ზაფხული მალე გავიდა. თუ დაკვირვებიხართ, როგორც წესი, ზაფხული რატომღაც ყველაზე მალე მთავრდება ხოლმე. ხოდა ის ზაფხულიც წამში ამოიწურა.
ვამჩნევდი, უცნაურად შეეჩვია დედაქალაქს ჩვენი ლევანა. არ გავიდოდა ერთი კვირა და გაშპებოდა თბილისში. იქიდან კი იდუმალი და საეჭვო ღიმილით ბრუნდებოდა , თქმით კი არაფერს ამბობდა და არც კითხვას ჰქონდა აზრი.
მალე შემოდგომამ მოგვიკაკუნა კარზე, სადღა გვეცალა ლევანასთვის?!
მოსავალს ვიღებდით, ვაბინავებდით და ვემზადებოდით გარდაუვალი ქორწილების სეზონისთვის. რომელიც, ჩვეულად ოქტომბრისთვის იხსნებოდა ხოლმე. ავთო უკვე ნემსებზე იჯდა.
_ გუჯა უეჭველი, სანდროც, ნიკაც მგონი, საბასაც ვამჩნევ ნიშნებს!_ სათითაოდ იკეცავდა თითებს დომინოს თამაშისას თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ავთო.
_ რას ითვლი შე ოხერო?_ ჰკითხა ლეომ.
_ რას და ქორწილების სიას ვადგენ!_ სრული სერიოზულობით მიუგო ავთომ და გააგრძელა მეგობრების სიძეებად გამწესება.
ლევანს გაეცინა, თითი მაგიდაზე დააკაკუნა და ისევ დავინახე მის სახეზე ის იდუმალი სინათლე.
_ ლევან, როგორ გყავს ნინიკო?_ ვკითხე ვითომ უინტერესოდ. ნინიკოს გაგონებაზე ავთოს უსიამოდ შეაჟრჟოლა.
_ ვინ ნინიკო?_ გულწრფელად გაიოცა ლეომ. მე და ავთომ ერთმანეთს გადავხედეთ.
_ სულ გაუბერა!_ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიჩურჩულა ავთომ და საფეთქელთან საჩვენებელი თითიც ფარულად დაიტრიალა.
_ ლიანა ბაბოს ლუკას ხვდებაო ასე გავიგე!_ წამოსცდა რომანას და მხოლოდ მერე მიხვდა ლევანაც რომ იქ ბრძანდებოდა, მაგრამ გვიანი იყო თითზე კბენანი.
_ ჰოოო?_ ორაზროვნად ჩაიღიმილა ლეომ.
_ ჰოო!_ თავი დაუკანტურა მისი მოულოდნელი მშვიდი რეაქციით გაოცებულმა რომანამ.
_ რა სჭირს?_ ისევ ტუჩების მოძრაობით მანიშნა ავთომ. მე მხრები ავიჩეჩე. საერთოდ ლევანთან ნინიკოს ხსენებას ზემოთხსენებული მიზეზის გამო გავურბოდი ხოლმე.
ერთი სიტყვით ქორწილების სეზონი იმან გახსნა, ვისაც საერთოდ არ ველოდით, საბამ სოფი ცოლად ითხოვა და ეს სოფი ნინიკოს კუდგადაბმული დაქალოჩკა ბრძანდებოდა. ხოდა ვის წაიყვანდა მეჯვარედ თუ არა თავის კაპარჩხანა მეგობარს? რა თქმა უნდა!
ქორწილში, როგორც ჩვენთან ჯერ კიდევ იციან, მთელი სოფელი მოიპატიჟეს. იყო გართობა და ჟრიამული. ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები. ზოგი წყვილში, ზოგიც ბედის საძებნელად.
ლევანამ ყველა გაგვაოცა, როცა მანქანით ციალას სალოს გამოუარა და თუ გინდა დაიჯერეთ, თუ გინდა არა! მაგრამ ლეოს ღია ცისფერი პერანგის ფერიც კი საოცრად ეხამებოდა სალოს კაბისას. ყბა ჩამოვარდნილი მეგობრების თვალწინ ამაყად გაიარეს და სეფას პირდაპირ მდგარ სუფარს მიუსხდნენ გვერდიგვერდ.
_ პირი დახურე ბუზი შეგიფრინდება!_ ვუთხარი გაშტერებულ ავთოს და ცერა თითით ჩამოვარდნილი ყბა დავუხურე.
_ მომეჩვენა?_ მკითხა გაოცებულმა.
