწმიდესთან მივაბრძანეთ. მოვუყევით ყველა დეტალი, ისტორია. უწმიდესმა თქვა: ძალიან კარგია ამ ხატის გამოჩენა, ის დიდი სიხარულის მომტანი იქნებაო. ხალხში რომ დავაბრძანებდით, ყველა ამბობდა: „დედოფალი მობრძანდება, დედოფალიო“. პატრიარქმა მას სიხარულის მომნიჭებელი უწოდა და ასე თავისით გაერთიანდა ორი სახელი: „დედაოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“. დღეს ის დაცულია თავის კიოტში. „ფეისბუქის“ გვერდზე ვწერთ: სად წაბრძანდება, რადგან თვითონ გვაძლევს ნიშანს, როდის გამობრძანდეს და სად წაბრძანდეს. საქართველოს მოივლის აუცილებლად და იმედია, სრულიად იმ საზღვრებში, როგორც იყო თამარის დროს…
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 16