_ ეს თუ მასობრივი ჰალუცინაცია არ არის, მაშინ არ მოგჩვენებია!_ ვუპასუხე მე და ლევანას მაგიდისკენ გავწიე, ავთოც უკან გამომეკიდა.
როგორც იქნა მაყრიონის სიგნალების ხმა მოგვწვდა და ლამაზად გაფორმებულ დარბაზში მენდელსონის მარშიც გაისმა.
კარი გაიღო და საბა და სოფი ბედნიერი სახით შემობრძანდნენ.
უკან კი ის ალქაჯი ნინიკო მოჰყვებოდათ, ცისფერ საოცარ , ჰაეროვან კაბაში გამოკვალთული. ახლა კი ამერია აზრები, ნეტავ სინამდვილეში ვის კაბას უფრო უხდებოდა ლეოს ცისფერი პერანგი?! ნინიკო კი ქალი კი არა პირდაპირ ქალღმერთი იყო. ლევანასკენ თვალი გავაპარე. დავინახე, როგორ გადაყლაპა ნერწყვი. ტუჩები მკაცრად მოკუმა და თავი ხელში აიყვანა, მაგრამ თვალი ვერაფრით მოაშორა ყოფილ საბედოს.
ისიც შევამჩნიე, სალომ როგორ უბწკინა მკლავზე და მეცხრე ციდან ისევ საბას ქორწილის სუფრაზე ჩამოაბერტყა.
ქართული ქორწილის წესისამებრ ცეკვა მეჯვარეებმა წამოიწყეს. ადგა ნინიკო და გედის ფრთებივით გაშალა ხელები.
მაინც რა ლამაზი იყო, ის საძაგელი! დარბაზს თვალი მოვავლე და ყველა ერთიანად მას უყურებდა. ლევანს შევხედე. თვალს არ აცილებდა, მაგრამ სახეზე ნაკვთიც არ ერხეოდა. ჯერ ერთმა მაყარმა ჩაუჭრა მოცეკვავეებს და გაიყოლა ნინიკო, შემდეგ მეორემ, მესამემ და აქ კი უმტყუნა მოთმინებამ ლევანს. მშვიდად წამოდგა, დამკვრელებს მიუახლოვდა და რაღაც უთხრა. შემდეგ მოცეკვავე წყვილს მიაშურა და გაჩერდა. ნინიკოს მეწყვილემ ლევანის დანახვისას უკან დაიხია. მუსიკა შეწყდა და თავიდან დაიწყო დაისი. ხელები გაშალა ლევანმა და დარბაზს აღტაცების შძახილმა გადაუარა.
არ ვიცი, რანაირად ახერხებდა ეს მათასავით კაცი ასე საოცრად ცეკვას. წრეს შემოუარა და გაქვავებული ნინიკო გამოიწვია . კუშტად უყურებდნენ ერთმანეთს. თვალებით ზომავდნენ. წამით გულმა მიგრძნო, თუ ნინიკო ამ გამოწვევას არ მიიღებდა, იქ და იმ წამს ყველაფერი დასრულდებოდა, თუ კი რამ იყო მათ შორის და შემეშინდა.
მაგრამ ნინიკო რის ნინიკო იყო გამოწვევა შეერჩინა ლევანისთვის?! თამამად გადადგა ნაბიჯი და ახლა კი ახმაურდა აღფრთოვანებით დარბაზი და მერე გაყუჩდა ისევ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს წყვილი ღმერთს სწორედ ერთმანეთისთვის ჰყავდა ჩაფიქრებული. საოცრად უხდებოდა კაცი ქალს და პირიქით. ისე გატაცებით ცეკვავდნენ , ისეთი უცნაური აღტაცებით. გეფიცებით, ამ მკაცრ და შეურყეველ კალაპოტში მოქცეულ ცეკვას პირველად აღმოვუჩინე ვნების საოცარი ნაპერწკლები.
არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის ისე დასრულდა ცეკვა და ისე დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილებს. მერეც მთელი საღამოს მანძილზე არ გაჰკარებიან ერთმანეთს. ნინიკოს რიგ _რიგობით იწვევდნენ მისით აღტაცებული თაყვანისმცემლები. ლევანი კი სალოს აღარ მოსცილებია გვერდიდან.
აივანზე მოსაწევად გავედი. თან მიღებული შთაბეჭდილებების გაანალიზებას ვცდილობდი.
_ როგორ ხარ ბაჩო?_ მომესმა და გველნაკბენივით მივტრიალდი ნაცნობ ხმაზე. თვალები უელვარებდა ნინიკოს ალბათ ალკოჰოლის თუ გართობის გამო.
_ ნინიკო?_ გამიკვირდა რატომღაც.
_ რა იყო, არ მელოდი?_ მკითხა ირონიულად._ თუ ისეა საქმე, რომ თქვენმა ბელადმა ჩემთან საუბარიც აგიკრძალათ?
_ რატომ ხარ ასეთი მწარე?_ ვკითხე ღიმილით. მასაც გაეღიმა.
_ შეხედე!_ თავით შუშის კედელზე მიმანიშნა. გავიხედე და დავინახე, როგორ ცეკვავდნენ სალო და ლეო ერთად. გოგონას თავი მის მხარზე ჩამოედო.
_ აი ეს ყოფილა მისი სიყვარული!_ უცნაურად სევდიანი ღიმილით მითხრა ნინიკომ.
_ შენ დარდობ ამის გამო?_ ვერ ვხვდებოდი და არ მესმოდა მისი. ნუთუ უყვარდა? მაგრამ თუ უყვარდა ასე მტრად რატომ მოეკიდა? არადა ლევანისთვის მხოლოდ მისი დუმილიც კი საკმარისი იქნებოდა მაშინ. ამოიოხრა.
_ ვდარდობ? _ ჩაილაპარაკა თავისთვის. _ არა, მგონი უფრო ვბრაზობ! ეგღა მაკლია მაგ თავგასიებულის გამო ვიდარდო!
თავი ხელში აიყვანა და თვალები დააკვესა ძველებურად
_ იცი რა მგონია?_ ვუთხარი და კარისკენ გავემართე_ ბოლოს ორივე ინანებთ ამ უაზრო სიჯიუტეს!
ისევ დარბაზში დავბრუნდი და ჩაფიქრებული აივანზე დავტოვე.
არ შემომყოლია და არც გამოჩენილა ლამის საღამოს დასასრულამდე. ვატყობდი დარბაზს როგორ ათვალიერებდა ლევანი. ადგილზე ვერ ისვენებდა, თვალებით ეძებდა, მაგრამ ისევ ჯიუტად დუმდა. თუმცა უხასიათობა აშკარად უძლიერდებოდა. ავთომაც შეამჩნია მისი მოქუფრული სახე და ინტერესით გამომხედა. ლევანმა სალი თანასოფლელებს გააყოლა სახლში. მაგრამ თავად ვერ წავიდა. აშკარად ნინიკოს გაუჩინარების გამო ღელავდა. ღვინოს მიეძალა. მოულოდნელად ტელეფონმა დაიწკარუნა შარვლის ჯიბეში. ამოვიღე და მესიჯი იყო უცხო ნომრიდან:
" თუ კარგად მახსოვს, ჩემთან ვალში ხართ! გარეთ გამოდით შენ და ავთო!"
მივხვდი ის იყო. ავთოს თვალი ვუყავი და დარბაზიდან გავიძურწე. ავთოც უსიტყვოდ გამომყვა.
ნინიკო ავთოს "რიჟასთან" იდგა. სულ არ შეეფერებოდა ეს მანქანა, მაგრამ მის გვერდით ყველაფერი იჩრდილებოდა. მხოლოდ მას ამჩნევდა თვალი და ვერაფერს სხვას.
_ რა ხდება ნინი?_ ვკითხე დაბნეულმა._ მშვიდობაა?
_ ვალში ხართ ჩემთან და ვალის დაბრუნების დრო მოვიდა!_ უცნაური არეული ხმით და სურვილით თქვა მან და მანქანას ხელი ოდნავ დაარტყა.
_ რას გულისხმობს?_ მკითხა ავთომ და ისეთ მანძილზე გაჩერდა, თუ რამე იყო , გაქცევა რომ მოესწრო.
უცებ მივხვდი. უცებ გავიაზრე, რას ითხოვდა ჩვენგან ეს აშარი ქალი. ნერვიულად გამეცინა, მაგრამ არ გამკვირვებია, მისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
_ დარწმუნებული ხარ?_ ვკითხე სერიოზულად.
_ისე, როგორც არასდროს არაფერში! მაგ ბოთეს გამო არ ვაპირებ ცხოვრება გავიმწარო და რამე ვინანო!_ მტკიცედ მიპასუხა.
_ რა ხდება?_ უფრო დაიბნა ავთო და სავარაუდოდ სულ სხვა რამე გაიფიქრა_ ჩემს თავს ნუ მოაკვლევინებთ რა იმ არანორმალურს!
შეგვევედრა უიმედოდ.
_ დაჯექი საჭესთან და დამელოდე!_ ვუპასუხე ავთოს. უსიტყვოდ დაჯდა. რას იზამდა? მიუხედავად იმისა, რომ არასწორად ფიქრობდა, იმ წამს მეც ისეთივე მეგობარი ვიყავი მისთვის , როგორც ლეო და მისი აზრით სრული უფლება მქონდა ბედნიერების.
დარბაზში დავბრუნდი.
_ სად გაიკრიფეთ ყველა? _ თვალები დამიბრიალა შემთვრალმა ლევანმა.
_ გამო ერთი წუთით, გავიდეთ!_ ვთხოვე აშარებულს.
_ რატომ?_ მკითხა ეჭვით.
_ საქმე გვაქვს!_ზურგი ვაქციე და ისევ გარეთ გავედი. ვიცოდი უეჭველი გამომყვებოდა.
_ რა ხდება აქ?_ იკითხა ნინიკოს დანახვისას.
_ წამოდი, სახლში წაგიყვანთ!_ უპასუხა გაუბედავად ნინიმ.
_ თავადაც მოვახერხებ როგორმე!_ ზურგი აქცია ლეომ. ნინი წინ გადაუდგა.
_ ლევან!_ მგონი სიცოცხლეში პირველად დაუძახა სახელი. ლევანი შედგა.
_ ჩაჯექი მანქანაში, გთხოვ!_ თუ ლევანს ტვინი ჰქონდა, უნდა ამოეკითხა მის ხმაში გაჟღერებული თხოვნა. მანქანას მოვუარე და ავთოს მივუჯექი გვერდით.
_ რა ჯანდაბას აკეთებ?_ შემომიღრინა მან._სულ გადაირიე?
_ ახლა უნდა გადაწყდეს მომდევნო ვისი ქორწილი იქნება შენს სიაში!_ გამეცინა მე.
ფანჯრიდან მათ გავხედე.
იდგა ლევანი და წარბშეკრული დაჰყურებდა ნინის. ისე ათვალიერებდა თითქოს პირველად ხედავდა. ბოლოს სულ ოდნავ შეეპარა ღიმილი ლეოს. ლამის შეუმჩნევლად და მე გულზე მომეშვა.
_ გაიმეორე!_ უთხრა მკაცრი ხმით ნინიკოს. სიბრაზით აენთო თვალები ქალს. პატარა მუჭები მუქარით შეკრა.
_ ამას განანებ იცოდე!_ დაემუქრა და რატომღაც ლევანი შემეცოდა.
_ გაიმეორე!_ გაჯიუტდა ის.
_ გთხოვ!_ ჩუმად დასცდა ნინის ბაგეებს. ლევანმა გაიცინა და გამოღებული კარიდან მანქანაში ჩაჯდა. ნინიკომ ცოტა ხანს უყურა წარბებშეკრულმა და კარები ისე მიუჯახუნა კინაღამ ჩამოიღო. ავთო ისე შეხტა, აშკარად გივი ძიასთან აუცდენელი ომი წარმოიდგინა, რიჟას დაზიანების გამო.
ნინიმ მანქანას მოუარა და ჩაჯდა. ლეოსთვის ზედაც არ შეუხედავს.
_ დაა, სად მივდივართ?_ იკითხა ავთომ ჩურჩულით.
_ ელისო ბიცოლასთან!_ შეუღრინა ნინიკომ.
ლევანს გავხედე და ბედნიერი ღიმილით იღიმოდა. თვალები უციმციმებდა. თავი უიმედოდ გადავაქნიე.
არ ვიცი, ამათ რა ოჯახი უნდა შეექმნათ? ალბათ პირველივე წელს დაჭამდნენ ერთმანეთს.
_ სანამ წავალთ ერთი რამე დავაზუსტოთ ჯობია, ყოველი შემთხვევისთვის!_ მიხედა ავთომ უკან მტრებივით მსხდარ წყვილს და გასაღები მოიმარჯვა. ორივემ მას გამოხედა. მთელი გამბედაობა მოიკრიბა ავთომ და დასჭექა:
_ ვისია, ვისია ქალი ლამაზი დაა!
და სანამ მე ხარხარი ამიტყდებოდა ლევანმა თმამად მისცა ბანი;
_ ჩემია, ჩემია ქალი ლამაზი!_ თან თავის მშვენიერ, გაბუსხულ საცოლეს ხელი მოჰხვია, გულში ჩაიკრა, თვალებში ჩახედა და ხმადაბლა თქვა:
_ რა, ეჭვი ეპარებოდა ვინმეს?!
დასასრული
ვე რა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4